მოამარაგე ან გადაიხადე
რედაქციისგან
“ჩრდილოეთის ნაკადი” – ბოლო წლების გაზსადენების პროექტებს შორის ყველაზე ამბიციური – შესაძლოა არც ყოფილიყო, შვიდი წლის წინ უკრაინის ხელისუფლებას უარი რომ არ ეთქვა იმ შეთანხმებებზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა, ლეონიდ კუჩმამ და გერჰარდ შროდერმა 2002 წელს ერთობლივად მიაღწიეს. ახლადარჩეული უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთს აქტიურად სთავაზობდა უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის განვითარებისა და მართვისთვის საერთაშორისო კონსორციუმის იდეის აღდგენას, რომელიც რეალურად გახდებოდა ბალტიის ზღვის ფსკერზე მშენებარე მილსადენის ალტერნატივა, მაგრამ…
ცხრა აპრილს ოფიციალურად გაიხსნა ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენის მშენებლობის პროცესი, რომელიც რუსეთის ქალაქ ვიბორგთან ახლოს გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის თქმით, ეს გაზსადენი რუსეთის გაზს დასავლეთ ევროპაში პირველად პირდაპირ ჩაიტანს, სატრანზიტო ტერიტორიების გვერდის ავლით”. ცერემონიას ესწრებოდა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, გიუნტერ ოტინგერი. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დრო ვერ გამონახა ვიბორგში ჩასასვლელად და ცერემონიაზე სიტყვა სატელიტის მეშვეობით, ბერლინიდან წარმოთქვა. გაზსადენის მშენებლობა 2012 წელს უნდა დასრულდეს. რუსეთი იმედოვნებს, რომ შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩატანას შეძლებს.
პროექტის ინიციატორები ჯერ კიდევ 2005 წელს შეთანხმდნენ, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი”” აეშენებინათ, თუმცა, მას შემდეგ გაზის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კლასიკური სახის მილსადენები კონკურენციის დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ სხვა ენერგომატარებლების მხრიდან, როგორიც არის ატომური ან განახლებადი ენერგია, ასევე, თხევადი გაზი, რომლითაც მთელი მსოფლიო ტანკერებით მარაგდება. საინტერესოა, რითია ნაკარნახევი “ჩრდილოეთის ნაკადის”” ავტორების ოპტიმიზმი, რომ რუსული გაზის დამატებითი მოცულობა და საერთოდ ეს მილსადენი საშუალოვადიან პერსპექტივაში გერმანიასა და მთელს ევროპაში მოთხოვნილი იქნება?
ამასთან დაკავშირებით Nord Stream AG-ის ტექნიკური დირექტორი, დირკ ფონ ამელნი აცხადებს, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს 2009 წლის შემოდგომაზე ჩატარებული ყოველწლიურ მიმოხილვაში (World Energy Outlook) ევროპაში გაზის მოხმარების განვითარების ამსახველი საინტერესო ციფრები გამოქვეყნდა, სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 2030 წლამდე ევროპის კავშირში ბუნებრივი გაზის საკუთარი წარმოების 50%-იანი კლება მოხდება. ამის პარალელურად მოსალოდნელია ახლანდელი მოთხოვნის ზრდა 543-დან 619 მლრდ მ3-დე. ამლენის განცხადებით, თუ დავუშვებთ, რომ იმპორტის ახლანდელი მოცულობა არ შეიცვლება, მაშინ 2030 წლამდე შეუვსებელი დარჩება 200 მილიარდ მ3-ზე მეტი გაზის მოთხოვნა. ევროკავშირის გაზით საიმედო მომარაგების უზრუნველყოფის ინტერესებში ეს ცარიელი ადგილი უნდა შეივსოს. “ჩრდილოეთის ნაკადის”” წლიური გამტარიანობა 55 მილიარდი მ3 უნდა იყოს, ამით დაიფარება გაჩენილი დამატებითი მოთხოვნის მხოლოდ მეოთხედი. “ამ მიზეზით, ცხადი ხდება, რომ “ჩრდილოეთის ნაკადის”” პარალელურად აუცილებელია სხვა გზების შექმნას შევუდგეთ, რომ ბუნებრივი გაზი ევროპას საკმარისი რაოდენობით მიეწოდოს, ასეთ მილსადენებად განიხილება “სამხრეთის ნაკადი” და “ნაბუქო””, ასევე თხევადი გაზის მიმღები ტერმინალებიც. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ევროპის გაზით მომარაგების უზრუნველყოფა. ამიტომაც არ ვფიქრობთ, სხვა პროექტებთან კონკურენციაში ვართ””, – აცხადებს ამელნი.
ასეა თუ ისე, პროექტის ყველა რისკის ანაზღაურება “გაზპრომს”” მოუწევს, რომელიც არა მხოლოდ მაკონტროლებელი აქციონერია, არამედ მილსადენის დატვირთვის გარანტიც. “გაპრომსა”” და Nord Stream-ს შორის 22-წლიანი კონტრაქტია გაფრომებული, რომელიც ეფუძნება პრინციპს “ტრანსპორტირება მოახდინე ან გადაიხადე””. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ევროპაში გაზზე მოთხოვნა იქნება თუ არა, “გაპრომი”” ვალდებული იქნება მთლიანად დატვირთოს “ჩრდილოეთის ნაკადი”” (დღეის მდგომარეობით კი “გაპრომ ექსპორტს”” კლიენტებთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული მხოლოდ 22 მილიარდ მ3 გაზზე), ამასთან ერთად, მანვე უნდა უზრუნველყოს პროცენტების გადახდა და ინვესტიციის რენტაბელობა Nord Stream-ის სხვა აქციონერებისთვის.