არშემდგარი რევოლუცია
ალექსანდრა ლალიაშვილი
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს მთავრობა საგადასახადო კოდექსს ძირეულად უკვე მეორედ ცვლის. როგორც რეფორმის ავტორები აცხადებენ, ახალი კოდექსი საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზეა შედგენილი და ბევრ ისეთ სიახლეს მოიცავს, რომელიც ბიზნესისა და წარმოებისათვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის. კერძოდ, სიახლეებს წარმოადგენს საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, ბიზნესის ლეგალიზება და კლასიფიკაცია, ასევე, დაბეგვრის ახალი რეჟიმები და საგადასახადო ტვირთის შემცირება. ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შევა. თუმცა, საკითხვია, რამდენად ძირეულია ეს ცვლილებები და მართლაც ისეთი რევოლუციურია თუ არა ახალი საგადასახდო კოდექსი, როგორც ამას რეფორმის დასაწყისში გვპირდებოდნენ.
პარლამენტმა დაახლოებით 2 თვის წინ ახალი საგადასახადო კოდექსი დაამტკიცა. ამჟამად ფინანსთა სამინისტროში ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების განხილვა მიმდინარეობს. ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი: “კოდექსზე მუშაობა არ დაგვიმთავრებია, დაიწყო ყველაზე საინტერესო მომენტი: მისი დამტკიცების მეორე დღესვე ანაკლიაში ბიზნეს-საზოგადოება და ექსპერტები შევკრიბეთ და შევადგინეთ სამუშაო ჯგუფი ყველა მიმართულებით, რაც პირველი პრეცენდენტი იქნება, როცა ქვენორმატიული აქტების დამუშავება მოხდება ბიზნესმენებთან ერთად – მანამდე არასდროს მომხდარა, რომ მთავრობას ქვენორმატიულ აქტებზე ბიზნესმენებთან ერთად ემუშაოს. ეს იქნება იმის გარანტი, რომ კოდექსის იმპლემენტაცია და ადმინისტრაცია განხორციელდება სწორედ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ბიზნესის ლიბერალიზაცია ჰქვია. ჩვენ ბევრ ქვეყანაში გვინახავს კარგად დაწერილი კოდექსი, მაგრამ როცა საქმე იმპლემენტაციას ეხება, იქ სირთულეები იქმნება. სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ბიზნესთან ინტენსიური მუშაობა გვსურს”.
კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია: “ზოგად შეფასებას რაც შეეხება, ახალი საგადასახადო კოდექსი ძველთან შედარებით ბევრად წინ არის წასული. ამის თქმის რამდენიმე საფუძველი არსებობს. პირველი დადებითი მომენტი არის ის, რომ ბიზნეს-დავებთან დაკავშირებით შეიქმნა ინსტიტუცია, რომელიც მანამდე არ არსებობდა. საუბარია ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტზე. მართალია, ამ ცვლილების შესახებ ახალ კოდექსში ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი არსებობს და დეტალური პროცედურული საკითხები ჯერ არ არის გაწერილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი ინსტიტუტი იარსებებს და ბიზნესს ექნება საშუალება მიაკითხოს ადამიანს, რომლის ადმინისტრაციასაც ევალება მისი ინტერესების დაცვა, ჩემი აზრით, პროგრესულია. ის, თუ როგორ იმუშავებს ეს ინსტიტუცია და რამდენად გაამართლებს ის, დამოკიდებულია ორ რამეზე. პირველი არის ის მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც მომავალში კანონქვემდებარე აქტების სახით უნდა დამტკიცდეს და მეორე, პოლიტიკური ნება – რეალურად სჭირდება თუ არა ხელისუფლებას ბიზნესის ინტერესების დაცვა. აუცილებელია, ერთი მხრივ, საკანონმდებლო მექანიზმები და მეორე მხრივ, პოლიტიკური ნება იმისა, რომ ბიზნესის ინტერესები იქნას დაცული.
მეორე, რაც ჩემი აზრით, კიდევ ერთი დადებითი სიახლეა ახალ კოდექსში არის ის, რომ მთელი რიგი დებულებები უფრო მკაფიოდ გაიწერა. თუმცა, გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში მაინც რჩება რიგი პრობლემები. ეს რაც შეეხება ზოგად შეფასებას, მაგრამ უფრო ღრმა და ამომწურავი ანალიზისთვის მინიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მარტივ კანონქვემდებარე აქტებს მიიღებს ახლა მთავრობა. კოდექსი მაინც პრინციპების დონეზე არსებული დოკუმენტია. მისი რეალური აღსრულების მექანიზმები კი ფინანსთა მინისტრის ბრძანებებითა და მთავრობის დადგენილებებით უნდა იყოს დარეგულირებული”.
ამ მოსაზრებას ბევრი იზიარებს – ფუნდამენტურ პრობლემას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან მიმართებაში მინისტრის ბრძანებებისა და მთავრობის დადგენილებების მიღმა უნდა ვეძიოთ.
მართალია, 2004 წლიდან მოყოლებული დღემდე 21 გადასახადი 6-მდე შემცირდა, მაგრამ გადასახადების შემცირება, კოდექსის გამარტივებას სულაც არ ნიშნავს. გაუგებარი ადმინისტრაციული ნაწილით ფინანსთა სამინისტრო მეწარმეებს უფრო მეტ ფულს ართმევს, ვიდრე ისინი მაღალი გადასახადების შემთხვევაში გადაიხდიდნენ. ექსპერტები მუდმივად აცხადებენ, რომ საგადასახადო კოდექსში უამრავი ბუნდოვანი მუხლია ჩადებული, რომელსაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი ინტერპრეტაციით კითხულობენ. მთავარი ხარვეზები კოდექსის მიღმა, კანონქვემდებარე აქტებსა და ადმინისტრირების ნაწილშია მოსაძებნი. საერთაშორისო სტანდარტებს რომ შევადაროთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მოცულობითაც და საგადასახადო განაკვეთების მიხედვითაც, აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს, მაგრამ, როდესაც საქმე ნორმატიულ აქტებზე მიდგება, ამ შემთხვევაში, საამაყო ბევრი არაფერი გვრჩება. საგადასახადო კოდექსში ათეულობით ადგილას არის მითითებული, რომ ესა თუ ის საკითხი უშუალოდ ფინანსთა მინისიტრის ბრძანებით ან მთავრობის დადგენილებით რეგულირდება. ეს იყო და ისევ რჩება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად. შეგახსენებთ, რომ Pრიცე წატერ ჰოუსე ჩოოპერს-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის, Pაყინგ თახეს 2009-ის მიხედვით, რომელშიც ასახულია გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია მსოფლიოს 181 ქვეყანაში, 109 ქვეყანაში საგადასახადო სისტემა უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში.
ფინანსთა სამინისტრომ კოდექსის 98% ხელახლა დაწერა და ზოგიერთი მსხვილი ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდის ხარჯზე (საგადასახადო ტვირთი გაეზარდა სათამაშო ბიზნესს, სპირტიანი სასმელების (ღვინის გარდა) წარმოებას და ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორ კომპანიებს), შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესს გაუკეთა. 30 ათას ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვის მქონე მიკრობიზნესის წარმომადგენლები (მაგალითად, მესაათეები, ფეხსაცმლის ხელოსნები, გარე მოვაჭრეები) მთლიანად თავისუფლდებიან გადასახადისგან. სანაცვლოდ, ისინი მეწარმე სუბიექტებად უნდა დარეგისტრირდნენ. როგორც მთავრობაში აცხადებენ, ამ ცვლილების მიზანი მიკრო ბიზნესის “გათეთრებაა”.
შერბილებულია მოთხოვნა სალარო აპარატებთან დაკავშირებით. აპარატის გამოუყენებლობის პირველ შემთხვევაზე შემოსავლების სამსახური გაფრთხილებით შემოიფარგლება, მეორე შემთხვევაზე კი, მეწარმეს 500 ლარით დააჯარიმებენ. მოქმედი კოდექსით კი დამრღვევი მეწარმე პირველ შემთხვევაზე 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1500 ლარით ჯარიმდებოდა. ახალი კოდექსის მიხედვით, 12 თვის გასვლის შემდეგ ათვლა ხელახლა იწყება და მეწარმეს დარღვევას თუ აღურიცხავენ, ისევ 500 ლარს გადაახდევინებენ. თუ მეწარმეს ორი კომერციული ობიექტი აქვს და ერთსა და იმავე დღეს ორივეს შემოწმების დროს სალარო აპარატის გამოუყენებლობას აღმოუჩენენ, ერთ დარღვევად ჩაეთვლება და ერთ ჯარიმას გადაიხდის.
რაც შეეხება მიკრო ბიზნესის გადასახადებისაგან სრულიად გათავისუფლების საკითხს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მედალს ორი მხარე აქვს. ის, რომ ქვეყანაში ირღვევა საგადასახადო სივრცის მთლიანობა, ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება უარყოფითი მოვლენა იყოს, მაგრამ ამ ცვლილებას დადებითიც ახლავს. ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია: “ერთ დღეზე რომ გადავიანგარიშოთ 365 დღეზე გაყოფილი 30 000 ლარი დაახლოებით 75 ლარს უდრის. რაც იმას ნიშნავს, რომ საუბარია, იმ ძალიან წვრილ მეწარმეებზე, რომელთაგანაც გადასახადებს ადრეც ვერ იღებდა საგადასახადო ინსპექცია. ესენი არიან ძირითადად ქუჩაში მოვაჭრეები, რომლებიც წვრილმანი საქონლით ვაჭრობდნენ. ახლა უბრალოდ კანონით მოხდა იმის ფორმალიზაცია, რომ ისინი გათავისუფლდნენ გადასახადისგან. ერთი მხრივ, კარგია, რომ ეს ხალხი გათავლისუფლდა გადასახადებისაგან იმიტომ, რომ საუბარია სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ადამიანებს არ ევალებათ საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება. რაც იმას ნიშნავს, რომ ელემენტარულად სტატისტიკა არ იარსებებს საქართველოში არსებული ბრუნვის შესახებ. გარდა ამისა, საქონლის გაყიდვისას მათ არ ექნებათ საბუღალტრო დოკუმენტაცია და სალარო აპარატი, შესაბამისად, ვერ გასცემენ ქვითარს. ამიტომ მყიდველსაც შეექმნება გარკვეული პრობლემები ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით. რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში წვრილი მეწარმეები და მსხვილი და საშუალო მეწარმეები ერთმანეთს გამოეთიშებიან. მცირე მეწარმეები ისევ ივაჭრებენ ერთმანეთთან ან ფიზიკურ პირებთან, რომელთაც არ სჭირდებათ საბუღალტრო დოკუმენტი. მაგრამ მას, ვისაც ეს დოკუმენტი სჭირდება, არ მივა წვრილ მეწარმესთან. ანუ ეს ცვლილება არის კარგი მცირე მეწარმეებისათვის, სოციალურად შეჭირვებული ფენისათვის, ვინაიდან მათ ეხსნებათ დამატებითი ტვირთი და შიში იმისა, რომ მათთან მივა საგადასახადო ინსპექტორი და უცებ 500-ლარიან ან მეტ ჯარიმას დააკისრებს. მაგრამ მეორე მხრივ, აღნიშნული ცვლილება, უარყოფითად აისახება ქვეყანაში სტატისტიკის წარმოების სფეროზე, ასევე, მსხვილ და საშუალო ბიზნესზე”.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომლის შეტანაც იგეგმებოდა ახალ კოდექსში არ განხორციელებულა. საუბარია დღგ-ის გადამხდელთა ზედა ზღვარის ნიშნულზე. ახალ საგადასახადო კოდექსში დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ზედა ზღვარი უცვლელი რჩება და კვლავ 100 ათასი ლარი იქნება, დაპირებული 200 000-ის ნაცვლად. კოდექსის განხილვის დროს დიდი უკმაყოფილება გამოიწვია უძრავი ქონების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხმა. ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, საშემოსავლო გადასახადით დაებეგრა უძრავი ქონების რეალიზაცია, თუ ის პირვანდელ ღირებულებაზე 30 ათასი ლარის ნამატით გაიყიდებოდა და სავაჭრო გარიგება 2-წლიან პერიოდში მოხდებოდა. ეს ცვლილება კი აუცილებლად გამოიწვევდა უძრავი ქონების გაძვირებას. თუმცა, ამ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრომ ექსპერტთა რჩევები ყურად იღო და ეს ცვლილება არ განხორციელებულა. დღგ-ის საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ დაუთმო უმაღლეს სასწავლებლებს, თუმცა დათმობა არ ყოფილა ფიჭური კავშირგაბმულობის, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და იმპორტიორი და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელი კომპანიებისათვის.
ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მცირე ბიზნესისთვის გაწეული შეღავათების ხარჯზე ტვირთი მსხვილ ბიზნესს გაეზარდა. ამ შენიშვნას ვერ დავეთანხმები. შეღავათი საშუალო და მცირე ბიზნესსაც შეეხო. პირველ რიგში, ეს არის საბაჟო და საგადასახადო კოდექსების გაერთიანება. ამ საკითხმა უხმაუროდ ჩაიარა, არადა, ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა. კომპანიას შეუძლია საბაჟოზე წარმოქმნილი ზედმეტობით სხვა გადასახადები გადაფაროს. ამასთან, საბაჟოზე საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის ცალკე დღგ-ის გადასახადი აღარ იარსებებს. თუ კომპანიას 200 ათას ლარზე მაღალი ზღვარი აქვს და სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ის დღგ-ს საზღვარზე აღარ იხდის. ეს არის 3-დან 6 თვემდე უფასო საგადასახადო კრედიტი, რაც კომპანიებს საგრძნობლად დიდ თანხებს უთავისუფლებს” – აცხადებს კახა ბაინდურაშვილი.
დავით ნარმანია იმ ხარვეზების შესახებაც გვესაუბრა, რომელსაც ახალი საგადასახადო კოდექსი მისი წინამორბედისაგან მემკვიდრეობით იღებს. “ძველი კოდექსის ერთ-ერთი ფუნდამენტური ხარვეზი უცვლელია. საუბარია, იმაზე თუ ვის მხარეზეა მტკიცების ტვირთი ფინანსური დავების დროს. ძველი კოდექსით მტკიცების ტვირთი იყო ბიზნესზე. როდესაც საგადასახადო ინსპექტორი შედიოდა კომპანიაში და ჯარიმას უწერდა მას, გადასახადის გადამხდელი იყო ვალდებული ემტკიცებინა თავის უდანაშაულობა. ეს კი, გაუმართავი სასამართლო სისტემისა და ფინანსური დავების განხილვის სისტემის არსებობის პირობებში, ძალიან ხშირად ხდებოდა ბიზნესის ინტერესების შელახვის მიზეზი. ყველა ნორმალურ ქვეყანაში პირიქითაა, თუ ბიზნსემენი არღვევს კანონმდებლობას და საგადასახადო სამსახური აკისრებს მას ჯარიმას, სწორედ საგადასახადო სამსახურს უწევს იმის მტკიცერბა, რომ გადამხდელი არის დამნაშვე და აუცილებელია ჯარიმის თუ სხვა ადმინისტრაციული სახდელის გადახდა” – აცხადებს ნარმანია.
საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შემუშავებაში ჩართული იყო საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაც. 12 ოქტომბერს გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ მთავრობას წარუდგინეს ასზე მეტი შენიშვნა და მოსაზრება, რომელთაგან საბოლოოდ კოდექსში ასახვა ჰპოვა დაახლოებით 60%-მა, ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული შენიშვნების 5% და არ იქნა გათვალისწინებული 35%. ბიზნეს-ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის შეფასებით, “პირველ იანვარს ასამოქმედებელი საგადასახადო კოდექსი შორსაა იდეალურისაგან და მას კიდევ სჭირდება დახვეწა, რაც სამუშაო ფორმატის ფარგლებში განხორციელდება და ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ასევე საქართელოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია”.
ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, სამუშაო ფორმატი წარმატებული აღმოჩნდა და მოხერხდა არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის კოდექსში გათვალისწინება, თუმცა, მთლიანად საგადასახადო კოდექსის შეფასება ჯერ ნაადრევია, რადგან მისი ღირსება და ნაკლი სრულად მხოლოდ ამოქმედებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება.
ახალი საგადასახადო კოდექსის მთავარ პრიორიტეტებად საგადასახადო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება, სტაბილური საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება, ბიზნესის მაქსიმალურად ლეგალიზება, მცირე ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და კანონის ორმაგი ინტერპრეტირების გამორიცხვა სახელდება. თუმცა, ჯერჯერობით, ყველა მოლოდინის რეჟიმშია. ახალი კოდექსის ავ-კარგი უკეთესეად 2011 წლის პირველი იანვრის, ანუ მისი ამოქმედების შემდეგ გამოჩნდება.