მოგზაურობა სინამდვილედ ქცეულ ზღაპრის სამყაროში

მარიამ ბალანჩივაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი

ბუნებამ უხვად დააჯილდოვა დედამიწა გასაოცარი პეიზაჟებით, მცენარეთა და ცხოველთა უსასრულო სამყაროთი და წიაღისეული სიმდიდრეებით. მაგრამ ისეთი ადგილები, როგორიც სათაფლიაა, განსაკუთრებული და იშვიათია.

აქაური თვალწარმტაცი პეიზაჟი, იშვიათ მცენარეთა ცოცხალი კოლექცია, ჯადოსნური მიწისქვეშა სასახლე-გამოქვაბულები და ისტორიული ურჩხულების ნაკვალევი, ანდამატივით იზიდავს მნახველს და ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს, 2007 წლის მონაცემებით1 სათაფლია ტურისტული სიმრავლით საქართველოში პირველ ადგილზე იყო, დამთვალიერებელთა რიცხვმა 11900 შეადგინა, შემდგომ პერიოდში ტურისტთა რაოდენობის ზრდა შეუქცევადი პროცესი გახდა და 2009 წელს სტუმართა რიცხვი 65000 გაუტოლდა, თუმცა იგი კვლავაც ჩამორჩება 80-იან წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს, რომელიც 80 000-დან 100 000-მდე მერყეობდა.2
არსებობს ტურიზმის სხვადასხვა სახე: სათავგადასავლო, სამკურნალო-რეკრეაციული, ესთეტიკური, დასვენებითი, პროფესიული, ნოსტალგიური. სათაფლიას შეუძლია კომპლექსურად შეითავსოს თითოეული მათგანის ფუნქცია, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, იგი სათავგადასავლო ტურიზმის კერად განიხილება. რეკრეაციულ ფუნქციად მიიჩნევა მღვიმის სამკურნალო თვისებები, რომელიც მაღალ შედეგებს იძლევა ბრონქიალური ასთმის, ჰიპერტონიის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობაში, ესთეტიკური – ნაკრძალის ყოვლისმომცველ სილამაზეს უკავშირდება. პროფესიული მიზნების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობები ექმნებათ სპელეოლოგებს, პალეონტოლოგებს, ფლორისტებს და ექიმებს.
სათაფლიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ყველაზე განვითარებული ფორმები კულტურული და არქეოლოგიური ტურებია. ასევე, ხორციელდება სამანქანო-სათავგადასავლო ტურები საირმისა და ზეკარის უღელტეხილების მიმართულებით. თავად სათაფლიას საკმარისზე მეტი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ მოეწყოს სპელეოლოგიური ტურები. ნაკრძალის ტერიტორიაზე სავსებით შესაძლებელია საცხენოსნო, ფოტო, ვიდეო, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების ჩატარება, ნაკრძალის მიმდებარე კოლორიტულ იმერულ სოფლებში კი, ეთნოგრაფიული და ღვინის ტურების ორგანიზება.

ტურიზმის განვითარებაზე შემდეგი ფაქტორები ახდენენ გავლენას:

1) ტურისტთა უსაფრთხოების ხარისხი;
2) რეკლამა;
3) ინფორმაციული უზრუნველყოფა;
4) საგზაო ინფრასტრუქტურა;
5) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;
6) გეოგრაფიული მდებარეობა3.
განვიხილოთ თითოეული მათგანი სათაფლიის მაგალითზე. ინფორმაციით უზრუნველყოფა ნამდვილად მნიშვნელოვანია, მით უფრო, მაშინ, როცა არათუ სათაფლიას, ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ ნაკლებად იცნობენ. ამიტომაც, სათაფლიას უნდა ჰქონდეს თავისი ინტერნეტ მისამართი, სადაც განთავსდება, როგორც ფოტო მასალა, ასევე წერილობითი აღწერა. მრავალ საინფორმაციო წყაროებში ვხვდებით უცხოელ ტურისტთა ჩანაწერებს, რომლითაც მოგზაურობის მოყვარულთ მათებურად Hონეყ მოუნტაინ-ის მონახულებას ურჩევენ, ამგვარი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ვინაიდან, ზრდის უცხოელ ტურისტთა რიცხვს, ამავე მიმართულებით დადებითი ეფექტის მომცემია რეჟისორ პან ვარავსკის დოკუმენტური ფილმიც, რომელშიც მსოფლიოს ღირსეშანიშნავ ძეგლებთან ერთად, სათაფლიაცაა წარმოჩენილი.
როგორც რეკლამირების, ისე ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს ტურისტული ცნობარების, ბროშურების, პოსტერების გამოცემა და სხვა ფორსირებული მარკენტიგული მეთოდების გამოყენება.
ტურიზმის განვითარებაზე უშუალო ზეგავლენას ახდენს საგზაო ინფრასტრუქტურა, ამ მხრივ, სათაფლიას პრობლემა ნამდვილად არ აქვს, ვინაიდან, 2009 წელს კეთილმოიწყო ნაკრძალთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც წყალტუბო-ქუთაისის მაგისტრალს უერთდება. რაც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, დამთვალიერებლებს შეუძლიათ იმგზავრონ სამარშრუტო ტაქსით #4, რომელიც წყალტუბოსა და ქუთაისს შორის მოძრაობს და #45-ით, რომელიც ქუთაისს უშუალოდ სათაფლიის ნაკრძალთან აკავშირებს, ფასიც ხელმისაწვდომია და 80 თეთრს შეადგენს. მგზავრობის ხანგრძლივობა 25 წუთია.
სათაფლიის დიდ ტურისტულ უპირატესობად შეიძლება განვიხილოთ მისი ძალზედ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი აქედან სულ რაღაც 7 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ხოლო 10 კილომეტრის მოშორებით ქალაქ-კურორტი წყალტუბოა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა დამსვენებელთა სიმრავლით, სამკურნალოდ ჩამოსულნი კი, სათაფლიის ინტენსიური მნახველები ხდებოდნენ, ტენდენცია, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, უნდა აღვინიშნოთ, რომ მრავალმხრივ საინტერესო ნაკრძალი ქართული კულტურისა და არქეოლოგიური ძეგლებითაა გარშემორტყმული. სათაფლიასთან ახლოს ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში განადგურებული ვანის ანტიკური ნაქალაქარი მდებარეობს. ვანი ძალიან მდიდარი არქეოლოგიური ძეგლია, გალავნისა და კარიბჭის ნაშთებით, საკულტო შენობა-ნაგებობების ნანგრევებით. იქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს სახელმწიფოს ოქროს ფონდის ნამდვილი მშვენებაა.
ნაკრძალისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს ქრისტიანული კულტურის ისეთი ცნობილი ძეგლები, როგორებიცაა მეცხრე საუკუნის უბისის ეკლესია, მეთორმეტე საუკუნის გელათის სამონასტრო კომპლექსი, მეათე საუკუნის მოწამეთას ეკლესია და მეთერთმეტე საუკუნის ბაგრატის ტაძრის ნანგრევები. ეს უკანასკნელი გელათის არქიტექტურულ ძეგლთან ერთად “იუნესკოს” მიერ არის დაცული. აქვეა ანტიკურ ქალაქ როდოპოლისის ნანგრევებზე აშენებული დაბა ვარციხე და მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ქართველ მეფეთა გეგუთის ზამთრის სანადირო სასახლე, თავად სათაფლიის ნაკრძალი მოიცავს მრავალ ლამაზ კარსტულ გამოქვაბულს, მათ შორისაა სიდიდითა და მშვენიერებით გამორჩეული “წყალტუბო”, აღნიშვნის ღირსია “ნავენახევი” და “თეთრი მღვიმე”. დამთვარიელებლები შეიძლება ესტუმრონ აჯამეთის ნაკრძალს, კურორტ საირმეს. არჩევანი ნამდვილად დიდია და საინტერესო. შესაძლებელია ერთიანი ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა, რომელშიც ეს ღირსშესანიშნავი ძეგლები გაერთიანდებიან.
ტურისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კლიმატსა და სამზარეულოს. სათაფლიის ნოტიო სუბტროპიკულ ჰავას წუნს ვერ დასდებენ და მით უფრო, საქვეყნოდ განთქმულ იმერულ სამზარეულოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტუმარ-მასპინძლობას, აქაც გაგვიმართლა, იმერულ სტუმარ-მასპინძლობაზე ლეგენდები დადის. უცხოელი ტურისტებისთვის საინტერესო იქნება ქართული სამზარეულოს გაცნობა და ჩვენი კერძების დაგემოვნება. ამ მხარისთვის დამახასიათებელი საკვებია: იმერული ყველი, ხაჭაპური, მჭადი, ლობიო, მრავალფეროვანი ფხალეული, ფელამუში. რაც შეეხება ღვინოს, იმერეთში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი და ევროპული ტიპის ღვინოები ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ალადასტურის, ალექსანდროულის და სხვა იშვიათი ჯიშებისგან. იმერული წესით დაყენებული ღვინო ევროპულისგან განსხვავებით, მსუბუქია და არომატული. სტუმრის ღვინოზე დაპატიჟება აქ პატივად მიიჩნევა.
სოფელ ბანოჯაში ვიზიტორები ქართულ ტრადიციებს ეზიარებიან, მოინახულებენ სოფლის კულტურულ ძეგლებს, ეკლესიებს, რომელთაგან უძველესი მეხუთე საუკუნით თარიღდება. ნაციხარის გორაზე კი, რომელიც ძველად გვარის სალოცავ წმინდა ადგილს წარმოადგენდა, შესაძლებელია არქეოლოგიური ტურების მოწყობა.
ქართული პროფესიული მუსიკის ფუძემდებლის, პირველი ქართული ოპერისა და რომანსის ავტორის, კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის სახლ-მუზეუმის დაარსებით, გაიზრდება, როგორც ტურისტული მარშუტი, ასევე დამთვალიერებელთა რაოდენობაც. სახლ-მუზეუმში შეიძლება არქეოლოგიური გათხრების დროს ბანოჯაში მოპოვებული მასალების გამოფენაც, ისინი ენეოლითის ხანით თარიღდება.B”ბანოჯა” აუღებელ ციხეს ნიშნავს, საინტერესო იქნება ამ ციხის დათვალიერებაც, მით უფრო მაშინ, როცა ირგვლივ რაღაც განსაკუთრებული, ნაზი კოლორიტია გამეფებული, ისეთი, როგორსაც საქართველოს ვერც ერთ კუთხეში ვერ შეხვდებით, მარადიული მყინვარებით დაფარული მთების სილამაზე აქ ზღვისპირეთის ნარნარ პეიზაჟთანაა შერწყმული. სოფელში საკმაოდ დიდი პოტენციალია აგროტურიზმის განვითარებისთვის. აქ ოდითგანვე განვითარებული იყო მეურნეობის ისეთ დარგები, როგორიცაა: მევენახეობა, მიწათმოქმედება, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეხილეობა და მეკირეობა.
ტურისტებს სჭირდებათ ისეთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როგორიცაა კვება და ძილი. სათაფლიაზე ტურისტული სასტუმროები ამჟამად მშენებლობის პროცესშია. საოჯახო სასტუმროების ქსელი კი, კარგად არის განვითარებული მახლობელ ქუთაისში, სადაც წინასწარი დაჯავშნით უზრუნველყოფილია კვება და კომფორტული ღამის გასათევი. სტუმრებს ემსახურებიან ტურ-ოპერატორები: “ბაგრატი1003” და “გალანტტრეველი”.
სათაფლიის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმით, სათაფლიის კეთილმოწყობისთვის შვიდი მილიონი დოლარი გამოიყო.
გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ობიექტების მშენებლობა:
1) ავტოსადგომი;
2) პარკის ცენტრალური შესასვლელი;
3) ვიზიტორთა მოსაცდელი;
4) ვიზიტორთა ცენტრი;
5) დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობა;
6) იურიული პერიოდის პარკი;
7) კოლხურ ტყეში სასეირნო ბილიკები და საპიკნიკე ადგილები;
8) მღვიმის შესასვლელი და გამოსასვლელი შლუზები;
9) მღვიმის სავალი ბილიკების რეაბილიტაცია;
10) მღვიმის მხატვრული განათება და აკუსტიკური გაფორმება;
11) საგამოფენო დარბაზი;
12) საკონფერენციო დარბაზი 50 ადგილზე;
13) კაფეტერია;
14) სწრაფი კვების ობიექტი 120 ადგილზე დახურული ადგილებითა და საზაფხულო ტერასებით;
15) საბავშვო ატრაქციონები;
16) ადმინისტრაციული ბლოკის სასტუმრო 16 ადგილაზე.
პროექტის დასრულება 2010 წლის ბოლოსთვის იგეგმება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურა დამთვალიერებელთაა რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის, ვინ შეიძლება გულგრილი დარჩეს ადგილის მიმართ, რომელიც დინოზავრის ნაკვალევთა სიმრავლით პირველ ადგილზეა მსოფლიოში და ერთადერთია სამყაროში, სადაც როგორც მტაცებელ, ისე ბალახისმჭამელ დინოზავრს ერთად აღუბეჭდავს თავისი კვალი, მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ სათაფლიაზე ტურიზმი განვითარდება, ეს დადებითად აისახება დასაქმების დონეზე, რეგიონში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაფართოვდება საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების ქსელი, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება ქვეყნის ბიუჯეტისთვის. სათაფლიაზე ტურიზმის განვითარება საქართველოს ეკონომიკას ნათელ კვალს დაატყობს, რომელიც ისეთივე წარუშლელი იქნება ვით ნაფეხური დინოზავრების.

გამოყენებული ვებ. გვერდები:
www.apa.gov.ge
www.imereti.ge