რუსეთ-საქართველოს ომის გავლენა კასპიის ჰიდროკარბონების ტრანსპორტირებაზე

ზ. გარაყანიძე ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა დაგვანახა, თუ რამდენადაა დამოკიდებული ევროკავშირის “სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის” სიცოცხლისუნარიაობა კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ამიტომ, საინტერესოა 2008-2009 წლებში გამოქვეყნებული და ჩვენი მოპოვებული ინფორმაციები საქართველოზე გამავალ მილსადენებზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის გავლენის შესახებ. ცნობილია, რომ გასული წლის აგვისტოში რუსული არმი დაახლოებით 25 კმ-იანი ფრონტით მოადგა საქართველოში გაყვანილ მილსადენებს, ასევე, დაიპყრო შავი ზღვის ფოთისა და ყულევის პორტები. თუმცა, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა” და “ბაქო-სუფსის” ნავთობსადენები, რომლებიც რუსეთის შემოჭრამდე სხვა მიზეზით იყვნენ გაჩერებულნი, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მალევე ამოქმედდენ.

კასპიის ჰიდროკარბონების მარაგები
2009 წლის განმავლობაში “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენით უკვე გადაიტვირთა 33.4 მლნ ტონა აზერბაიჯანული და 2.1 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი. სულ ამ ნავთობსადენის არსებობის განმავლობაში უკვე გადატვირთულია 103.7 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობი (ცხრილი #1). OPEC-ის პროგნოზით, აზერბაიჯანული ნავთობის მოპოვება 2009 წლის ბოლოსთვის გაიზრდება და მიაღწევს დღეში საშუალოდ 1.07 მლნ ბარელს, ხოლო 2010 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი უკვე 1.23 მლნ ბარელამდე იქნება. ყაზახეთში მოსალოდნელია ნავთობის მოპოვების ზრდა 2009 წლის 1.53 მლნ ტონიდან, დღეში 1.61 მლნ ბარელამდე 2010 წელს (ცხრილი #2)..
როგორც 1 და 2 ცხრილების მონაცემებიდან ჩანს, რეგიონში მოსალოდნელია ნავთობმოპოვების ზრდა, რაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან მისდამი ინტერესს სულ უფრო გაზრდის. კერძოდ, აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) ცნობით, კასპიის რეგიონში ნედლი ნავთობისა და კონდენსატის მოპოვების პროგნოზი შემდეგია: 2010 წელს – 2.9 მლნ ტონა, 2015 წელს – 3.8 მლნ., 2020 წელს – 4.1 მლნ., 2025 წელს – 4.3 მლნ., ხოლო 2030 წელს – 4.6 მლნ ტონა.4
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს რეგიონში თავისი მონოპოლისტური მიზნების რეალიზაციას. ის ყველანაირად ცდილობს შეაფერხოს “ნაბუქოს”, “თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის”, “თეთრი ნაკადის”, “ტრანსკასპიური”, “ოდესა-ბროდი-გდანსკის” და სხვა პროექტები, რომლებიც ევროპის ენერგო ბაზარზე რუსული “გაზპრომის”” მონოპოლიური მარშრუტების გვერდის ავლის, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით დაპროექტდა.
ამიტომ, ბევრი ექსპერტი ცდილობს გაარკვიოს, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსების მთავარი მიზანი ჰიდროკარბონების ინფრასტრუქტურ თუ ეს ობიექტები ინტერვენციის “თანმდევი მსხვერპლია””?
რამდენადაა შესაძლებელი ტრანზიტის შეფერხება ომის განახლების
შემთხვევაში
ექსპერტების მიერ უკვე აღიარებულია, რომ ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისის “ფერადი რევოლუციების”” შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი გახდა “გაზპრომის”” პოლიტიკურ “ენერგო-იარაღად”” გამოყენება. ევროპის სახელმწიფოებზე მონოპოლიური ენერგო-შანტაჟის გარდა, ამ, რუსული სახელმწიფო კომპანიის მიერ “უფასო”” ენერგიის მიწოდება ხორციელდება სეპარატისტული რეგიონებისადმი, მათთვის მილსადენების გაყვანა (მაგალითად, 2009 წლის ზაფხულში ე.წ. სამხრეთ ოსეთში “ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის”” მშენებლობის დასრულება). ასეთი “ბიზნესი””, უკანონო პრივატიზების გვერდით, გადაიქცა არაღიარებული ტერიტორიების ეკონომიკური გამოცოცხლების მოსკოვის მხრივ წახალისების უმთავრეს საშუალებად.
როგორც უკანონო პრივატიზება, სეპარატისტული ტერიტორიების “უფასო”” ენერგო-მომარაგებაც სრულიად გაურკვეველ და ბუნდოვან ხელშეკრულებებსა და საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზას ემყარება. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ზოგიერთ საერთაშორისო კრიმინალისტიკურ და ანტიკორუფციულ ორგანიზაციაში ს/ს “გაზპრომი” განიხილება, როგორც ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური გაერთიანება.
თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ე.წ. “საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერის”” საბაბით სეპარატისტული რეგიონების ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა (“მედვედევ-პუტინის დოქტრინა””) რუსეთის ხელისუფლებას სულ სხვა მიზნებისთვის სჭირდება. კერძოდ, სამხრეთ ოსეთში მისი ინტერვენციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ რუსეთის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის შეცვლა და საქართველოზე გამავალი მილსადენების გაკონტროლება5.
შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ 2008 წლის ოქტომბერში შემუშავებულ “მწვანე დოკუმენტში” ხაზგასმით აღნიშნა: “…საქართველოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებმა… დაგვანახა, რომ ახლა ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის კრიტიკული დროა და ევროკავშირი მომარაგების უსაფრთხოებისათვის ძალისხმევის ინტენსიფიკაციას საჭიროებს”.6
ამრიგად, ალტერნატიული მილსადენების გაყვანის გამო ევროკომისიის შეშფოთებას განაპირობებს არა იმდენად რუსეთის ენერგომატარებლების მოპოვებისა და სატრანზიტო შემოსავლების შემცირების გამო მოსკოვის გაღიზიანება, რამდენადაც რუსეთის ალტერნატიული ენერგო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ევროკომისიამ 2008 წლის ბოლოს შემუშავებულ “ევროკავშირის მეორე ენერგო-მიმოხილვაში”” ხაზგასმით დააფიქსირა, რომ “სამხრეთის გაზის დერეფანი” ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების პრიორიტეტია7.
მსგავსი დებულებაა ჩადებული “აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაშიც”, რომელსაც 2009 წლის დასაწყისში მოწერა ხელი. ამითაა განპირობებული ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრება მასზედ, რომ საქართველოში 2008 წლის რუსული ინტერვენციის ერთ-ერთი მიზანი იყო ანტიდასავლური “პეტრო-პოლიტიკა” ანუ ალტერნატიული მილსადენების გაკონტროლება.8
აქედან გამომდინარე, “ქარტიაში”” დაფიქსირდა, რომ “…ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ემყარება საერთო ინტერესებს, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების მხარდაჭერაში გამოიხატება””.9
ევროატლანტიკური ენერგეტიკული უსაფრთხოება საქართველოს ერთ-ერთი სტარტეგიული საგარეო-პოლიტიკური მიზანია. ეს დებულება ხაზგასმულია ქვეყნის “2006-2009 წწ. საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაში”, რომლის თანახმად საქართველოსთვის რეგიონის ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნად წარმოჩენა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, მისი დიპლომატიური სამსახურის უმთავრესი დანიშნულებაც ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ენერგომატარებლების ახალი სატრანსპორტო მარშრუტების მოძიება და ევროატლანტიკური ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების დაჩქარებაა.10
თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ზემოაღნიშნულ მისწრაფების წამახალისებლად ვაშინგტონი და მისი კავკასიაში რუსეთის ჩანაცვლების სურვილი მიაჩნია. გასულ წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ს. ლავროვი ამერკას ადანაშაულებდა “…პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ უფრო აქტიურ ინფილტრაციაში: უკრაინა და საქართველო ამის მკაფიო მაგალითებია””, ასევე, ის მიიჩნევს, რომ, თუ რომელიმე ეს ქვეყანა ნატოში გაწევრიანდება, მოხდება ევროპის დაყოფა და რუსეთის საწინააღმდეგო ბლოკის შექმნა.11 მისი აზრით, ნატოს გაფართოება იქნება “…არსებითად ნეგატიური გეოპოლიტიკური ნიშანი””.12
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში ისეთი მილსადენების სისტემის არსებობა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს, ასახავს თბილისის სურვილს, ჩამოშორდეს რუსეთის გავლენის სფეროს და შეამციროს მოსკოვზე დამოკიდებულება. უკვე არსებული დასავლური საექსპორტო მილსადენები აღნიშნულის აშკარა დამამტკიცებელი.
ანალიტიკოსები ინტერვენციის ერთ შედეგზე უკვე შეთანხმდენ, მართალია სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, ერთი შეხედვით არ იყო რუსეთის მთავარი მიზანი, მაგრამ ის სიადვილე, რითაც მისმა ჯარებმა შეძლეს ამ ინფრასტრუქტურამდე მიღწევა, მიანიშნებს საქართველოზე გამავალი მარშრუტების მოწყვლადობაზე, მათ დაუცველობაზე. ამით მოსკოვმა აშკარად დაგვანახა, რომ მას შეუძლია თავისი გავლენა გაავრცელოს არა მარტო საქართველოზე, არამედ აზერბაიჯანზე და დასავლეთზეც კი. ინტერვენციას ისიც მოჰყვა, რომ 2008 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის მთელი ნავთობი გადამისამართდა “ბაქო-ნოვოროსიისკის”” მილსადენით, რომლის სრული დატვირთვით ამუშავებით რუსეთმა დასავლეთს დაანახა, რომ შეუძლია კასპიის მთელი ჰიდროკარბონების ტრანსპორტირება.13
ამრიგად, ომის არაპირდაპირი შედეგი და მისი სიმბოლიზმი ისაა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო არა იმდენად მილსადენების პირდაპირი კონტროლი, რამდენადაც საქართველოსადმი, როგორც არასტაბილური ტრანზიტორისადმი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა. კონფლიქტის არსი, დასავლური ენერგო-პროექტების რეპუტაციის შელახვასა და საკუთარი ენერგოპროექტების პროპაგანდასთან ერთად, მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთმა გადაწყვიტა კასპიის რეგიონში თავისი პოზიციების დაბრუნება, სატრანზიტო მარშრუტებზე კონტროლი ამ მოვლენის მხოლოდ ერთი-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ასპექტთაგანია. ამასთან, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ “მილსადენების ომით” რუსეთმა შეძლო გავლენა მოეხდინა აშშ-ის დამოკიდებულებაზე მის ახალ და ტრადიციულ პარტნიორებთან. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ახალმა ფაქტორმა გავლენა მოახდინა რეგიონში ძალთა ბალანსზე.
კერძოდ, აგვისტოს ომის გარდა, დასავლურ პროექტებზე გავლენა იქონიეს კასპიის ქვეყნებს შორის არსებულმა დაძაბულობამ, ჩინეთთან თურქმენეთისა და ყაზახეთის მზარდმა ენერგეტიკულმა პარტნიორობამ, აზერბაიჯანის რუსეთთან და ირანთან დაწყებულმა ენერგო კონტაქტებმა და აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობის შეკვეცამ. შედეგად მივიღეთ “სამხრეთის გაზის დერეფნის” შეფერხება და აზერბაიჯანის სურვილი თურქეთის გვერდის ავლით დაუკავშირდეს ევროკავშირს, ეს არის ენერგოპოლიტიკის ის ახალი მიმდინარეობები, რაც დღეს სამხრეთ კავკასიაში ხორციელდება.
თურქეთის ფაქტორი
“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” გაჩერება განაპირობა 2008 წლის 6 აგვისტოს, თურქეთის ტერიტორიაზე, ქურთი სეპარატისტების მიერ მოწყობილმა აფეთქებამ. ამან თურქეთი დღეში 300 ათასი აშშ დოლარით დააზარალა (სულ ნავთობსადენის გაშვებიდან ანუ 2006 წლის მაისიდან თურქეთის ბიუჯეტმა მიიღო 2.6 მლრდ დოლარი შემოსავალი).
თურქეთს აზერბაიჯანელი და ყაზახი ექსპორტიორების პოზიციების მოსალოდნელი შეცვლისაც შეეშინდა, რომლებმაც ომის დაწყებისთანავე მიმართეს რუსულ “ტრანსნეფტს” თავიანთი ნავთობის პორტ ნოვოროსიისკიდან ექსპორტის დამატებითი ქვოტების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში, ტრანზიტის მცირე ვადით შეჩერებაც კი ანკარასთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა, ვინაიდან ნავთობსადენიდან შემოსავლებს თურქეთი განიხილავდა, როგორც 1991 წლის “უდაბნოს ქარიშხლის” ოპერაციაში მონაწილეობის კომპენსაციას. გარდა ამისა, 1991 წელს აშშ-ის ერაყისადმი დაწესებული სანქციების გამო, 2003 წელს ერაყში შეჭრის დრომდე, თურქეთმა კირკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან სატრანზიტო შემოსავლების შეჩერებისა და ერაყთან ვაჭრობის შეზღუდვის გამო იზარალა 80 მლრდ დოლარი. ამგვარი სცენარის გამეორების თავიდან ასაცილებლად პრემიერი რ.ტ. ერდოღანი 2008 წლის აგვისტოში სასწრაფოდ მოსკოვში ჩავიდა მილსადენების უსაფრთხოების საკითხებზე მოსალაპარაკებლად და რუსეთისათვის მხარდაჭერის გამოსახატავად.
ამჟამად ანკარა უკვე მძიმე მდგომარეობაშია, რადგან დასავლეთმა მას აგრძნობინა, თუ რა ადვილად შეუძლია დათმოს თურქეთის ინტერესები. ერაყის აღების შემდეგ აშშ-მ ამ ქვეყნის ჩრდილოეთში ფაქტიურად მხარი დაუჭირა ქურთული სახელმწიფოს საფუძვლების შექმნას, რაც თურქეთში ქურთულ სეპარატიზმის სტიმულირებას იწვევს. ევროპა აგრძელებს ანკარის ევროკავშირში სწრაფვის იგნორირებას. და ბოლოს, პაკისტანში ამჟამად მიმდინარე მოვლენებმა თურქეთის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ გენერალ. ფ. მუშარაფის ფაქტობრივად ბედის ანაბარად დატოვება იმის ნიშანია, თუ როგორ მფარველობს დასავლეთი მის პროდასავლელ მოკავშირეებს. ამიტომ თურქეთმა გადაწყვიტა, რომ მისი რეგიონალური უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი სატრანზიტო ენერგო მარშრუტების დაცვაა. ესაა თურქეთის მიერ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მოსკოვის მხარდაჭერისა და აშშ-ის სამხედრო გემების თურქულ სრუტეებში (ვითომდა “მონტროს კონვენციის” შეზღუდვების საბაბით) ომის დასრულებემდე არ დაშვების ძირითადი მიზეზი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რეგიონში დესტაბილიზაციის ხელშეწყობის ამერიკული პოლიტიკით გაღიზიანება ანკარასთვის ჯერ იმ ხარისახამდე არაა მისული, რომ მან ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ გალაშქრება გაბედოს. მიუხედავად ამისა, თურქეთის ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება ვაშინგტონის ერაყის “დაქუცმაცების” გეგმა და შედეგად, ნავთობის და გაზის სერიოზული მარაგების ეკონომიკურ საფუძველზე, ქურთული სეპარატიზმის გააქტიურება. აშკარაა, რომ ერაყი არ იქნება ქურთული სეპარატიზმის ერთადერთი მსხვერპლი, რადგან ქურთები კავკასიიდან შუა აღმოსავლეთამდე ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ და თურქეთი, სავარაუდოდ, სეპარატიზმის უმთავრესი სამიზნე იქნება.
ირანის ფაქტორი
ირანში ბევრი ანალიტიკოსი ერთმანეთს უკავშირებს 2008 წლის აგვისტოს სამხრეთ ოსეთის მოვლენებსა და სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მობილიზაციას. მათი აზრით, კავკასიის მოვლენები ირანზე თავდასხმის პრელუდია იყო. ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, ირანში აღიქვეს, როგორც საქართველოს, როგორც ირანის საწინააღმდეგო სამხედრო პლაცდარმის დასუსტება და შესაბამისად, ირანის საწინააღმდეგო ოპერაციის გადადების მიზეზი.
ამასთან, ირანმა ომის შემდეგ დაიწყო ევროპის ენერგო ბაზრებზე თავისი პოზიციების გამყარების ახალი შესაძლებლობების ძიება. საომარი მოქმედებები ჯერ ისევ მიმდინარეობდა, როდესაც ირანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, რომ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის”” საქართველოს სეგმენტს არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე თურქულ სეგმენტს და შესაბამისად, მისი ფუნქციონირების შეჩერებაა ის მიზეზი, რამაც უნდა გამოიწვიოს პროექტის უსაფრთხოების თავიდან გადაფასება. ირანში მიაჩნიათ, რომ “ნეკა-ჯასკის” ირანული საექსპორტო ნავთობსადენი შესაძლოა გამოდგეს “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის”” ალტერნატივად. უფრო მეტიც, ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ნავთობსადენის შესაძლებლობების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მიმდინრეობს და რუსეთი და ყაზახეთი მზად არიან ჩაერთონ მასში.
დასავლეთის მიმართულების პრობლემების გამო, ომის დამთავრებისთანავე, 2008 წლის 26 აგვისტოს, აზერბაიჯანმა დაიწყო თავისი ნავთობის სატრანზიტო მიზნით ირანში გადატვირთვა, ხოლო 2009 წლიდან ირანს მიეწოდება აზერბაიჯანული გაზიც. ეს ქვეყანა აქტიურად იყენებს ევროპაზე ზეწოლის ფორმულას: “პოლიტიკური მხარდაჭერა ენერგიისათვის””. ევროპელი ექსპერტების აზრით, მარკეტინგული კვლევა გვიჩვენებს, რომ ევროპას მთლიანად სჭირდება აზერბაიჯანის, ერაყის, ირანის და თურქმენეთის გაზი, ის დაინტერესებულია ამ საწვავის მთლიანად “ნაბუქოს”” მილით მიღებით. ამასთან, თეირანში ამტკიცებენ, რომ კასპიის სტატუსის პრობლემის არსებობის პირობებში, ირანის რესურსების გარეშე “ნაბუქოს”” გაზით შევსება წარმოუდგენელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თეირანი მიიჩნევს, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, ევროპის ენერგო-უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება. აშშ-ის და ისრაელის მხრიდან ირანზე სამხედრო თავდასხმის ალბათობა კვლავ არსებობს. ამიტომ, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმ სავარაუდო ფაქტს, რომ თავდასხმა ირანის თეოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ კი არ იქნება მიმართული, არამედ ეს აქცია მიმართული იქნება ბირთული ირანის, როგორც არაბული ქვეყნების ისტორიული მეზობლის დასამარცხებლად.
ისრაელის ფაქტორი
ისრაელის პოზიცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და ხშირად წინააღმდეგობრივიცაა. ერთი მხრივ, ისრაელი საქართველოს მოკავშირედ წარმოგვიდგებოდა; მეორე მხრივ, კი, ისრაელს უნდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, უმეტესწილად საკუთარი ენერგო-უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე. ისრაელს, მიუხედავად მისი გეოგრაფიული მდებარეობისა, არ გააჩნია ნავთობი და იძულებულია მთლიანად მისი იმპორტი განახორციელოს. კერძოდ, დღეში 300 ათასი ბარელი ნავთობი მას რუსეთიდან შეაქვს, რაც მისი იმპორტის 80%-ია.
რუსეთის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ისრაელი ცდილობს კასპიის ნავთობი და გაზი შეისყიდოს ჯეიჰანის ტერმინალში. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ერთი მხრივ, ისრაელსა და მეორე მხრივ, საქართველოს, თურქეთს, თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის, თურქეთის გავლით აშკელონის და ეილატის ტერმინალებამდე მილსადენების მშენებლობის თაობაზე.
მომავალში ისრაელიდან შესაძლებელია ნავთობი ახლო აღმოსავლეთში ინდოეთის ოკეანითაც გადაიტვირთოს. თუმცა, ამ დერეფნის სიმძლავრე შემოფარგლულია დიდი ტანკერების ბოსფორისა და სუეცის გავლით ნავიგაციის შეზღუდულობის გამო. მიუხედავად ამისა, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” და “აშკელონ-ეილატის” ნავთობსადენების ურთიერთდაკავშირებით შეიძლება გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები მზარდ აზიურ ენერგო-ბაზრებთან კონტაქტის დასამყარებლად. ეს პროექტი საკმაოდ რეალისტურია და ექსპერტების აზრით, ხარჯების მხრივაც არ უნდა იყოს ძალიან ძვირი. მისი განხორციელების ინტერესი გამოხატეს აზერბაიჯანმა და თურქეთმა. თუმცა, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენის უსაფრთხოება ამ პროექტის რეალიზაციის ძირითადი დაბრკოლება იქნება.
ზემოაღნიშნულით აიხსნება საქართველოში არსებული სიტუაციის მიმართ ისრაელის ახლანდელი დამოკიდებულების წინააღმდეგობრიობა. ირანისადმი თელ-ავივის მუქარა ხელს უშლის ისრაელის სურვილს, რომ შექმნას აზიისაკენ ნავთობის ახალი სატრანზიტო მარშრუტი. ამის მიზეზი ისაა, რომ თუ ორმუზის სრუტე ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ალყაში მოექცევა, ტანკერების მიმოსვლა, მომავალი მარშრუტის ამ სეგმენტში შეფერხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახლა ისრაელის წინაშე დგას დილემა: ან საკმაოდ რეალისტური “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს” პლუს “აშკელონი-ეილატი-აზია” ნავთობის მარშრუტი, ან რუსეთთან და ირანთან კონფრონტაცია ვაშინგტონის სასარგებლოდ და საკუთარი ენერგოუსაფრთხოების საზიანოდ.
რუსეთის ფაქტორი
2008 წლის 27 აგვისტოს შემდეგ, როდესაც მოსკოვმა სცნო საქართველოს ორი სეპარატისტული ტერიტორიის დამოუკიდებლობა, რუსეთის როლი და სტატუსი თანამედროვე მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა. საქართველოში “საკუთარი მოქალაქეების დაცვის”” საბაბით შეჭრით რუსეთმა პრაქტიკულად გააკეთა განაცხადი, რომ ის არის ჰიდროკარბონების ერთადერთი და სტაბილური სატრანზიტო სივრცე კასპიისპირეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის.
როდესაც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურამ შეწყვიტა ფუნქციონირება, ანალიტიკოსების მხრივ საქართველოს სატრანზიტო იმიჯი აშკარა ეჭვების მიზეზი გახდა. კერძოდ, 2009 წლის 13 აგვისტოს ჯეიმსტაუნის ფონდის ექსპერტებმა მოხსენებაში “თურქეთი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პრობლემები” განაცხადეს, რომ საქართველოში კრიზისის გრძელვადიანი ზეგავლენა ისაა, რომ დასავლეთის სურვილი, გამოეყენებინა საქართველო ენერგო-სატრანზიტო პროექტებისთვის მოსკოვის აზრის გაუთვალისწინებლად, შეუძლებელი აღმოჩნდა. ასევე, 26 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა, ა. მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში კონფლიქტი არ იქონიებს ზემოქმედებას რუსულ-გერმანულ-ჰოლანდიურ “ჩრდილოეთის ნაკადზე”. ზოგიერთი ევროპელი ანალიტიკოსი პირდაპირ მიუთითებდა, რომ ვინაიდან უახლოესი 30 წელი დასავლეთი რუსულ გაზზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ რუსეთი ენერგეტიკულ საფრთხედ რჩება”.
2009 წლის 27 აგვისტოს, რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა ახალი “ენერგეტიკული სტრატეგია”, რომელიც ძალაში იქნება 2030 წლამდე. მისი ძირითადი დანიშნულებაა ენერგო რესურსების წარმოებისა და ექსპორტის არსებითი ზრდა და ენერგეტიკული სექტორის ყოვლისმომცველი მოდერნიზაცია. მასში ყურადღება გამახვილებულია ევროპის ენერგო ბაზრების მომარაგების მონოპოლიის შენარჩუნებაზე. ამისთვის კი დასახულია ამოცანა, რომ მოხდეს ტრანზიტული ქვეყნების იმიჯის შელახვა და მათი გვერდის ავლით გაზსადენების გაყვანის დაჩქარება და დაცვა.
გარდა სატრანზიტო იმიჯზე სამხედრო ინტერვენციის გზით ზემოქმედებისა, 2008 წლის ბოლოდან დასავლეთის მარშრუტებზე მოსკოვი ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებითაც მოქმედებს. კერძოდ, ნავთობის სფეროში ესაა თურქეთში “სამსუნი-ჯეიჰანის” მილსადენის აშენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც “ტრანსნეფტის” მონაწილეობით აშენდება. სავარაუდოდ, ეს პროექტი ნავთობსადენ “ბურგას-ალექსანდროპულოსს”” ჩაანაცვლებს, რაც ბულგარეთისა და საბერძნეთის რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე უარყოფითად აისახება. ევროკავშირის ენერგო-ინტერესებს აგრეთვე დაუპირისპირდა უშუალოდ ვ. პუტინის კონტროლირებადი რუსული კომპანიების ენერგეტიკული პროექტები.
კერძოდ, ივნისის შუა რიცხვებში რუსულმა სახელმწიფო კომპანია “ტრანსნეფტმა” გამოაცხადა “ბალტიის სატრანსპორტო სისტემა 2-ის” (AON-2) პროექტის განხორციელების დაწყების შესახებ. ოფიციოზის განცხადებით, ამ პროექტით მცირდება რისკები და იზრდება რუსეთის ენერგოუსაფრთხოება. ექსპორტის დივერსიფიკაციის მიზნით, ახალი ნავთობსადენების მშენებლობას, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ერთი შეხედვით, თითქოს აზრი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, პოლიტიკური მიზანშეწონილობა რუსეთის ენერგეტიკის მთავარი ნიშანია, რუსეთის ვიცე-პრემიერმა, იგორ სეჩინმა აღნიშნულ პროექტს უწოდა “პასუხი ყველა კრიზისსა და ოპონენტების მოქმედებებზე”. ექსპერტების მტკიცებით, AON-2 პირდაპირ უპირისპირდება 2007 წელს საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი-პოლონეთი-ლიტვას შორის შეთანხმებულ “ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის”” პროექტს და თანაც უკრაინის პორტებს პრაქტიკულად ნავთობის გარეშე ტოვებს. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, AON-2-ის მწყობრში ჩადგომით და ნავთობსადენ “დრუჟბას”” ჩრდილოეთის განშტოების დაკეტვით, სავარაუდოდ, პოლონეთი იძულებული გახდება მოახდინოს თავისი პლოცკი-გდანსკის ნავთობსადენის რევერსი გდანსკის ტერმინალიდან პლოცკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისაკენ. ეს კი, “ოდესა-ბროდის”” მილსადენის გდანსკამდე მიყვანას და მაშასადამე, რუსული ნავთობსადენისადმი ალტერნატიული ბროდი-პლოცკი-გდანსკის მილის მშენებლობას შეაფერხებს. აღნიშნულის შედეგადად, აღმოსავლეთევროპელთა მცდელობები, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სამხრეთიდან რუსეთის ალტერნატიული ნავთობმომარაგების შესახებ, სავარაუდოდ, ჩაიშლება.
ამასთან, აღნიშნული ნავთობსადენის (AON-2) აშენებით მეზობელი ბელორუსიის ინტერესებიც ილახება. მინსკს აღარ ექნება შემოსავალი რუსული ნავთობის ევროპისკენ ტრანზიტიდან. ვიდრე AON-2 პროექტი მხოლოდ განხილვის სტადიაზე იყო, ბელორუსია მას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად მიიჩნევდა, მაგრამ ახლა, როცა მშენებლობა დაიწყო, მოსკოვს სულ უფრო დაეძაბება ისედაც არანორმალური ურთიერთობა ბელორუსიის რეჟიმთან. ამ ნავთობსადენის აშენების შედეგად ბელორუსიის გავლით ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხორიელებას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და შესაბამისად, მისი კალენდარული ვადა შესაძლოა დაირღვეს, მას მაინც ყოველნაირად უწყობს ხელს ლობისტების მთელი გუნდი. გარდა აღმოსავლეთ ევროპის გვერდიდან შემოვლის პოლიტიკური მიზნისა, ლობისტები არც კი მალავენ, რომ AON-2-ით მაღალჩინოსანთა ბიზნეს-ინტერესებსაც ახორციელებენ. კერძოდ, უმთავრესი ლობისტებიდან აღსანიშნავია, ვიცე-პრემიერი იგორ სეჩინი. ასევე, “გუნვორის””, “ტრანსნეფტის”” და “სურგუტნეფტეგაზის”” ამჟამინდელი მენეჯმენტი (რაც, ამ კომპანიების საკუთრებითი სქემებიდან გამომდინარე, ნიშნავს პერსონიფიცირებულ ვ. პუტინს). ამავე დროს, მოსკოვი ცდილობს ყაზახეთის ნავთობის ნაწილის (წლიურად 10 მლნ ტონის) AON-2-ის საშუალებით ტრანსპორტირებასაც, რითაც “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენს უპირისპირდება. საქმე ისაა, რომ ა/წლის ივნისსა და ოქტომბერში, ქ. ბაქოში გამართულ ენერგეტიკულ სამიტებზე გამოცხადდა, 2013 წლისთვის (ადრე გამოცხადებული 2012 წლის ნაცვლად), აზერბაიჯან-საქართველოს გავლით თენგიზის, კაშაგანის და კარაჩაგანაკის “დიდი” ყაზახური ნავთობის “ყაზახეთის კასპიის ტრანსპორტირების სისტემის”” (EENO) საშუალებით, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით”” ტრანზიტის დაწყება. თუ მომავალი “დიდი”” ყაზახური ნავთობის ნაწილი AON-2-ით ჩრდილოეთისკენ წავა, მაშინ ნავთობის ტრანსპორტირების ყაზახეთ-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტი შესაძლოა ჩაიშალოს.
ამრიგად, AON-2-ის განხორციელება ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 90 მლნ ტონა ნავთობის (მათ შორის, ყაზახურის) მილსადენ “დრუჟბათი” და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით” დაგეგმილი ტრანსპორტირება შეიზღუდება. რუსეთში ნავთობის მოპოვება, სავარაუდოდ საშუალოვადიან პერსპექტივაში, მკვეთრად არ გაიზრდება, რაც გამოიწვევს იმას, რომ რუსეთის მთავრობის დეკლარაციების საწინააღმდეგოდ ერთდროულად ვერ მოხდება “დრუჟბასა” და AON-2-ის მთლიანად შევსება, ე.ი. საჭირო იქნება სულ უფრო მეტი ყაზახური ნავთობი. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ 2009 წლის ივნისის შუა რიცხვებში რუსეთსა და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა თავისი მასშტაბებით უპრეცენდენტო შეთანხმებას რუსეთიდან 100 მლრდ დოლარის ღირებულების ნავთობის ჩინეთში ექსპორტის შესახებ. ამდენად, AON-2-ის ახალი ნავთობსადენის ფუნქციონირების პირველივე ფაზიდან გდანსკის ნავთობის პორტით ტრანზიტი შემცირდება, ხოლო მეორე ფაზის დაწყებისას, პოლონეთისა და გერმანიის გავლით “დრუჟბათი” რუსული ნავთობის ტრანზიტი, სავარაუდოდ, საერთოდ შეწყდება.
უკრაინის ფაქტორი
რუსული სახელმწიფო მედია და კონცერნ “გაზპრომის””საკუთარი საინფორმაციო საშუალებები, 2010 წლის ზამთრის პირობებში, ყველა დონეზე ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ უკრაინა რუსული გაზის არასანდო ტრანზიტორია. ეს იყო ძირითადი საკითხი რუსეთ-ევროკავშირის და უკრაინა-ევროკავშირის სამიტებზე და რამდენიმე ენერგეტიკულ ფორუმზე. საბოლოოდ, რუსეთ-უკრაინის ხელშეკრულება გაფორმდა ქ. იალტაში, 2009 წლის ნოემბერში. ამის შედეგად გადაწყდა, რომ “გაზპრომი” 2010 წელს უკრაინულ “ნაფტოგაზს” წინა წელს შეუსყიდავი გაზის გამო აღარ დააჯარიმებს და უკრაინას ტრანზიტის ტარიფს მოუმატებს.
თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ეს მხოლოდ 2010, “საარჩევნო წლის”” დათმობაა, რადგან რუს ენერგეტიკოსებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ 2019 წლამდე “გაზპრომის” თანამშრომლობა “ნაფტოგაზთან” ისევ ძველებურად – “იყიდე ან გადაიხადე” პრინციპით განახლდება. ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დროებითი დათმობები რუსეთს სჭირდება არჩევნებში ი. ტიმოშჩენკოს მხარდაჭერისთვის. ასევე იმისთვის, რომ 2010 წელს დაიწყება მოლაპარაკებები 20 წლის მანძილზე უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურების ატომური საწვავით მომარაგებაზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლითაც 2010 წელს უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციაში რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას. საინტერესოა, რომ ქსელების რეკონსტრუქციაზე ევროკავშირ-უკრაინის ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ შეთანხმებაში რუსეთი არ ფიგურირებდა, რაც ექსპერტებს ევროპის მხრივ უკრაინის ინტრესების დათმობად მიაჩნიათ. ასევე, უკრაინის გაზის ქსელების რუსეთისთვის შესაძლო გადაცემაზეა საუბარი “2030 წლამდე რუსეთ-უკრაინის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების”” პროექტშიც, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია და სავარაუდოდ, უკრაინის არჩევნების შემდეგ მოეწერება ხელი. ექსპერტები მიუთითებენ ამ დოკუმენტის უკრაინისთვის დისკრიმინაციულ ხასიათზე.
ჩვენი ინფორმაციით, პრემიერ ვ. პუტინთან საუბრისას უკრაინის სატრანზიტო შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა თვით უკრაინის პრემიერმა ი. ტიმოშჩენკომ (სავარაუდოდ ეს, უკრაინის არჩევნებში, პრეზიდენტ ვ. იუშჩენკოსადმი მისი დაპირისპირებით შეიძლება აიხსნას). კოლეგის ეს განცხადება რუსეთის პრემიერმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. კერძოდ, ვ. პუტინმა შვედეთის, გერმანიისა და დანიის პრემიერებთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა პრემიერ ი. ტიმოშჩენკოსგან ოფიციალურად მიღებულ სიგნალებზე, “უპასუხისმგებლო ვ. იუშჩენკოს რეჟიმის” მიერ რუსეთისთვის გაზის საფასურის გადახდის შესაძლო პრობლემების შესახებ. ამით მოსკოვმა უკვე ღიად განაცხადა, რომ უკრაინა თითქოსდა ისევ “…დაიწყებს ევროპისათვის განკუთვნილი გაზის მოპარვას” და საჭიროა რუსული “ნაკადების”” დაჩქარება.
“ნაბუქო”
მოსკოვი უკრაინის გვერდის ამქცევი ენერგოპროექტების უპირატესობას, უკრაინის ფინანსური პრობლემების გარდა, მათი ეფექტიანობითაც ასაბუთებს, რაც დადასტურდა ა/წლის ნოემბრის დასაწყისში. კონსორციუმ “ნაბუქოს” ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, ავსტრიული OMV-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაბალეფექტიანობის გამო საინვესტიციო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება არა 2010 წლის დასაწყისში, არამედ – მეოთხე კვარტლის ბოლოს. ეს განცხადება ქ. ვენაში რუსეთის პრემიერის ა/წლის 11 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტის მეორე დღესვე გაკეთდა. იგივე ავსტრიული კომპანია ადრე ირწმუნებოდა, რომ “ნაბუქოს” მშენებლობა 2011 წლისათვის დაიწყებოდა, ხოლო ამ მილსადენით პირველ გაზს ევროპა 2014 წელს მიიღებდა.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის შევსებაზე “ნაბუქოს” კონსორციუმში შემავალი კომპანიები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ თურქმენეთთან, ირანთან, ერაყთან, ყატართან, მისი გაზმომარაგების პერსპექტივა მაინც ბუნდოვანია. რუსულ-გერმანულ-ჰოლანდიურ “ჩრდილოეთის ნაკადს” კი, მშენებლობის ნებართვები უკვე მისცეს დანიამ, ფინეთმა და შვედეთმა. ფაქტიურად ფორმალური, გერმანიისა და რუსეთის ნებართვებიც უკვე მიღებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, “ჩრდილოეთის ნაკადის” კონსორციუმი 2009-2010 წწ. 29 ევროპული ბანკიდან გეგმავს 6.5 მლრდ ევროს სესხებას. ამ გაზსადენს, რომლის მშენებლობა სავარაუდოდ, 2010 წლის აპრილში უნდა დაიწყოს, მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო, უკვე შეარქვეს “მოლოტოვ-რიბენტროპის გაზსადენი””. თუმცა, ფრანგულ კომპანია “ტოტალში” განაცხადეს, რომ ტექნიკური პრობლემების გამო “გაზპრომის”” მიერ “შტოკმანის” საბადოს, “ჩრდილოეთის ნაკადის”” მთავარი შემავსებლის, ათვისების დაწყება 2015 წლამდე ვერ მოხერხდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი” საკმაო ხანს არასრული დატვირთვით იმუშავებს.
პრობლემებს აწყდება მეორე რუსულ-ევროპული პროექტი, “სამხრეთის ნაკადიც””. კერძოდ, ევროპელი ექსპერტები, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ ამ პროექტის პარტნიორი, იტალიური “ენი”” (Eni), გაზსადენის აშკარა ზარალიანობის გამო, 2010 წლის ბოლომდე ვერ მიიღებს საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებას. ეს მაშინ, როდესაც იტალიელებთან თანამშრომლობით აღფრთოვანებული პრეზიდენტი ვ. მედვედევი, “ენისთან” ერთად გეგმავდა ლიბიაში ახალ პროექტ “ელეფანტში” და ლიბია-იტალიის დამაკავშირებელ “მწვანე ნაკადის”” გაზსადენის მოდერნიზაციაში მონაწილეობას. ამჟამად რუსეთის ხელმძღვანელობას უკვე ფრანგული EDF-ის ინვესტიციის იმედი აქვს, რომელმაც 2009 წლის ნოემბერში გამოთქვა “სამხრეთის ნაკადის”” აქციონერად გახდომის სურვილი.
“ნაბუქოს”” თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პროექტის დაფინანსების გადადება გამოიწვია არა იმდენად მისი რუსული კონკურენტების წარმატებებმა, რამდენადაც ფასებსა და ტრანზიტზე თურქეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების უზომოდ გაჭიანურებამ. სხვათა შორის, ერთ-ერთ შეხვედრაზე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი, ტ. ილდიზიც კი აღიარებდა მიწოდებული აზერბაიჯანული გაზის გაუმართლებლად დაბალ ფასს – 120 დოლარს ათას კუბმეტრზე. თურქეთი არ თანხმდება აზერბაიჯანის წინადადებას 250 დოლარზე და ასახელებს თავისთვის ხელსაყრელ ფასს – 200 დოლარს. იგივე, თურქი ჩინოვნიკი, 2009 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მეჯლისის საბიუჯეტო კომისიაში გამოსვლისას, ისევ მოითხოვდა აზერბაიჯანული გაზის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ ფასად შესყიდვას, რასაც აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს.
შესაბამისად, მწვავდება ბაქოს თურქეთისადმი დაპირისპირება. ამ ფონზე გაჟღერდა გაზის ევროპაში ექსპორტის რამდენიმე ახალი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მარშრუტი. ასე მაგალითად, რუსმა ექსპერტებმა შესაძლებლად მიიჩნიეს თურქმენეთ-ირან-სომხეთის გაზსადენის პროექტის დაწყება. ხოლო, ყაზახეთში აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, აზერბაიჯანული ენერგომატარებლების ევროპაში ტრანსპორტირებისათვის მხოლოდ საქართველო და რუმინეთი რჩებიან მისაღებ პარტნიორებად. მისი აზრით, თურქებმა სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით “…აზერბაიჯანს უღალატეს””. ამასთან, ელჩის მონაცემებით, უკრაინა უახლოეს პერიოდში მაქსიმლურად მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ აზერბაიჯანს ხელს არ აძლევს, რომ მან უკრაინის პორტები გამოიყენოს ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისათვის.
ამ თემის გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ 2009 წლის სექტემბერში, აზერბაიჯან-რუმინეთის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, იმავე წლის ნოემბერში ქ. სოფიაში, ენერგოკომპანიებს “სოკარსა”” და “ბულგარტრანსგაზს”” შორის მემორანდუმის ხელმოწერა. ამ შეთანხმებით უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო, აზერბაიჯანული ჰიდროკარბონების თურქეთ-საბერძნეთის მილსადენებითა და ტანკერებით ბულგარეთში ტრანსპორტირების შესაძლებლობის შესწავლისათვის. ე.ი. თურქული მარშრუტის გვერდით ასევე განიხილება საზღვაო გზის, როგორც თურქეთის გვერდის ამქცევი მარშრუტის არსებობა.
2009 წლის ნოემბერში, შავი ზღვით აზერბაიჯანული ენერგომატარებლების ტრანსპორტირების იდეას, პირველად დაუჭირა მხარი აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ენერგეტიკის საკითხებში რ. მორნინგსტარმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ში შეიქმნა ევროკავშირ-რუსეთის ენერგეტიკული კომიტეტი, რომელიც ევროპის ენერგოუზრუნველყოფის რეგულირებას მოახდენს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ “ნაბუქოს”” ირგვლივ აზერბაიჯან-თურქეთის მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ტრანსეროვნული ენერგოკომპანიები დამოუკიდებლად დაიწყებენ ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების ძებნას. თუმცა, ექსპერტების ნაწილის აზრით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდებაზე ბულგარეთ-რუმინეთთან, ირანთან და რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიზანია, 2009 წლის 16 ნოემბრიდან განახლებულ მოლაპარაკებების რაუნდზე, ბაქოს მხრივ თურქეთზე ზეწოლა.
აღნიშნულს ისიც დასტურებს, რომ რუსეთსა და ირანს არ გააჩნიათ ისეთი სიმძლავრის გაზსადენები, რომ სრულად შესძლონ ამჟამად “სამხრეთ კავკასიური გაზსადენით” თურქეთისათვის ყოველწლიურად მიწოდებული 6.5-7 მლრდ მ3 გაზის მიღება. თანაც, იმის გამო, რომ შავი ზღვის მარშრუტი ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, თურქეთის გაზმომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, ბაქოს დარჩება არარეალიზებული ნაშთი. ამდენად, ბაქოსთვის ამ ეტაპზე გაზის თურქეთისთვის მიწოდება ობიექტური აუცილებლობაა.
დასკვნები
ამრიგად, მიუხედავად საქართველოზე 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიისა, სამხრეთ კავკასიის მილსადენების შეუფერხებელი ფუნქციონირება იმის მანიშნებელია, რომ საქართველო კვლავ მიისწრაფის ევროპაში ინტეგრაციისაკენ. დასავლური მილსადენების ფუნქციონირება საქართველოსა და აზერბაიჯანის “სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის” მნიშვნელოვან რგოლებად არსებობას განაპირობებს.14
ჯერჯერობით, მოსკოვი წარმატებით ასაბუთებს “სამხრეთის ენერგო-დერეფნის” მოწყვლადობას და მის შესაძლებლობას, ადვილად აღადგინოს ამ რეგიონში სსრკ-ის დაშლის შედეგად დაკარგული გავლენა. ამავდროულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა დაგვანახა, რომ მილსადენების სატრანზიტო გზაზე “სუსტ რგოლს” წარმოადგენს არა მარტო თურქეთი, არამედ უკვე საქართველოც. აღნიშნულის შედეგია ორი დასკვნა:
ჯერ ერთი, სამხედრო კონფლიქტის შედეგად ახალი მილსადენების აშენება რეგიონში რისკებს უკავშირდება. მაშასადამე, რუსული “სამხრეთის ნაკადი”, რომელიც ომამდეც გარკვეულწილად “ნაბუქოსთან” შედარებით წარმატებული იყო, ახლა უფრო სერიოზულ “განაცხადს” აკეთებს გაზსადენის 2015 წლისთვის დასრულების შესახებ. ასეთივე სერიოზული პერსპექტივა მიეცა ახალ რუსულ-თურქულ პროექტს “ცისფერ ნაკადი 2”-ს.
მეორეც, კონფლიქტმა გვიჩვენა დასავლეთის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების სასიცოცხლო აუცილებლობა. “გაზპრომის” როგორც ენერგეტიკული იარაღის გამოყენება აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან ურთიერთობებში, ამის თვალსაჩინო მაგალითია. მან ევროპას დაანახა, რომ როგორც “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”, თავის დროზე წარმატებული პოლიტიკური და არა კომერციული პროექტი იყო, ასევე, “სამხრეთის ენერგო-დერეფანი” შეიძლება და უნდა გახდეს რუსული მონოპოლისტების კონტრ-ბალანსი ევროპაში. ამასთან, ვინაიდან “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი” ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან სულ 15 კმ-ის დაშორებითაა, ამ კონფლიქტის გააქტიურებამ შესაძლოა საბოლოოდ დაასამაროს “სამხრეთის ენერო-დერეფნის” იდეა. ამიტომ ევროპამ უმოკლეს დროში უნდა შეძლოს არა მარტო საქართველო-რუსეთის კონფლიქტის, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთირეთობების დარეგულირება.