მსოფლიოს ნეოკოლონიალისტური ვნებები 

რედაქციისგან 

მსოფლიოს მასშტაბით დიდმა სახელმწიფოებმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ნადირობა დაიწყეს. საერთაშირისო ორგანიზაციებმა ეს პროცესი ნეოკოლონიალიზმად შეაფასეს. სასურსათო უსაფრთხოების გარდა პროდუქტიული მიწების შეძენა კარგი ბიზნესიცაა. ყველაზე დიდი “მონადირეები” ჩინელები და არაბები გახდნენ. 

               მიმდინარე წლის ზაფხულის მიწურულს ბრაზილიის მთავრობამ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე შეზღდუვა შემოიღო. წლების წინ ასეთის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო: მაშინ უცხოელების არ ეშინოდათ. რა მოხდა? ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაცხადდა, რომ ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ჩინელები ყიდულობდნენ. ჩინელებმა უკვე მოახერხეს თითქმის უფასოდ ეყიდათ ან არენდით აეღოთ ღარიბ აფრიკაში მილიონობით ჰექტარი მიწა და ახლა იქ მეურნეობას ისე აწარმოებენ, როგორც საკუთარ სახლში. ცისქვეშეთში ხომ თითქმის არ დარჩა თავისუფალი მიწა და, რაც მუშავდება ისიც თითქმის გამოფიტულია. თუკი ჩინელებმა გადაწყვიტეს “თავიანთი გამოცდილება” გადაიტანონ ბრაზილიაში, ხომ არ შეეცდებიან ისინი უფრო ახლომდებარე სახელმწიფოებშიც განახორციელონ იგივე? 
               სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიმართ უცხოური ინვესტიციების გაცხოველებულ ინტერესს მსოფლიო ბანკი მიწის გლობალურ ციებ-ცხელებას უწოდებს, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი – ნეოკოლონიზაციას. სამართლიანადაც. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მხოლოდ აფრიკაში 2006 წლიდან დაგეგმილი ან უცხოელ ინვესტორებზე უკვე მიყიდული მიწების საერთო ფართი 50 მილიონი ჰექტარია, ანუ საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში ერთად აღებული ნათესებისა და საძოვრების ექვივალენტური ფართი! თანაც, ამ ციფრში გათვალისწინებულია მხოლოდ ის ტრანზაქციები, რომელიც პრესით გახმოვანდა. არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია Grain-ის გაანგარიშებით, ეს ციფრი გაცილებით მაღალია და უფრო და უფრო იზრდება. მიწების ყველაზე აგრესიული “მიმტაცებლები” არიან: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ყატარი და ქუვეითი. ხოლო სამიზნე ქვეყნებად გვევლინება სუდანი, ეთიოპია, ტანზანია, ინდონეზია და კამბოჯა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს მონაცემებით, რომელიც 2009 წელს გამოქვეყნდა, 2006 წლიდან ინვესტორებმა 50 ქვეყნიდან დადეს 51 გარიგება და შეიძინეს მიწები 25 ქვეყანაში. ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, მთლიანი სურათის დანახვა შეუძლებელია იმის გამო, რომ გარიგებების შესახებ ინფორმაცია ხშირად დახურულია. უცხოელები სავარგულებზე კონტროლს ადგილობრივ შვილობილ კომპანიებზე აფორმებენ და ამიტომ ტრანზაქციები არ რეგისტრირდება, როგორც საზღვარგარეთიდან დაბანდება, მაგრამ ის მონაცემებიც, რომელიც გახსნილია, შთაბეჭდილებას უდავოდ ახდენს. 
               2008 წელს სამხრეთკორეულმა კომპანია Daewoo-მ მოლაპარაკება ჩუმად აწარმოა მაგადასკარის პრეზიდენტ, მარკ რავალუმანთან 99 წლით 1,3 მილიონი ჰექტარი მიწის არენდის შესახებ, რაც ამ ქვეყანაში სავარგულების თითქმის მესამედია, მიზანი – მარცვლეული კულტურების მოყვანა და კორეაში ექსპორტი. მაგადასკარზე დიქტატორი მალე ჩამოაგდეს და ეს ხელშეკრულებაც ახალმა ხელისუფლებამ საზოგადებრიობის დიდი ზეწოლის შედეგად გააუქმა. 
               ამ კაპიტალის ექსპანსიაში დიდ როლს კერძო კორპორაციები და ფონდები თამაშობენ, მათ ტონს აძლევენ სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი კომპანიები. ამ მიმართებაში ყველას არაბებმა და ჩინელებმა აჯობეს. სახელმწიფო ჯიბიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესაძენად ისინი მილიარდობით დოლარს იღებენ. ყოველივე ეს კი, სამიზნე ქვეყნებს განსაკუთრებულად აღიზიანებთ, რადგან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საქმეს მართლაც ნეოკოლონიალიზმის სუნი უდის. ალბათ ამით არის გამოწვეული ბრაზილიის მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომელზედაც სტატიის დასაწყისში მოგახსენებდით. თუმცა, ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ბრაზილიის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პოპულისტური ნაბიჯიც იყო წინასაარჩევნო პერიოდში. 
               “მსოფლიოში დღეს არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 9 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად არის საკმარისი (დღეს გაეროს შეფასებით, პლანეტაზე 6,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს), პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს რესურსი არათანაბრად არის გადანაწილებული”, – აცხადებს შენგენ ფანი, საერთაშორისო სასურსათო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ოფისის (IFPRI) მეთაური. გაეროს მონაცემების თანახმად, 2007 წლის მდგომარეობით, მაგადასკარზე ერთ სულ მოსახლეზე მოდიოდა 2,32 ჰექტარი მიწა, რომელიც მუშავდებოდა ან პოტენციურად შეიძლებოდა მისი დამუშავება, სუდანში – 3,5 ჰექტარი, ბრაზილიაში და რუსეთში – დაახლოებით 1,5 ჰექტარი, ჩინეთში კი ერთ სულ მოსახლეზე მოდიოდა მხოლოდ 0,42 ჰექტარი, მალაიზიასა და ტაილანდში – 0,3 ჰექტარი, ინდოეთში – 0,16 ჰექტარი. გაეროს პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის აზიის განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა 800 მილონ ადამიანით მოიმატებს. თუმცა, უკვე დღეს ამ რეგიონში 600 მილიონი უკვე შიმშილობს. FAO-ს მონაცემებით, 20 წელიწადში სურსათზე მოთხოვნა, როგორც მინიმუმ, 50%-ით მოიმატებს, უმთავრესად აზიის ხარჯზე. ამ რეგიონში ადექვატური მიწოდების უზრუნველყოფა სავარგულების უფრო ინტენსიური ექსპლუატაციის ხარჯზე თითქმის შეუძლებელია სასუქისგან მიწების ზედმეტად გამოფიტვის გამო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსავლიანობა ახლა წლიურად მხოლოდ 1%-ს შეადგენს, როცა 80-იან წლებში 3% იყო. 
               ინდოეთსა და ჩინეთში მიწის ფართობებს თანადათანობით იკავებს მზარდი  ქალაქები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები. თავისუფალი მიწა, რასაკვირველია არის, მაგრამ უმთავრესად ეს რთული ადგილებია, რომელთა ასათვისებლად საჭიროა უზარმაზარი ფული. მათ უცხო მიწაზე სავარგულების ყიდვა უფრო უადვილდებათ, ვიდრე თავიანთი მიწების ათვისება. 
               აფრიკელი გლეხები იმის მცირედის გამორჩენასაც ვერ ახერხებენ მიწისგან, რასაც შეძლებდნენ თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა ჩინეთში არის 5,3 ტონა ჰექტარზე, ხოლო ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ 0,5-1,5 ტონა ჰექტარზე. 
               თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფოები დაიწყებენ თავიანთი აგრარული რესურსების უფრო ეფექტურ ათვისებას, მათი მიწების მიმართ უცხოელთა ინტერესი არ განელდება. იმპორტიორ ქვეყნებს არ სჯერათ სურსათის საერთაშორისო ვაჭრობის გახსნილობისა და საიმედოობის მექანიზმების და შიშობენ, რომ ეს ძლიერ დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. რუსეთში გვალვის მერე ხორბლის ექსოპრტის აკრძალვას სწაფად გამოეხმაურნენ საერთაშორისო ბაზრები და ფასების 30-50%-იანი ზრდა დააფიქსირეს. ხოლო არც ისე დიდი ხნის წინ 2007-2008 წლებში მსოფლიომ სასურსათო კრიზისის სიმწვავე გამოსცადა. 
               საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების თანახმად, სასურსათო ნედლეულის მსოფლიო ფასების ინდექსი 2006 წლის შემოდგომიდან 2008 წლის ზაფხულამდე 70%-ით გაიზარდა. მოკლე მონაკვეთში პლანეტაზე მოშიმშილეთა რიცხვი 100 მილიონი ადამიანით გაიზარდა და 850 მილიონს მიაღწია. 
               თუმცა, მიწების საყიდლად ტრანსნაციონალური ინვესტიცების ზრდის უკან მხოლოდ სასურსათო უსაფრთხოების ინტერესები არ იმალება. ბოლოს და ბოლოს, ეს მომგებიანი ბიზნესიცაა. შედარებით ცივილიზებულ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა შეადგენს 3,2 ტონას ჰექტარზე, მეზობელ ბოსტვანასა და ნამიბიაში მხოლოდ 0,4 ტონა ჰექტარზე.