ლიბერტარიანელობის საკითხისთვის თანამედროვე საქართველოში (პოლიტიკურ-ეკონომიკური ესსე), ნაწილი I

გიორგი რუსიაშვილი, ე.მ.დ., პროფესორი

მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მოვლენები საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე აქტუალურს ხდის ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის და ჯგუფის გაერთიანების საკითხს. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიტიკური პარტიების და ჯგუფების გაერთიანებას საქართველოში თითქოს ლოგიკა არ აქვს და უფრო სტიქიურობით და ქაოტურობით (ოპორტუნისტულობით) ხასიათდება.

მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, ამა თუ იმ გაერთიანებაში უნდა არსებობდეს გარკვეული ლოგიკა, რის გაანალიზებასაც ჩვენ შევეცდებით მოცემულ სტატიაში. ასევე შემოგთავაზებთ შემდგომი პოლიტიკური ალიანსების და “დაპირისპირებების”” პროგნოზს და ასევე, გარკვეულ თეორიულ წიაღსვლებსაც შემოგთავაზებთ ლიბერტარიანელობის საფუძვლებში.
მარქსის მიხედვით, ეკონომიკა არის სოციუმის ბაზისი, ხოლო მისი პოლიტიკური მოწყობა კი – ზედნაშენი. შეიძლება ამ დებულების პერეფრაზირება იმგვარად, რომ საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია არის განმსაზღვრელი ძალა საზოგადოების ყველა, მათ შორის, რელიგიური სისტემების მოწყობისა. ეს საინტერესო თემაა, მაგრამ ამაზე შემდეგ სტატიებში.
დღევანდელ საქართველოში2, გარდა მმართველი პარტიისა, გამოკვეთილია შემდეგი პარტიები და მათი დაჯგუფებები:
დაჯგუფება #1 (გაფორმებული ალიანსი): თავისუფალი დემოკრატები (ლიდერი ირაკლი ალასანია);
რესპუბლიკელები (ლიდერი დავით უსუფაშვილი);
ახალი მემარჯვენეები (ლიდერი დავით გამყრელიძე).
დაჯგუფება #2 (გაფორმებული ერთობა პრაიმერის ჩატარებისთვის): კონსერვატორები (ლიდერი ზვიად ძიძიგური);
ხალხის პარტია (ლიდერი კობა დავითაშვილი);
სამართლიანი საქართველო (ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი).
დაჯგუფება #3 (ე.წ. “ქალთა ტრიუმვირატი””: დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ლიდერი ნინო ბურჯანაძე);
მოძრაობა ერთიანი საქართველო (ლიდერი ეკა ბესელია);
საქართველოს გზა (ლიდერი სალომე ზურაბიშვილი).
ამათ გარდა, არის რამდენიმე პარტია, რომელიც ჯერჯერობით არც ერთ ამ გაერთიანებაში არ შესულა:
1. ლეიბორისტები (ლიდერი შალვა ნათელაშვილი);
2. ეროვნული ფორუმი (ლიდერი გუბაზ სანიკიძე);
3. მომავლის პარტია (ლიდერი გია მაისაშვილი);
4. მოძრაობა დაიცავი საქართველო (ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე);
ერთი შეხედვით, ამ გაერთიანებებს თუ არა – გაერთიანებებს არ აქვს ლოგიკა, რადგან პარტიებს არ აქვთ მკვეთრად გამოკვეთილი მემარცხენე თუ მემარჯვენე ორიენტაცია3. ხშირად არის რომ მემარცხენე რიტორიკით გამოირჩევიან მემარჯვენე ყაიდის პარტიები და პირიქით.
ცნობილ საიტზე, რომელიც კატონის ინსტიტუტს ეკუთვნის, გამოტანილია შემდეგი მატრიცა, რომელიც პოლიტიკური პარტიის შესაძლო ორიენტაციას ხსნის.
შესაბამისად თუ ჩვენ გავაანალიზებთ ქართული პოლიტიკური სპექტრის მოცემულობას, აღმოვაჩენთ, რომ გაერთიანებები საოცრად ზუსტად ლაგდებიან ამ მატრიცის უჯრების მიხედვით.
კერძოდ, დაჯგუფება #1 (ლიდერი ირაკლი ალასანია) უდავოდ მიეკუთვნება მეოთხე უჯრას, რადგან ამ დაჯგუფებას აქვს, როგორც ლიბერალური ფასეულობების ერთგულება (მემარცხენეობა პირადი თავისუფლების კუთხით), ისე კაპიტალისტური წეს-წყობილების დამკვიდრების მოტივაცია (მემარჯვენეობა ეკონომიკური თავისუფლების კუთხით).
დაჯგუფება #2 (პოტენციური ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ან ზვიად ძიძიგური) აქვს მიდრეკილება მემარჯვენეობისადმი პირად თავისუფლებებში და მემარცხენეობისადმი ეკონომიკური თავისუფლების კუთხით. შესაბამისად ეს დაჯგუფება მიესადაგება მეორე უჯრას.
და ბოლოს, დაჯგუფება #3 (ლიდერი ნინო ბურჯანაძე), ხასიათდება მკვეთრად გამოკვეთილი მემარჯვენეობით, როგორც პირად თავისუფლებაში, ისე ეკონომიკურ თავისუფლებაში და მას მიესადაგება პირველი უჯრა.
შეჯამების სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მემარჯვენეობა პირად თავისუფლებაში შეიძლება დახასიათდეს ტერმინით “კონსერვატორი””, მემარცხენეობა პირად თავისუფლებაში – ტერმინით “ლიბერალი””, მემარჯვენეობა ეკონომიკურ თავისუფლებაში – ტერმინით “კაპიტალისტი””, ხოლო მემარცხენეობა ეკონომიკურ თავისუფლებაში – ტერმინით “სოციალისტი””.
ლიბერტარიანელობა, შეადგენს “კაპიტალისტის”” და “ლიბერალის”” ნაზავს, და ჩვენი მატრიცის მეოთხე უჯრას მიესადაგება, რომელიც დაიკავა დაჯგუფება #1-მა (ლიდერი ირაკლი ალასანია).
ამასთან, როგორც ვხედავთ, ვერ შეივსო მესამე უჯრა, რომელიც სამთავრობო პარტიას (ნაციონალური მოძრაობა) უნდა ეკუთვნოდეს. აქაც ლოგიკა ნათელია, სამთავრობო პარტიას აქვს მკვეთრად გამოკვეთილი ლიბერალური ორიენტაცია პირადი თავისუფლების კუთხით (ამაში მათი იდეოლოგების (ლ. რამიშვილი, გ. თევზაძე, გ. ბოკერია) ფილოსოფიურ დოგმატს წარმოადგენს ლოკისეული ფილოსოფია, რომელიც ამავე დროს ანტი-ლაიბნიცისეულ ფილოსოფიად არის მიჩნეული).4 მეორე მხრივ, სამთავრობო პარტიის მოქმედებები მკვეთრად გამოკვეთილი სოციალური დატვირთვის მატარებელია და, შესაბამისად, ფართოდ იყენებენ სოციალური ინჟინერიის ინსტრუმენტებს (შემოსავლების მეორადი განაწილება ანუ გადანაწილება), რითაც მემარცხენეობისკენ არიან გადახრილი ეკონომიკური თავისუფლების კუთხით.
ამგვარად, ზემოთ მოყვანილი მატრიცა შეიძლება შემდეგი სახით გადავაფორმოთ:
აქვე აღსანიშნავია, რომ ტერმინი “სოციალისტი”” არ გამოიყენება ნეგატიურ რაკურსში, რასაც სტატიის თეორიულ ნაწილში ქვემოთ შევეხებით5.
ამ მატრიცას აქვს ერთი ნიუანსი, კერძოდ, პირველი და მესამე უჯრები, ასევე, მეორე და მეოთხე უჯრები არიან მკვეთრად გამოკვეთილი ანტაგონისტები. და შეიძლება ითქვას, რომ მათი გაერთიანება შეუძლებელია, არამედ მათ შორის წარმოიქმნება იდეური დაპირისპირება.
ამის საწინააღმდეგოდ უჯრა 3=4 ლიბერალობის კუთხით,
უჯრა 3=2 სოციალისტობის კუთხით;
უჯრა 2=1 კონსერვატორობის კუთხით;
უჯრა 1=4 კაპიტალისტობის კუთხით.
ახლა განვიხილოთ მიუერთებელი პარტიების მისადაგება მატრიცის უჯრებისადმი:
1. ლეიბორისტები (ლიდერი შალვა ნათელაშვილი) – “სოციალისტები”
2. ეროვნული ფორუმი (ლიდერი გუბაზ სანიკიძე) – “კონსერვატორები”
3. მომავლის პარტია (ლიდერი გია მაისაშვილი) – “კაპიტალისტები”
4. საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო” (ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე) – “ლიბერალები”.
იმის დაშვებით, რომ ოპორტუნისტული მიდგომით მათ არ სურთ გაერთიანება მმართველ პარტიასთან, მაშინ გამორიცხვის მეთოდით ვიღებთ, რომ ლ. გაჩეჩილაძის პარტია შესაძლებელია გაერთიანდეს ი.ალასანიას დაჯგუფება #1-თან. გ.სანიკიძის პარტია შეიძლება გაერთიანდეს ნ. ბურჯანაძის გაერთიანება #3-თან, ხოლო ლეიბორისტების პარტია, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, შეიძლება გაერთიანდეს ზ. ნოღაიდელის/ზ. ძიძიგურის დაჯგუფება #2-თან.
სამწუხაროდ, ცალკე, გაერთიანების გარეშე რჩება გია მაისაშვილის მომავლის პარტია, მაგრამ მისი პარტიის თეზისებამდე ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ შორსაა, რადგან საერთოდ შეუძლებელია “კარგი”, “დადებითი” ანუ სოლიდარული საზოგადოების შექმნა ხელოვნურად და ზემოდან კარნახით. ასეთი საზოგადოებები იქმნებიან ასწლეულების განმავლობაში და მათი შექმნისათვის საჭიროა როგორც მინიმუმ შემდეგი მახასიათებლები: საზოგადოების პოლიტიკური ერთობა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, სოციალური ლოიალურობა გადასახადების გადახდის კუთხით, ეროვნული იდენტურობა საზოგადოების ყველა წევრის მხრიდან (რასაც თავად აქვს ორი მახასიათებელი: კულტურული და ენობრივი სტანდარტიზაცია, ე.წ. “ჰომოგენურობა”). გარდა ამისა, წარმატებულ საზოგადოებაში ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა და ჯანსაღი სასამართლო სისტემა. ყოველივე ეს კი უნდა იყოს გამყარებული საფონდო ბაზრების განვითარებით, ანუ საზოგადოებრივი სამართლებრივ-ეკონომიკური ფორმის განვითარებით (სააქციო საზოგადოება), კერძო სამართლებრივ-ეკონომიკური ფორმის განვითარებასთან (შპს) შედარებით, რაც იწვევს საზოგადოებაში კოოპერაციული ძალების განვითარებას, კონფლიქტურ ძალებთან შედარებით6.
ასე რომ, საქართველოს საზოგადოებამ თვითონ უნდა მოიტანოს სოლიდარული საზოგადოება და მისი ხელოვნურად, კარნახით შექმნა შეუძლებელია.7
შესაბამისად შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მეტად გადატვირთულია, ხოლო საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციური ძალების გაერთიანების თაობაზე მცდარია და იგი შორს არის აღიარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კანონზომიერებისგან.
ამის ნაცვლად უნდა ვურჩიოთ ქართული პოლიტიკური პარტიების სპექტრს, რომ უფრო გააღრმავონ საკუთარი იდენტურობა მოყვანილ მატრიცაში უჯრების მიხედვით განლაგების კუთხით, ხოლო გამარჯვების მაღალი ალბათობა, ისევ პოლიტიკურ-ეკონომიკური თეორიული პოსტულატების საფუძველზე აქვთ იმ უჯრებს, რომლებიც რაღაც ასპექტში ესადაგება (=) მესამე უჯრას, ანუ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მმართველი პარტიისგან, კერძოდ, უჯრა 4 ან უჯრა 2.
და ბოლოს, გვინდა რამდენიმე თეორიულ საკითხს შევეხოთ, რასაც ლიბერტარიანელობის თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკურ კონცეფციები ვერ ხსნიან.
2006 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საქართველოს საზოგადოების მისამართით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი მიზანია მთელს მსოფლიოში ორი ფასეულობის დამკვიდრება: დემოკრატია და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.
კატეგორია დემოკრატია ჩვენს მატრიცაში ამოვარდნილია და, შეიძლება ითქვას, ლიბერტარიანელობის იდეოლოგიით დაშვებულია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია არის დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, იმის მიუხედავად, თუ რა მსოფლმხედველობისაა იგი პირადი თუ ეკონომიკური თავისუფლების კუთხით. მაგრამ ეს როდია ასე!!!
რაც შეეხება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, ცალკე განხილვის საკითხია, თუ რა უფრო პირველადია – საბაზრო ეკონომიკა თუ კაპიტალზმი. მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიხედვით, ცივილიზაციის მთავარი მონაპოვარი სწორედ კაპიტალიზმია (პროფ. ანდრეი ილარიონოვის მიხედვით) და, შესაბამისად, საზოგადოება შეიძლება ფუნქციონირებდეს თავისუფალი საბაზრო მექანიზმის პრინციპით, თუმცა მასში არ იყოს განვითარებული კაპიტალისტური დაგროვითი მექანიზმები (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები). მეცნიერთა მეორე ჯგუფის მიხედვით (პროფ. გელნერი), პირიქით, საზოგადოება შეიძლება ფუნქციონირებდეს კაპიტალიზმის პრინციპით, თუმცა მასში არ იყოს განვითარებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები (ჩინეთის ეკონომიკა), და ამიტომ სწორედ ბაზარი საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ყოველმხრივ დაცვას. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი მომავლისათვის გადავდოთ და ამ სტატიის მიზნებისათვის ჩვენ დავუშვებთ კაპიტალიზმის და საბაზრო ეკონომიკის იდენტურობას (=) ანუ დავუშვათ, რომ იქ სადაც არსებობს საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკა თავისი შინაარსით კაპიტალისტურია ანუ დაგროვებითია. ხოლო იქ, სადაც საზოგადოება მიისწრაფვის სიკეთის (დოვლათის) დაგროვებისკენ თავისუფალი მეწარმეობრივი შრომით, იქ სწორედ თავისუფალი საბაზრო პრინციპები ფუნქციონირებს.
თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ კონცეპტუალურ დონეზე ეს ორი კატეგორია – საბაზრო ეკონომიკა (ანუ კაპიტალიზმი) და დემოკრატია, არათუ შეუთავსებელი, არამედ ურთირთგამომრიცხავი პრინციპებია.
დემოკრატია ნიშნავს უმრავლესობის ხელისუფლებას; შესაბამისად, აპრობირებულ კაპიტალისტურ საზოგადოებაში უმრავლესობას შეადგენს დასაქმებულები და არა დამსაქმებლები8. შესაბამისად, უმრავლესობა დემოკრატიის პირობებში (თავისუფალი არჩევანის პირობებში) აირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს მის ინტერესებს. ასეთ პირობებში, სოციალისტს უფრო მეტი შანსი აქვს იყოს არჩეული, ვიდრე კაპიტალისტს9, შესაბამისად, არჩეული სოციალისტი გამოიყენებს უფრო მეტი რაოდენობით და ხარისხით სოციალური ინჟინერიის ინსტრუმენტებს და შესაბამისად, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია სულ უფრო მეტად დაშორდება ე.წ. წმინდა ტიპის კაპიტალისტურ საზოგადოებას10 და დაუახლოვდება სოციალისტურს.
ლოგიკა ნათელია, მაგრამ ახლა განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური მოდელის მისადაგება ჩვენს მოდერნიზებულ მატრიცაში სწორედ დემოკრატიის კატეგორიის დამატებით.
საუბარია იმაზე, რომ არადემოკრატიული მმართველობის ძალა მიისწრაფვის შეზღუდოს პირადი თავისუფლებები. მეორე მხრივ როგორც ჩვენ ვნახეთ დემოკრატიას ყველაზე უკეთ მიესადაგება სწორედ სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური ურთიერთობები, შესაბამისად ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვით და მეტი ხარისხის და დონის სოციალური ინჟინერიის ინსტრუმენტების გამოყენებით.
მოდერნიზებული მატრიცა შემდეგ ფორმას მიიღებს ეკონომიკური მოდელების მიხედვით:
1 დონის ქვეყნები: დემოკრატია, პირადი თავისუფლება (ლიბერალიზმი), სოციალური ინჟინერია (სოციალიზმი) – ევროკავშირი (“ძველი ევროპა””), ყველაზე მკაფიო მაგალითია: ნორვეგია, შვედეთი, დანია, ირლანდია, ფინეთი, ისლანდია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, შვეიცარია;
2 დონის ქვეყნები: დემოკრატია, პირადი თავისუფლების შეზღუდვა (კონსერვატიზმი), ეკონომიკური თავისუფლება (კაპიტალიზმი) – აშშ; იაპონია და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები (?!);
3 დონის ქვეყნები: დემოკრატიის დაბალი დონე, პირადი თავისუფლების შეზღუდვა (კონსერვატიზმი), სოციალური ინჟინერია (სოციალიზმი) – საქართველო და ყოფილის საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნები (საბჭოთა მემკვიდრეობის ფონზე);
4 დონის ქვეყნები: დემოკრატია, პირადი თავისუფლება (ლიბერალიზმი), ეკონომიკური თავისუფლება (კაპიტალიზმი) – ბალტიისპირეთი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები (ახალი დემოკრატიები), უკრაინა (?!);
5 დონის ქვეყნები: დემოკრატია, პირადი თავისუფლების შეზღუდვა (კონსერვატიზმი), სოციალური ინჟინერია (სოციალიზმი) – ყოფილი დემოკრატიული (საბჭოთა, სახალხო) – სოციალისტური ქვეყნების ბანაკი;
6 დონის ქვეყნები: დემოკრატიის დაბალი დონე, პირადი თავისუფლების შეზრუდვა (კონსერვატიზმი), ეკონომიკური თავისუფლება (კაპიტალიზმი) – ნაცისტური გერმანია, ფაშისტური იტალია; ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები (?!).
ამ მოდერნიზებულ მატრიცაში, ჩვენ არ გხვდება თანაწყობა, ლიბერალიზმი და დემოკრატიის დაბალი დონე, რადგან იგულისხმება, რომ ლიბერალური ფასეულობების ერთგულება თავისთავად ხელს უწყობს დემოკრატიის ხარისხის განვითარებას ქვეყანაში. დემოკრატიის ხარისხის განვითარება კი ავტომატურად ცვლის ქვეყნის განვითარების კურსს წმინდა ყაიდის კაპიტალისტური ეკონომიკიდან სოციალურად ორიენტირებულზე, სოციალური ინჟინერიის ინსტრუმენტების (“შემოსავლების გადანაწილება”) მაქსიმალური გამოყენებით. და ბოლოს აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღება ლიბერტარიანელობისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ლიბერალობა ამ შემთხვევაში სცილდება მხოლოდ ეკონომიკურ ჩარჩოებს და მან შეიძლება სახიფათო სოციალურ-პოლიტიკური ნიშნები მიიღოს ბოლო დროს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მხრიდან გახშირებული სეპარატისტული მოთხოვნების ფონზე. მეტისმეტი ხომ არ არის? ყოველივე იმის ფონზე, რომ ეს ევროკავშირისგან დაშორების გზაზე კიდევ ერთი “გრძელი” გადაგმული ნაბიჯი იქნება, მეორე მხრივ, საქართველო საშემოსავლო წნეხის ბოლოდროინდელი ოფიციალური დაფიქსირებული სტატისტიკის მიხედვით თავისი 20%-ით ზუსტად ჯდება რანის (ე.წ. ლაფერის მოდერნიზებული მრუდის) მოთხოვნების დიაპაზონში და მხოლოდ ცოტათი ჩამოუვარდება პოლ კრუგმანის რეკომენდაციას, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების დონეს საგადასახადო წნეხის კუთხით 14%-ის ფარგლებში განსაზღვრავს პოსტ საბჭოთა ქვეყნებისათვის. მაგრამ დამერწმუნეთ, აღნიშნული “20%”-ის რეალურობის და არა ნომინალურობის შემთხვევაში, ეს უმნიშვნელოა.

1