პასუხისმგებლობის საკითხი კორპორაციულ მართვაში
თამარ შუდრა ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები ადამიანთა მისწრაფებებსა და ფანტაზიებს ზრდის, რასაც მოთხოვნის და მისი დაკმაყოფილების ციკლამდე მივყავართ. მოთხოვნებს საზოგადოება აყალიბებს, მის დაკმაყოფილებას კი, საზოგადოების მიერვე შექმნილი “ორგანიზმები”” – საწარმოები ახდენენ. ამ უკანასკნელთა საქმიანობის ორიენტირი კი, სწორედ, ჩვენი სურვილების ასრულებისაკენაა მიმართული (ჩვენი სურვილი მათთვის ხომ მოგების მიღების საშუალებას წარმოადგენს).
აზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის უზომოდ დიდი რესურსი (როგორც მატერიალური, ასე ადამიანური) იხარჯება და რაც მთავარია, იხარჯება იმ მენეჯერთა ინტელექტუალური ენერგია, რომლებიც ამისთვის იღწვიან.
მენეჯმენტი ლათინური სიტყვაა და თავისი საწყისი მნიშვნელობით, ცხენის მართვის ხელოვნებას ნიშნავს. თანამედროვე საქმიან გარემოში ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც კომპეტენტური ხელმძღვანელი, რომელმაც ზუსტად იცის, როდის, რა და როგორ გააკეთოს, მაგრამ ხელმძღვანელიც ჩვეულებრივი ადამიანია და რა მოხდება, თუ მან შეცდომა დაუშვა? ვის წინაშე აგებს ის პასუხს? რა არის პასუხისმგებლობის საფუძველი?
საზოგადოების ქონება, რომელიც ხშირად, რამდენიმე მილიონ (მილიარდ) დოლარად, ან ევროდაა შეფასებული, სამართავად ხელმძღვანელებს აქვთ გადაცემული. შესაბამისად, დიდია მათი პასუხისმგებლობაც ამ ქონების დაცვა-შენარჩუნების თვალსაზრისით. ამდენად, საჭიროა განხორციელდეს მათ საქმიანობაზე კონტროლი. თუმცა, ამავდროულად, კორპორაციას უნდა ჰქონდეს სამეწარმეო თავისუფლებაც.
თანამედროვე საკორპორაციო სამართალში აღიარებულიაBusiness Judgment Rule-ის პრინციპი – საწარმოო მიზანშეწონილობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებისას,ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. დაუშვებელია კორპორაციის ხელმძღვანელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება სამეწარმეო წარუმატებლობისათვის. ამერიკული სამართალის მიხედვით, სამეწარმეო გადაწყვეტილებების დროს, დირექტორს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ზიანისათვის, რომელიც ნებისმიერ კეთილსინდისიერ დირექტორს შეიძლებოდა მოსვლოდა. თუმცა, კეთილსინდისიერების განსაზღვრა საკმაოდ პრობლემატურია და თითოეული შემთხვევა განსაკუთრებულ ანალიზს და შეფასებას მოითხოვს.
Business Judgment Rule-ის პრინციპის მიხედვით, პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა გარკვეული წინაპირობების არსებობა:
საქმე უნდა ეხებოდეს სამეწარმეო გადაწყვეტილებას ე.ი ღონისძიებას, რომელიც მიმართულია საზოგადოების საქმიანობის განსახორცილებლად (და არ წარმოადგენს უბრალოდ კანონის, ან წესდების შესრულებას). მხედველობაში გვაქვს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეხებათ კითხვები – ჰო თუ არა, სად, როდის, ვისთან, რა პირობით.
გადაწყვეტილება უნდა იყოს ზედმიწევნით მომზადებული, თუ შესაბამისი ღონისძიება საზოგადოებას ზიანს მოუტანს, დირექტორს პასუხისმგებლობა დაეკისრება გადაწყვეტილების სათანადოდ მოუმზადებლობისათვის და არა იმიტომ, რომ “საკითხი ჩავარდა””.
გადაწყვეტილება არ უნდა შეიცავდეს საზოგადოებისათვის გაუმართლებელ რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციების ხელმძღვანელთა პასუხისმგელობა თანამედროვე საკორპორაციო სამართლის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, მისი რეგულირება სამართლებრივი სისტემების მიხედვით განსხვავებულია. გერმანიაში საწარმოს ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა კანონით არის მოწესრიგებული. კანონის უშუალო მიზანია, რომ საწარმო ფლობდეს მექნიზმს იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ხელმძღვანელთა ქმედების შედეგად. გერმანულ სამართალში უმთავრესი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს კანონიდან და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ხელშეკრულებაა დადებული საზოგადოებასა და დირექტორს შორის, ამიტომ, ამ პასუხისმგებლობას “კანონზომიერი პასუხისმგებლობა””ეწოდება.
განხვავებული მდგომარეობაა ამერიკულ სამართლში, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი არა კანონით, არამედ შეთანხმებითაა დარეგულირებული. ამდენად, წესდებამ შეიძლება გაამკაცროს, ან შეამსუბუქოს დირექტორების პასუხისმგებლობა. თუმცა, ამერიკული სამართალიც არ იძლევა წესდებით პასუხისმგებლობის შეუზღუდავად განსაზღვრის შესაძლებლობას. მაგალითად, განზრახ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხელშეკრულებით დაუშვებელია.
კორპორაციის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობაზე საუბრისას, იბადება კითხვა – ვის წინაშე არის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი. საწარმოს ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან საწარმოს და არა საწარმოს აქციონერების წინაშე. მაშინაც კი, როდესაც აქციონერს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ, ის მოქმედებს საწარმოს და არა საკუთარი სახელით. ბუნებრივია, ამ გზით, აქციონერთა უფლებების არაპირდაპირი დაცვაც ხდება, მაგრამ კორპორაციული პასუხისმგებლობის დაცვის ობიექტი არის სწორედ, საწარმო და არა საწარმოს პარტნიორები.
პასუხისმგებლობა კორპორატიული მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და ამავდროულად – საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ყოველ ფინანსურ სკანდალსა, თუ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რომელიც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში არ წარმოადგენს იშვიათობას, მუდმივად მოჰყვება ხოლმე დებატები ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ. ეს შეხედულებები არ არის უსაფუძვლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელმძღვანელთა მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, საწარმოებისათვის უზარმაზარი ზიანი მოაქვს. თუმცა, პასუხიმგებლობის გამკაცრების საწინააღმდეგო არგუმენტებიც არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება სამეწარმეო თავისუფლებას გარკვეული ბარიერები შეუქმნას. პასუხისმგებლობის გამკაცრებამ შეიძლება საწარმოს ხელმძღვანელები იმდენად შეაშინოს, რომ კომერციული რისკებისაგან თავის შეკავებისკენ უბიძგოს. შედეგად, მივიღებთ ზედმეტად ფრთხილ დირექტორს, რომელსაც რისკისა და ინიციატივის ეშინია.
პასუხისმგებლობა უნდა განვიხილოთ კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად და არა იზოლირებულად. გამოყოფენ კონტროლის ალტერნატიული მექანიზმების რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც თანამედროვე საკორპორაციო სამართალში უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მართვის ორგანოების ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური ცვლილებები, კონტროლი ფინანსური ბაზრების მხრიდან, სასამართლო კონტროლი.
რა მოვალეობებზეა საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ მოვალეობათა დარღვევაზე? გერმანულ სამართალში გვხვდება ცნებები – “გულმოდგინე ხელმძღვანელის მოვალეობა”” (duty of care) და “ერთგულების მოვალეობა”” (duty of loyalty), ამ მოვალეობებს ამერიკულ სამართალში “ფიდუციალურ მოვალეობებს” უწოდებენ. ამერიკაში არის კიდევ “მართლზომიერი მოქმედების მოავლეობა”” (duty of obedience), რაც გულისხმობს კანონის, წესდების, ან სხვა სამართლებრივი აქტების განუხრელი დაცვის მოვალეობას. გერმანიაში კი არსებობს “დუმილის მოვალეობა””(verschwiegenheitspflicht).
როდის იწყება მოვალეობათა დარღვევის ათვლის წერტილი? პასუხიმგებლობა იწყება საქმიანობის დაწყების მომენტიდან და მნიშვნელობა არ აქვს რეგისტრირებულია თუ არა დირექტორი სამეწარმეო რეესტრში. უფრო მეტიც,პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს დაფუძნების სტადიაზე, როდესაც საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული.
ამრიგად, პასუხისმგებლობის სიმძიმე, რომელსაც ხელმძღვანელი საკუთარ თავზე იღებს, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ამერიკაში თუ ის მხოლოდ ხელშეკრულებით შემოიფარგლება, გერმანიაში ყურადღება უპირატესად კანონს ეთმობა.
გამოიკვეთა პასუხისმგებლობის ობიექტი, ვის წინაშეც არის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი – (საწარმო და არა პარტნიორი), გამოიკვეთა პასუხისმგებლობის დიაპაზონი – გამართლებული რისკის ფარგლებში არსებული წარუმატებლობისათვის ხელმძღვანელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. განისაზღვრა მისი ინტენსივობაც – ზედმეტი სანქცია ზღუდავს ხელმძღვანელის კრეატულობას და ხელს უშლის საწარმოს ეფექტურ მართვაში, რადგანაც რისკი (ზომიერების ფარგლებში) სწორედ, კორპორაციის საქმიანი წარმატების საწინდარია.