საბერძნეთი ტორტმანებს და მსოფლიოს გარშემო დაძაბულობის საშიშროებაა
მოამზადა ნინო არველაძემ Assosiated Press-ისა და ჟურნალ “ექსპერტის” მასალებზე დაყრდნობით
საბერძნეთის დავალიანების პრობლემის გამწვავების ახალი ფაზა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ სახიფათო გარემოს ქმნის. იწყება საუბრები პოტენციურ გლობალურ ინფექციაზე, რომელიც ძალიან ჰგავს 2008 წელს საინვესტიციო ბანკის Lehman Brothers-ის კოლაფსის დროინდელ სიტუაციას, რომელმაც აშშ-ში 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე ფინანსური კრიზისი გამოიწვია და ღრმა გლობალურ დეპრესიაში გადაიზარდა.
საბერძნეთის ეკონომიკა ძალიან პატარაა, მაგრამ საფრთხე და მსოფლიო პანიკა გადამდებია”, აცხადებს Standard & Poor”s-ის მთავარი ეკონომისტი, დევიდ უაისი:
“თუ ხალხს საბერძნეთის დეფოლტის შეეშინდება, მაშინ მათ პორტუგალიისა და სხვა ქვეყნების დეფოლტიც შეაშინებთ. ერთხელ პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ყველაფერს პანიკურად შეხედავს. ჩვენ ეს Lehman Brothers-ის მაგალითზე ვნახეთ”.
ბაზრები მსოფლიო მასშტაბით, საბერძნეთის დავალიანების პრობლემამ და ევროპიდან წამოსულმა ცუდი ამბების ტალღამ აამღვრია, რომელიც პორტუგალიისა და ესპანეთის დავალიანებების შესახებ სიახლეებით გაგრძელდა.
აზიაში, რეგიონის მთავრობების საკრედიტო ღირებულებების თაობაზე აღელვების მნიშვნელოვანი ნიშნები ჯერჯერობით არ სჩანს, მაგრამ დიდი ეკონომიკები, როგორებიცაა ჩინეთი და იაპონია კვლავ საფრთხის წინაშე დგანან. ევროპა ორივე მათგანისათვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია და მათი მწარმოებლები მომავალში კონტინენტზე უფრო მეტი მოცულობის საქონლის გაგზავნას აპირებენ. ჩინეთი და იაპონია სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვალებში უმსხვილესი ინვესტორების რიგებს მიეკუთვნებიან, განსაკუთრებულია აშშ, რომელსაც ასობით მილიარდი დოლარი ეხება.
ამასობაში, რეგიონის ზოგიერთ გამსესხებელს უკვე აღიზიანებს ევროპის პრობლემებით ფინანსური სისტემის შერყევის რისკის ფაქტი, რაც ბანკების სესხების მიღებას დააბრკოლებს და მომხმარებლებისათვის გასასესხებელი ფონდის გაძლიერებას გაართულებს. ასევე, ღელავენ, რომ ევროპის პრობლემებმა შესაძლებელია დაარწმუნოს ჩინეთი შეაყოვნოს ხელოვნურად გაიაფებული ვალუტის შეფასება, რაც აშშ-სა და სხვა სავაჭრო პარტნიორებთან დაძაბულობას აძლიერებს.
IHS Global Insight-ის მთავარი ეკონომისტის, ნარიმან ბეჰრავეშის პროგნოზით, გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება საერთაშორისო სავალუტო ფონდი – სესხის გაცემის მსოფლიოს უკანასკნელი კურორტი და სხვა ევროპული ქვეყნები იძულებულნი იქნებიან მოიფიქრონ გადარჩენის პროგრამა, რომლითაც ფინანსურ ბაზრებსა და ხელმძღვანელობებს პრობლემის გავრცელების შეზღუდვის აუცილებლობაში დაარწმუნებენ.
ეკონომისტების აზრით, საბანკო კრიზისის გაგრძელებას ხშირად დავალიანების კრიზისი მოსდევს, რადგან საბანკო სისტემის მხარდასაჭერად მთავრობები თანხებს დიდი ხარისხით სესხულობენ, მათი ვალების მდგომარეობა კი მწვავდება.
აშშ-ში სახელმწიფო დავალიანებამ 2007 წელს მთლიანი ეკონომიკის 36% შეადგინა, რაც კრიზისის აფეთქებამდე მოხდა, წელს კი, იგივე მაჩვენებელი 64%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი 1951 წლის შემგეგ არ დაფიქსირებულა, მაშინ ქვეყანა ჯერ კიდევ II მსოფლიო ომისდროინდელ ვალებს იხდიდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა განვითარებადი ქვეყნის ვალების ზრდის ტემპი ბოლო 60 წლის განმავლობაში უსწრაფესია.
აშშ-ის მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს მისი დავალიანების მაჩვენებელი მთლიანი ეკონომიკის 77%-ს მიუახლოვდება. შედარებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთის დავალიანება მშპ-ის 100%-ს აჭარბებს.
“ბერძნების პრობლემა წინა პლანზე სწევს უფრო ფართო გლობალურ პრობლემას””, აცხადებს მარკ ზანდი, Moody-ის მთავარი ეკონომისტი. “მთავრობებმა, ფინანსური პანიკისა და დიდი რეცესიის დასრულების მიზნით მარაგები გამოიყენეს, მაგრამ ახლა მათ უნდა გამოითვალონ, თუ როგორ უნდა გადაიხადონ””. ეკონომისტი დასძენს, რომ აშშ-ს, საბერძნეთისგან განსხვავებით მის სასარგებლოდ ერთი რამ გააჩნია: კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, რომელსაც შეუძლია სოლიდური ზრდა მთავრობის შემოსავლების გასაზრდელად. საბერძნეთი ნამდვილად არ არის იაპონია, რომელიც მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკაა. მისი უდიდესი ვალების მიუხედავად, ქვეყანას კრიზისი მაინც არ ემუქრება.
ვალების 90%-ზე მეტი ქვეყნის შიგნით არის ჩადებული, ამიტომ ქვეყანა კაპიტალის გადინების დაბალ რისკს განიცდის და აღსანიშნავია დაბალი საპროცენტო განაკვეთები. უფრო მეტიც, იაპონია საზღვარგარეთული რეზერვის კუთხით მეორე ქვეყანაა და მუდმივად აფიქსირებს მიმდინარე ანგარიშის ნამატს. საბერძნეთის დუღილმა ინვესტორებს იაპონიის მთავრობისკენ მიბრუნება უბიძგა, რომელიც ინვესტორებს უსაფრთხო სამოთხედ ეჩვენებათ.
“იაპონიის ვალების მთის აფეთქების შესახებ მტკიცებები მთელი დეკადის განმავლობაში მუდმივად გაისმოდა””, აცხადებს რიჩარდ ჯერემი, აზიელი ეკონომისტი, მაგრამ მომავალი სხვას ამზადებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იუკიო ჰატოიამა აცხადებს, რომ მთავრობა 44 ტრილიონ იენის (473 მლრდ დოლარი) ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს მიმდინარე ფისკალურ წელიწადში. Fitch Ratings-ი იაპონიას აფრთხილებს, რომ ქვეყნის საკრედიტო მოცულობა შესაძლებელია გაუარესებისკენ წავიდეს, თუ ტოკიო მის გაყინულ ვალებს არ მიხედავს, რომელმაც უკვე მშპ-ის 201%-ს მიაღწია 2009 წელს. დეფლაციამ, ზრდის ნელმა ტემპმა და გაუარესებულმა კერძო დანაზოგებმა შესაძლებელია ეტაპობრივად ძირი გამოუთხარონ იაპონიის მიერ საკუთარი ფონდების შევსებას.
აზიის დანარჩენი ნაწილი ფინანსურად რთული პერიოდის ნაბიჯების ხმას ისმენს. 1990-იან წლებში რეგიონი ურთულესი პრობლემების წინაშე იდგა და საკუთარი ფინანსური კრიზისი გამოსცადა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო სანქცირებული, აცხადებს Societe Generale-ის მთავარი ეკონომისტი, გლენ მაგუაირი.
ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, მისი ვალები მშპ-ის დაახლოებით 20%-ს შეადგენს, მაგრამ ანალიტიკოსი, ტომ ორლიკი აცხადებს, რომ ეს ციფრი დასახელებულს ბევრად აღემატება. დამატებით, ადგილობრივი სამთავრობო ვალები და მთავრობის კუთვნილებაში მყოფ ბანკებში დაუბრუნებელი სესხების მოცულობა მშპ-ის 50%-ს მიუხლოვდა. “ციფრი მთავრობის მიერ გავრცელებულს ბევრად აღემატება და ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩინეთის დავალიანება საგანგაშო არ არის””, აცხადებს ორლიკი.
ევროპულმა დუღილმა შესაძლებელია პეკინი აიძულოს გადადოს მისი ვალუტის შეფასების პრობლემა. ჩინეთმა იუანის გაცვლითი კურსი 2008 წლიდან ამერიკულ დოლარს მიაბა, რათა ხელი შეეწყო ექსპორტიორებისათვის შეენარჩუნებინათ კონკურენტუნარიანობა სუსტი მსოფლიო მოთხოვნის პირობებში. ვაშინგტონი და სხვა ქვეყნები ჩივიან, რომ ამ გზით იუანი ხელოვნურად გაიაფდა, რაც ჩინეთის ექსპორტიორებს საშუალებას აძლევს უპირატესობა უსამართლო ფასებით მოიპოვონ და ამ გზით მათი სავაჭრო ნამატის მოცულობა გაზარდონ.
“მთავრობის რეაქციაა ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს იაფი ვალუტა. სანამ აზია ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს საბერძნეთისა და ევროპის დავალიანების პრობლემებით გამოწვეული სირთულეები, მას მაინც არ გააჩნია იმუნიტეტი პანიკაზე. აზიის საფონდო ბაზარი მაისის დასაწყისში პრობლემებს წააწყდა, როდესაც ევროპისა და აშშ-ის წილი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ANZ Banking Group Ltd-ის მთავარი აღმასრულებელი, ავსტრალიელი გამსესხებელი აზიაში, მომავლის შიშით გაფრთხილებას იძლევა, რომ ევროპის სამთავრობო დავალიანების კრიზისმა შესაძლებელია ბანკების კრედიტებისადმი ხელმისაწვდომობა დააბრკოლოს. “მე ჯერ კიდევ შეშფოთებული ვარ გლობალური ეკონომიკის გამო””, აცხადებს სმიტი, “ევროპა დომხალია””.
ექსპერტთა მოსაზრებები
ეს “კრიზისი”” – როგორც ბევრი ადრეული კრიზისი – ნაწარმოებია. წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ სესხი, მაგალითად იპოთეკური. ერთ დღეს ბანკი “ჩამოგაფასებთ”” და თქვენი საპროცენტო განაკვეთი 5%-დან 10-12-18%-მდე იზრდება ერთ ღამეში. თქვენი აზრით, შეგექმნებათ სესხის დაფარვის პრობლემა?
ამრიგად, ხარბმა კორპორატიულმა ინტერესმა ე.წ “კრიზისი””აწარმოა იმ მიზნით, რომ შემდეგ ნარჩენებით ექეიფა. ნარჩენები წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც ისინი აიძულებენ მთავრობას დაიწყოს აუქციონების სერია, სადაც აქტივები კაპიკებად იყიდება. დამატებითი ნარჩენები წარმოიქმნება, როდესაც ისინი ცდილობენ “ბაზრის”” “რეფორმის”” გატარებას, რომელიც ეყრდნობა კორპორატიულ კოდექსს, მოახდინონ ყველაფრის პრივატიზაცია მოგებისათვის, გვერდი აუარონ რეგულაციებსა და ხელფასებს და ამ გზით წავიდნენ წინ.
კორპრატიული ინტერესი გვკარნახობს, რომ დასაქმებული უკიდურესად სასოწარკვეთილი უნდა იყოს – ასე, იაფი მუშახელისათვის ექსპლოატაციის გაწევა უფრო იოლია. როგორ აღწევენ ისინი დასაქმებულების სასოწარკვეთას? პირველი, ზრდიან საპენსიო ასაკს და იწყებენ პენსიების გადავადებას დევიზით, ჩვენ არ გვსურს თანამშრომლები, რადგან ასე თავს დაცულად ვერ ვგრძნობთ. ყველაფრის შემდეგ ჩვენ უოლმარტზე მინიმუმი ხელფასით ვის დავიქირავებთ თუ ასაკოვანი თანამშრომლები დაცულნი იქნებიან? არა! შემდეგ გვერდს უვლიან მათ ხელფასებს და ყველაფერი იდეალურადაა, რადგან დაიწყება ინფლაცია და თანამშრომლის დანაზოგი გაუფასურდება, ის იძულებულია დაბადებიდან სიკვდილამდე იმუშაოს და საჩივლელად დრო აღარ რჩება.
დიდ როლს თამაშობს კიდევ ერთი მომენტი: კორპორატიული ინტერესებს უფრო მეტი “რეფორმა”” სურთ (ურო ბევრი იახტა, მულტი-მილიონევროანი ბონუსი, ოფშორის საგადასახადო სამოთხე). ეს ხარბი კორპორატიული ინტერესები საბერძნეთის პენსიების გაუქმებისა და მათი ბონუსების ზრდისაკენ მიილტვიან.
მათ ბევრი ქვეყნის “რეფორმა”” მოახდინეს – ამას გლობალიზაცია ეწოდება. შეხედეთ, რა ხელსაყრელია ის აშშ-სათვის – ჩვენი ხელფასები მცირდება, ამოწურულია საშუალო კლასის სამუშაო ადგილები დაბალხელფასიან ქვეყნებში და ახლა ძირითადი მომსახურების პრივატიზაციას ვახდენთ.
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნული მოსაზრებები გაზვიადებულია, თქვენ უფრო შორს უნდა გაიხედოთ, ვიდრე მსხვილ ფინასურ ინსტიტუტებში აღმასრულებლებისათვის ბონუსების გადახდაა.
პოლიტიკური თამაშები უდიდეს როლს ასრულებენ და პოლიტიკოსები კაპიტალს ემსახურებიან. მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი უარყოფენ თურქეთის ევროპის კავშირში გაწევრიანებას. თურქეთსა და საბერძნეთს საზღვართან დაკავშირებით საუკუნეების განმავლობაში პრობლემები აქვთ. ამ გზით, საბერძნეთი იძულებულია თავდაცვის მოწყობილობაზე მისი ბიუჯეტის 30% დახარჯოს.
ფაქტია, რომ კრისის დროს, გერმანია გერმანული წარმოების ვერტმფრენებსა და წყალქვეშა გემებს ჰყიდის.
კრიზისი ნამდვილად წარმოებულია. სქელი საფულეები ეკონომიკებიდან ყველაზე სუსტებს არჩევს და მათზე შეტევებს იწყებს.
ევროპა გაკოტრების ზღვარზე
ევროპელმა პარტნიორებმა საბერძნეთისათვის უზარმაზარი თანხები გაიღეს, ამ გზით, ისინი ევროზონის კრიზისის ახალი ტალღისგან გადარჩენას ცდილობენ. მაგრამ შესაძლებელია უფრო რადიკალური ზომების მიღების საჭიროება დღის წესრიგში დადგეს.
ჯერ კიდევ აპრილში, ათენელებს 45 მლრდ ევროს მოცულობის დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ თანხის მიწოდების დაგვიანებამ ის გამოიწვია, რომ საბერძნეთის საშველად საჭირო თანხის მოცულობა 110 მლრდ ევრომდე გაიზრდა. სწორედ ამ თანხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმდნენ ბრიუსელის დამატებით სამიტზე ევროპის კავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სხვათა შორის, არც ეს გიგანტური თანხაა საკმარისი. პარტნიორები ელოდნენ, რომ გამოყოფილი 110 მლრდ ევრო დეფოლტის რისკს შეამცირებდა და ბაზრებს დააწყნარებდა, მაგრამ ბაზრების რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო. ევროზონის სხვა პერიფერიულ სახელმწიფოებში (ირლანდია, პორტუგალია და ესპანეთი) სახელმწიფო ობლიგაციების სპრედები გაიზარდა, საფონდო კოტირებები კი, მთელს მსოფლიოში, ჰონგ-კონგიდან ნიუ იორკამდე შემცირდა. ევროს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 14-თვიან მინიმუმს მიუახლოვდა, ბაზრებზე გავრცელდა ხმები, რომ საბერძნეთის ფინანსური პრობლემები მასშტაბური ზარალის მხოლოდ დასაწყისია.
აღნიშნული აღელვება თვით საბერძნეთის რეაქციამ გაამძაფრა. მკვეთრმა რეფორმებმა, რომლებიც სახელმწიფოს ახალი კრედიტების სანაცვლოდ უნდა გაეტარებინა, საბერძნეთის მოქალაქეების ბობოქარი რეაქცია გამოიწვია, რაც 48-საათიან გაფიცვაში გამოიხატა და ბერძნებმა ქუჩას მიაშურეს. ქვეყანაში შეწყდა ფრენა და სარკინიგზო მიმოსვლა, გაითიშა სატელევიზიო მაუწყებლობა. 50 000 ათენელი მანიფესტანტის რისხვა “კაპიტალიზმის სიმბოლოებს”” დაატყდა თავს, დაიწყეს ბანკების დარბევა, საქმე სისხლისღვრამდეც კი მივიდა – ბანკებზე შეტევისას დაიღუბა ბანკის სამი თანამშრომელი.
რთული წარმოსადგენია რა მოელის ევროპას, თუ სხვა პრობლემურ ქვეყნებშიც – პორტუგალია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, ყველაფერი ანალოგიური სცენარით განვითარდება. ფაქტია, რომ 110 მლრდ ევრო ინვესტორების დასამშვიდებლად საკმარისი თანხა არ არის და ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ დავალიანების კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ევროპის კავშირს სხვა დაზარალებულების დასახმარებლად სახსრები უბრალოდ არ ეყოფა. პოლიტიკურ შედეგებს კი სიტუაციის კონტროლიდან გამოყვანა შეუძლიათ.
ფული შეკვეცის სანაცვლოდ
ევროზონის სხვა სახელმწიფოებისგან საბერძნეთმა 80 მლრდ ევრო წლიური 5%-ით მიიღო, 30 მლრდ ევროს კი, მას საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოუყოფს. პირველი 30 მლრდ ევრო ბერძნებმა მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა მიიღონ, მთლიანი პაკეტი კი, მომდევნო სამ წელიწადზეა გათვლილი. ფაქტიურად, ეს იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთს შეუძლია არ მიმართოს კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებს ორი წლის განმავლობაში, რაც ამცირებს მის დამოკიდებულებას მოვაჭრეებსა და ფსონების არაპროგნოზირებად ზრდაზე.
2010-2012 წლების საბერძნეთის მთლიანი საჭიროება 160 მლრდ ევროს შეადგენს, ამიტომ, ათენის დეფოლტის რისკი მინიმუმ საშუალოვადიან პერსპექტივაში შემცირებულია.
მაგრამ, ასეთი ხელგაშლილი დახმარება მკაცრი პირობებით არის გამოხატული. “მოქალაქეებისგან საჭირო იქნება დიდი მსხვერპლი. იძულებულნი ვართ მივიღოთ ზომები, რომლებიც სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებსა და პენსიონრებს შეეხებათ””, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გეორგის პაპანდრეიმ.
საბერძნეთს ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, უახლოეს სამ წელიწადში დანახარჯების 30 მლრდ ევროთი შემცირება (მშპ-ის დაახლოებით 12,5%) მოუწევს. 2009 წელს საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 13,6% შეადგინა, შეთანხმების პირობების თანახმად, 2014 წელს მაჩვენებელმა 3%-მდე უნდა დაიწიოს (მაასტრიხტის კრიტერიუმთან მაქსიმალურად მიახლოებული). უკვე მიმდინარე წელს დანახარჯების შემცირება მშპ-ის 9,5%-ის ექვივალენტური უნდა ყოფილიყო.
ბერძენი სახელმწიფო მოხელეები 13-ე და 14-ე ხელფასებს ვეღარ მიიღებენ, ხელფასის მოცულობა კი სამი წლით გაიყინება. 20%-ით შემცირდება სოციალური გარანტიები. გეგმაში, ასევე, განხილულია საპენსიო სისტემის რეფორმა: პენსიაზე გასვლის საშუალო ასაკი 53-დან 67 წლამდე გაიზრდება. პენსიის მოცულობა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწევს. საბერძნეთს აქტიური პრივატიზაცია ელის, მათ შორის მოექცევა ბევრი სახელმწიფო კორპორაცია, მათი აქციების განთავსდება საფონდო ბირჟებზე, სახელმწიფო ქონების გაიყიდვა და ლიზინგით გაცემა. ქვეყანაში კიდევ ერთხელ გაიზრდება გადასახადები: დღგ-ის გადასახადი 21%-დან 23%-მდე გაიზრდება, 10%-ით გაიზრდება ფასი საწვავზე, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელზე, ასევე, გადასახადები გაიზრდება უძრავ ქონებასა და აზარტულ თამაშებზე.
“ეს სახელმწიფო დანახარჯების ძალიან აგრესიული შემცირებაა. თუ საბერძნეთის მთავრობის პროგრამას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ის ძალიან ჰგავს გასულ წელს ირალნდიაში წარმატებით განვითარებულ მდგომარეობას. შესაძლებელია კი, საბერძნეთში ფისკალური კონსოლიდაციის განმეორება? ჯერჯერობით, ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის გამო, პასუხი უცნობია””, აცხადებს ელგა ბარტში, საინვესტიციო ბანკის Morgan Stanley-ის ეკონომისტი.
სხვათა შორის, საბერძნეთს სხვა გამოსავალი არც ჰქონდა. მიმდინარე წლის ერთადერთი ალტერნატივა – დეფოლტი, ქვეყანას მაინც მიიყვანდა სახელმწიფო დანახარჯების შემცირების გადაწყვეტილებამდე.
მოახლოებული სცენარის თავიდან აცილება
“საბერძნეთის ევროზონელი პარტნიორები უშედეგოდ იხდიან ძალიან მაღალ ფასს. საბერძნეთის კრიზისი სასწრაფო გადაწყვეტილებას მოითხოვდა იანვარ-თებერვალში, მაგრამ ევროპელები აჭიანურებდნენ, იმედოვნებდნენ, რომ საბერძნეთში მომხდარის შედეგები ევროს დაფარვის ზონის სხვა ქვეყნებს არ შეეხებოდა. აპრილის ბოლოს ცხადი გახდა, რომ საბერძნეთის დეფოლტმა შესაძლებელია დომინოს ეფექტი გამოიწვიოს. რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნები არიან პორტუგალია, ესპანეთი, ირლანდია და იტალიაც კი””, განაცხადა ჟაკ კეილომ, საინვესტიციო ბანკისRBS ეკონომისტმა.
ამიტომ ახლა, ევროს დაფარვის ზონის ქვეყნების მთავრობები იძულებულნი არიან საბერძნეთს გიგანტური სახსრები გამოუყონ. მათ ისიც კი იციან, რომ გამოყოფილი კრედიტების ნაწილი არ დაბრუნდება. ბევრ შემთხვევაში, ეს სწორედ იმ ევროპული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება, რომელთა ბანკებიც საბერძნეთის მთავრობისა და მისი კომერციული ბანკების ფასიან ქაღალდებს ფლობენ.
გასული წლის ბოლოს ევროპის ბანკები (უპირველესად გერმანიისა და საფრანგეთის ბანკები) საბერძნეთის 193 მლრდ დოლარის ობლიგაციებს ფლობდნენ, 1 ტრლ დოლრზე მეტს პორტუგალიის, ირლანდიისა და ესპანეთისას. კიდევ უფრო მეტია იტალიური დავალიანება – მხოლოდ საფრანგეთისადმი დავალიანება იტალიური ბანკებისა და მთავრობის კუთხით, 511 მლრდ დოლარს უტოლდება, რაც ფრანგული მშპ-ის 1/5-ს შეადგენს.
სწორედ ამიტომ, საბერძნეთმა, თუმცა, მასზე ევროზონის მშპ-ის მხოლოდ 2,6% მოდის, შესაძლებელია ერთიანი ევროპული ვალუტის მთელი პროექტის სიმყარე დაარღვიოს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრიზისი საბერძნეთში “ევროპის Bear Stearns”” გახდა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფინანსური სისტემის ჩარჩოების მიხედვით, მომცრო საინვესტიციო ბანკის კრახმა აშშ-ში მასშტაბური კრიზისი გამოიწვია და მთელს მსოფლიოს მოედო.
თუ საბერძნეთი Bear Streams-ია, შესაძლებელია პორტუგალია Lehman Brothers-ად განვიხილოთ, ესპანეთი კი AIG-ად, ასეთ პარალელებს ავლებენ ანალიტიკოსები. კიდევ ერთ პოპულარულ შედარებას წარმოადგენს 1997-1998 წლების აზიის ფინანსური კრიზისი, რომელიც ტაილანდში ლოკალური კრიზისით დაიწყო, მაგრამ სხვა ეკონომიკებზე ძალიან სწრაფად გავრცელდა, თავდაპირველად აზიაში, შემდეგ კი, მთელი მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებს მოედო, მათ შორის, რუსეთს, ბრაზილიასა და არგენტინას.
აპრილის მიწურულს საბერძნეთის, პორტუგალიის, ირლანდიისა და ესპანეთის სახელმწიფო დავალიანების მომსახურების ღირებულებამ მკვეთრად აიწია. ბრიუსელის გეგმის შესახებ განცხადებიდან 3 დღის შემდეგ, ბერძნული სახელმწიფო ობლიგაციების 10-წლიანი შემოსავალი 10,58%-მდე გაიზარდა, პორტუგალიის 6,16%-მდე, ირლანდიის 5,57%-მდე, ესპანეთის კი, 4,24%-მდე (სახელმწიფო ობლიგაციების მომსახურების ღირებულებამ გერმანიაში 2,87%-ს მიაღწია). სარეიტინგო სააგენტოებმა კვლავ დასწიეს ევროზონის პერიფერიული ქვეყნების სუვერენული რეიტინგები. ბაზრებზე გავრცელდა ხმები, რომ ზოგიერთი ბერძნული, ესპანური და პორტუგალიური ბანკები სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან ბანკთაშორის ბაზრებზე ლიკვიდურობის მიღების კუთხით. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, ხოსე ლუის საპატერო იძულებული გახდა ოფიციალურად უარეყო ესპანეთის მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ესპანეთისთვის 280 მლრდ დოლარის გამოყოფის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები. ესპანეთი – ევროპის ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა, ძველებურად კვლავ რეცესიაშია და უზარმაზარი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს კოლაფსის შემდეგ, რომელიც უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორისათვის იაფი კრედიტების გაცემის გამო დაიწყო. ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ჟან-კლოდ ტრიშე იძულებული გახდა ევროზონაში ბანკების ლიკვიდობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით აქტიური ზომები მიეღო.
“სასწორზე არც მეტი, არც ნაკლები, თვით ევროპის მომავალი დევს, მასთან ერთად კი, გერმანიის მომავალი ევროპაში””, განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგისთვის თხოვნით მიმართვისას, მხარი დაეჭირათ საბერძნეთის გადარჩენის გეგმისათვის, რომლის შესაბამისადაც, გერმანელებს 22,4 მლრდ ევროს გაღება მოუწევთ, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი თანხაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ რეინში ადგილობრივი 9 მაისის არჩევნებზე მის მიერ მართულ კოალიციას სერიოზული პოლიტიკური დანაკარგები ელოდა.
ექვემდებარება ჩამოწერას
ყურადსაღებია, რომ მერკელმა პოლიტიკურ საზოგადოებასაც მოუწოდა მექანიზმის შემუშავებისკენ, რომელიც ევროზონის ქვეყნების გაბანკროტებისას წესრიგს უზრუნველჰყოფს. “კრიზისთან ბრძოლის სანაცვლოდ, ჩვენ გვმართებს მისი მომავალში განვრცობა შევაჩეროთ”, განაცხადა ბირგიტ ჰომბურგერმა გერმანიის მმართველი კოალიციის პარტნიორი ფრაქციის თავმჯდომარემ. საქმე ეხება ვალების რესტრუქტურიზაციის ისეთი პროცედურების შექმნას, რომელიც ისეთი დიდი სახსრების გაღებას არ მოითხოვს, როგორც ეს საბერძნეთის შემთხვევაში ხდება.
ანალიტიკოსები აღწევენ კონსენსუსს, რომ ახლანდელი ზომების მიღების პაკეტი ლიკვიდურობის პრობლემას წყვეტს, მაგრამ არ წყვეტს გადაუხდელობის პრობლემას. “დახმარების პაკეტის მიუხედავად, საბერძნეთის სახელმწიფო დავალიანება კვლავ გაიზრდება და ამჯერად უკვე ასტრონომიულ თანხას გაუტოლდება. სავსებით შესაძლებელია, ჩვენ ბერძნული ტრაგედიის მხოლოდ პირველი აქტის დასასრულის მომსწრეები ვიყოთ და ანტრაქტის შემდეგ მეორე აქტი დაიწყოს””, – განაცხადა ბენ მეიმ”,კაპიტალ ეკონომისტის””ეკონომისტმა.
ცხადია, ეკონომიკური ვარდნა უახლოეს წლებში გაგრძელდება. S&P-ის შეფასებით, ოპტიმისტური სცენარითაც კი, 2009 წლის მშპ-ის მონაცემების დონის მიღწევა მხოლოდ 2017 წელს იქნება შესაძლებელი. სახელმწიფო დავალიანება აბსოლუტური სიდიდით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროზონაში პარტნიორმა ქვეყნებმა დაფინანსება მხოლოდ წლიური 5%-ით გამოჰყვეს.
შესაძლებელია 2013 წელს საბერძნეთის სახელმწიფო დავალიანებამ მშპ-ის 150% შეადგინოს. მაასტრიხტის კრიტერიუმების თანახმად, სახელმწიფო დავალიანება მშპ-ის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
“მსგავსი ვალის მომსახურებისათვის, საბერძნეთის ეკონომიკა 7,5% უნდა გაიზარდოს და მთელი ეს ზრდა დავალიანების დაფარვას უნდა მოხმარდეს. ცხადია, ეს გათვლა რეალობასთან ახლოს არ არის. ვალების რესტრუქტურიზაციის საჭიროება აუცილებლად დადგება, მასში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ვალების სერიოზული ნაწილის ჩამოწერა””, აცხადებს IHS Global Insight-ის უფროსი ეკონომისტი, დიეგო ისკარო. ანალიტიკოსები და ეკონომისტები მხოლოდ ერთ საკითხზე დავობენ: რა მასშტაბურობის იქნება ვალების ჩამოწერა 40%, 60% თუ უფრო მეტი?
“საბერძნეთის ფინანსური დახმარების პაკეტისადმი ბაზრების უარყოფითი რეაქცია მხოლოდ კიდევ ერთხელ აძლიერებს შეხედულებას, რომ ტრადიციული ფინანსური დახმრება არასაბაზრო ფსონების პროცენტებით ვერ წყვეტს გადახდისუნარიანობის პრობლემას. ასეთი სახის დახმარება მხოლოდ გავრეცელებულ პანიკასა და არეულობას თუ უშველის, ისიც დროებით. საბერძნეთისთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა ვალების რესტრუქტურიზაცია, მაგალითად ობლიგაციების მოქმედების ვადის გაგრძელება””, განაცხადა ამერიკელმა ეკონომისტმა, ჰურიელ რუბინმა, რომელმაც თავის დროზე 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა.
საბერძნეთის მთავრობამ მაისის დასაწყისში ლონდონის საინვესტიციო ბანკის Lazard-ის მრჩეველი დაიქირავა ვალების შესაძლო რესტრუქტურიზაციის გამო, მაგრამ კატეგორიული უარი განაცხადეს მათი ჩამოწერის შესაძლებლობაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეკონომისტთა უმრავლესობის აზრით, ადრე თუ გვიან, საბერძენსა და, შესაძლოა, ევროზონის პერიფერიის სხვა ქვეყნებსაც ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწიოთ. დავალიანების ტვირთის შემცირების შემთხვევაში, ქვეყნები სახელმწიფო ფინანსების მოწესრიგების შანსს მიიღებენ და შეძლებენ გაატარონ აუცილებელი სტრუქტურული რეფორმები საკუთარი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
ნურიელ რუბინმა გერმანიის ევროზონაში “გეგმაზომიერი გაბანკროტების”” მექანიზმის შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა. “თუ წარუმატებელი იქნება მოსალოდნელი ფისკალური კონსოლიდაციის მიღწევა A გეგმის საშუალებით (110 მლრდ ევრო), მაშინ გეგმა B (ვალების რესტრუქტურიზაცია) შესაძლებელია სახსარის გარეშე დარჩეს. ამიტომ, ვალების რესტრუქტურიზაციით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შესარბილებლად უმჯობესია სახელმწიფო სახსრების გამოყენება, ვიდრე მათი ხარჯვა ინვესტორებისათვის ზარალის თავიდან აცილების მიზნით, რადგან ასეთი გზით შეუძლებელია გაექცე იმ მომენტს, როდესაც ვალების რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა დადგება”.
ასეთი მექანიზმი ევროპის კავშირს ნებისმიერ დროს დასჭირდება, რადგან სახელმწიფო დავალიანების მასშტაბები, სოციალური და საპენსიო დავალიანება, რომელიც დაგროვილია ევროპულ ეკონომიკებში, უბრალოდ კოლოსალურ თანხებს აღწევს. როგორც სჩანს, დინამიურად განვითარებადი ქვეყნები იძულებულნი გახდებიან სახელმწიფო ფინანსებს დიდი ყურაღება მიაქციონ, ევროპელებს კი, ქამრების შემოჭერა მოუწევთ.