რატომაა ეკონომიკის გადახურება არანაკლებ საშიში, ვიდრე მისი ძლიერი ვარდნა
მოამზადა ეკა წირღვავამ
ინვესტორები მთელი მსოფლიოდან გაჩაღებული კრიზისის დროსაც ფსონებს დებენ ჩინეთზე, როგორც “წყნარ ნავსაყუდელზე”. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ უცხოური ინვესტიციების სახით 11,2 მლრდ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 110%-ით მეტია.
თუმცა ექსპერტების აზრით, “წყნარ ნავსაყუდელში” ზოგჯერ სერიოზული რისკებიც არსებობს. გლობალური ზრდის შენელებამ შესაძლოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისეთ შიდა პრობლემებს მისცეს “ფართო გზა”, რომელთა შესახებაც გარე სამყაროსთვის არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი. დღეს ჩინეთი გვაგონებს ბზრიალას, რომელიც წონასწორობას მხოლოდ სწრაფი ტრიალის ხარჯზე ინარჩუნებს, საკმარისია მისი შენელება და ჩინეთის ეკონომიკას ვარდნა გარანტირებული აქვს.
ბევრი განვითარებადი ქვეყნის ჩინოვნიკი (არც ჩინეთისაა გამონაკლისი) დიდი სიამოვნებით მანიპულირებს შიდა და უცხოური ინვესტიციების ზრდის ფანტასტიური მაჩვენებლებით, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კაპიტალის შემოდინება ყოველთვის არ ნიშნავს სიკეთეს. საქმე ისაა, თუ როგორ იყენებს ქვეყანა შემოსულ კაპიტალს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის ეკონომიკისთვის შენელებული მოქმედების ბომბი ცენტრალიზებულ დაგეგმარებაშია ჩადებული. ჰონკონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი კარსტენ ხოლცი ამერიკელი ეკონომისტის ალბერტ ხირშმანის თეორიის გახსენებისკენ მოუწოდებს, რომლის მიხედვითაც განვითარებადი ეკონომიკის ზრდა ყოველთვის დაუბალანსებელი უნდა იყოს. ამ თეორიის თანახმად, ინვესტიციები, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს იმ დარგებზე, რომლებსაც სხვა დარგებთან მეტი კავშირი აქვს. ამ გზით პირველადი ინვესტიციები მაქსიმალურ შესაძლებლობებს შეუქმნის მომიჯნავე დარგების განვითარებას და რაც მეტი კავშირები აქვს სფეროს, სადაც მიდის პირველადი ინვესტიციები, მით უფრო სწრაფად იზრდება მთლიანად ეკონომიკა. თუმცა ჩინეთი, კ. ხოლცის აზრით, შორსაა ამ მოსაზრებისგან. თუ ღია ეკონომიკებში ინვესტიციების გადამანაწილებელის როლს ბაზარი ასრულებს, აქ ის ეკუთვნის სახელმწიფოს, რომელიც საკუთარი წარმოდგენებისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე მოქმედებს. კ. ხოლცი აღნიშნავს, რომ ჩინეთის ბევრ პროვინციაში ინვესტიციის საუკეთესო წყარო კვების მრეწველობა და ხის გადამუშავება იყო, მაგრამ ისინი ხელისუფლების პრიორიტეტების რიცხვში არ შედიან. დაგეგმარებული ეკონომიკის წყალობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას უკვე რეფორმების დასაწყისში ჰქონდა ფართო ინდუსტრიალური ბაზა ყველა სექტორში. ამგვარად სექტორებში ინვესტიციების დაბალანსებულმა მიმართვამ გამოიწვია დიდი რაოდენობით ისეთი საწარმოების წარმოშობა, რომლებიც მოგების მისაღებად შესაძლებლობებს ეძებენ და არა ქმნიან. ბევრი საწარმო ამ შესაძლებლობებს ვერ პოულობს. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ჩინეთის ტერიტორიაზე 156 აუშენებელი მსხვილი საწარმოო ობიექტია, რომელთა კორპუსები ქვეყნის რუკაზე ეგრეთწოდებულ “დაჟანგულ სარტყელს” ქმნის. სახელმწიფო დაგეგმარება წარმოებას ყველაზე აუცილებელს ართმევდა, კერძოდ, 2004 წელს ჩინეთის ტერიტორიაზე არსებული ფაბრიკების მესამედი ელექტროენერგიის გარეშე იყო. პრობლემებით მუშა საწარმოებიც ამძიმებენ ქვეყნის ეკონომიკას. 2006 წელს განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა, რომ 11 სექტორში ადგილი აქვს გადაჭარბებულ წარმოებას. ზედმეტი საქონლის არსებობა იწვევს ამ საქონელზე ფასების შემცირების აუცილებლობას და ზოგჯერ ეს ფასები თვითღირებულებაზე ნაკლებია, წარმოების მოგება კი მცირდება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ეკონომიკაში არსებულ დისპროპორციასთან ერთად სოციალური პრობლემებიცაა. ფარული უმუშევრობის გათვალისწინებით, დღეისათვის 250 მლნ შრომისუნარიანი ჩინელი მუდმივი სამუშაო ადგილის გარეშეა. ეს უდიდესი ციფრი საზოგადოებაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზეც აისახება.
ჩინეთი პრაქტიკულად დასავლეთ და აღმოსავლეთ პროვინციებად იყოფა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის დასახლებებში ცხოვრობს და იქ ერთ სამუშაო ადგილზე რამდენიმე პრეტენდენტია. ვერც მუდმივი სამუშაო ადგილი და სტაბილური ხელფასი ეხმარება ჩინელებს მატერიალური პრობლემების გადაწყვეტაში: სამუშაო ადგილებისათვის არსებული მაღალი კონკურენციის გამო შრომის ანაზღაურება უკიდურესად დაბალია.
ეს პოლიტიკის – “ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი” შედეგია: შობადობის შეზღუდვამ მოსახლეობის დაბერება გამოიწვია. ჩინეთში სოციალური უზრუნველყოფის სისტემა პრაქტიკულად არ მუშაობს, ამიტომ ძირითადად დეპრესიულ რაიონებში, მკვეთრად გაიზარდა სოციალური დატვირთვა მომუშავეებზე – იზრდება პენსიონერების რიცხვი, რომლებიც მათ ხარჯზე ცხოვრობენ. გარდა ამისა, დასაქმებულ ჩინელს, როგორც წესი, უწევს არა მარტო თავის ოჯახის, არამედ ცოლის ოჯახისა და სხვა ნათესავების რჩენაც. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე სოციალური დაძაბულობის მოხსნა ხდებოდა სახელმწიფო პოლიტიკის ხარჯზე, რომელიც მოსახლეობას უკეთეს ცხოვრებას პირდებოდა. ამ დაპირებას საფუძვლად რეალური ეკონომიკური მიღწევები ედო. თუმცა ფაქტია, რომ სისტემური პრობლემების დაძლევა ვერ მოხერხდა, ამიტომ ეკონომიკის მნიშვნელოვანმა შეფერხებამ შესაძლებელია ეს პრობლემები კვლავ წინა პლანზე წამოწიოს.
მუხრუჭი მშიშრების მოგონილია
სოციალური პრობლემები ჩინეთის ხელისუფლებას იმის გახსენებას აიძულებს, რომ ეკონომიკის გადახურება მის მკვერთ ვარდნაზე არანაკლებ საშიშია. ამიტომ მათ “მკურნალობა” ყურადღებით უნდა შეარჩიონ: ერთის მხრივ, ეს ეფექტური უნდა იყოს, მეორეს მხრივ კი, თვითონ ავადმყოფობაზე უარესი არ უნდა აღმოჩნდეს.
აუცილებელია ინვესტირების ტემპების მკვეთრი შემცირება შედარებით გადახურებულ სექტორებში. ექსპერტების აზრით, ჭარბი საინვესტიციო ბუმის უარყოფითი შედეგების გამოსწორებას საშუალოდ შვიდი წელი დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4-5 საპროცენტო პუნქტით შემცირდება. ამ რეკომენდაციას ჩინეთის ხელისუფლება დიდი ხანია ახორციელებს კარგად გამოცდილი ადმინისტრირების მეთოდით. კერძოდ, 2006 წელს ხელისუფლებამ სპილენძის წარმოებაში ინვესტირების პირობები გაამკაცრა. ექსპერტების აზრით, ეს არც ისე წარმატებული მეთოდია ინვესტიციების რეგულირებისათვის, რამდენადაც ჩინეთის საფინანსო სისტემა არ არის განვითარებული.
ასეთი რეგულირების მეორე უარყოფითი მხარე მის მოუქნელობაშია. პროვინციები და სამინისტროები ჩივიან, რომ საკრედიტო კონტროლი ინვესტიციების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა და ნეგატიურად მოქმედებს როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. კიდევ უფრო არაეფექტურია ინფლაციასთან ბრძოლის ადმინისტრაციული მეთოდები, ძირითადად “სოციალურად მგრძნობიარე” პროდუქტებზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ენერგომატარებლებზე ფასების გაყინვასა და პირველადი მოხმარების საქონელზე საბაზრო ინტერვენციების განხორციელებაზე. თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე შიშობს, რომ პეკინის ოლიმპიადამდე, რომელიც ამა წლის აგვისტოში ჩატარდება, ინფლაცია სწრაფი ტემპებით გაიზრდება. შეზღუდულია ასევე საბაზრო მეთოდები. 2007 წელს ჩინეთის ბანკმა 6-ჯერ გაზარდა სააღრიცხვო განაკვეთი და 10-ჯერ მისცა ბანკებს განკარგულება სარეზერვო გადარიცხვების გაზრდის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები კარგად მუშაობს, სასურველი შედეგების მისაღწევად საკმარისი არ არის. საბანკო მოთხოვნები რეზერვების მოცულობაზე 2007 წლის დეკემბერში ისტორიულ მაქსიმუმს – 14,5%-ს შეადგენდა, ხოლო სააღრიცხვო განაკვეთების გაზრდა უკვე შეუძლებელია იმ დროს როცა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები ამცირებენ მათ.
ზოგიერთი სექტორის გაგრილებისა და ზოგიერთის სტიმულირებისათვის უკანასკნელი ზომები მიმდინარე წლის იანვარში შემოიღეს. 1 იანვრიდან გაუქმდა ბუნებრივი რესურსებისა და ენერგომატარებლების ექსპორტიორებისათვის გადასახადების დაბრუნება, ხოლო სხვა ექსპორტიორებისათვის გადასახადები შემცირდა. ამასთან შემოღებულ იქნა ყველა საწარმოსათვის ერთიანი საგადასახადო განაკვეთი – მოგების 26%. მანამდე ადგილობრივი საწარმოსთვის საგადასახადო განაკვეთი მოგების 15% იყო, ხოლო უცხოური ბიზნესისთვის – 33%. მაგრამ უცხოური ინვესტიციები, ისევე როგორც ძირითად ფონდებში ინვესტირება, კვლავ იზრდება. ძირითად ფონდებში განხორციელებულმა ინვესტიციების მოცულობამ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს, რადგან საჭიროა იმის ცოდნა, თუ რომელ სექტორში მიდის ეს ინვესტიციები. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ჭარბი ინვესტიციისა და წარმოების პრობლემა უკვე გადაჭრილია და ეს მოხდა არა მხოლოდ ადმინისტრაციული ზომების გამოყენებით, არამედ შიდა მოთხოვნის ზრდით.
ექსპერტები ასევე თვლიან, რომ ჩინეთს ეკონომიკის გლობალური შენელება ან ფინანსური კრიზისი არ ემუქრება. დღეისათვის ჩინეთის ეკონომიკა წლიურად 9-10%-ით მხოლოდ შიდა წყაროების ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის, არამედ იმას, რომ ეს პრობლემები კონცენტრირებულია გარკვეულ სექტორებში, რომლებიც დაკავშირებულია ძველ ინდუსტრიალურ ეკონომიკასთან. ჭარბი წარმოება და ინვესტიცია დღეს ჩინეთში მძიმე მრეწველობისთვისაა დამახასიათებელი (ალუმინის სფერო, ლითონის წარმოება). ეს სფეროები შესაძლებელია გლობალურმა კრიზისმა დააზარალოს, ამიტომ კარგი იქნება თუ მძიმე მრეწველობის ზოგიერთი კომპანია გავა ბიზნესიდან. საქმე ისაა, რომ ზუსტად ეს სფეროები წარმოადგენს ჩინეთის მთავარ პრობლემას. ისინი შთანთქავენ ენერგორესურსებს, ნედლეულსა და ინვესტიციებს და არც ისე ბევრ სამუშაო ადგილს ქმნიან.
ჩინეთი განთქმულია როგორც ფართო მოხმარების საქონლის, ანუ, მსუბუქი მრეწველობის საქონლის ექსპორტიორი, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა სურათია. 2007 წელს ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის პროფიციტი 262 მლრდ დოლარი იყო, მაგრამ თუ მას გამოვაკლებთ მანქანებისა და მეტალის ექსპორტს, პროფიციტი 119 მლრდ დოლარამდე შემცირდება. გამოდის, რომ ინდუსტრიული სექტორიდან აქცენტის გადატანა მომსახურების სექტორზე, რომელიც შედარებით ნაკლებ ინვესტიციას, მნიშვნელოვნად მეტ სამუშაო ხელს მოითხოვს და ძირითადად ორიენტირებულია შიდა მოხმარებაზე, ჩინეთისთვის იდეალური თუ არა ძალიან პერსპექტიული რეცეპტია. ის არა მარტო ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებულებას, არამედ ჭარბ საექსპორტო ამონაგებსაც შეამცირებს.