ოქროსფერი დღეები
ნინო არველაძე
Dow Jones-ის საფონდო ინდექსთან მიმართებაში ოქროს ფასი ათზე ნაკლებია. თითქმის 1,4 ათასი დოლარი ტროას უნცია 11 ათასი პუნქტის წინააღმდეგ, რაც ღრმა კრიზისის ნიშანია. იგივე 11 ათასი პუნქტი უნციაზე სამას დოლარზე ნაკლების წინააღმდეგ 90-იანების დასასრულს მაქსიმალური ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდა. როდესაც ყველა მომავლისკენ მიისწრაფვის, დანაზოგი არავის სჭირდება და პირიქით, ვის სცალია პერსპექტივებისათვის, როცა მთავარი ადგილი მარაგებს უჭირავს. სწორედ ამაში მდგომარეობს ოქროს ძირითადი ციკლები. ზრდის პიკზე ცენტრალური ბანკები მზად არიან გაყიდონ, დღეს კი ყიდვის მიმართ ყველა კეთილად როდია განწყობილი, მთავარია საიმედო იყოს.
როდესაც 1999-2000 წლებში ხშირად საუბრობდნენ, რომ ოქროსმომპოვებლები ლითონს ზარალზე ჰყიდნენ და მოგებას მხოლოდ ფიუჩერსების თამაშში ფასის დაგდებით იღებდნენ, მეტ-ნაკლებად გასაგები იყო, რომ უნციაზე 250 დოლარი სამხრეთ აფრიკის ძველი საბადოების რენტაბელობის ზღვარზე გადიოდა. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოძრაობა Gold Anti-Trust Action (GATA)-მ ინტერნეტის დახმარებით ყველას მიაწოდა ინფორმაცია ჯერ კიდევ დახურული ლოურენს სამერსის კავშირებზე ოქროს ჭარბ მიწოდებასა და აშშ-ში სამომხმარებლო ინფლაციის შესახებ, ნათელი გახდა, რომ ამერიკის აყვავება დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ოქროს ფასებისა და ბაზრებს შორის კავშირი ნათელია. როდესაც მეწარმეები მომავალი მოგების გამო რისკზე მიდიან და ინვესტორებს ამ პერსპექტივების სჯერათ, ზრდის სპირალი მოქმედებაში მოდის და ოქრო იაფდება. 1929 წლის კრახამდე ტროას უნციის საშუალო წლიური ღირებულება Dow Jones-ის საშუალო წლიურ ინდექსთან მიმართებაში დაახლოებით 15-ს შეადგენდა. XX საუკუნის 60-იანი წლების ეკონომიკური ბუმის დროს 25-ს, ელექტრონული ვაჭრობის პიკისას – 40-ს.
კრიზისების პერიოდებში მაჩვენებელი 3-5 შორის მერყეობს. ერთი სიტყვით, ბიზნესის გაურკვეველი პერსპექტივები ინვესტორებს აიძულებს დაზოგონ და წამსვე ნათელი ხდება, რომ ამისათვის ოქრო საუკეთესო აქტივია. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ოქრომ რეზერვის მთავარი საშუალების მნიშვნელობა დაკარგა. საფინანსო ბაზრები ძალიან განვითარდა და გაღრმავდა იმისათვის, რომ ოქრო ყველასთვის თავშესაფარი ჰავანა გახდეს, მაგრამ ის მსოფლიო ეკონომიკაში კვლავ ინარჩუნებს მთავარი ინდიკატორის ფუნქციას. ოქრო იაფდება – მოძებნე გაწყვეტილი დარგი და იქ გაზარდე კაპიტალი, ოქრო ძვირდება – გაუფრთხილდი დაგროვებულს.
ალბათ არც ღირს ოქროს სტანდარტის დაბრუნებაზე საუბარი. მისი მომხრეები ამბობენ: რა კარგია, როდესაც ფულს “ნამდვილი ღირებულება” აქვს, როდესაც უმიზეზო ბუშტები არ არის. არჩევანისას, თუ რას მივაბათ ფულის “ღირებულება”: ოქროს მადნის წარმოების ციკლს თუ ინოვაციურ ბუშტებს, – ალბათ, უმჯობესი იქნება უკანასკნელი ავირჩიოთ, რადგან ის, რაღაც პროცენტით მაინც აყალიბებს ადამიანის ტალანტსა და მწარმოებლურობაზე დამოკიდებულ რწმენას.
ოქროს სტანდარტი, რა თქმა უნდა, შესანიშნავი სისტემაა, მაგრამ არა ჩვენი დროისათვის. რა უფრო მოგწონთ: ბანკომატი თუ ნეტო ფული. მით უმეტეს, რომ სტანდარტის ღირებულება მაინც საკმაოდ საეჭვო საშუალებით დგინდება. არც ისე კომფორტულია გაიგო, რომ ფული არის და სამუდამოდ იქნება არა სამომხმრებლო ხარისხის მიმდინარე ექვივალენტი, არამედ მისი მფლობელის საინვესტიციო პერსპექტივის შეფასება. სამყარო, სადაც ფულს ნამდვილი ღირებულება ექნება, შესაძლებელია თავდაპირველად მიმზიდველად და მშვიდად მოგვეჩვენოს, მაგრამ ის საკმაოდ მოკლე დროში მოსაბეზრებელი გახდება და ადამიანთა მოდგმა მაინც გადაეშვება შეუზღუდავ “პერსპექტივების რბოლაში”.
ოქროს აღმავლობის დღეები
აშშ-ის ეკონომიკის კიდევ ერთი ემისიის საშუალებით სტიმულირებამ ოქროს ელვარება გაამკვეთრა და ეს ძვირფასი ლითონი კვლავ ღირებულების შენახვის ობიქტად აქცია. თუმცა, ოქროზე ფასების ზრდა შესაძლებელია მხოლოდ ბუშტი აღმოჩნდეს. ოქრო ახალ ნომინალურ რეკორდს მიუახლოვდა. ნიუ იორკის ფიუჩერსების ვაჭრობაში დეკემბრისთვის ტროას უნცია 1388,1 დოლარი ღირდა. წლის დასაწყისში ოქროს ფასმა 26%-ით მოიმატა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კი 57%-ით. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ლითონი განსაკუთრებულად ძვირდება – 1999 წლიდან 430%. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს რეალურ ფასს 1980 წლის სარეკორდო მაჩვენებლითვის არ მიუღწევია (მაშინ ტროას უნცია ახლანდელი ფულით 2,3 ათასი დოლარი ღირდა), მისმა მოგებამ მრავალი სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტისას გადააჭარბა. განვითარებული ქვეყნების საფონდო ბაზრებს ისღა დარჩენიათ შურდეთ.
ოქროს ფასების მორიგი ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიწვია წამყვანი ეკონომიკების ცენტრალური ბანკებისა და მთავრობების გადაწყვეტილებამ, მძვინვარე კრიზისის დროს დავალიანება დაბალ ნიშნულზე შეენარჩუნებინათ. მათ საკუთარი ეკონომიკების სტიმულირებისთვის ტრილიონობით დოლარი დახარჯეს და ამით რეცესიის შემცირებას ცდილობდნენ. ახლა, ოქროს გაძვირება ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკის ფედერალური სრეზერვო სისტემის ბენ ბერნანკეს განცხადებაზე რეაქციაა – აშშ-ის ცენტარული ბანკი აქტივების შესყიდვას განაგრძობს და ეკონომიკაში ფულს უშვებს.
ფედერალური სარეზერვო სისტემის მსგავსმა პოლიტიკამ შესაძლებელია დოლარის გაიაფება და სავალუტო ომი გამოიწვიოს. იაფი დოლარი ინვესტორებს აიძულებს უფრო საიმედო აქტივი ეძებონ, ერთ-ერთი ასეთი კი სხვა არაფერია, თუ არა ოქრო, რომელზეც ფასები ბაზარზე ამერიკულ ვალუტაში დგინდება. საინვესტიციო ბანკები მათ პროგნოზებში ერთი მეორის მიყოლებით ზრდიან ოქროს ფასს უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში.
თუმცა, საიუველირო მრეწველობა ან ელექტროტექნიკური მრეწველობა ოქროზე ფასს უმნიშვნელოდ ზრდის, ამიტომ ცვლილებები ინვესტორების განწყობაზეა დამოკიდებული. დღეს ისინი ხედავენ საიმედო აქტივს, მაგრამ შეიძლება ბედის ბორბალი 80-იანი წლების მსგავსად სხვა მხარეს დატრიალდეს, როდესაც ბაზარზე ოქროს ბუშტი გასკდა და უამრავ ინვესტორს თავზე გიგანტური ზარალი დააფრქვია.
ცვლილების ქარი
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კანადისა და ავსტრალიის ცენტრალური ბანკებიდან დაწყებული, ბელგიისა და შვეიცარიის ცენტრალური ბანკებით დამთავრებული, ყველა აქტიურად ჰყიდდა ოქროს მარაგებს. საუკუნის გასაყარზე გაყიდვების მასშტაბი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ტრეიდერები ცენტრალურ ბანკებს “ახალ მაძიებლებს” ეძახდნენ და XIX საუკუნის ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილ კალიფორნიის ოქროსმომპოვებლებს ადარებდნენ.
ცენტრალური ბანკები რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. 1999 წელს ბრიტანეთის მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა გადაწყვიტა ქვეყნის ოქროს მარაგი ორჯერ შეემცირებინა და 400 ტონაზე მეტი ოქროს ზოდი ტროას უნციაზე 248 დოლარად გაიყიდა.
ოქრო, რომელიც საუკუნის განმავლობაში ღირებულების შესანახ საუკეთესო საშუალებად მოიაზრებოდა, ბრეტონ-ვუდსის ტახტიდან გადადგომის შემდეგ მოდიდან გადავიდა, რადგანაც მოგება ვეღარ მოჰქონდა და უფრო მეტიც, ოქროს ზოდების შენახვა ცენტრალური ბანკებისგან თანხებს ითხოვდა. ამიტომ ცენტრალურმა ბანკებმა არჩიეს რეზერვად სახელმწიფო დავალიანება აეღოთ – თავისი ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობის გარანტი. თუ 80-იანი წლების დასაწყისში ყველა ცენტრალური ბანკის მთლიანი დანაზოგის ნახევარი ოქროზე მოდიოდა, 2000 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 10%-მდე შემცირდა. 1990-2009 წლებში განვითარებული ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 7,5 ათასი ტონა ოქრო გაყიდეს. მხოლოდ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მათ ბაზარზე წელიწადში საშუალოდ 442 ტონა ოქრო გაყიდეს, რაც აღემატება დღეს ყველაზე მსხვილი მწარმოებლის, ჩინეთის საშუალო მოპოვებას.
კრიზისიდან 10 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. “ოცი წლის განმავლობაში ცენტრალური ბანკების ერთადერთი კითხვა იყო, თუ სულ რამდენ ოქროს გაიტანდნენ ისინი ბაზარზე და რამდენად სწრაფად. ახლა ცენტრალური ბანკები ოქროს რეზერვებს ყიდულობენ”, – აცხადებს ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) წარმომადგენელი, ჯორჯ მალინგი. ახლა, ათეული წლის განმავლობაში პირველად, ცენტრალური ბანკები ბაზრის ყველაზე ფრთხილი მონაწილეები არიან და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველაზე ინფორმირებულნი, რადგანაც კრიზისმა მსოფლიო საფინანსო სისტემა შეცვალა.
ოქროს, საუკუნეების განმავლობაში მიკუთვნებული სტატუსი საფინანსო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვის შემდეგ აღუდგა. ეს აქტივი არავისთვისაა პასივი. ოქროს ფასის ზრდამ აჩვენა, რომ ცენტრალური ბანკების მონეტარულმა პოლიტიკამ შეიძლება ქაღალდის ფულის ღირებულების დაკარგვა და ინფლაციის მკვეთრი დაჩქარება გამოიწვიოს, ოქრო (და სხვა ფიზიკური აქტივები) კი, საკუთრების შენარჩუნების მიმზიდველი საშუალებაა. ფაქტია, რომ ორი ათასი წლის წინ მოჭრილი ოქროს მონეტით შესაძლებელია იგივე რაოდენობის და უფრო მეტი პურის შეძენაც კი, რამდენსაც მონეტა მოჭრის დროს შეიძენდა. იგივე სიძველის ქაღალდის ასიგნაციებს კი, საერთოდ არ გააჩნიათ ღირებულება. ფაქტი შესაძლებელია იმით აიხსნას, რომ ადამიანებს ქაღალდის ვალუტის მიმართ რწმენა უქრებათ და აღარ სჯერათ ცენტრალური ბანკების, რომლებიც ინფლაცის შეგნებულად უჭერენ მხარს.
ამ დასკვნას ამტკიცებს ბანკების რეკომენდაციები, რომლების შეძლებულ კლიენტებს ურჩევენ თავისუფალი კაპიტალის 7-10% ოქროში დააბანდონ. ინვესტორებს ქაღალდის ფულისადმი ინტერესი ეკარგებათ. 2010 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მათ ძირითადად ოქროს ფონდებში 81,6 მლრდ დოლარი დააბანდეს – ათჯერ მეტი, ვიდრე სულ რაღაც 5 წლის წინ. ლონდონში, ჟენევაში, ტოკიოსა და ნიუ იორკში გამოჩნდა სპეციალური ავტომატები, რომლებიც მომცრო ოქროს ზოდებით ვაჭრობენ.
როგორც ომში
საშიშროება ოქროს ფასს აძვირებს. ჩიტიგროუპ-ს მიაჩნია, რომ წლის განმავლობაში ლითონის ფასი უნციაზე 1450 დოლარს მიაღწევს, UniCredit-ის ვარაუდით 1500 დოლარს, Goldman Sachs-ის პროგნოზით კი 1650 დოლარს. ძირითად საშიშროებებს შორის ეკონომისტები განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო ვალების მიზეზით შეშფოთებულ ინვესტორებს ასახელებენ, ამ ქვეყნების ვალუტების დევალვაციას (განსაკუთრებით კი დოლარის) და ასევე, მთავარ ბაზრებზე რეცესიის დაბრუნების მოლოდინს.
ინვესტორებს სჯერათ, რომ აშშ-მ და ასევე, ბრიტანეთმა და ევროზონამ შესაძლოა “რაოდენობრივი ლიბერალიზმის” პოლიტიკას მიმართონ და საკუთარ ეკონომიკებში ფული დეფლაციის პრევენციისათვის გადატუმბონ. რისკს წარმოადგენს ინფლაციის დაჩქარება, რადგან ხელმისაწვდომი იქნება ძალიან ბევრი ფული. ოქრო კი ინფლაციის საწინააღმდეგო დაზღვევაა, მაგრამ მისი გამოყენება დეფლაციის საწინააღმდეგო ბარიერადაც შეიძლება, რადგან ქვეყნები მათი ვალუტის დევალვაციას ექსპორტის ამაღლებისა და ეკონომიკების აღდგენის მიზნით იყენებენ. ოქრო მსოფლიო რეზერვის მესამე ვალუტა გახდა. დანარჩენი ვალუტები საკუთარი თავის გაიაფებას და მათი სავაჭრო პარტნიორების გაძვირებას ცდილობენ.
ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, დომინიკ შტრაუს-კანმა სავალუტო ომის რისკის შესახებ გაფრხილება გააკეთა. სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა მიმართავს ინტერვეციებს სავალუტო ბაზრებზე მათი შიდაეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა გიდუ მანტეგიმ მისი სიტყვები თავის გაფრთხილებაში გაიმეორა და დასძინა, რომ გაცვლითი კურსებით მანიპულირება მსოფლიო საფინანსო სისტემის ახალი კრიზისის საფრთხეს ქმნის. საფინანსო კომპანიის Euro Pacific Capital-ის ეკონომისტი, მაიკლ პენტო აცხადებს, რომ ოქრო ორი ძირითადი ფაქტორის გამო ძვირდება – სავალუტო ომის განვრცობა და გაღრმავება და განვითარებულ ქვეყნებში ემისიით ინფლაციის დაჩქარების პირობების შექმნა, რომელმაც შესაძლებელია გლობალური ხასიათი მიიღოს.
განვითარებული ქვეყნების ვალუტები ღირებულებას კარგავენ. ექსპერტები მიუთითებენ, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში შესაძლებელია დოლარი დამატებით 20%-ით გაიაფდეს. მდგომარეობა გაუარესდება, თუ ევროპული პერიფერია: საბერძნეთი, პორტუგალია და ირლანდია, ახალ სირთულეებს შეეჯახება და ძირს გამოუთხრის ინვეტორების რწმენას ევროსადმი.
ჩინეთი კი, ვაშინგტონისა და ბრიუსელის მოწოდება-ბრძანებების მიუხედავად, იუანის გაცვლითი კურსის შემცირებას განაგრძობს და აცხადებს, რომ იუანის ღირებულების 20%-ით ზრდა ჩინეთში დამყარებულ წესრიგს დაემუქრება, გაკოტრდება ჩინეთის მრავალი ქარხანა და ჩინელები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.
ყველას არ ეყოფა
იუანის კურსის შენარჩუნება პეკინს ოქროს ვალუტის რეზერვების გაფართოებას აიძულებს. 2009 წელს ჩინეთმა ოქროს მარაგი თითქმის გააორმაგა: 1054 ტონა – მსოფლიო მარაგების მიხედვით მეხუთე ადგილი. ოქროს მარაგებს სხვა გარდამავალი და განვითარებადი ქვეყნებიც ზრდიან: ინდოეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, ფილიპინები და ღარიბებიც კი: შრი-ლანკა და ბანგლადეში.
2010 წელს ოქროს სუფთა შესყიდვა მხოლოდ 15 ტონაა. მსხვილი ოფიციალური შესყიდვები, ასობით ტონა 1965 წლიდან არ დარეგისტირებულა, ბრეტონ-ვუდსის სისტემის კოლაფსამდეც კი.
ანალიტიკოსებმა არ იციან გაგრძელდება თუ არა ოქროს მარაგების გაფართოების ახალი ტენდენცია. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ აზიის ცენტრალური ბანკები შესყიდვებს გააგრძელებენ, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ბოლო წლის მოვლენები დროებითი ანომალიაა. პირველი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრიკის ქვეყნებში მარაგებში ოქროს წილი მხოლოდ 5%-ს შეადგენს (ევროპის დიდ ქვეყნებში კი 50%), ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარებადი ქვეყნები ოქროს შესყიდვას მათი მარაგების დივერსიფიკაციისათვის განაგრძობენ.
ბაზარზე შემოთავაზებული ოქროს მოცულობა წელიწადში დაახლოებით 200 მლრდ დოლარს შეადგენს, სავალუტო რეზერვების მოცულობა კი 8,5 ტრლნ დოლარს აჭარბებს. ამიტომ, რეზევებში ოქროს წილის ზრდა ფიზიკური მოცულობის ლიმიტის გამო დროში ძალიან გაიწელება. ჩინეთიც კი, თუ მის ოქროს მარაგს გააორმაგებს ოქროს ვალუტის რეზერვში მათ წილს მხოლოდ რამდენიმე პუნქტით ასწევს. ახლა ჩინეთის 2,5 მლრდ დოლარიანი ოქროსვალუტის მარაგიდან ოქროზე მხოლოდ 1,6% მოდის. ჩინეთი თუ მოინდომებს მსოფლიოში ოქროს მარაგით საშუალო დონეს მიუახლოვდეს – 10,7%, მას შვიდი ათასი ტონა ოქრო დასჭირდება, რაც მსოფლიო მოპოვების სამი წელია. ამიტომ, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი ფასების სპეკულაციური ზრდის თავიდან აცილების მიზნით, მის მარაგს მხოლოდ 100-160 ტონა ოქროთი გაზრდის.
გამოსავლის ძიებაში
მთელ რიგ ქვეყნებში ოქროს ვალუტის მარაგებზე ოქროს ძალიან მაღალი წილი მოდის. პორტუგალიაში 80%-ზე მეტი, ევროზონაში კი საშუალოდ 58%. ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, იდეალური იქნებოდა 15%-იანი წილი, მაგრამ ამ ციფრამდე მარაგის დაყვანას მათ არავინ დანებებს.
მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებამ სავალუტო ომის საშიშროების არსებობის შესახებ ოქროს მიმართ ონვესტორების ინტერესი გააღვივა.
შესაძლებელია კრიზისის დასრულების შემდეგ ევროზონის ცენტრალური ბანკები კვლავ ოქროთი მოვაჭრეებად გადაიქცნენ, ეს მათ საშუალებას მისცემს არსებული ფასებით კარგი მოგება ნახონ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში წააგონ. ოქროს გაყიდვები ბაზარზე ზეწოლას იმ შემთხვევაშიც კი მოხსნის, თუ მოცულობა გასული ათწლეულების მოცულობაზე ნაკლები იქნება.
ტექნიკური ანალიზის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ოქროს დღევანდელი მდგომარეობა ბაზრებზე ბუშტების წარმოქმნის დროს ახსენებთ. 2005 წლიდან ოქროზე ფასების ზრდამ 220% შეადგინა, რაც 1929 წელს საბირჟო კრახის მიჯნაზე აშშ-ში საფონდო ბირჟის ზრდის ექვივალენტურია, ან 1990-იან წლებში იაპონიის Nikkei-ის კოლაფსის დასაწყისის.
შექმნილი მდგომარეობა ანალიტიკოსებს 1979 წელსაც ახსენებს – ეკონომიკური არეულობისა და განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო ვალების ზრდის პერიოდს, როდესაც ოქროს ფასი მიყოლებით 5 წლის განმავკლობაში იზრდებოდა, ერთი წლის მონაკვეთში გაორმაგდა, 1980 წლის შემოდგომაზე პიკს მიაღწია და ჩამოინგრა.
ანალიტიკოსები ზუსტად ვერ ამბობენ, თუ რა სტადიაშია ახლა ოქროს ბუშტი, ამიტომ ინვესტორებს ურჩევენ ეკონომიკური პირობების შეცვლის შემთხვევაში, ამ ბაზრიდან გამოსვლის გეგმა ახსოვდეთ. საშუალოვადიან პერსპექტივაში (2012 წლის შემდეგ) ეკონომიკის ზრდის ტემპის აღდგენის თანხლებით აშშ-სა და ევროპაში საპროცენტო განაკვეთები ზრდას დაიწყებს, რაც ქაღალდის აქტივებს მიმზიდველობას შემატებს, მაგრამ როდის დადგება ეს დრო?
ოქრო საქართველოშიც ძვირდება
მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო პროდუქტები, მათ შორის, ოქრო საქართველოშიც ძვირდება. სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ მყარდება და ევროს მიმართ ეცემა, რაც საერთაშორისო ბაზრის ანარეკლია – აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ევროს მიმართ ეცემა. მსოფლიო ბაზარზე ოქროს არნახული გაძვირება ქართულ საინვესტიციო მონეტებზეც აისახა.
ოქტომბერში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ ოდნავ გამყარდა და ევროს მიმართ დაიწია, რაც კროსს-კურსით გლობალური ბაზრის გავლენაა, ოქროს ფასი გაჯერდა და ოქტომბრის დასაწყისში ცვლილება არ დაფიქსირებულა.