საქართველოს წინააღმდეგ შეკრული წრედი
ემზარ ჯგერენაია
რეგიონალური მოვლენების კუთხით, სექტემბერი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი თვე გამოდგა. ამ შემოდგომაზე შეკრულმა წრედმა – საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
რავალწლიანი დავისა და მოლაპარაკებების მცდელობის შემდეგ თურქეთმა და სომხეთმა, შესაძლოა, ურთიერთობები მოაგვარონ. საუბარია, ამ ორი ქვეყნის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრაზე (წყარო: www.expert.ru). ამისთვის ერევანი და ანკარა 12 ოქტომბერს ორი დოკუმენტის შესამუშავებლად საერთაშორისო პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებენ. საუბარია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროტოკოლებზე. აღნიშნული მოლაპარაკებები შვეიცარიის შუამავლობით ორივე მხარის მიერ იყო ინიცირებული. ზემოთ ნახსენებმა დოკუმენტმა საფუძველი უნდა დაუდოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას. პოლიტიკური კონსულტაციები 6 კვირაში დასრულდება და შემუშავებული დოკუმენტი რატიფიკაციისთვის ორივე ქვეყნის პარლმენტში შევა.
რა თვისობრივი სიახლეები მოხდა თურქეთისა და სომხეთის ურთიერობაში? ამ ორ ქვეყანას შორის წინააღმდეგობრივი ბარიერები საყოველთაოდ ცნობილია – თურქეთის მიერ გენოციდის აღიარება და მთიან ყარაბაღსა და დამატებით შვიდ რეგიონთან დაკავშირებული ტერიტორიული დავები (პრესაში ხშირად მხოლოდ ყარაბაღის საკითხია წინ წამოწეული, არადა, სადავო ტერიტორია სომხეთის მიერ მითვისებულ კიდევ სხვა შვიდ რეგიონს მოიცავს. ეს იყო რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის პროვოცირების მცდელობა, თუმცა, აზერბაიჯანი საკმარისად არ გამწარდა და ომში არ ჩაება). თურქეთმა ამ პრობლემების დარეგულირება გვერდზე გადადო და დღეს ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს, რასაც სამომავლოდ აუცილებლად მოჰყვება საზღვრის გახსნაც.
მოვლენები ფორსირებულად ვითარდება. 14 ოქტომბერს სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი მიწვეულია ფეხბურთის ნაკრებების შეხვედრაზე ანკარაში, სადაც თურქული მხარის ცნობით, დამთავრება ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ე.წ. “ცივი ომი”. მისასალმებელია, როცა ორი მტრულად განწყობილი ერი ერთმანეთისკენ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ამ ნაბიჯებმა, შესაძლოა, საქართველოს სამი პრობლემა მოუტანოს: პირველი, საქართველო თურქეთსა და სომხეთს შორის ტრანზიტული ქვეყანა აღარ გახდება; მეორე, თურქეთზე განაწყენებულმა აზერბაიჯანმა, შესაძლოა, უარი განაცხადოს “ნაბუკოს” პროექტის ხორცშესხმაზე, რადგან ის თურქეთის ტერიტორიაზე გადის, ანუ სტრატეგიული მიმართულებები გადაიხედოს; მესამე, თუკი გარკვეული პრობლემები მართლა დარეგულირდება, სომხეთი პერსპექტივაში განიხილება, როგორც სატრანზიტო გზა.
ამერიკა აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს არა მხოლოდ ნავთობის გამო – ამერიკა აზერბაიჯანში აეროპორტით სარგებლობს ავღანეთისა თუ სხვა მიმართულებისთვის. აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად, ყველასთვის კარგად ცნობილი, მეთიუ ბრაიზა დაინიშნა. მას, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ყარაბაღისა და ზემოაღნიშნული შვიდი რეგიონის გაყინული კონფლიქტების მკვდარი წერტილიდან დაძვრის უშუალო დირექტივა აქვს მიღებული. რუსეთის ინტერესებში კი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება არ შედის, არც – სომხეთისა და თურქეთის დამეგობრება-გაძლიერება. თავის მხრივ, თურქეთი მიიჩნევს, რომ კავკასიაში, მისი ისტორიული გავლენის სფეროში, იგივე პრეტენზიები შეიძლება გააჩნდეს, რაც რუსეთს. თუ რუსეთს არგუმენტად მოჰყავს, რომ ბოლო 200 წელიწადი ამ ტერიტორიების მეტროპოლია იყო, თურქეთს შეუძლია იგივე განაცხადოს, ეს ტერიტორიები მისი გავლენის სფეროდ კიდევ უფრო დიდი ხნის წინ მოიაზრებოდა. მას სწორედაც სურს, რომ სომხეთიც მისი გავლენის ქვეშ მოექცეს, სურს, მისი პოლიტიკა ამ რეგიონში, მშვიდობის დამყარების კუთხით, ეფექტური იყოს. ამას კი, რუსეთის დიპლომატია არაფრით დაუშვებს.
დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის პროცესი შეიძლება დაჩქარებული ტემპით განვითარდეს – ამას არც ერთი ექსპერტი არ ელოდა. ამ საზღვრის გახნსა სომხეთის ეკონომიკას ჰაერივით სჭირდება. დაახლოებით ათი წლის წინ, სოფელ კარწახში (კარწახი – ნინოწმინდისკენ საზღვრის ბოლო წერტილი), სომხეთის დიასპორა, ერევნელი სომხების დახმარებით, კარწახში საზღვრის გახსნას მოითხოვდა. ეს დაახლოებით სომხეთის საზღვართან საბაჟო პუნქტის გახსნას ნიშნავდა თურქეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად და სწრაფი ვაჭრობის გასავითარებლად. ამ ზაფხულს კი, თურქეთს ყველაზე დიდი რაოდენობის სომეხი ტურისტი სტუმრობდა, ვიდრე ოდესმე. ცხადია, მოსკოვის გავლით.
ერთ დროს დიდი დავის საგნად ქცეული გენოციდის აღიარებისა და მთიანი ყარაბაღის საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ გადალახულია და ურთიერთდაახლოების ტენდენციები მიმდინარეობს. ყოველგვარ ულტიმატუმზე თვითონ თურქეთმა თქვა უარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპისაკენ უმოკლესი გზა იხსნება და საქართველოს სატრანსპორტო ტვირთები მნიშვნელოვანწილად მოაკლდება. მართალია, არარატის ირგვლივ სომხეთსა და თურქეთს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმდენად განვითარებული არ აქვთ, რომ რკინიგზამ ტვირთების ის მოცულობა გაატაროს, რაც ფოთის დატვირთვას შეამცირებს, მაგრამ მაინც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სომხეთი თურქეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება, რითაც საქართველოს ტვირთბრუნვა მოაკლდება. ამ ნაბიჯით, ევროპის დამოუკიდებელი ენერგოდერეფნის ფორმირების საკითხში, თურქეთს სომხეთი საკმაოდ სერიოზული მოთამაშის სტატუსით შეჰყავს.
ამ დროს, ჩვენი რეგიონის მეორე მხარესაც მნიშვენელოვანი მოვლენები ვითარდება. 11-13 სექტემბერს მედვედევმა ისევ შეკრიბა ყაზახეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელები (წყარო: www.expert.ru). ილჰამ ალიევი, დიმიტრი მედვედევი, ნურსულთან ნაზარბაევი და გურბანგულ ბერდიმუხამედოვი ყაზახეთში შეიკრიბნენ და მათთვის მეტად მტკივნეული – კასპიის ზღვის დაყოფის თემა განიხილეს. როგორც ცნობილია, კასპიის ზღვის განაწილებას ცდილობენ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს პლუს ირანი. ირანს, რომელსაც სანაპირო ზოლის 18% ეკუთვნის, პრეტენზია აქვს, ზღვის ფსკერი სანაპირო ზოლის მიხედვით გაიყოს, რაც ყველა დანარჩენი ქვეყნისთვის მიუღებელია. ირანი კასპიის ზღვის გაყოფას მანამ არ დათანხმდება, სანამ 20% მაინც არ ერგება. ირანის მხარეს ზღვა ყველაზე ღრმა და მწირია. სწორედ ირანის გარეშე შეკრიბა რუსეთმა დანარჩენი ქვეყნები. ამ ნაბიჯით, რუსეთი მიზნად ისახავდა, გაზისა და ნავთობის საკითხებში უმსხვილეს მოთამაშე ქვეყნებთან სხვა საკითხების პარალელურად გაზის ტრანსპორტირების თემაც განეხილა.
ენერგეტიკულ საკითხებში რუსეთის სახე სრულად ვლინდება, იგი ბიზნესსა და პოლიტიკაში ბანდიტური მეთოდებით ერევა. ეს შეხვედრა მან თურქმენეთის პრეზიდენტთან გაზის მიწოდების განახლებაზე მოსალაპარაკებლად გამოიყენა, რომელიც წლის დასაწყისში, თურქმენეთისა და რუსეთის საზღვარზე ცნობილი ავარიის შემდეგ შეწყდა. ამ გადასახედიდან აშკარაა, რომ ეს ავარია სპეციალურად იყო მოწყობილი, რადგან რუსეთს ათას კბ.მ გაზზე 300 აშშ დოლარიანი ფასი არ აკმაყოფილებდა. გაზის მიწოდება დღემდე არ არის აღდგენილი. თურქმენეთი პოზიციას არ თმობს. რა თქმა უნდა, რუსეთი, რომელიც განებივრებული იყო გაზზე ევროპული ფასით -ათას კბ.მ-ზე 540-545 დოლარით (დღეს გაზის ფასია ათას კბ.მ-ზე 380-370 დოლარი), არ სურს თურქმენეთს ძვირი გადაუხადოს. აქედან გამომდინარე, რუსეთი უბრალოდ არ აკეთებს მილსადენს. საერთოდ, მილსადენის აფეთქებები, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა, რუსეთისთვის საკმაოდ ახლობელი თემაა. ამ გზით რუსეთმა თურქმენეთს დაანახა, რომ თურქმენეთს მას იქით გზა არ აქვს. დღეს თურქმენეთი ჩინეთს ორმოც მილიარდ კბ.მ გაზს იმ მილსადენებით აწვდის, რომელიც გარკვეულწილად მუშაობს, ექვსი მილიარდი კბ.მ-ით გააფართოვა ირანზე გამავალი მილსადენი. თურქმენეთის წლიური მოპოვება 70 მილიარდი კბ.მ გაზია, რომლის დიდ ნაწილსაც ევროპას “”გაზპრომის”” საშუალებით აწვდიდა. 2008 წელს თურქმენეთმა მოპოვებული 70 მლრდ-დან რუსეთში 47 მილიარდ კბ.მ-ზე მეტი გაზის ექსპორტი მოახდინა, ხოლო 2009 წელს 51 მლრდ კბ.მ-ის ექსპორტს გეგმავდა (წლიური მოპოვება დაგეგმილია 75 მილიარდი კბ.მ). წლის ბოლოსთვის ჩინეთის მილსადენის მშენებლობის დასრულება და ირანის მილსადენის გაფართოება, ალბათ ვერ შესძლებს რუსეთის მიმართულების კომპენსაციას, რაშიც რუსეთის ბანდიტური მეთოდებია დამნაშავე.
ოთხეულის შეკრების ოფიციალური მიზეზი კასპიის ზღვის განაწილება იყო, მაგრამ სინამდვილეში, რუსეთმა აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ შეახსენა მისი ვალდებულებები. აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შესაძლებლობა მისცა მოელაპარაკათ, რომ “ნაბუკოში” მონაწილეობა არ მიეღოთ. თან, ბოლო პერიოდში თურქმენეთის პოზიცია “ნაბუკოს” მიმართ უფრო დათბა და საქმიანი გახდა, რაც რუსეთს ძალიან აშფოთებს. ამ შეხვედრაზე რუსეთი შეეცადა ყაზახეთთან უფროსი ძმის როლი ეთამაშა და მას ირანისგან დაცვას დაჰპირდა, მაგრამ სანაცვლოდ, იმ პროექტების მხარდაჭერა მოითხოვა, რომლითაც რუსეთი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული.
ოთხთა შეხვედრა ირანის მხარემ სასტიკად გააკრიტიკა. ოთხივე ქვეყნის ელჩი გამოიძახა და საპროტესტო ნოტები გადასცა, სადაც მკაცრად დაგმო ირანის ზურგსუკან სეპარატისტული შეხვედრა. ირანს რუსეთის მსგავსად რეგიონის ლიდერის ამბიცია აქვს და კასპიის ზღვის საკითხებში მთავარი მოთამაშის როლის მიღება სურს.
საქართველოსთვის ორივე შეხვედრა საფრთხისშემცველია, რადგან “”ნაბუკოს”” პროექტს უპირისპირდება. რუსეთი მუდამ ცდილობს ამ ოთხი ქვეყნისგან მათი გაზის პროექტები მოიპოვოს, ნოვოროსიისკიდან “სამხრეთის ნაკადს” მიუერთოს და ამით “ნაბუკოს” პროექტი ჩაძიროს. თავის მხრივ, “ნაბუკოს” ერთადერთი პრობლემა აქვს – თურქმენეთის მიერთება და როგორც კი ზაფხულში “ნაბუკოსთან” დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეთანხმებები და სერიოზული გამარჯვებები იქნა მიღწეული, რუსეთი ძლიერ შეშფოთდა. მას ცალკე მოლაპარაკებები ჰქონდა ევროპულ ქვეყნებთან. რუსეთმა ამ საქმეში პირველ გამარჯვებასაც მიაღწია. იგი “გაზპრომის” 10%-ის ფრანგული ენერგოგიგანტისთვის მიყიდვას აპირებს, რომელიც თავის მხრივ, დაჰპირდა, რომ “სამხრეთის ნაკადს”, რომლის ღირებულება 9 მილიარდ ევროზე მეტია, დააფინანსებდა. მართალია, საფრანგეთი “ნაბუკოს” პროექტში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ “”სამხრეთ ნაკადთან”” მისი მიერთება პროექტს უფრო ღირებულს გახდის. მით უფრო მაშინ, თუ ამას დაერთვება იმ სამეულის მხარდაჭერა, რომელსაც მედვედევი შეხვდა.
ეს თემები საქართველოს ეკონომიკისთვის მტკივნეულია, რადგან ბოლო ათწლეულში ჩვენს ყველაზე დიდ ინვესტიციას – “”ნაბუკოს”” ემუქრება. ჩვენ, შესაძლოა, გაზის 30 მილიარდი კბ.მ-ის ნაკადის გამტარი ქვეყანა ვიყოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, თურქეთ-სომხეთის ურთერთობის დარეგულირებამდე “ნაბუკოს” განხორციელება. ჩვენ ერთი პლუსი გვაქვს – ბაქო-ერზერუმის გაზსადენი უკვე “”ნაბუკოს”” შემადგენელი ნაწილია, ამ მხრივ საშიშროება არ გვემუქრება, მაგრამ საკმარისია, სომხეთზე ერთი ტოტიც კი გავიდეს, რომ რეგიონში ჩვენი ეკონომიკური ეფექტიანობა ბევრად შემცირდება, მით უფრო, რომ სომხეთზე გამავალი გზა ბევრად მოკლე და ეკონომიკურად მომგებიანია.
პარალელურად, რუსეთი აგრძელებს “”ჩრდილოეთ ნაკადის”” აქტიურ ფაზაში გადაყვანას. გაბრაზებულმა რუსეთმა ერთხელ განაცხადა, რომ “”ჩრდილოეთ ნაკადს”” პეტერბურგთან გააჩერებდა და თხევადი გაზის სადგურს გააკეთებდა, მაგრამ დღეს მან უკვე მიიღო ეკოლოგიური ნებართვა შესაბამისი ორგანოებიდან ფინეთის, შვედეთის, გერმანიის სახელმწიფოებში. დანიის სამეფოდან ეკოლოგიურ თანხმობას ელოდება. ეს ნებართვები მას იმ 1200 კმ-იანი გაზსადენისთვის სჭირდება, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის. ამის შემდგომ ეს პროექტი სიცოცხლისუნარიანი გახდება. ეს არის მსხვილი, 27,5 მლრდ კბ.მ-იანი მილსადენი, რომელიც 2012 წელს უნდა შევიდეს ექსპლოატაციაში. პროექტის ღირებულება 7,5 მილიარდი ევროს ტოლია. რუსეთი ევროპულ ბანკებთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და დაფინანსების ნაწილი მოიპოვა კიდეც. პუტინმა ეს პროექტი დანიასთან მოლაპარაკებებით, რომელიც სექტემბერში განახლდა, ბოლო სტადიაში შეიყვანა და ახლა “გაზპრომის” უშუალო ჩარევითა და დანიელების მონაწილეობით დოკუმენტალური ნიუანსების გადაწყვეტა მიმდინარეობს. ამით რუსეთს უკვე მწვანე შუქი ექნება “ჩრდიელოეთ ნაკადის” გასაყვანად, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ეს არის გზა სანკტ-პეტერბურგიდან გერმანიამდე, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლანდია და დანია. მოლაპარაკება მიდის შვედეთის მიერთებაზე და თუ რუსეთმა ეს დაფინანსება მოიპოვა და ევროპელები ბოლომდე ჩაებნენ (გერმანიის გარდა, რომელიც თავიდანვე ჩართული იყო), საქართველოს ეკონომიკას დიდ ზიანს მიაყენებს. ეს იქნება პირველი მცდელობა, ტრადიციული გამტარი ქვეყნების – უკრაინის, ბელორუსიის, პოლონეთის გვერდის ავლით გაზი გერმანიას მიეწოდოს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ევროპა არ არის ერთიანი და ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა არ გააჩნია. ამ პოლიტიკით ევროპა ჩეხეთს, სლოვაკეთს, პოლონეთს, რუმინეთს და სხვა ქვეყნებს აზიანებს, რადგან მათი ინეტერესები მნიშვნელოვნად განსხვავებულია.