არის გლობალიზაცია!
ეკა ლეკაშვილი
გლობალიზაციას ზოგადად უზარმაზარი სარგებელი მოაქვს ქვეყნებისა და მოსახლეობისთვის. საერთაშორისო კავშირები ერებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მოგება სპეციალიზაციიდან და წარმოების მასშტაბის ეფექტის ეკონომიიდან. იგი ამაღლებს მწარმოებლურობას, ეხმარება ცოდნისა და ახალი ტექნოლოგიების განვრცობას, აუმჯობესებს მომხმარებელთა არჩევანის დიაპაზონს.
გლობალიზაციის შედეგად ქვეყნები, რეგიონები, კონტინენტები ისე მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რომ მსოფლიომ “პატარა სოფლის” მახასიათებლები შეიძინა. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკაში ღრმა ინტეგრაციის და გლობალიზაციის თემა ყოველთვის და ყველგან პოპულარული არ არის.
გლობალიზაცია განიმარტება როგორც პროცესი, რომელიც არღვევს ეროვნულ საზღვრებს, აახლოებს ეროვნულ ეკონომიკებს, კულტურას, ტექნოლოგიებს, მართვას, წარმოებას და ზრდის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს.
გლობალიზაციის საყოველთაოდ შეთანხმებული განმარტება არ არსებობს. ამ საკითხის მიმართ მეცნიერთა შეხედულებები განსხვავებულია. მაგალითად, სოციალური მეცნიერების წარმომადგენლები განიხილავენ გლობალიზაციის გავლენას პოლიტიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით, ისტორიულ, გეოგრაფიულ და ზოგჯერ კულტურულ სფეროებზეც. ზოგი საუბრობს ტექნოლოგიურ გლობალიზაციაზე, პოლიტიკურ გლობალიზაციაზე და ეკონომიკურ გლობალიზაციაზე. ეკონომისტები სარგებლობენ მიღებული განსაზღვრებით, რომელშიც იგულისხმება საქონლის, კაპიტალისა და შრომის ბაზრების საერთაშორისო ინტეგრაცია (Bordo et al., 2003).
“ეკონომიკური გლობალიზაცია არის ტენდენცია მიმართული საქონლის, მომსახურების, ტექნოლოგიის, ინფორმაციის, შრომისა და კაპიტალის საერთაშორისო ინტეგრაციისკენ ანუ პროცესი, რომელიც ინტეგრაციას განაპირობებს. ტერმინი გლობალიზაცია პირველად თეოდორ ლევიტმა წარმოადგინა ჰარვარდ ბიზნესრევიუში გამოქვეყნებულ თავის ნაშრომში”1, ხოლო 1999 წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაჩნდა ახალი სიტყვა “გლობალურობა”, რაც იმ დროს შეხვედრის მთავარი თემა გახდა.
მარტივი განმარტებით, გლობალიზაცია ნიშნავს ერთ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ასახვას სხვა ქვეყნებზე, რაც მათი ურთიერთდამოკიდებულების და ურთიერთგადახლართვის შედეგია. ქვეყნის გლობალურ სისტემაში ინტეგრირების საკითხების შესწავლისას ვსარგებლობთ ცალკეული მაჩვენებლებით, რომლებიც ცალსახად გამოხატავს კონკრეტულ სფეროში ქვეყნის დანარჩენ მსოფლიოსთან დამოკიდებულების ხარისხს. უკანასკნელ წლებში შემუშავდა გლობალიზაციის კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ მაჩვენებლებს. აღნიშნულ ინდიკატორზე დაყრდნობით შესაძლებელია ქვეყნის გლობალიზების დონის დადგენა, პოტენციალის და გლობალიზაციის პროცესიდან საფრთხეების შეფასება.
გლობალიზაციის ერთ-ერთი მაჩვენებელია ე. წ. გლობალიზაციის KOF-ინდექსი, რომელიც შემუშავდა 2002 წელს და განახლდა და დეტალურად გაიწერა 2006 წელს დრეჰერის (Dreher), გასტონის (Gaston) და მარტენსის (Martens) მიერ. ეს საყოველთაო ინდექსი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გლობალიზაციის სიდიდეს ზომავს. გლობალიზაციის KOF-ინდექსის მიხედვით, ეკონომიკურ გლობალიზაციას ახასიათებს საქონლის, კაპიტალის, მომსახურების, ინფორმაციის ნაკადების და ცვლილებების შორ მანძილზე გადატანა; პოლიტიკური გლობალიზაცია განისაზღვრება, როგორც სამთავრობო პოლიტიკების დიფუზია, ხოლო სოციალური გლობალიზაცია – იდეების, ინფორმაციის, ადამიანური ურთიერთობების განვრცობა – გაფართოება.
თავის მხრივ, ეკონომიკურ გლობალიზაციას ორი მხარე აქვს: პირველი, რეალური ეკონომიკური ნაკადების მოცულობა (როგორიც არის ვაჭრობის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობები) და შეზღუდვები (ტარიფები, გადასახადები და სხვა ბარიერები საერთაშორისო ვაჭრობაში და საინვესტიციო ნაკადების გზაზე).
ა) ეკონომიკური გლობალიზაციის მაჩვენებლები და ინდექსები რეალური ნაკადების ნაწილში მოიცავს: ვაჭრობას (მშპ-ს პროცენტული ნაწილი), პუი-ს ნაკადებს (მშპ-ს პროცენტული ნაწილი), პუი-ს აქციებს (მშპ-ს პროცენტული ნაწილი), პორტფელურ ინვესტიციებს (მშპ-ს პროცენტული ნაწილი), უცხოელებიდან მიღებულ შემოსავლებს გადახდებიდან (მშპ-ს პროცენტული ნაწილი).
შეზღუდვები მოიცავს: საიმპორტო ბარიერებს, სატარიფო განაკვეთს, გადასახადებს საერთაშორისო ვაჭრობაზე (მიმდინარე შემოსავლების პროცენტული ნაწილი), კაპიტალის ანგარიშების შეზღუდვებს.
ბ) სოციალური გლობალიზაციის მაჩვენებლები მოიცავს:
– პიროვნული კონტაქტების მაჩვენებლებს: სატელეფონო კავშირებს, ტრანსფერს (მშპ-ს პროცენტული ნაწილი), საერთაშორისო ტურიზმს, უცხოელ მოსახლეობას (მთლიანი მოსახლეობის პროცენტული ნაწილი), საერთაშორისო წერილებს (ერთ სულზე);
– საინფორმაციო ნაკადების მაჩვენებლებშია: ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა (1000 ადამიანზე); ტელევიზორი (1000 ადამიანზე); გაზეთებით ვაჭრობა (მშპ-ს პროცენტული ნაწილი).
– კულტურული სიახლოვის მონაცემებში შედის: მაკდონალდსის რესტორნების რიცხვი (ერთ სულზე); იკეას ფილიალების რაოდენობა (ერთ სულზე); წიგნებით ვაჭრობა (მშპ-ს პროცენტული ნაწილი).
გ) პოლიტიკური გლობალიზაციის მაჩვენებლებშია: ქვეყანაში საელჩოების რაოდენობა; საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა; გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მისიის წევრობა; საერთაშორისო ხელშეკრულებები.
წარმოდგენილი ინდექსები პროცენტულ გამოხატულებაშია. შესაბამისად, მაღალი პროცენტი მიუთითებს გლობალიზაციის მაღალ ხარისხს. მაჩვენებლები ყოველწლიურად გაითვლება 158 ქვეყნის მიხედვით.3 მონაცემები ეფუძნება მსოფლიო ბანკის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაეროს კონფერენციის ვაჭრობისა და განვითარების შესახებ წლიურ ანგარიშებს, საერთაშორისო საფოსტო კავშირის და საფოსტო სტატისტიკის, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის და სხვა საინფორმაციო წყაროებს. გლობალიზაციის KOF-ინდექსის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგებში პირველ ათეულს იკავებენ ბელგია, ირლანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ავსტრია, შვედეთი, დანია, კანადა, ლუქსემბურგი და უნგრეთი. აღნიშნული ქვეყნების გლობალიზაციის მაჩვენებლები მოძრაობს 91,51 %-სა და 85,15 %-ს შორის. გლობალიზაციის KOF-ინდექსის მიხედვით, საქართველო 90-ე ადგილზეა (59,85%) (შესაძლებელია პარადოქსულად მოგვეჩვენოს, მაგრამ აღნიშნულ რეიტინგში ჩინეთი 91-ე ადგილზეა)4.
ეკონომიკური გლობალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით პირველ ათეულში არიან სინგაპური, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, ბელგია, ნიდერლანდები, ესტონეთი, უნგრეთი, ბახრეინი, შვედეთი. ინდექსის მაჩვენებელი 96,67%-სა და 88,11%-ს შორის იცვლება. საქართველო 51-ე ადგილზეა (69,43%).
სოციალური გლობალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით ლიდერობენ ლუქსემბურგი, შვეიცარია, ირლანდია, ანტიგუა და ბარბუდა, კვიპროსი, პუერტო-რიკო, სინგაპური, ავსტრია, გრენადა და ბელგია. სოციალური გლობალიზაციის ინდექსი წამყვანი ათეული ქვეყნისთვის 93,87%-სა 88,12%-ის ფარგლებში იცვლება. საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით 83-ე ადგილზეა (58,94%). საქართველოს მოჰყვება იაპონია, ტირნიდადი, ნიკარაგუა და ა.შ.
პოლიტიკური გლობალიზაციის მაჩვენებლებით წამყვან ათეულში არიან საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ავსტრია, შვედეთი, ესპანეთი, შვეიცარია, კანადა, აშშ და პოლონეთი. პოლიტიკური გლობალიზაციის ინდექსი 89,03%-სა და 93,88% შორის მოძრაობს. საქართველო 138-ე ადგილზეა 46,08%-ით. რეიტინგში საქართველოს მოჰყვებიან ჰაიტი, პაპუა-ახალი გვინეა, ავღანეთი და სხვ.
ამრიგად, გლობალიზაციის KOF-ინდექსის მიხედვით, წამყვან პოზიციებს ძირითადად მცირე, მაგრამ განვითარების მაღალი დონის ქვეყნები იკავებენ, რაც იმას მიუთითებს, რომ გლობალიზაცია მიმზიდველი და მომგებიანია მცირე ქვეყნებისთვის, თუ ისინი მის დადებით ეფექტებს თავის სასარგებლოდ გონივრულად გამოიყენებენ. მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ მსოფლიო სისტემაში საქართველოს ინტეგრირება ეკონომიკურ გლობალიზაციაზე გადის, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების ხარისხს და საგარეო ბაზრებზე დამოკიდებულებას.