ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!
რედაქციისგან
საპროტესტო აქციები საქართველოსთვის ნაცნობი თემაა, ვნახოთ, თუ რა აიძულებს ევროპის მოქალაქეს ქუჩებში საპროტესტო აქციის მონაწილედ გამოვიდეს. 2009 წლის იანვრიდან ეკონომისტები მთავრობებს აფრთხილებდნენ, რომ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები ევროკავშირში ქვეყნიდან ქვეყანას გადაედებოდა და მასობრივ ხასიათს მიიღებდა. ეკონომისტთა პროგნოზი გამართლდა.
ოქტომბერში მარსელში სკოლების, მატარებლებისა და საჰაერო ტრანპორტის ფუნქციობა შეჩერდა, საპროტესტო ტალღამ ნაგვის გამტანი მანქანების მუშაობაც კი შეაჩერა.
სარკოზი დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკი 60 წლიდან 62 წლამდე უნდა გაიზარდოს, მალე კანონად იქცეოდა და საფრანგეთის პარლამენტში მას იოლად დაამტკიცებდენ. საფრანგეთის მოქალაქეები კი ქუჩებში ხმაურიანი საპროტესტო აქციებით გამოდიან და ასე ცდილობენ მთავრობას ხმა მიაწვდინონ. პროფკავშირები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საპენსიო გეგმა დასაქმებულებს არასამართლიან ტვირთს აკისრებს და მთავრობას საპირისპირო შინაარსის წინადადებას სთავაზობენ, სადაც ბონუსები და უმაღლესი შემოსავლები საპენსიო სისტემის ფონდის დახმარების მიზნით იბეგრება.
ახალი კანონი ყველას დააჯარიმებს, ვისაც არ შეუძლია სრული 40 ან 41 წელი იმუშაოს სრული პენსიის მისაღებად – მოსახლეობაში კი პროპორციულად ქალები მამაკაცებზე მეტია. მთავრობა კი ამტკიცებს, რომ მის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის გატარება საჭიროა და მისი საშუალებით 2030 წლისთვის 70 მლრდ ევროს დაზოგვა იქნება შესაძლებელი, ეს სწორედ ის დროა, როდესაც საფრანგეთის სახელმწიფო დეფიციტი ევროზონის მიერ დადგენილ ნიშნულს გაუსწრებს. ფრანგ ქალებსა და კაცებს შეეძლოთ 60 წლის ასაკში პენსიაზე გასულიყვნენ, მაგრამ სრული პენსიის მისაღებად მათ მოცემული პერიოდის განმავლობაში – 40,5 წელი – გადახდილი უნდა ჰქონოდათ სოციალური უზრუნველყოფის გადასახადი. ახალი კანონის მიხედვით, დასაქმებულს 41,5 წლის მანძილზე უნდა ჰქონდეს გადახდილი გადასახადები და საპენსიო ასაკი 62 წელი გახდა.
29 სექტემბერს ევროპის დედაქალაქების ქუჩები საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხით გაივსო. ევროპელები მთავრობის ეკონომიკურ ასკეტიზმს აპროტესტებდნენ, პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პოლიტიკა ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესს შეანელებს და ღარიბებს დასჯის.
5000 პროტესტანტზე მეტი ვარშავის ქუჩებში გამოვიდა, ესპანეთის პოფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვის ორგანიზება მოახდინეს, 11 სხვა დედაქალაქში პროფკავშირებმა მოსახლეობას მოუწოდეს, გამოსულიყვნენ ისეთი ზომების წინააღმდეგ, როგორიცაა დანახარჯების შეკვეცა და საპენსიო და სამუშაო ბაზრის რეფორმა. პროფკავშირების ინფორმაციით, ბრიუსელის ქუჩებში 100 000 ადამიანი გამოვიდა, პოლიცია კი ამტკიცებს, რომ მათი რაოდენობა 56 000 იყო, მათგან 218 დააპატიმრეს. ევროპის პოფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია.
პროტესტანტები შავ პიჯაკებში იყვნენ გამოწყობილნი, შავი ნიღბები ეკეთათ, ქოლგა და პორტფელი ეჭირათ, ისინი ასე განასახიერებდნენ ფინანსურ სპეკულატორებს, რომლებიც ევროპის ცხედრის დამკრძალავ პროცესიაში იღებდნენ მონაწილეობას. ევროპის მოსახლეობა მთვარობების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ გააბრაზა, რომლებმაც ბანკების გადასარჩენად უზარმაზარი თანხები გაიღეს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი უმკაცრესი ეკონომიურობა მოსთხოვეს.
ხალხის აღშფოთების მთავარი მიზეზი უსამართლობა გახდა – ბანკებს მილიარდობით ევრო, ხალხს დანახარჯების შემცირება. თუმცა, ეკონომისტები აცხადებდნენ, რომ საპროტესტო ტალღა ვერ შეძლებს მთავრობებს კურსიდან გადახვევა აიძულოს.
ესპანური გაფიცვის შეზღუდული გავლენა
ევროპული სახელმწიფოების მთავრობები აცხადებენ, რომ ისინი ისეთი სახელმწიფო ვალების კრიზისის თავიდან ასაცილებლად, როგორიც მიმდინარე წელს საბერძნეთში იყო, იძულებულნი გახდნენ ეკონომიის უკიდურესი ზომებისთვის მიემართათ, მაგრამ ბევრი დასაქმებული თავს იმ შეცდომების გამო მიიჩნევს დასჯილად, რომლებიც მათ არ ჩაუდენიათ. ბულგარეთიდან ბრიუსელში საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩასული ხალხი აცხადებდა, რომ ზარალდებიან არა მსხვილი ბიზნესის წამომადგენლები, არამედ ჩვეულებრივი, დასაქმებული მოსახლეობა.
გასული თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციები ბევრ ქვეყანაში იმართებოდა. საპროტესტო ტალღამ გადაუარა ბრიუსელს, დუბლინს, ლისაბონს, რომს, რიგას, ვარშავას, ნიკოსიას, ბუქარესტს, პრაღას, ვილნიუსს, ბელგრადსა და ათენს.
ესპანეთის პირველ საყოველთაო გაფიცვას ბოლო რვა წლის განმავლობაში, რომელიც მიმართული იყო სამთავრობო დანახარჯების შეკვეცისა და შრომის კოდექსის გაიოლების წინააღმდეგ, შეზღუდული ეფექტი ჰქონდა. ესპანეთის პროფკავშირები აცხადებდა, რომ 10 მლნ ადამიანზე მეტი, ანუ სამუშაო ძალის ნახევარი გაფიცული იყო, მთავრობა კი აცხადებდა, რომ საჯარო მოხელეების 10% და მადრიდის სატრანსპორტო სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 20% გაიფიცა.
ვარშავაში, პროტესტანტებმა, რომელთა შორის მაღაროსა და ნავსაშენის სექტორში დასაქმებულებიც იყვნენ, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ოფისთან მოიყარეს თავი ლოზუნგით, “არა საბიუჯეტო შემცირებას” და “მივესალმებით სამუშაო ადგილების დაცვასა და ეკონომიკურ ზრდას”.
სლოვენიაში ხელფასის გაყინვის წინააღმდეგ საჯარო მოხელეთა თითქმის ნახევარი გაიფიცა. ევროპის უმუშევრობის მაჩვენებელი სამუშაო ძალის 9,6%-ს შეადგენს, აქედან დაახლოებით 2% ესპანეთზე, ლატვიასა და ესტონეთზე მოდის, პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკიდურესი ეკონომია მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნას დააბრკოლებს.
ფინანსური ბაზრები კი ღელავენ, რომ ირლანდია და პორტუგალია ვალების ტვირთს ვერ გაუძლებენ და ამიტომ მათზე მკაცრ სანქციებს შემოიღებენ, რომლებიც ვალებისა და საბიუჯეტო დეფიციტის კანონებს ანგრევს.
2009 წლის მაისში საპროტესტო აქციები იმართებოდა გერმანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში, მათ მთავრობებზე გაბრაზებული ხალხი საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით საფრანგეთსა და ესპანეთში შეუერთდნენ. უმუშევრობის მზარდი მაჩვენებელი, ბაზრის კრახი და საბანკო სექტორის კრიზისი ევროპელების აღშფოთების მიზეზი გახდა. მოსახლეობას განსაკუთრებულად აღიზიანებს ბანკებისთვის გაღებული მსხვილი სახსრები და თავს არასამართლიან პოზიციაზე მიიჩნევენ, როდესაც მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ბანკებისათვის გაღებული თანხების დაფარვა მათ საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ.
საბერძნეთი
ათასობით გაფიცული საბერძნეთის მოქალაქე მიმდინარე წლის მაისში ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ქვეყნის ვალების კრიზისის დასაძლევად მოთხოვნილ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას აპროტესტებდა, საბერძნეთის სამუშაო ძალის ნახევარი 2,5 მლნ დასაქმებული გაიფიცა, რომელთა სამსახურიდან გათავისუფლებასაც მთავრობა 110 მლრდ ევროიანი დახმარების პაკეტის სანაცვლოდ აპირებდა საბაბით – “ეკალი ვარდისთვის”. მთავრობამ ქვეყნის უზარმაზარი ფისკალური დეფიციტის დასაძლევად გამოაცხადა 4,8 მლრდ ევროიანი სახელფასო შემცირება, პენსიების გაყინვა და გადასახადების ზრდა. გასაკვირი არ არის, რომ ათენის ქუჩები გაფიცული ხალხით აივსო.
პოტრუგალია
მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ პორტუგალიის დეფიციტის შესამცირებლად მკაცრი ეკონომიური ზომები გამოეყენებინათ და პოლიტიკოსებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ხელფასი 5%-ით შეემცირებინათ, მოსახლეობა ქუჩებში გამოიყვენა.
სლოვენია
მთავრობამ გადაწყვიტა შეეზღუდა სტუდენტების მუშაობის უფლება, შეემცირებინა სახელმწიფო სტიპენდიები და სახელმწიფო ხარჯები დიდი საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად, შედეგად, ათასობით სტუდენტი ლუბლიანას ქუჩებში გამოვიდა.
ესპანეთი
მოსახლეობის აღელვება გამოიწვია მთავრობის განცხადებამ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთათვის ხელფასების შემცირების შესახებ და შეთანხმებული საპენსიო პაქტის დარღვევამ.
ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ევროპის ქალაქებში იგივე შინაარსის კიდევ არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ევროპის თითქმის არც ერთ ქვეყანაში გაფიცული მოქალაქეები მთავრობის გადაყენებას და ახალი მთავრობის მოსვლას კი არ ითხოვენ, არამედ მთავრობას მათთვის ხელსაყრელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას თხოვენ.
დასკვნა: ევროპელებმა კარგად იციან, რომ მთავრობების ხშირ ცვლილებას შედეგი არ მოაქვს, შედეგი სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ევროპელები სწორედ ამას ცდილობენ, სახელმწიფოს დაანახონ, რომ ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა, თითოეული ევროპელი მოქალაქის ინტერესებს უნდა იცავდეს და რომ ეკონომიკური მოძრაობა ჩვეულებრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის გარეშე მხოლოდ ხანგრძლივ პერსპექტივაში გაწერილ ეკონომიკურ თეორიად გადაიქცევა.