კრიზისი და აქედან გამომდინარე შემოთავაზებები რეფორმების შესახებ

ჯეიმს კ. გალბრეისი

პარიზში ახლახანს შედგა ორგანიზაციის “ეკონომისტები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” ჯგუფის, რომლებიც ფინანსურ და ფულად-საკრედიტო საკითხებზე მუშაობენ და “ინიციატივა ეკონომიკა ხელახალი გააზრებისთვის”” წარმომადგენელთა შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე კრიზისი და აქედან გამომდინარე შემოთავაზებები რეფორმების შესახებ, მათ შორის დიდი ოცეულისა და ობამას ადმინისტრაციის ახალი ინიციატივები. ქვემოთ მოცემული მოკლე მიმოხილვა გვაწვდის სტრუქტურულ რეზიუმეს ზემოთ აღნიშნული შეხვედრის საკვანძო საკითხებზე.

ჯგუფი პირველი ხმამაღალი განაცხადით 2008 წლის ივნისში გამოვიდა, როდესაც იგი შეიკრიბა და შემდგომში გააკეთა ერთ-ერთი ყოვლისმომცველი გაფრთხილება მოსალოდნელი (გლობალური) ფინანსური კოლაფსის შესახებ. ამ გაფრთხილების ხელშეწყობით ჯგუფის რამდენიმე წევრი ისეთ პოზიციაზე აღმოჩნდა, რომ მათ შეძლეს გავლენის მოხდენა პრობლემური აქტივების დახმარების პროგრამის საკანონმდებლო განხილვებზე და ფისკალური განვითარების პაკეტზე შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც დიდი ოცეულის პოზიციის ჩამოყალიბებაზე 2009 წლის დასაწყისში.
თამაშის მდგომარეობა
იმ პერიოდისთვის, როდესაც ეს ჯგუფი შეიკრიბა, ცნობილი ხელმძღვანელი პირები, მათ შორის გერმანიის კანცლერი მერკელი და ევროკავშირის სხვა ლიდერები ემზადებოდნენ განცხადების გასაკეთებლად იმის შესახებ, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არსებითად გადაჭრილია და ყურადღება უნდა გადაეტანათ “გამოსასვლელ სტრატეგიებზე””, რომლებიც, ძირითადად, ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ იყო მიმართული. პარიზის ჯგუფს კი სრულიად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა.
მონაწილენი აღიარებდნენ, რომ კრიტიკულმა ქმედებებმა და ავტომატურმა სტაბილიზაციამ – უზარმაზარი საბიუჯეტო დეფიციტები, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში – შედეგი გამოიღო და მსოფლიო სისტემაში ლიკვიდურობის კატასტროფული კოლაფსი თავიდან აგვაცილა და ასევე უფრო განვითარებულ ქვეყნებში წარმოების კლება შეაჩერა. მათ რამდენიმე თვით ადრე ივარაუდეს ფისკალური გაფართოების პოლიტიკის პოზიტიური გავლენა და ის დადებითი შედეგები, რაც შესაძლოა, დავალიანების ამოღების მიზნით ბიზნესის საქმიანობის შეწყვეტის მეთოდზე უარის თქმამ მოიტანოს.
თუმცა ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ხანგრძლივი ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის გარემოპირობების შექმნა და დასაქმების მაღალი მაჩვენებლის დაბრუნება.
პარიზის ჯგუფის წევრები შემაშფოთებლად პესიმისტურები იყვნენ – პესიმისტურები, მიუხედავად მთელი რიგი თეორიული პერსპექტივებისა. ერთ-ერთმა გამომსვლელმა ზოგად ვითარებას “მინსკისეული სუპერციკლი” უწოდა – არასაკმარისი მოხმარებისა და ზეწარმოების კრიზისი, მათ შორის კერძო ვალების ფართო გადამეტება და მთავრობების სურვილი, არ დაეშვათ მსხვილი კორპორაციებისა და განსაკუთრებით ბანკების გაქრობა – ნაბიჯი, რომელიც დაარეგულირებდა მოწოდებასა და მოთხოვნას და შესაბამისად რეტნაბელურობას. გლობალიზაციის მარცხი, საბანკო სისტემის კოლაფსი და სახელმწიფოების, ქალაქებისა და ზოგიერთი ეროვნული მთავრობების გაბანკროტებაც კი შემთხვევითი როდია. უფრო მეტიც, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ქმედობაუნარიანი მოთამაშეების რეაგირება ეროვნულ და ტრანს-ეროვნულ დონეებზე დროული ან საკმარისი იქნება შეერთებულ შტატებსა თუ ევროპაში.
დღემდე მნიშვნელოვან საკითხად რჩება კონდრატიევის ციკლის ფონი: ტექნიკური ცვლილების გრძელი ტალღები, რომლებიც ზოგადად ეკონომიკურ დეპრესიებს უდევს საფუძვლად. ვარდნის დროს მთავრობები წნეხის ქვეშ არიან, რადგან მათ უნდა გადაარჩინონ მომაკვდავი ინდუსტრიები და ვერ ახერხებენ შესაბამისი რესურსების ჩადებას იმ სექტორებში, რომელთა ზრდაც ყველაზე იმედის მომცემია – განსაკუთრებით, ეკოლოგიურად სუფთა ენერგია, თბური აირების შემცირება და ჯანდაცვა. ამ შემთხვევებში, ორგანიზებული პოლიტიკები და რაციონალური შორსმჭვრეტელობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ეკონომიკურ გაჯანსაღებას არ ემსახურება.
შესაძლოა თუ არა კრახამდე ათი წლით ადრე არსებული ეკონომიკური ზრდის სტრუქტურებზე დაბრუნება ანუ მსოფლიოს განვითარების იმ პერიოდში, როდესაც ერებს შორის გლობალურ რენტაბელურობაში უთანასწორობის შემცირებას ჰქონდა ადგილი. საერთო აზრი იყო, რომ – არა. გლობალურმა ზრდამ გლობალური კრიზისი წარმოშვა, რადგანაც კერძო აქციებმა ხელი შეუწყო აუთსორსინგს და შეერთებულმა შტატებმა დეფიციტის ფინანსირება უზრუნველყო, რაც მსოფლიო მოთხოვნის საყრდენი გახდა. ამასობაში, საქონლის ფასები გაიზარდა და დაიწყო უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მასიური შემოდინება, რამაც მიგვიყვანა უცხოური სავალუტო რეზერვების დაგროვებამდე (უმეტესწილად – დოლარში), მაშინ როდესაც ნორმალური გაცვლითი კურსის რეგულირების მექანიზმები დაბლოკილი იყო.
კერძო აქციების გავლენა გლობალური ინვესტირების მოდელებზე არ დაბრუნდება. მდიდარი ქვეყნის ზრდაც არ აღდგება სამომხმარებლო კრედიტის დავალიანებების ხარჯზე. ადეკვატური მოთხოვნის მიღება მსოფლიო სისტემაში კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება. ან შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოსმიმდინარე ბალანსის კიდევ უფრო დიდი დეფიციტი (აშშ-ს მშპ-სთან დამოკიდებულბაში), ან ბოლოს და ბოლოს სხვა დიდმა მოთამაშემ უნდა იკისროს ასეთი როლი. ევროპამ თავი აარიდა ამ როლს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღმოსავლეთ ევროპა კოლაფსს უახლოვდება. ამ პირობების მარცხის შემთხვევაში არ არსებობს გლობალური ფულის დაზოგვის სურვილის კომპენსაცია და მსოფლიო ეკონომიკა ვერ გაიკვლევს გზას დეპრესიიდან და უმუშევრობა ვერ დაიძლევა მსხვილი და მდგრადი სახელმწიფო ინიციატივის გარეშე.
აშშ-ს ეკონომიკურ სფეროში პრობლემას არსებითად წარმოადგენს რესურსებისა და ძალაუფლების მობილიზება სისტემის სათავეში, ხოლო პრობლემების თავი და თავი კი ეფექტური საგადასახადო ძალაუფლების მოშლაა. ამის შედეგად შეიქმნა მიმდინარეობა, რომელიც არსებული (არასტაბილური) სისტემის შენარჩუნების ერთგულია. შემდგომში ადგილი ჰქონდა მასიურ თაღლითობას, რამაც მიგვიყვანა მიმდინარე კრიზისამდე (მაგალითად, იპოთეკური სესხების წარმოშობა), მაგრამ დღემდე არსებულმა პოლიტიკამ ამ თაღლითობის გამოკვლევაში, გამოსწორებასა და აღკვეთაში მარცხი განიცადა. ფუნდამენტალური რეფორმების და ძირფესვიანი აღდგენის სტრატეგიები, რომლებიც დამყარებული იყო სოციალურ დაზღვევასა და სახელმწიფო ინვესტიციებზე, ჩანასახშივე იბლოკებოდა. ამავდროულად, ჯანდაცვასა და საბანკო სისტემაში მსხვილი საკანონმდებლო რეფორმები კვლავ ლობისტებთან კონსულტაციებით იწერება.
გაჯანსაღებისთვის ერთ-ერთ უმძიმეს საშიშროებას წარმოადგენს პოლიტიკური კლასების უდრეკი ერთგულება წინა ეკონომიკური წყობისადმი. სწორედ ამიტომაც ხდება პრობლემის არსებობის უარყოფა. ასეთ ვითარებაში აშშ-ს მსჯელობა ეკონომიკური გაჯანსაღების პირველი ნიშნების გარშემო და ევროპის ლიდერების საუბრები “გამოსვლის სტრატეგიებზე”” უტოლდება პოლიტიკურად შთაგონებულ აზროვნებას, როცა სასურველი სინამდვილედ აღიქმება.
ზოგადი სტრუქტურა
ლიბერალური და ნეოლიბერალური რეფორმა
ყველა თანხმდება ერთზე – ფინანსური სისტემა “რეფორმას” საჭიროებს. ობამას ადმინისტრაციის პროგრამა ააშკარავებს სიმართლეს: კრიზისი რეგულირების მარცხის გამო წარმოიშვა და მკურნალობა ფუნდამეტალურ ცვლილებას მოითხოვს. ისტორიული გადმოსახედიდან, ნეოლიბერალიზმმა (ადამ სმიტი), პოლიტიკური ენით, მიისაკუთრა ლიბერალური რევოლუციის სიმბოლოები მდიდრების ახალ ალიანსში საშუალო კლასისა და ღარიბების წინააღმდეგ. ნეოკლასიკურ ეკონომიკაში (ნეოლიბერალიზმის მეტათეორია) ბაზარი ანაცვლებს სახელმწიფოს ფუნქციებს და მხოლოდ კერძო ინტერესებს ემსახურება, ვიდრე უფრო ფართო საზოგადოებრივ ინტერესს. ლიბერალურიდან ნეოლიბერალურ აზროვნებაზე გადასვლას ადგილი აქვს ეკონომიკური განხილვების ყველა სფეროში და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საბანკო სექტორში. ბანკები არის ინსტიტუტები, ლიცენზირებულნი სახელმწიფო ორგანოების მიერ, რათა ემსახურონ სახელმწიფო ინტერესებს. სახელმწიფოს გააჩნია ძალაუფლება – მართოს ბანკები. ეს მოიცავს ძალაუფლების ხელში აღებასა და მართვას იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკები საშიშროებას უქმნიან სახელმწიფო გარანტიას, რაც საბანკო დეპოზიტების მიღმა დევს.
“ფინანსური ბაზრები”” და განსაკუთრებით “ჩრდილოვანი საბანკო სისტემა”” ნეოლიბერალიზმის პირმშოებია, რომლებმაც თავი აარიდეს როგორც რეგულირებას, ასევე დაზღვევას. შედეგად საზოგადოებრივი მიზნის კონცეფცია დამახინჯდა და ბანკებში შეიქმნა პრივილეგირებული და ძალაუფლების მქონე, ბაზარზე ორიენტირებული ინსტიტუტები, რომლებიც სახელმწიფო მოთხოვნილებებზე პასუხის ნაცვლად, მნიშვნელოვან წილად იყენებდნენ და აკონტროლებდნენ მას.
გეიტნერი-სუმერსის გეგმა აღიარებს ამ სისტემის ხარვეზებს და ძლიერ აცნობიერებს ყოვლისმომცველი რეფორმის აუცილებლობას. გეგმაში გაწერილი კონკრეტული შემოთავაზებები იმედის მომცემია. ამის თქმა განსაკუთრებით შეიძლება “მომხმარებლების ფინანსური უსაფრთხოების კომისიაზე””, რომელსაც გააჩნია ფართო ძალაუფლება მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ფინანსური პროდუქტების გადახედვისთვის. არასაბირჟო დერივატივების კონტროლქვეშ აყვანაც თანაბრად იმედის მომცემია, რაც გულისხმობს კონტრაქტების სავალდებულო სტანდარტიზაციას. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ადმინისტრაციის მიდგომა (ისევე როგორც ევროპელი მარეგულირებელი ხელისუფლებისა) ფინანსური ბაზრების ნეოლიბერალური ხედვის ერთგული რჩება და არა საბანკო ინსტიტუტების ლიბერალური ხედვისა. ნეოლიბერალურ ერაში, კრიზისის გავრცელებასთან ერთად, დეპოზიტების დაზღვევისგან თავის აცილების მცდელობა აბსოლუტურად ფუჭი გამოდგა (მაგ. დაუსრულებელი საუბრები ნორსერნ როქის გარშემო და პრობლემური აქტივების დახმარების პროგრამის მიღება). დეპოზიტების დაზღვევა პანიკის შხამსაწინააღმდეგო აპრობირებული საშუალებაა და მას მოჰყვება სიღრმისეული, კეთილგონიერი რეგულირების საჭიროება, არა მხოლოდ ბაზრებისთვის, არამედ თავად ინსტიტუტებისთვისაც. უფრო მეტიც, იდეის – “ძალიან დიდია იმისთვის, რომ დამარცხდეს”” – კომბინირება ნეოლიბერალიზმთან თავისთავად არასწორია, იგი ხელს უწყობს დისფუნქციონალური რისკის აღებასა და გადაჭარბებულ კომპენსაციას, რაც თაღლითობისთვის წამახალისებელ ფაქტორებად გვევლინება.
მიუხედავად მრავალი განსხვავებული შეხედულებისა, ამ დილემის გადაჭრის შესახებ, პარიზის ჯგუფის წევრები ერთსულოვნად შეთანხმდნენ, რომ შერეული სისტემა – ლიბერალური (საზოგადო-კერძო), ინსტიტუციონალური ფუნდამენტითა და საბაზრო კონტექსტით – მოითხოვს როგორც ინსტიტუციონალური მართვის, ასევე საბაზრო ინსტრუმენტების რეგულირებას. ამ მხრივ შეერთებული შტატებისა და ევროპის რეფორმის პაკეტები მარცხს განიცდის. არსებობს 7,000 სახელმწიფო-კერძო ფინანსური პარტნიორობა, რომელთაც “ბანკები” ეწოდებათ და რომელთა კაპიტალის მოთხოვნა 10 პროცენტია, ხოლო დარჩენილ ფულად ვალდებულებებზე დაზღვევა მოქმედებს. არ არსებობს იმის საჭიროება, რომ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო ცდილობდეს, “შხამიანი აქტივების” შესანახად შექმნას ცალკეული ორგანიზაციები. მთავრობას ასევე არ ეპატიება მარცხი, დაეწესებინა არსებული ბანკების მართვის ისეთი სტანდარტი, რომელსაც იგი თავად მიიჩნევდა შესაფერად (კომპენსაციის წესები, სესხების წარმოშობა, (underwriting) საგარანტიო კრედიტით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები და დაზღვევა რისკების წინააღმდეგ).
რეფორმის უფრო ფართო კონტექსტი: რა მიზნით?
ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებია ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურების დომინირებადი გამოყენება და გააჩნია კონკრეტული ისტორიული საწყისები და კონტექსტები (მაგ. ეროვნული შემოსავლის ანგარიში აქცენტს აკეთებს ეკონომიკურ ზრდაზე, მაშინ როდესაც უმუშევრობის სტატისტიკა ასახავს სამუშაო ბაზრის შესრულებას). ცენტრალური ბანკების ანგარიშგების სტრუქტურაზე, რომელიც 1970-იან წლებში განვითარდა, ძლიერი გავლენა მოახდინა ფასის სტაბილურობისკენ ცენტრალური ბანკის სწრაფვის შეზღუდვის მონეტარისტულმა მიზანმა. გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და უთანასწორობის მაჩვენებლები მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში.
კრიზისმა გამოააშკარავა სიღრმისეული რეფორმის საჭიროება, რაც ეხება არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვატარებთ, არამედ იმასაც, თუ როგორ ვწონით შედეგებს. ჩვენს ხელთ არსებული ეკონომიკური ანგარიშის სქემა რესურსების სრულ მოხმარებას ზრდად მიიჩნევს, ხოლო ადამიანური რესურსების სრულ გამოყენებას ეჭვქვეშ აყენებს და “სრულ დასაქმებას”” განიხილავს როგორც პოტენციურ საშიშროებას რენტაბელურობისთვის და ინფლაციის წყაროს. სწორედ ეს არის ფარდობითი ღირებულებების სისტემის თავდაყირა დაყენება, რაც, ჩვენი აზრით, აუცილებელია. პიერ კალამემ წარმოადგინა ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურის საფუძვლების სერიები, რომელმაც შესაძლოა მიგვიყვანოს მდგრად სისტემამდე. იგი განასხვავებდა საქონლის ოთხ ძირითად კლასს: გლობალური საზოგადოებრივი საქონელი; არაგანახლებადი რესურსები; ადამიანური რესურსები და ცოდნის საქონლის წარმოება და გაზიარება. კალამეს სტრუქტურა ნათლად მოგვიწოდებს, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, ხელახლა განისაზღვროს ეკონომიკური ანგარიშგების სტანდარტები, რომლებიც მიმართული იქნება მსოფლიო მდგრადი განვითარების აწევისკენ უმაღლეს საანგარიშგებო დონეზე. მაგალითად, საქმიანობა უნდა განიხილებოდეს როგორც დადებითი, თუ იგი ამცირებს თბური აირის გამოყოფას, რაც გამოიწვევდა საგადასახადო და მარეგულირებელი პოლიტიკის გადახედვას და რაც, თავის მხრივ, იქნებოდა ნაბიჯი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებისკენ და შორს დამანგრეველისაგან. ასევე, საერთაშორისო სტრუქტურა უნდა აჯარიმებდეს არაგანახლებადი რესურსების გაფლანგვას, განსაკუთრებით მდიდარი ქვეყნების მიერ და ამასთანავე აჯილდოებდეს განახლებადი ენერგიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ან ენერგიის დაზოგვას. ამავდროულად, აუცილებელია ვაღიაროთ, რომ არ არსებობს პრაქტიკული ზღვარი ცოდნის გავრცელებაზე ან ადამიანური ნიჭის გამოყენებაზე. მთავრობის კრიტიკული ფუნქციაა, უზრუნველყოს, რომ განათლებამ, კვლევამ და სამეცნიერო განვითარებამ მიაღწიოს თავის სრულ პოტენციალს და მათგან გამომდინარე ადამიანური პოტენციალი სრულად იქნეს გამოყენებული. ნათელია, რომ მოვლენები, რომლებიც ოთხივე კლასს ამოძრავებს სასურველი/არასასურველი მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად უნდა იქნეს შერჩეული/არიდებული. ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების მთავარი ამოცანაა შეძლებისდაგვარად სწორი დამიზნება ოთხივე სამიზნეზე.
ამ მიდგომის მყისი შედეგი არის ის, რომ ჩვენ ვერ ვიმედოვნებთ წარვმართოთ მგრძნობიარე ეკონომიკური რეფორმა საბანკო სექტორის გავლით, რადგანაც ბანკების დამახინჯებულმა ანგარიშგების სტრუქტურებმა დაამახინჯა მათი ქცევაც. ამან მიგვიყვანა არასტაბილურ გადაჭარბებულ ინვესტიციებამდე (ტექნოლოგიებში, უძრავ ქონებაში, ნავთობში), გადამეტებულ ეკონომიკურ უთანასწორობამდე და გარემოს დაცვის საქმეში პროგრესის სრულ არარსებობამდე. ამავდროულად, პერიოდული წარმატებები დასაქმებაში სრულად უფასურდება შემდგომი კრახებით. რეფორმის ამოცანაა, იპოვოს გზა, რათა ეკონომიკური ზრდა მიმართოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი მატერიალური და სოციალური მიზნების განხორციელებისკენ.
ზოგადი შემოთავაზების სახით, ჯგუფი ასევე მივიდა საერთო აზრამდე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების ძალისხმევები, რომლებიც მიმართულია თავდაპირველად ფინანსური სექტორის გაჯანსაღებაზე, არ მოქმედებს. სწორი მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს ზომებს საზოგადო, სამეურნეო და ბიზნეს სექტორებში, როგორიც არის ზოგადი ფისკალური დახმარების პროგრამა (ანუ მოგების გაზიარება). ეს ზომები დაასტაბილურებენ სამთავრობო ფინანსებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში; უზრუნველყოფენ შეღავათს სახელფასო გადასახადში და დაასტაბილურებენ სამეურნეო ფინანსებს (და ირიბად დაეხმარებიან ფინანსურ სექტორს); გააფართოებენ სოციალური დაცვის პენსიებს, ისევე როგორც უმუშევრობის დაზღვევას და მათ პირდაპირ გადახდას ადამიანებისთვის; ასევე უზრუნველყოფენ გირაოს გამოსყიდვის შეღავათებს, რაც შეუნარჩუნებს ხალხს საკუთარ სახლებს.
პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სამსახურს ფიქსირებული ანაზღაურებით ყველა დასაქმებულისთვის, ფუნქციონირებს როგორც სარეზერვო მარაგი, რომელიც ასტაბილურებს როგორც მთლიან დასაქმებას, ასევე სახელფასო სტრუქტურის ქვედა ფენას. ადამიანებს შეუძლიათ, შევიდნენ რეზერვში და გავიდნენ რეზერვიდან იმის მიხედვით, როგორც იცვლება მათ მომსახურებებზე კერძო მოთხოვნა. ამავდროულად, კერძო დამქირავებლები ამჯობინებენ სამსახურში იმ პირის აყვანას, ვინც უკვე მუშაობს და არჩევენ ფედერალური დასაქმების პროგრამით დაქირავებას, ვიდრე იმ ადამიანების დაქირავებას, ვინც უმუშევარია.
უმუშევრობის პრობლემა ადვილად გადაწყვეტადია ინფლაციის საშიშროების გარეშე. უბრალოდ საკმარისია, უზრუნველყო სამსახურები ფიქსირებული ანაზღაურებით მუშაობის მსურველთათვის და ორგანიზება გაუკეთო შესასრულებელ სამუშაოს. ამგვარი სამუშაო სოციალურად სასარგებლო უნდა იყოს და გარემოს ნაკლებ ზიანს უნდა აყენებდეს: ბავშვების მოვლა, სწავლება და კვლევა, ასაკოვანი ხალხის მოვლა, დაცვა, ხელოვნება და კულტურა. იქ კი, სადაც შესაძლებელია, ამგვარ სამუშაოს წვლილი უნდა შეჰქონდეს გლობალურ საზოგადო და ცოდნის საქონელში და იგი არ უნდა უწევდეს კონკურენციას კერძო სექტორს. აქ ლაპარაკია არა ეკონომიკის ნაციონალიზებაზე, არამედ სასარგებლო საქმიანობის მასშტაბების გაფართოებაზე. ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ნებისა და ორგანიზების საქმეა და არა ფულის.
მიუხედავად ყველაფრისა, შედეგი იქნება მთლიანად კერძო სექტორში სახელფასო განაკვეთების აწევა სარეზერვო მარაგის მინიმუმამდე და ამავდროულად თავიდან აგვაცილებს დაუსაქმებელი მუშახელის რეზერვის მიერ დაბალკვალიფიციური კერძო სექტორის დარგებში სახელფასო განაკვეთის დაწევას. არ იქნება წნეხი იმაზე, რომ ხელფასების ოდენობა სარეზერვო ზღვარს ასცდეს, რადგანაც ის კერძო დამსაქმებლები, რომლებიც უფრო მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებენ, შეძლებენ მიიზიდონ განუსაზღვრელად დიდი სამუშაო ძალა. შესაბამისად, პროგრამა ინფლაციური არ არის.
გადავიდეთ გლობალური საზოგადოებრივი საქონლის პრობლემაზე. ნათელია, რომ რეფორმის ნეოლიბერალური კონცეფცია – საბაზრო მექანიზმების შექმნა – დღეისთვის დომინანტი მიდგომაა კლიმატის ცვლილების პრობლემისადმი. გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფის შეზღუდვა და კვოტებით ვაჭრობა (ცაპ-ანდ-ტრადე) აშკარად სუსტი მიდგომაა ნახშირბადით ვაჭრობის დაშვების მიმართ (მაგ. ბაზარი რისკის ქვეშ დგება ამგვარი შეღავათებით).
ამ პრობლემის გადასაჭრელად მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს თბური აირების პრობლემის მოგვარების დადეგმვა და ინვესტირება, მხოლოდ იმგვარად, რომ გამოირიცხოს მოკლევადიანი მოგების ნახვის მოტივი. ამგვარი დაგეგმარება და ინვესტირება აუცილებლად სახელმწიფოს ფუნქციაა, რომელსაც ვერც ერთი საბაზრო მექანიზმი ვერ იკისრებს. ამითხვის საჭიროა “ახალი ცოდნის”” საქონლის შესწავლა – ენერგომდგრადობის სტრუქტურის დაგეგმვა ადგილობრივ და რეგიონალურ დონეებზე – რაც, თავის მხრივ, მოითხოვს საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებს. მათ მოსაზიდად აუცილებელია გრძელვადიანი ფინანსირების ქსელის შექმნა, როგორიც არის ეროვნული ინფრასტრუქტურის ფონდი, რომელიც დიდი ხანია შეეთავაზა შეერთებულ შტატებს და რომელიც შეძლებს კაპიტალის საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერას. ეს მოითხოვს ეროვნული და ტრანს-ეროვნული დაგეგმარების სტრუქტურას, რომელიც შეიქმნება უმაღლეს სამთავრობო დონეებზე, მათ შორის ევროპის სამინისტროებსა და შეერთებული შტატების მინისტრთა კაბინეტებში.
საბანკო და
ფინანსური სისტემის ფუნქციონალურობა
ბანკებსა და სხვა მძლავრ ფინანსური მოთამაშეებს სურთ, მსოფლიო დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელიც სუფევდა კრახამდე. პრობლემა ნაწილობრივ ის არის, რომ სისტემა ვერ დაუბრუნდება ძველ მდომარეობას და ნაწილობრივ ის, რომ იგი არ უნდა დაუბრუნდეს.
გლობალიზაციის ცენტრალური დილემა ის არის, რომ ფინანსების სფერო ეროვნული რეგულირების სისტემიდან ბევრად უფრო იოლად გადის, ვიდრე ნებისმიერი სხვა საქმიანობა. ამგვარად, ეფექტური ფინანსური რეგულირების პრობლემა საზღვრების პრობლემასთან ერთად იწყება. საბანკო ინსტიტუტები ეფექტურად არის დაყოფილი შვილობილ კომპანიებად. თითოეული მოქმედებს ადგილობრივი კანონების მიხედვით და უპირატესობას ნახულობს გადასახადისა და მარეგულირებელი არბიტრაჟის ყოველი ფორმიდან.
ეფექტური საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სიჯანსაღის რეჟიმი ეროვნული პოლიტიკური მოსაზრებებით ირღვევა (მაგ. ქვეყნები, რომლებიც საგადასახადო და მარეგულირებელ სამოთხეს სთავაზობენ). მულტინაციონალური ბანკები აყალიბებენ ლობისტთა ჯგუფებს, რომელთაც შეუძლიათ, აკონტროლონ ეროვნული პოლიტიკური სისტემები და ერთი მთავრობა მეორეს გადაამტერონ. საერთაშორისო ინსტიტუტები სუსტები და გადაჭარბებულად ბაზარზე ორიენტირებულნი არიან. ისინი მარეგულირებელი სტრუქტურის საფუძველშივე ათავსებენ “დამცავ ბალიშებს””. ეს განსაკუთრებით შეიძლება ითქვას კაპიტალის მოთხოვნებზე.
ბაზელ I-თან შედარებით ბაზელ II-ის სტრუქტურამ ბანკებისთვის შეამცირა კაპიტალზე მოთხოვნა და გაზარდა სარეიტინგო სააგენტოებზე დაყრდნობის სტიმული, რამაც გამოიწვია არაობიექტური რეიტინგების მინიჭება კერძო ფასიანი ქაღალდებისთვის, გადასახადი მომსახურებაზე პრინციპის საფუძველზე. ეს იყო რეიტინგების გაყალბების ფორმულა გლობალური მასშტაბებით, რეგულირების ბერკეტების ზრდასთან ერთად, რამაც, თავის მხრივ, ისე გაზარდა ინსტიტუტების სიმყიფე, როგორსაც მთავრობები არ მოელოდნენ და პროცესებს თვალს ვერაღ ადევნებდნენ (მაგ. საკრედიტო დეფოლტ სვოპების შესყიდვა). Lehman Brothers და AIG-ის კოლაფსთან ერთად, კატასტროფაც მოახლოვდა და გლობალური ფინანსური სისტემის ინსტიტუციონალური საფუძვლების ნგრევა დაიწყო.
სისტემის პასუხი პანიკაზე იყო ლიკვიდურობის მარაგების ნაციონალიზაცია და ჩრდილოვანი საბანკო სისტემის სახელმწიფოსთან შეერთება. ამავდროულად, ბანკების კრედიტუნარიანობის პრობლემები გადაიხედა მაშინ, როდესაც მთავრობამ მათთვის ფულის ინექციები გააკეთა. რეალურად, როგორც ჩანს, ფედერალური სარეზერვო სისტემა პროგრამით – ბრუნვის უფლების გარეშე გასესხება რისკიანი თავდებობის წინააღმდეგ – უზრუნველყოფს AIG საკრედიტო დეფოლტ სვოპების საბალანსო ვერსიას. ლიკვიდურობის პრობლემა შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ სავალუტო ერთეულის დონეზე, რომელიც (ევროპის გარდა) ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. რადგან ძირეული გარემოებები მტკიცედ გრძელდება, ფინანსურ საკითხებში მთავრობის პოზიციას ვერ უგულებელვყოფთ.
პარიზის ჯგუფი ზოგადად შეთანხმდა, რომ წარსული მდგომარეობა ვერ აღდგება, რადგანაც დაინგრა აშკარად სტაბილური და საიმედო ინსტიტუტები. კრიზისის წინა პერიოდის ფუნქციები და ქმედებები ვერ აღორძინდება პოსტ-კრიზისულ ატმოსფეროში. შესაბამისად ჯგუფი ფინანსურ ინსტიტუტებზე ეროვნული ან ეკვივალენტური სახელმწიფო ძალაუფლების აღდგენის ალტერნატივას ვერ ხედავს. ბანკები არის საზოგადოებრივ-კერძო პარტნიორობები, რომლებიც ნაწილობრივ მოსახლეობის რისკით (დეპოზიტების დაზღვევისა და სრული გარანტიების საშუალების) ფინანსდება. ლოგიკურია, რომ ისინი ვერ იმოქმედებენ იმ ძალისგან დამოუკიდებლად, რომელიც არის მათი ფინანსირების გარანტი და მცდელობა, რომ მათ ამგვარი ქმედებების საშუალება მივცეთ, არსებითად დესტაბილიზირებადია.
მას შემდეგ, რაც მთავრობა გააფართოებს დეპოზიტების დაზღვევას, ამის მოშლა უკვე შეუძლებელი იქნება. სახელმწიფო გარანტიების მოთავსება ფულადი ბაზრის ფონდს მიღმა, უბრალოდ, გადააქცევს მათ ვიწრო სპეციალიზაციის ბანკებად. ფაქტი, რომ ცენტრალური ბანკი ახლა მხარს უჭერს “კომერციული ქაღალდების” ბაზარს, სასესხო ვალდებულებებით უზრუნველყოფილ ობლიგაციებსა და იპოთეკური გირაოთი უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს, პერმანენტულად მოქმედებს ბაზრის საიმედოობაზე. იდეა, რომ საბანკო რისკები ეფექტურად შეიძლება შეიზღუდოს კაპიტალზე მოთხოვნით, უბრალოდ ნეოლიბერალური ილუზიაა, რომელიც პირდაპირ მომდინარეობს სრულყოფილი ინფორმაციისა და საბაზრო დისციპლინის კონცეფციებიდან. რეალობაში კი, კაპიტალზე მოთხოვნები არც რისკისთვის არის ბარიერი და არც “დამცავი ბალიშია”” დანაკარგების წინააღმდეგ.
ეს, უბრალოდ, წარმოადგენს გადასახადს ინსტიტუტების საქმიანობაზე და კონფლიქტის წყაროს, რადგან დაღმავალი შეფასებები ანადგურებს ცალკეული ინსტიტუტების “დამცავ ბალიშს”” და აძლიერებს წნეხს მთლიანად სისტემაზე. მიუხედავად ამისა, კვლავ პრობლემად რჩება ის ფინანსური ქცევები, რომლებმაც შესაძლოა, დაანგრიოს სისტემა. ისტორიის აშკარა გაკვეთილია ის, რომ ამის მიღწევა მხოლოდ ინსტიტუციონალური ქცევის ეროვნული (ან ტრანსნაციონალური) რეგულირებით შეიძლება. შესაბამისად, მთავრობების ამოცანაა, შემოიღონ და გააძლიერონ ეფექტური წესები ინსტიტუტებისთვის, მოქალაქეებისთვის, ბანკებისთვის, საგადასახადოსთვის და იპოთეკისთვის, რაც მხოლოდ სერიოზული ანტიდოტია გაუაზრებელი ფინანსებისთვის. გაძლიერება არსებითად მნიშვნელოვანია, რადგანაც თაღლითობა და არასწორი წარმოდგენები ძალიან გავრცელებულია (მაგალითად, ბაზარზე დაფუძნებული ტოქსიკური აქტივების პრობლემის გადაჭრის მარცხი), რადგანაც ფინანსური სისტემა არ არის საფუძვლიანად გაწმენდილი მათგან, ვინც პასუხისმგებელია ფინანსურ დანაშაულებებზე – მას არ შეუძლია, თავად აღიდგინოს საშინაო და საერთაშორისო კლიენტების ნდობა.
როგორც ჩანს, ჯგუფი მხარს უჭერს მარეგულირებელ სააგენტოებში დამოუკიდებელი აუდიტისა და სამართლებრივი იძულების მნიშვნელოვნად გაძლიერებას. თუ ამ გადმოსახედიდან შევხედავთ ფინანსური სისტემის გადაწყობას, გამოჩნდება, რომ ფინანსური საქმიანობა უმეტეს წილად ბანკებში იქნება რე-კონცენტრირებული (და შემცირდება ჩრდილოვანი საბანკო სისტემა) და ამ კონკრეტული ბანკებისათვის მათი შესაბამისი მარეგულირებელი ზღვრის დადგენა მოხდება. ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს უფრო კონსერვატიულ, ნაკლებ მტაცებლურ და ნაკლებ გაუაზრებელ მიდგომას ფინანსური მომსახურების მიმართ და შეკუმშავს უდიდეს და უმეტესად ტრანს-ნაციონალურ საბანკო ინსტიტუტებს, რათა მიღწეულ იქნეს სტრუქტურა, რომელიც საზოგადოებრივ მიზნებს ემსახურება და აღარ დააყენებს სისტემას აშკარა რისკის წინაშე. “კრიტიკული სისტემის ინფრასტრუქტურა””, რომელიც დღეისთვის დიდი ბანკების მიერ ადმინისტრირდება, შესაძლოა მართოს სახელმწიფო სექტორმა, როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო წამოწყება.
რეგიონალურ ფულად-საკრედიტო მენეჯმენტში მიმდინარე პროცესები ყველაზე მეტად ევროპაშია განვითარებული, მაგრამ იგი ახლა აზიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში იწყებს განვითარებას. პარიზის ჯგუფი ამ მოვლენებს დადებითად განიხილავს.
საერთაშორისო სავალუტო რეფორმა კვლავ
მოსალოდნელია
საერთაშორისო სავალუტო სისტემამ აჩვენა, რომ ის მუდმივი არ არის და ჯგუფის წევრები, მიუხედავად საშუალოვადიან პროგნოზში შეხედულებების განსხვავებისა, შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უკეთესი სისტემის შემუშავება.
დოლარზე დაფუძნებული სისტემის მთავარი სისუსტე ის არის, რომ მისი ძირითადი გამამართლებელი გარემოებები აღარ არსებობს (ანუ, შეერთებული შტატების დომინანტი პოზიცია ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში ომამდელ მსოფლიოში). 90-იანებში განვითარებული დოლარის რეზერვების ასიმეტრიული სისტემა დღემდე რჩება გადაულახავ მიზეზად, რის გამოც სისტემა აგრძელებს არსებობას. ეს იგივეა, რომ დოლარის სარეზერვო სისტემა ძირითადად დამოკიდებულია აშშ-ზე – ქვეყანაზე, რომელსაც ყველაზე მეტად სურს, რომ დიდი სავაჭრო დეფიციტი ჰქონდეს.
ეს ვერ იქნება საიმედო ფუნდამენტი პერმანენტული სისტემისთვის. დოლარზე დაფუძნებულ სისტემას სამი ლოგიკური ალტერნატივა აქვს: (1) დოლარი შეიძლება ჩანაცვლდეს მეორე საკვანძო ვალუტით, როგორიც არის ევრო (მაგრამ ევროზონას მოუწევს, იქონიოს მიმდინარე ბალანსის სოლიდური დეფიციტი); (2) ევროკავშირს დასჭირდება, განავითაროს სარეზერვო აქტივები, რომლებიც ისარგებლებს თავად კავშირის სრული ნდობით და არა მხოლოდ ევროთი გამოხატული ნაციონალური საზღვრები; და (3) შეერთებულ შტატებს მოუწევს ბევრად უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება, რაც დიდი კრიზისიდან გამოსვლის უარყოფას ნიშნავს.
მეორე შესაძლებლობა სპეციალური კრედიტის აღების უფლების აღორძინებასა და გაფართოებას გულისხმობს, რაც იყო დიდი ოცეულის ვალდებულება – დახმარებოდა კრიზისთან გამკლავებაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას. ეს ინიციატივა ბადებს სერიოზულ კითხვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლის შესახებ, რომელიც, ჯგუფის თანახმად, არ ექვემდებარება აღდგენას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა თავიანთი თავი სასურველ კრედიტორებად განაწესეს, ყველაზე სუსტ წევრ ქვეყნებზე დააწესეს განპირობებული და მკაცრი ზომები ადამიანების ძირითადი ეკონომიკური უფლებების მოშლისთვის, რაც ხელს შეუშლიდა ეფექტურ ეკონომიკურ აღორძინებას.
არსებული უფუნქციო საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტების გაუქმება გზას გახსნიდა რეფორმირებული სისტემისკენ, რომელშიც საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის ფუნქცია უზრუნველყოფს ქვეყნებში არა-სავაჭრო და არა-კომერციული სექტორების მხარდაჭერისთვის საჭირო რესურსებს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანად ვერ დააფინანსებენ საკუთარ, მიმდინარე ბალანსის დეფიციტებს. საერთაშორისო სისტემის მიზანი უნდა იყოს განვითარებადი ქვეყნების გათავისუფლება იძულებითი საჭიროებისგან – ემსახურონ ექსპორტის სექტორს ნებისმიერ პირობებზე. ერთიანი სარეზერვო ვალუტის აქტივების საბოლოო ალტერნატივაა რეგიონალური ფულად-საკრედიტო ინსტიტუტების განვითარება, რომლებიც წარმატებული წმინდა ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ნაშოვნ დოლარის სარეზერვო აქტივებს ხელმისაწვდომ გახდის მათი ნაკლებწარმატებული მეზობლებისთვის. ამგვარ რეგიონალურ ინსტიტუტებს გააჩნიათ აშკარა უპირატესობები გლობალურ სისტემასთან. ისინი დოლარის რეზერვებს მიაკუთვნებენ ქვეყნებს, რომლებიც წარმატებული წმინდა ექპორტიორები არიან.
პრობლემაა მსოფლიო ეკონომიკაში საკმარისი მთლიანი ეფექტური მოთხოვნის უზრუნველყოფა, რაც საშუალებას მოგვცემდა, ადამიანური რესურსები სრულად გამოგვეყენებინა და რაც შეიძლება მეტად დაგვეზოგა არა-განახლებადი და გარემო რესურსები.
გამოსავალი არის, მივაწოდოთ ეს რესურსები იმ ქვეყნებს, რეგიონებსა და მეურნეობებს, რომლებიც განიცდიდნენ ამგვარი რესურების ნაკლებობას ნეოლიბერალური ერის განმავლობაში. შეერთებულ შტატებს შეუძლია და გააგრძელებს კიდეც ძირითადი გლობალური სარეზერვო აქტივის მიწოდებას, რომელსაც სავაჭრო ბალანსის დეფიციტი უნდა ემთხვეოდეს. მაგრამ ძალზედ სასურველია, რომ მოხდეს დამატებითი რეზერვების მოწოდება და შესაბამისად დაფინანსდეს დამატებითი საქმიანობის მოთხოვნა ალტერნატიული აქტივის საშუალებით, რომელიც, ძირითადად, რეგიონალური ინსტიტუტების საშულებით წარიმართება და მოხმარებული იქნება არა-კომერციულ და არა-სავაჭრო საქონლის სექტორებში.
ჯგუფის ექსპერტებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე მოკლე დასკვნაში გაახმოვანეს გაფრთხილება, რომ კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, დღემდე გატარებული პოლიტიკა არასაკმარისია და მთავრობების მიერ აქამდე დასახული მიზნები – წარსული მდგომარეობის აღდგენა – არც სასურველია და არც შესაძლებელი. დროა, დღევანდელი შეუქცევადი მოვლენების მახასიათებლები მხედველობაში იქნეს მიღებული, რათა დაისახოს არა რეკონსტრუქციის, არამედ ახალი მშენებლობის კურსი, ამ კურსის უზრუნველყოფისთვის კი შეიქმნას ფულად-საკრედიტო ინსტიტუტები და დამცავი საშუალებები.