რა ხდება მსოფლიო ბიზნესში ამ ცხელ ზაფხულს ეკონომიკური პარაზიტიზმი განვითარებაშია
მოამზადა ლინა ეპიშევამ
ივლისში მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
რუსეთის შოუ – “ჰოდორკოვსკის და ლებედევის საქმე” ერთადერთი საინტერესო მოვლენა იყო, დანარჩენი მსოფლიო კი, ამ ზაფხულს მთვლემარე მდგომარეობაში იმყოფება. მას შეიძლება “კუმულაციური” ვუწოდოთ, როცა მსოფლიო ეკონომიკა თანდათან აგროვებს ფეთქებად შიგთავს, რასაც ერთ დღეს ძლიერი აფეთქება მოჰყვება.
დღის წესრიგში კვლავ დადგა თემა – მსოფლიო ჟანდარმერია ამერიკულად. ავღანეთში საშტატო ბაზაზე თავდასხმა გვაგონებს ამ ქვეყანაში “მსოფლიო საზოგადოების” არასაიმედო პერსპექტივებს. ერაყშიც მოვლენების განვითარება ოკუპანტებისთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება: ომის დამთავრების შემდეგ ამერიკულმა და ბრიტანულმა ჯარებმა დაახლოებით 90 ჯარისკაცი დაკარგეს. ამერიკული ჯარი პრობლემების თავიდან ასაცილებლად იძულებული გახდა ერთ-ერთი საკვანძო ქალაქი (ალ-ფალუჯი) დაეტოვებინა. ამერიკელებს ყოველ დღე კლავენ. აშშ-ის მოქალაქეებმა უკვე დაკარგეს ინტერესი ომის მიმართ, მაგრამ მათ ხელისუფლებას ეს არ აწუხებს. აშშ-მ მოთელვისთვის ახალი ობიექტი იპოვა. ეს არც თუ ისე არასერიოზული ქვეყანა ლიბერიაა. როგორც ჩანს, უახლოეს დროს ამერიკა იძულებული გახდება სუსტი სახელმწიფოების “დამშვიდებით” შემოიფრაგლოს, უფრო ძლიერი ქვეყნები მისი საკბილო არ არის.
რაც შეეხება ფინანსურ ბაზრებს, ივლისის განმავლობაში საფონდო ბირჟებზე უსაფუძვლო მკვეთრი ზრდა აღინიშნებოდა: უბრალოდ ბაზრის მონაწილეები შთაგონების ქვეშ იმყოფებოდნენ, მაგრამ კვირის ბოლოს მდგომარეობა გაირკვა. ამის შედეგად, ხუთი დღის განმავლობაში ინდექსები არამდგრადი იყო, რის გამოც ექსპერტები გაოცებულნი დარჩნენ. ტოკიის ბირჟაზე Nikkei 10,000 პუნქტით გაიზარდა, შემდგომ 400 პუნქტით იკლო. Nasdaq-ში მორიგი წლიური მაქსიმუმი აღინიშნებოდა. მაგრამ ბირჟებზე ინდექსების ზრდა ხომ ვაკუუმში არ ხდება. ის ზეგავლენას ახდენს საფონდო ბაზრის ფუნდამენტურ მახასიათებლებზე. საშუალოდ E/P-ის (მოგება და შემოსავალი) კოეფიციენტი S&P-500-ში შემავალ აქციებზე (ე.ი. კორპორაციის ფასის დამოკიდებულება მისი წმინდა მოგების მიმართ) უკვე 35-ს აღემატება. ასეთ მნიშვნელობებს ყოველთვის მოჰყვებოდა ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა. როგორც წესი, ეს მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ ამისთვის მიმდინარე ფასების შესანარჩუნებლად საჭიროა მოგების ორმაგი ზრდა. ექსპერტები სეზონზე მოგების მატებას, საშუალოდ, 5%-ს ელოდებიან. პირველმა ანგარიშებმა ეს პროგნოზი დაადასტურეს: მოგების მაჩვენებელი უცვლელია. ნებისმიერ შემთხვევაში, Atria-ს (ყოფილიPhilip Morris) გაფრთხილებამ, ასევე Yahoo-ს, General Electric-ის და Alcoa-ს ანგარიშებმა და პროგნოზებმა ბაზარი ვერ შთააგონეს. Dow Jones-ის ინდექსში შემავალ აქციათა შორის კოტირების ზრდის ლიდერი Eastman Kodak-ი გახდა. ფოტო-საქონლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია წელს აპირებს პერსონალი ექვსი ათას ადამიანამდე შეამციროს. კომპანიამ წლის მეორე ნახევარში მოგების მოსალოდნელი ვარდნის შესახებ განაცახადა. ამავე დროს ავია ტექნიკის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ “Boeing”-მა 2004 წლისთვის გაყიდვის და მოგების შემცირების პროგნოზი გააკეთა. ის არ გამორიცხავს, რომ ორი წლის მანძილზე ავიაკომპანიების მხრიდან, ავიატექნიკაზე მოთხოვნის ვარდნა უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია. უახლოეს ორ კვირაში აშშ-ის კორპორაციების უმეტესმა ნაწილმა ანგარიში უნდა მოამზადოს, ასე რომ, ჯერჯერობით, დასკვნებს ვერ გამოვიტანთ.
რაც შეეხება რუსეთის საფონდო ბაზარს, იუკოსის და სიბნავთობის გარშემო შექმნილი გაურკვევლობის გამო, ლიკვიდური აქციის უმრავლესობა 1,0-3,8%-ით გაიაფდა. გრძელდება გაყიდვების აქტივიზაცია, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია გენ. პროკურორის მიერ ჯგუფი “მენატეპის” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის წინააღმდეგ ბრალდების წაყენების შესახებ. ლებედევის საქმის თაობაზე ნეგატიურმა ცნობებმა დადებითი ინფორმაცია სააგენტო Moody-ს მიერ რუსეთის საკრედიტო რეიტინგის შესაძლო გაზრდის შესახებ დადებითი ინფორმაცია მთლიანად დაჩრდილა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაზარი არ რეაგირებს არავითარ პოზიტიურ მაკროეკონომიკურ და კორპორაციულ ამბებზე. ინვესტორები თავს იკავებენ რუსეთის აქციებში კაპიტალდაბანდებისაგან.
ყველაზე აქტიურად ბაზარი რეაგირებდა ალან გრინსპანის კონგრესში გამოსვლაზე. საერთოდ, FED-ის ხელმძღვანელი ჰამლეტის მამის აჩრდილის როლში გამოვიდა. მისმა მოულოდნელმა ოპტიმისტურმა გამოსვლამ ძლიერი წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია, მკვეთრი ეკონომიკური ზრდის, დაბალი ინფლაციისა და უმუშევრობის შემცირების პროგნოზმა კი, სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში – დოლარის ზრდა. ამავე დროს ვარდნა განიცადა როგორც საფონდო, ასევე სახაზინო ობლიგაციების ბაზარმა. ნახტომი შტამბეჭდავი იყო: 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში 3,70%-დან 4,10%-მდე გაიზარდა. მსგავსი რამ ბაზარზე 7 წლის განმავლობაში არ მომხდარა, ე.ი. 1996 წლის შემდეგ, როცა ასეთივე ექსცესი ივლისში მოხდა.
საინტერესოა, რომ, როცა ალან გრინსპანი ამერიკული ეკონომიკის პერსპექტივებს ასე ოპტიმისტურად აღწერდა, ის აგრეთვე ჩიოდა “დანარჩენი მსოფლიოს სისუსტეზე” და ამერიკული ფირმების ბოროტ ტოპ-მენეჯერებზე, რომელთაც არ სურთ აქტიურად დააბანდონ ფული. მენეჯერებმა თავიანთი სიბოროტე მაშინათვე დაადასტურეს: შტატებში კომერციული მარაგი 0,2%-ით დაეცა, რამაც დაბადა ეჭვი ამერიკული ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შესახებ.
აღსანიშნავი იყო აშშ-ის ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს განცხადება: როგორც იქნა, მან განაცხადა, რომ არავითარი რეცესი არ არსებობს და იგი თურმე უკვე 2001 წლის ნოემბერში დამთავრებულა.
სავაჭრო ბაზრები ჩვეულ დიაპაზონში მერყეობდნენ. ნავთობის ფასი იზრდებოდა, რადგან ბაზარზე ერაყის ნავთობის დიდი ნაკადის გამოჩენა გაურკვეველი პერიოდით გადაიდო: მესოპოტამიის პარტიზანები რეგულარულად აფეთქებენ ნავთობსადენებს, ასე რომ, ერაყის ნავთობის გაყიდვის მოცულობა ომისწინანდელ დონეს ჯერ ვერ აღწევს. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა ასევე გამოწვეული იყო ნავთობ მარაგის უფრო მეტად შემცირებით. სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ კვირას (როცა ქარიშხლის გამო მექსიკის ყურეში ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე წარმოების მოცულობა შემცირდა) მარაგი 2,3 მილიონ ბარელამდე დაეცა. ნავთობმარაგის ახლანდელი მოცულობაა 276,3 მილიონი ბარელი – 11%-ით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს. ნავთობზე ფასი იმ მიზეზის გამოც გაიზარდა, რომ ჰუსეინის შვილების ლიკვიდირების შემდეგ, ტრეიდერები ერაყელების წინააღმდეგობის სწრაფ დაძლევაში მაინც არ არიან დარწმუნებულნი. ლონდონში საერთაშორისო ნავთობის ბირჟაზე Brent მარკის ნავთობზე სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ფასი 0,29 დოლარით გაიზარდა (+1,05%) და 27,78 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე სექტემბრის ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობა ერთ ბარელზე 29,67 დოლარით დაიხურა.
სავალუტო ბაზარიც ცოტათი დამშვიდდა: გრძელდება დოლარის მყარი ვარდნა ევროპულ და სხვა “სავაჭრო” ვალუტებთან (ავსტრალიურ, ახალზელანდიურ და კანადურ დოლარებთან) მიმართებაში. ამაში მას თვით ევროპელები ეხმარებიან. Financial Times-ში ინტერვიუს დროს გერმანულმა კანცლერმა შრედერმა განაცხადა: “- დარწმუნებული ვარ, რომ ECB-ის მართველობაში გონიერი ხალხი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გახადოს ევრო იაფი”. ამ სიტყვების შემდეგ, ევრომ დოლართან მიმართებაში 1.1250-მდე დაიწია, როგორც ჩანს, ის კვლავ გააგრძელებს ვარდნას.
ეს თვე მაკროეკონომიკური ამბებით მდიდარი არ იყო. როგორც ვარაუდობდნენ, ინგლისურმა ცენტრალურმა ბანკმა მისი ახალი მეთაურის კინგის გამოსვლის შემდეგ განაკვეთი 0,25%-მდე შეამცირა, რათა საგადასახადო ბალანსის გაუარესება შეაჩეროს. ერთდროულად ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში ფასები საცხოვრებელ სახლებზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში 19-22%-ით გაიზარდა. უძრავი ქონების პირამიდა მონეტარულ ხელისუფლებაში ბაზრის ვარდნის სულ უფრო მზარდ ეჭვებს იწვევს. ამერიკაში გრძელდება დეფლაციური ტკეპნა: საბითუმო სექტორის ანგარიშის თანახმად, ფასი სურსათზე და ენერგომატარებლებზე (0,1%-ით) დაეცა, გაყიდვის მოცულობა 0,5%-ით შემცირდა, ხოლო მარაგი – 0,3%-ით. აღსანიშნავია, რომ მარაგის გაყიდვა ეწინააღმდეგება ამერიკული ხელისუფლების გეგმას, ამა წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის მკვეთრი ზრდა უზრუნველყოს.
სამუშაო ბაზარზე კვლავ დეპრესიული მდგომარეობაა. უმუშევრობის დახმარება 439,000 დოლარამდე გაიზარდა.
ბოლოს კიდევ ერთი ცუდი ამბავი, რომელიც შეიძლება კოშმარულ რეალობად იქცეს. ერთი კვირის წინ სააგენტოMoody-მ კალიფორნიის შტატის ობლიგაციების რეიტინგის შემცირების შესაძლებლობა განიხილა. ეს თავისთავად ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ სააგენტოს სპეციალისტების კომენტარი საკმაოდ მკაცრი იყო. მათი აზრით, არსებობს შტატის დეფოლტის შესაძლებლობა. მსგავსი ორგანიზაციები კი, სიტყვა “დეფოლტს” ტყუილად არ ამბობენ. სააგენტოს მოქმედებების მიზეზი მარტივია – კალიფორნიის ხაზინაში არ არის ფული: მიმდინარე ფისკალურ წელს მოსალოდნელია 67.8 მილიარდიანი შემოსავალი, ხოლო დანახარჯი 38.2 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. რეალურად სურათი უარესად გამოიყურება: მომავალი წლის (1 ოქტომბრისთვის) ბიუჯეტი მომზადებული ჯერ არ არის, თუმცა მისი ბოლო ვადა (30 ივნისი) უკვე მიიწურა. გასაკვირი არაფერია: ზოგიერთების შეფასებით, დეფიციტი შეიძლება 50%-ზე მეტი იყოს.
თუ აშშ-ის ეკონომიკა მალე არ აღდგება, გაუგებარია, რა მოუვა კალიფორნიას. თუ მოლოდინი გამართლდება და შემოდგომისკენ აშშ-ის ფინანსურ ბაზრებზე ფასები მკვეთრად დაეცემა, მაშინ გამოსავალი არ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის უდიდესი შტატის გაკოტრების შესაძლებლობა ზოგიერთს კოშმარად ეჩვენება, ის სრულიად შესაძლებელია. კალიფორნიას შეუძლია აიღოს მაგალითი შტატის შიგნით მდებარე Orange-ის საგრაფოსგან. როგორც ჩანს, ახლა დადგა მთელი შტატის ჯერი – ასეთი მოვლენის შედეგი შეიძლება წინასწარგანუჭვრეტელი აღმოჩნდეს. ნათელია, რომ ეს ვალდებულებათა ბაზრის პარალიზებას გამოიწვევს. ამასთან, ზოგიერთ შტატებში მდგომარეობა ბევრად უარესია: ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია შტატი ნიუ-იორკი მისი კოლოსალური საბიუჯეტო დეფიციტით.
კალიფორნიის მდგომარეობა კი ძალზე სავალალოა: ივნისში ბიუჯეტში ფული დამთავრდა, ასე რომ, ხელისუფლება იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეშვა ერთწლიანი 11 მილიარდდოლარიანი გარანტიები არა რომელიმე სპეციალური პროგრამისთვის, არამედ მიმდინარე ხარჯებისთვის. Moody-ს სააგენტოს შეფასებით, ეს ფული აგვისტოში, მაქსიმუმ სექტემბერში დამთავრდება. როგორც ჩანს, სცენარი ნაცნობია: იგივე მოხდა 1998 წელს რუსეთში, ემთხვევა მასშტაბი და კრიტიკული თვეებიც (აგვისტო-ოქტომბერი), ესე იგი, არსებობს იმის შანსი, რომ უდიდესი ამერიკული შტატის გაკოტრების შედეგად (ამჟამად იქ დაახლოებით 36 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ე.ი. აშშ-ის მოსახლეობის 1/8, ხოლო ქვეყნის მშპ-ის წილი ბევრად დიდია), სექტემბერში რეალური ძალაუფლება იურისტების და კრედიტორების ხელში აღმოჩნდეს. იწყება დიდი დეფოლტების დრო…..