უმუშევრობის პრობლემა ახალგაზრდებში
თამარ შუკვანი
თბილისის უნივერსიტეტი, სტუდენტი
როგორც ვიცით, უმუშევრობა ერთ-ერთ მთავარ და რთულად მოგვარებად პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. უმუშევრობა ეს იგივეა, რაც გაღარიბების ზღვარს მისული საზოგადოება. თუ ადამიანი დასაქმებული არ არის, ესე იგი, ის განწირულია შიმშილისთვის.
განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი ახალგაზრდა თაობაში, ასაკოვან მოსახლეობასთან შედარებით. ახალგაზრდა ასაკშივე ითხოვენ რამდენიმე წლიან გამოცდილებას, რაც შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ ახალგაზრდები ვერ საქმდებიან და შედეგად კი ვიღებთ უამრავ დაუსაქმებელ ახალგაზრდას.
ასევე არსებობს სხვა პრობლემებიც დასაქმებასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ წელიწადში 30-40 ათასი ახალგაზრდა ცდილობს დაეუფლოს პროფესიას უნივერსიტეტებში. აგრეთვე, არსებობს „პოპულარული“ პროფესიები. მაგალითად, ყოველი მეორე იურისტია, ჟურნალისტი, ექიმი, დიპლომატი და ა.შ. რა ხდება ამ შემთხვევაში? იქნებ კონკურენცია მაღალია, ხოლო შეფასების შესაძლებლობა დაბალი? ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდათა უმეტესობა მხოლოდ იმისთვის იხდის თანხას უნივერსიტეტში, რომ დიპლომი „იყიდოს,“ ხოლო განათლების დონე დაბალია, შესაბამისად ისინი დასაქმების ბაზარზე კონკურენციას ვერ უწევენ სხვა ახალგაზრდებს.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ახალგაზრდა, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს, გასაუბრებაზე მიდის იმ იმედით, რომ ის გასაუბრებას გაივლის, უმეტესობა ვერ ახერხებს ამას. მაინც რა არის მიზეზი? მხოლოდ კონკურენცია თუ სათანადო „მფარველი“ ვერ მონახა მან? როგორც ამბობენ „კაცი უნდა გყავდეს შიგნით“ რომ მოახერხო მუშაობის დაწყება, ესეც ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ვერ მოიშალა ეს „ინსტიტუტი“ განვითარებას რთულად მიაღწევს განათლების სფეროში. ალბათ ამიტომაც დგას საქართველო წიგნიერების დონით 51-ე ადგილზე, ხოლო განათლების დონე კი კატასტროფულად დაბალია.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 15-დან 24 წლამდე 75 მილიონი ახალგაზრდაა უმუშევარი. ხოლო, საქართველოში „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 15-დან 24 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 27%-ზე მეტია უმუშევარი, თუმცა ეს მონაცემები ეჭვს იწვევს რამდენიმე ფაქტორის გამო, ერთი და მთავარი „უმუშევრობის სტატუსის“ განსაზღვრაა.
უმუშევრობის ყველაზე მაღალი პროცენტი ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოდის. ყველაზე მძიმე სიტუაცია აფრიკის ქვეყნებშია. ახლა იქ 13-დან 23 წლამდე ასაკის 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2045 წლისთვის კი მათი რიცხვი გაორმაგდება. თუმცა კონტინენტის სახელმწიფოები, უბრალოდ, ვერ შეძლებენ ამდენი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი ახალგაზრდობა კი ნორმალური განათლების მიღებას. მსოფლიოს მასშტაბით 375 მლნ ადამიანის ყოველდღიური ანაზღაურება დღეში 1.25 ან ამაზე კიდევ ნაკლებს შეადგენს. 839 მილიონზე მეტი ადამიანის ყოველდღიური შემოსავალი ოჯახში 2 დოლარზე ნაკლებია. ანგარიშის მიხედვით, უმუშევართა ნახევარზე მეტი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, მას საჰარის აფრიკა და ევროპა მოჰყვება. ლათინურ ამერიკას 2013 წელს უმუშევრობის პრობლემა ნაკლებად შეეხო.
ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, შესაბამისად, მომავალი თაობა სტაბილურ შემოსავლებს მოკლებულია. მათი ცხოვრებისეული გეგმები ყოველდღიურობას ვერ სცდება.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ბოლო 11 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი არ შეცვლილა და დაახლოებით 620 ათასი ადამიანის ფარგლებში მერყეობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოფიციალური სტატისტიკა მაღალ მაჩვენებელს ასახელებს. წლების განმავლობაში უმუშევრობა 15-16.5%-ით ფარგლებშია და ეს იმიტომ, რომ სოფლად მცხოვრები ყველა ადამიანი დასაქმებულად ითვლება. არადა, შემოსავლის რა წყარო უნდა ჰქონდეს გაღატაკებული ქართული სოფლის მკვიდრს, ეს ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.
2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2014 წელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0% შეადგინა.
2015 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.8% შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე – 1.4 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.8 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.5 პროცენტული პუნქტით.
პრობლემა, რაღა თქმა უნდა, ისევ არსებობს და იგი აქტუალურია, ხოლო სახელწიფოს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანი და გაუგებარია. რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? პასუხი ერთია: ის გულგრილია საკუთარი მოქალაქეებისადმი.