მე-11 ადგილი, მინუს მცირე ბიზნესი
ნინო არველაძე
საქართველოში მუდმივი დავის საგანია, თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის საქმეში – მცირე ბიზნესის განვითარება, თუ მსხვილი ინვესტიციების მხარდაჭერა. გარდა ამისა, დავა იმის ირგვლივაცაა, ადამ სმიტის “უხილავი ხელის”” ლიბერალული ფასეულებებით უნდა ვითარდებოდეს ეს მცირე ბიზნესი, თუ თვითონ, თუ სახელმწიფო გარკვეული პროგრამით და თუ გნებავთ, ინსტიტუციონალურად მხარში დაუდგეს ამ საქმეს. მუდმივი დავის საკითხებს საერთაშორისო კრიზისის ეპოქაში კიდევ ერთი დაემატა – პრიორიტეტმა ეკონომიკა კრიზისიდანაც უნდა გამოიყვანოს და ხალხიც უნდა დაასაქმოს.
ბოლო პერიოდში, უამრავ ცვლილებას, სხვადასხვა დარგში რეფორმის გატარებას და “ახალ ნაბიჯს”, ბევრ შემთხვევაში, ძველის მოშლა და ახლის არშექმნა მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანია 1993 წლის 23 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის “მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ” 2006 წლის 24 მაისს გაუქმება (შეიძლება ჩვენ სწორება დიდ საკითხებზე გვაქვს და სიტყვა “მცირე” მნიშვნელოვნად არ მივიჩნიეთ). იგივე პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდამ რეგრესული შედეგი აჩვენა, UNDP-ის კვლევის მიხედვით, 2003 წელს ამ ტიპის საწარმოებში დასაქმებული იყო მომუშავეთა 50.6% და მთლიან გამოშვებაში მათი ერთობლივი წილი 20.6%-ს შეადგენდა. 2008 წელს მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებული იყო მომუშავეთა 40.1% და მათი ერთობლივი წილი მთლიან გამოშვებაში 17.3%-მდე შემცირდა (იხ. ცხრილი #1).
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების წილი მთლიან ბრუნვაში და გამოშვებაში (%)
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობამ”, ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich Ebert Foundation) მხარდაჭერით, სასტუმრო “D-პლაზაში” მცირე ბიზნესის გაფართოებული ფორუმი გამართა. სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა” მცირე ბიზნესის შესახებ კანონპროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მუშაობს (იხ. ჟურნალი საქართველოს ეკონომიკა #5;www.geoeconomics.ge; www.geoeconomic.com).
ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მათიას იობელიუსმა მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს არნახულ წამატებაზე ისაუბრა (შეგახსენებთ, რომ რეიტინგში საქართველო 11-ე ადგილზეა ბიზნესის კეთების კუთხით1) და განაცხადა, რომ “რეიტინგს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და საქართველო ნამდვილად არ წარმოადგენს ეკონომიკურ სამოთხეს, სადაც ბიზნესს არავითარი პრობლემები არ ექმნება. საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი აუარო ბიზნესის პრობლემებს, რომელსაც ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება და ახალი ბაზრების დაპყრობა წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებს ეხებათ””. მომხსენებელმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია გააზრება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობასთან იგივდება.
ძირითადად, ფორუმი ზემოთ დასმულ საკითხებზე ექსპერტული დავის სტილით წარიმართა, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობის”” მიერ შემუშავებული კანონპროექტი, მცირე ბიზნესის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მცირე ბიზნესის ხელშეწყობას საქართველოში. ეკონომიკის ექსპერტმა, ემზარ ჯგერენაიამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხუთ კონკრეტულ პრობლემაზე ისაუბრა:
1. საგადასახადო კოდექსი – ახალ საგადასახადო კოდექსში მოცემული აშკარად პროგრესული დაბეგვრის განაკვეთების, საგადასახადო ანგარიშგების გამარტივებისა და ადმინისტრირების სიიაფის მიუხედავად, გადასახადის კონტროლისა და კალკულაციის ტექნიკურ დეტალებში დარჩენილია ისეთი ხარვეზები, რომლებიც აშკარად აფერხებს ბიზნესის განვითარებას. ასე მაგალითად, მცირე ბიზნესს არ გააჩნია საქონლის ჩამოფასების მექანიზმი, რაც საერთოდ ბიზნესს, მნიშვნელოვნად შემაფერხებელ პრობლემებს უქმნის. მას არ შეუძლია ვადაგასული, ან დაზიანებული საქონლის ჩამოფასება, ან ჩამოწერა. ეს პროცედურულად ისეა გაწერილი, რომ წარმოუდგენელია მცირე საწარმოს მხრიდან მისი შესრულება. ასევე, აქტუალური რჩება ხარჯების გაწერის თემა, მივლინების ხარჯებიდან მოყოლებული, საწვავით დამთავრებული, რომ არაფერი ვთქვათ, გახშირებულ დალუქვებზე და ფირმის დახურვისა და გაკოტრების საქმეების წარმოების სირთულეებზე.
2. ბაზრის გეოგრაფია – ძალიან ძნელია 100 000-200 000 ლარიან ბრუნვის მქონე მცირე ბიზნესმა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ევროპის ბაზარი დაისახოს ორიენტირად, რაც მცირე ბიზნესის მსგავსად უჭირს მსხვილ ბიზნესებს. ურთულეს საკითხს წარმოადგენს ევროპის არასატარიფო რეგულირების საკითხში მცირე ბიზნესის სათანადოდ გარკვევა, ამისათვის აუცილებელია ჩამოყალიბდეს მცირე ბიზნესის ადმინისტარცია, რასაც ითვალისწინებს შემოთავაზებული კანონპროეტქი. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს ტრადიცია უკვე არსებობს, როდესაც გამოფენებსა და სხვა ტექნიკურ ნაწილში მცირე ბიზნესს სახელმწიფო ტექნოპარკების თუ უშუალო სამეწარმეო კავშირების მეშვეობით გარკვეულწილად ეხმარება.
3. ფინანსური რესურსი – ფინანსური რესურსი არ ნიშნავს ბანკების, ან სახელმწიფოს მხრიდან მცირე ბიზნესისათვის გარკვეული შეღავათის მიცემას, არამედ, სახელმწიფოს გააჩნია სერიოზული მექანიზმი, მას შეუძლია მისცეს იაფი რესურსი ბაზარს, იაფი პროგრამები, რომელიც განსაკუთრებით, სტარტ-აფ ბიზნესს შეეხება. საქართველოში დამწყები ბიზნესის დასახმარებლად განსაკუთრებული პროგრამები არ არსებობს.
4. ტექნიკური ბაზა – მცირე ბიზნესს საქართველოში აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი ტექნიკური ბაზა აქვს. სამშენებლო მასალების წარმოებაში გაკეთებული ანალიზი, რომელიც მშენებლობის მომსახურების სფეროსაც ეხებოდა, გვიჩვენებს, რომ სამშენებლო მასალების 90% იმპორტირებულია. ძალიან რთულია სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება, ბევრია დაზიანებისა და საქონლის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევები, რადგან ხშირად ტრანსპორტირებას დიდი დრო სჭირდება. ადგილობრივ მცირე ბიზნესს ამ კუთხით დიდი უპირატესობა გააჩნია, რადგან საქართველოში მისი დიდი რესურსი არსებობს. მენეჯმენტი სჭირდება ქართული სამშენებლო მასალების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაგრამ იმის გამო, რომ არსებობს ტექნოლოგიური ბაზრის სერიოზული პრობლემები, ეს სეგმენტი განუვითარებელი რჩება. საქართველოს შეუძლია ტექნოპარკები ტექნიკური გადაიაღარების საქმეში წარმატებულად გამოიყენოს. მცირე ზომის ქარხნებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა თანამედროვე დაზგები შეიძინონ და ტექნოლოგიური გადაიარაღება მოახდინონ, ამის გარეშე კი, კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოება შეუძლებელია.
5. მენეჯმენტი და კვალიფიციური კადრები – სპეციფიური მიდგომა სჭირდება მენეჯმენტისა და დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას. მაშინ, როდესაც საქართველოში მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კადრების მომზადების საკითხისადმი სერიოზული მიდგომა. თუ სახელმწიფომ არ შექმნა სპეციალური ფონდი და მცირე ბიზნესის მომავალი ადმინისტრაცია არ ჩაებმება აღნიშნულ საკითხში (კანონში უნდა შევიდეს შესაბამისი მუხლი), მაშინ უტოპია იქნება მცირე ბიზნესის განვითარებაზე სერიოზულად საუბარი და მსჯელობა, მთელი საქართველო იქნება უმუშევარი, მაგრამ რეალურად კვლავ მწვავედ იარსებებს კადრების ნაკლებობის პრობლემა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების საკითხში მცირე ბიზნესის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება სახელმწიფოში მცირე ბიზნესის სათანადოდ განვითარების გარეშე. მომხსენებელმა გამოკვეთა მცირე ბიზნესისა და ფინანსური პოლიციის ურთიერთობის საკითხი და განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც ხმამაღლა გაკეთებული განცხადებების შესაბამისად ზრუნავენ ბიზნესის განვითარების საკითხზე, მიუღებელია ჩასაფრების პოლიტიკა, ქონებების დაყადაღება და მაღაზიებისა თუ საწარმოების ხანგრძლივი დახურვა, რაც უკვე ჩვეულებრივი მოვლენის სახეს იღებს. გოჩა ალექსანდრიამ განაცხადა, რომ არსებულ სიტუაციაში ხორციელდება ბიზნესის ტერორი. მისი აზრით, აუცილებელია, სახელმწიფომ კადრების კვალიფიციური გადამზადებისათვის გამოყოს ფინანსური რესურსი და არასწორია სახელმწიფოს მიდგომა, როდესაც ზოგიერთ რეგიონში მხოლოდ მზარეულების კადრების მომზადების პროგრამები ხორციელდება.
ეკონომიკის ექსპერტმა, დემურ გიორხელიძემ საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ლიბერალიზმის იდეას არ ეწინააღმდეგება, ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობა არ ნიშნავს ბიუროკრატიული მართვის მექანიზმების შექმნას. დემურ გიორხელიძის აზრით, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას აუცილებლობა, რომელიც კანონის მიღებასა და იმ ინსტიტუტების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რაც მართავს და ხელს უწყობს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას. მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტის სერიოზული მიდგომა მცირე ბიზნესის მიმართ, რასაც ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა მოწმობს.
სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობის”” ხელმძღვანელმა, კახა კოხრეიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებზე. მან განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს ეკონომიკისთვის უძლიერესი დარტყმა იყო, მაგრამ სწორი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში, ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი გადარჩენა. კახა კოხრეიძემ განაცხადა, რომ თანამედროვე რეალობაში საქართველოს აშშ-ისა და ევროპის კავშირის მხარდაჭერის საშუალებით “აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა რეგიონში წამყვანი ეკონომიკა გახდეს”, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით ისეთი პრობლემები იქმნება, რომელიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, გამართული ფორუმი კი, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ცვლილებას, ხოლო ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივები უფრო ფართო გამოყენებას საჭიროებს. მცირე ბიზნესს სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნია. კანონპროექტი ითვალისწინებს მთავრობისგან დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ადმინისტრაციის შექმნას, რომელიც დაიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს.
ფორუმმა შეიმუშავა დეკლარაცია, რომელსაც ყველა დამსწრემ ხელი მოაწერა.
ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის შესახებ კანონპროექტის შემუშავება, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ნება, რომელიც საქართველოში ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად და დასაყრდენად მცირე ბიზნესს პრიორიტეტად დასახავს. ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენ უძველესი ევროპელები ვართ, მაგრამ საჭიროა მდიდარი წარსულის ჭკვიანურად გამოყენება. სხვაგვარად, ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების “ქამუშაძის გაჭირვების” კოლორიტ პერსონაჟს, ეკვირინეს ვგავართ და მხოლოდ შარშანდელი მოსავლით ვტრაბახობთ.
ჩვენს უცხოელ მეგობრებს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემები ნამდვილად არ გაუკვირდებათ, რადგან სხვა დაბრკოლებებთან ერთად საქართველოში მცირე და, საშუალო საწარმოები ვერ ასრულებენ ეკონომიკის ლოკომოტივის როლს, რასაც ევროპელები და ამერიკელები ასე უფრთხილდებიან. ქვეყანაში არ არსებობს მსხვილ და მცირე ბიზნესს შორის კავშირი, საგადასახადო კოდექსი კი, მსხვილ და მცირე ბიზნესს არ განასხვავებს.
ფაქტია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი შემაფერხებელი ეკონომიკურ-ორგანიზაციული, ასევე, ინსტიტუციონალური გარემოებებია. პოლიტიკური ნების გარეშე კი, ეს მნიშვნელოვანი სეგმენტი კვლავ კანონის გარეშე დარჩება და ყველა საუბარი და რეიტინგი, თუ როგორი შესანიშნავი ეკონომიკური და ბიზნეს-გარემოა საქართველოში, სხვა არაფერი იქნება თუ არა ფარსი და საკუთარი თავისა და ერთმანეთის ლამაზად, მაგრამ მწარედ მოტყუება.