იმედიანად ბუნდოვანი მომავლისკენ
რედაქციისგან
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში წმინდა კაპიტალის შედინებამ 2010 წლის აგვისტოსთვის 38,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, უცხოელებმა 136,6 მილიარდი მოცულობის ამერიკული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდები შეიძინეს, ხოლო მოკლევადიანი და სხვა ფულადი ვალდებულებები – 29,7 მილიარდი მოცულობის.
აშშ-ის წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორები 2010 წლის სექტემბრის მონაცემებით 0,3%-ით გაიზარდა, რაც დაემთხვა ანალიტიკოსების ვარაუდებს. ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობა ამავე პერიოდში წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა. სექტემბერში სამრეწველო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიციენტმა წინა თვესთან შედარებით დაიკლო და შეადგინა 74,7%. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 70,5% იყო.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2010 წლის სექტემბერში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობამ წინა თვესთან შედარებით მოიმატა 0,3%-ით 610 ათასი ერთეულამდე. ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობამ წინა თვესთან შედარებით დაიკლო 5,6%-ით 539 ათას ერთეულამდე.
ევროზონა
Eurostat-ის საბოლოო მონაცემებით, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები 2010 წლის სექტემბერში წლიური გამოთვლით გაიზარდა 1,8%-ით, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს დაემთხვა. წინა თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 0,2%-ით. 2010 წლის სექტემბერში ევროკავშირის 27 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები წლიური გამოთვლით 2,2%-ით გაიზარდა, ხოლო თვიური გამოთვლით – 0,2%-ით.
2010 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით სამრეწველო წარმოების მოცულობა 1,0%-ით არის გაზრდილი, ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას თვიური გამოთვლით 0,8%-ის დონეზე ელოდენენ. ხოლო ეს მაჩვენებელი წლიური გამოთვლით აგვისტოში გაზრდილია 7,9%-ით.
ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 2010 წლის აგვისტოში შეადგინა 4,3 მილიარდი ევრო. მიმდინარე წლის ივლისში, Eurostat-ის გადასინჯული მონაცემებით, ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 6,2 მილიარდი ევრო შეადგინა. ევროზონაში შემავალი 16 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის აგვისტოში წლიური გამოთვლით გაიზარდა 31%-ით, ხოლო იმპორტი – 32%-ით. გასულ წელს ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 2,8 მილიარდი ევრო. ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტი გაიზარდა 35%-ით, ხოლო იმპორტი ასევე 35%-ით.
საფრანგეთი
Insee-ის მონაცემებით, საფრანგეთში 2010 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები შემცირდა 0,1%-ით. 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 1,6%-ით.
საფრანგეთში 2010 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით სამრეწველო წარმოების მოცულობა არ შეცვლილა, ანალიტოკსები თვიური გამოთვლით ამ მაჩვენებლის 0,3%-ით ზრდას ელოდნენ. ივლისში კი, წინა თვესთან შედარებით, დაზუსტებული მონაცემებით დაფიქსირებულია 0,8%-იანი ზრდა.
საფრანგეთის მთავრობის მოხსენების თანახმად, საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე დეფიციტი 2010 წლის აგვისტოში განისაზღვრა 4 მილიარდი ევროთი. ივლისში კი დაზუსტებული მონაცემებით, საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე დეფიციტი იყო 2,1 მილიარდი ევრო და არა 2,2, როგორც ამას ადრე იუწყებოდნენ.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის სტატისტიკური ბიუროს ინფორმაციით, 2010 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 3,1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის აგვისტოში ინფლაციამ წლიური გამოთვლით შეადგინა 3,1%, როგორც ადრე იუწყებოდნენ. თვიური გამოთვლით ბრიტანეთში სამომხმარებლო ფასები არ შეცვლილა. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი (კვების პროდუქტების, ენერგომატარებლების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასების გათვალისწინების გარეშე) წლიური გამოთვლით მიმდინარე წლის სექტემბერში გაიზარდა 2,7%-ით.
უმუშევრობის მაჩვენებელი მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და შეადგინა 4,5%. უმუშევრობაზე შემწეობისთვის სახელმწიფოს პირველადი დახმარებისთვის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 5,3 ათასი ადამიანით მეტმა მიმართა.
გერმანია
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით სამრეწველო ფასები ქვეყანაში 0,3%-ით გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 3,9%-ით არის გაზრდილი.
კვლევითი ინსტიტუტის Ifo-ს მონაცემებით, საქმიანი განწყობის ინდექსი გერმანიაში 2010 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა და შეადგინა 107,6 პუნქტი. იგივე პერიოდში მიმდინარე სიტუაციის ინდექსმა შეადგინა 110,2 პუნქტი, ხოლო მოლოდინის ინდექსმა კი – 105,1 პუნქტი.
რამდენ ხანს
გაგრძელდება ევროპულ საქონელზე მოთხოვნა
მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელების მოლოდინი ევროპელ მეწარმეებსა და ინვესტორებს პესიმისტურ განწყობაზე აყენებს. ევროზონის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები (გერმანია, საფრანგეთი, იტალია), რომლებიც დამოკიდებულნი არიან ექსპორტზე, შესაძლოა ძლიერ დაზარალდნენ საზღვრებს გარეთ ევროპულ საქონელზე მოთხოვნის შემცირების გამო. მაგრამ, როგორც ოქტომბრის ბოლო 2 კვირის სტატისტიკა აჩვენებს, ევროზონიდან ექსპორტირებული საქონლის მოცულობა არ მცირდება, პირიქით – იზრდება კიდეც.
ლუქსემბურგში, ევროპის სტატისტიკური ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მასალები იმის დასტურია, რომ ევროს მიმოქცევის ზონაში ექსპორტი იზრდება და რეგიონი წარმატებით უმკლავდება ევროს გამყარების პროცესს დოლართან მიმართებაში და ეკონომიკური ზრდის შენელებას. შვიდი თვის განმავლობაში – იანვრიდან ივლისამდე – ექსპორტის მოცულობა რეგიონიდან დიდ ბრიტანეთში 11%-ით გაიზარდა, აშშ-ში – 14%-ით, ჩინეთში – 42%-ით, იაპონიაში – 17%-ით, ხოლო რუსეთში – 19%-ით. ექსპორტის მაჩვენებელი მიმდინარე წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით 1,0%-ით გაიზარდა.
ამავდროულად, იზრდება ევროზონის ქვეყნებში იმპორტის მოცულობაც და ექსპორტს აჭარბებს კიდეც. ივლისის მონაცემებით, იმპორტის მოცულობის ზრდა განისაზღვრა 1,8%-ით, რის შედეგადაც სავაჭრო ბალანსის დეფიციტი აგვისტოში გაიზარდა 1,4 მილიარდ ევრომდე (ივლისის 0,2 მილიარდი ევრო). ამასთან, ევროპიდან ექსპორტის მოცულობის კლების რისკი ისევ მაღალი ნარჩუნდება. ევროპელი ექსპორტიორები მალე საკუთარ თავზე გამოცდიან მათი მთავარი სავაჭრო პარტნიორის – დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტის დეფიციტის რადიკალური შემცირებისა და განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტემპის დაცემის შედეგებს. აქ უმთავრესად ჩინეთი იგულისხმება, რომელიც უკვე მსოფლიო ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლის ლოკომოტივად იქცა. ბოლოს კი, ევროს კურსის გამყარება დოლართან მიმართებაში ნეგატიურად მოქმედებს ევროპული საქონლის კონკურენტუნარიანობაზე მისი მაღალი ხარისხის მიუხედავადაც კი.
როგორც ვხედავთ, ევროპულ საქონელზე მოთხოვნის შესამცირებლად საკმარისზე მეტი მიზეზები არსებობს და, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. იმ ინფორმაციების შეჯამებით, რომელიც უმსხვილესი ევროპული კომპანიებიდან მოდის, ცხადი ხდება, რომ ისინი მსოფლიო მასშტაბით აქტიურობის შემცირებას გეგმავენ. სექტემბრის ბოლოს თავის პესიმისტური პროგნოზები გამოთქვა ფრანგული ავტოკონცერნის Renault SA-ის დირექტორმა, კარლოს გონმა, რომელიც 2011 წლისთვის საავტომობილო ბაზარზე აქტივობის შემცირებას 2%-ით ელოდება. ავტოგოგანტ General Motors Co-ს ევროპული ქვეგანყოფილების Opel-ის მეთაური, ნილ რეილი ასევე ფიქრობს, რომ რეგიონში გაყიდვები შემცირდება. ევროპელმა მწარმოებლებმა ისიც იციან, რომ შიდა მოთხოვნაზე იმედების დამყარებაც არ შეიძლება, რადგან რეგიონში უმუშევრობის მაჩვენებელი 12-წლიან მაქსიმუმის დონეზეა – 10,1% და სამსახურის დაკარგვის პერსპექტივით, საეჭვოა, რომ ევროპელებმა ფულის დახარჯვა მოინდომონ.
ნათელი ხდება, რომ გლობალური მასშტაბით ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე, რომელზედაც ოქტომბრის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები საუბრობდნენ – 2010 წლის 4,8%-დან 2011 წლის 4,2%-მდე – მნიშვნელოვნად შემცირდება ევროპული ეკონომიკის აღდგენის ტემპიც. იგივე სსფ-ის ექსპერტების პროგნოზებით, ევროზონის ეკონომიკის შემცირება მოსალოდნელია მიმდინარე 1,7%-დან მომავალ წლის 1,5%-მდე.
დიდი ბრიტანეთი თავისი ბიუჯეტის რეკორდულ დეფიციტს აფიქსირებს
სექტემბერში დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული ბიუჯეტის დეფიციტი ყველაზე მაღალია 1993 წლიდან მოყოლებული. სახელმწიფო სექტორის წმინდა დავალიანება (Public Sector Net Borrowing) სექტემბერში აგვისტოს 14,2 ფუნტ სტერლინგიდან 15,6 მილარდ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა, ხოლო ეს ციფრი ზუსტად ერთი წლის წინ (2009 წლის სექტემბერი) 15,5 მილარდი ფუნტი სტერლინგი იყო.
სახელმწიფო სექტორის ფულად ნაკადებზე მოთხოვნა (PSNCR) სექტემბერში წინა თვის 6,2 მილიარდი ფუნტი სტერლინგიდან 20,7 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა, ხოლო ეს ციფრი ზუსტად ერთი წლის წინ (2009 წლის სექტემბერი) 19,2 მილარდი ფუნტი სტერლინგი იყო.
სახელმწიფო შემოსავლებმა სექტემბერში 7,8%-ით მოიმატა, ხოლო ხარჯებმა 10,2%-ით. სახელმწიფო ხარჯები ასეთი მაღალი ტემპით არ მომატებულა მიმდინარე წლის მარტიდან. მიმდინარე ფინანსური წლის პირველ ნახევარში, რომელიც აპრილში დაიწყო, შემოსავლებმა ხარჯებს გადაამეტა, რამაც საშუალება მისცა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ბიუჯეტის დეფიციტი (ფინანსური ინტერვენციის გამოკლებით) შეემცირებინა 73,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგით. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტის დეფიციტი მარტში დასრულებული ფისკალური წლის შედეგებით ქვეყნის მშპ-ის 11,1%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი 149 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი მაღალი მაჩვენებელი დიდი ბრიტანეთის მთავრობას მემკვიდრეობად გორდონ ბრაუნის მინისტრთა კაბინეტიდან ერგო. იმისთვის, რომ ქვეყანა რეცესიაში არ შესულიყო, გორდონ ბრაუნმა ეკონომიკის მხარდასაჭერად არა ერთი ზომა მიიღო, რამაც განაპირობა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ასეთი დიდი დავალიანება.
ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, რომელიც სათავეში ჩაუდგა კოალიციურ მთავრობას, დიდი ბრიტანეთის მთავარ ხაზინადარს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გეგმის შემუშავება დაავალა. ამ გეგმის დეტალები ოქტობრის ბოლო კვირას პარლამენტში ფინანსთა მინისტრ ჯორჯ ოსბორნის მიერ გახმოვანდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების უპრეცენდენტო შემცირება ითვალისწინებს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 500 ათასი ბრიტანელის სამსახურიდან გათავისუფლებას, ასევე ბანკებისთვის გადასახადების გაზრდას, რამაც უნდა განაპირობოს სახელმწიფო შემოსავლების “მაქსიმალური მხარდაჭერა”. ჯორჯ ოსბორნი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას თითქმის ორჯერ აპირებს – 83 მილიარდი ფუნქტი სტერლინგი, ხოლო დეფიციტი ამჟამად 156 მილიარდია. თითოეული სამინისტროს ხარჯი საშუალოდ 25%-ით შემცირდება. კემერონის მთავრობა 2016 წლამდე სახელმწიფო ვალის ნულამდე დაყვანას გეგმავს და ამით, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ხალხის დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და თავისი ელქტორატის მნიშვნელოვან ნაწილსაც დაკარგავს. ერთობ არაპოპულარული გეგმის მოქმედებაში მოყვანა სახელმწიფო დეპარტამენტებთან კონფრონტაციას გამოიწვევს, რომლებიც იძულებულნი იქნებიან ხარჯები შეიმცირონ.
კრიტიკამ გვერდი ვერც ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის მეთაურს, მერვინ კინგს აუარა – რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა პრემიერ კემერონის გეგმის მხარდაჭერისას. შეძლებს თუ არა კინგი დამოუკიდებლობა შეუნარჩუნოს თავის უწყებას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასა და სავალე აქტივების გამოსყიდვის პროგრამას შორის ბალანსირებისას, რომელიც ბრიტანული ეკონომიკის მხარდაჭერისთვის აუცილებელია? ერთსულოვნება ამ საკითხში არ არსებობს ცენტრალური ბანკის მმართველთა ცხრაკაციან ჯგუფშიც კი. როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტის ერთ-ერთმა ბოლოს სხდომამ აჩვენა, ინგლისის ბანკის მმართველ საბჭოში აზრთა სხვადასხვაობაა ბრიტანეთის მონეტარული ხელისუფლების ახლანდელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართ. ისევ გაისმა ბრიტანეთის ეკონომიკის სტიმულირების წინააღმდეგ მოწოდებები ინგლისის ბანკის მმართველი საბჭოს წევრ, ენდრიუ სენტანსის მხრიდან – “გლობალური ეკონომიკა აღდგენის პროცესშია, ხოლო დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდამ ამ წელს 2,5% შეადგინა. ჩვენ არ გვჭირდება ამდენი სტიმული”, განაცხადა სენტასმა და თავისი პოზიცია გამოხატა, რომ აუცილებელია საპროცენტო განაკვეთის ნელ-ნელა აწევა. მისმა კოლეგამ, ადამ პოსენმა კი განაცხადა, რომ აუცილებელია გამოსყიდვითი აქტივების მოცულობის 50 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაზრდა.
ჩინეთს ბუშტი ისევ ემუქრება
ჩინეთის უძრავი ქონების ფასები ის ინდიკატორია, რომელსაც არა მხოლოდ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების ანალიტიკოსები და ჩინეთის სახალხო ბანკი ადევნებენ თვალყურს, არამედ კერძო ინვესტორებიც. ჩინეთის ეკონომიკის გადახურება, რომლისაც ასე ეშინოდათ 2009 წლის მიწურულსა და 2010 წელს, როგორც სჩანს, ბაზრის მონაწილეებს ისევ აფორიაქებს. ეს მიწის ფასების მიზანსწრაფულ ზრდაში გამოიხატება.
ჩინეთის სახალხო ბანკის ზომებს, რომელიც მიმართულია არ დაუშვას ამ სეგმენტში სპეკულაციური ბუშტის გაბერვა, როგორც სჩანს, მხოლოდ დროებითი ეფექტი ჰქონდა. ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკა ჩინეთში სექტემბერში ფასების ზრდის შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, ჩინეთის 70 ქალაქსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში მიწის ფასმა 0,5%-ით მოიმატა. წინა სამი თვის მანძილზე კი ფასების ზრდა არ შეინიშნებოდა და ინდიკატორმა, რომელიც ჩინეთის უძრავი ქონების ფასების ზრდას გამოხატავს, ზრდა მიმდინარე წლის მაისში შეაჩერა. ივნისში სუსტი კლება შეინიშნებოდა.
ხელისუფლება ჯერჯერობით დრაკონული ზომებს არ იღებს საკუთრებაზე მკაცრი გადასახადების სახით. თუმცა, ამავე დროს, უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების მოცულობა აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში 52%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ წლიურ შეპირისპირებაში ფასები ისტორიულ პიკებთან შედარებით (აპრილში +12,5%) მაინც დაბალია. როგორც სჩანს, ინვესტორებს დიდად არ ეშინიათ ხელისუფლების მხრიდან ფისკალური ზეწოლის და ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირებას აგრძელებენ. ოფიციალური მონაცემებით, სექტემბერში ინვესტორებმა ამ სექტორში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ზე მეტი სახსრები დააბანდეს. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 34,1%-ით გაიზარდა. “ვფქირობ, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ისევე კარგად იმუშავა ბოლო 12 თვის განმავლობაში, როგორც სხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა. მათ მშვენივრად გაართვეს თავი მასტიმულირებელ ზომებს. ახლა ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს ბალანსი დაამყაროს უცხური კაპიტალის შედინებისგან შესაძლო ბუშტის გაბერვას, ინფლაციის თავიდან აცილებასა და მასტიმულირებელი ზომებისგან უმტკივნეულოდ თავის დახსნას შორის, – ასეთი კომენტარი გააკეთა ჩინეთის მშპ-ის I-II კვარტლების სტატისტიკის განხილვისას ანალიტიკური პორტალ CNBC.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომპანიაAccenture-ის წარმომადგენლმა, მარკ სპელმანმა.
ბევრი ანალიტიკოსი იხრება იმ აზრისკენ, რომ მაშინაც, თუ დეველოპერების მიმართ კონტროლის სელექციური ზომები გატარდება, დეველოპერები შეძლებენ ფასები მომავალი წლის დასაწყისამდე შეინარჩუნონ და სამერმისოდ გადაიტანონ “ბუშტის” ეფექტი, როცა უკვე საჭირო გახდება უფრო მკაცრი, მიზანმიმართული კონტროლი. წლის ბოლომდე ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში მოსალოდნელია ლოკალური საგადასახადო მოსაკრებლების შემოღება. საგადასახადო ტვირთის გადანაწილება ინფლაციური მაჩვენებლებით განისაზღრება. ასე მაგალითად, სექტემბერში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში უძრავ ქონებაზე ფასები 1,9%-ით გაიზარდა, ხოლო დედაქალაქში 2,0%-ით.
გერმანელი ბიზნესმენები ისევ იმედიანად არიან
ერთი მხრივ, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება, მათ შორის, გერმანიაშიც და მეორე მხრივ, ბოლო კვარტალში გერმანიაში ეკონომიკის ზრიდს ტემპის ბოლო ოცწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ინვესტორებსა და ბიზნესმენებს შორის ურთიერთსაპირისპირო განწყობას იწვევს. გერმანიის ეკონომიკის რეალობასა და პერსპექტივას შორის დიდი განსხვავებაა. ინვესტორები, რომლებიც გერმანიის ეკონომიკურ მიღწევებს მაღალ შეფასებას აძლევენ, ობიექტურობას მოკლებულნი არ არიან ეკონომიკის სამომავლო აღდგენის პროგნოზებში.
სწორედ ამ განწყობამ ჰპოვა ასახვა ევროპული ეკონომიკის შემსწავლელი ცენტრის ZEW-ს სპეციალისტების გამოკვლევებში, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერში ინვესტორთა რწმენა ბოლო 21 თვის მანძილზე დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა. ინვესტორებისა და ანალიტიკოსების მოლოდინის ინდიკატორი – ZEW Survey (Economic Sentiment) – -4,3 პუნქტიდან -7,2 პუნქტამდე. გერმანიის მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის მაჩვენებელი – ZEW Survey (Current Situation) – წინა თვესთან (59,9 პუნქტი) შედარებით ოქტომბერში გაიზარდა 72,6 პუნქტამდე და სამწლიანი მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეს შედეგი II კვატრლის კარგი შედეგებით აიხსნება, მაგრამ მომავალში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
რასაკვირველია, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელებამ შესაძლოა სერიოზულად შეარყიოს გერმანიაში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა. არადა, სწორედ ექსპორტია გერმანიის ეკონომიკის წამყვანი დარგი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უმუშევრობის მაჩვენებლის 15-თვიანმა კლებამ გერმანელი მომხმარებლების ოპტიმისტური განწყობის ზრდა გამოიწვია. იმის გამო, რომ სამუშაო ადგილის დაკარგვის შიში არ აქვთ, გერმანელმა მომხმარებლებმა ხალისით დაიწყეს სახსრების ხარჯვა და სხვათა შორის, ძვირადღირებულ ნივთებზეც. შედეგად კი, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ზრდადი შიდა მოთხოვნა შესაძლოა გერმანული ეკონომიკის დრაივერი აღმოჩნდეს, იმ მომენტამდე მაინც, სანამ მსოფლიო ეკონომიკა ძალებს არ მოიკრებს.
ადვილი მოსალოდნელია, მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდეს, იმდენად, რამდენადაც გლობალური ეკონომიკის ზრდის ცუდი პროგნოზების მიუხედავად, გერმანული ეკონომიკის ზრდის მოლოდინი იზრდება. Bundesbank-ის ეკონომისტებმა გაახმოვანეს გერმანიის მშპ-ის ბოლო პროგნოზი და, როგორც აღნიშნეს, იგი 1,9%-ის ნაცვლად, მიმდინარე წელს 3%-ით გაიზრდება. გერმანიის საფინანსო ინსტიტუტების კონსესუს-პროგნოზი უფრო თამამია – 2010 წლისთვის 3,5%, ხოლო 2011 წლისთვის 2,0%.
ცხადია, რომ ამ ოპტიმისტურმა პროგნოზებმა დიდი წვლილი შეიტანეს გერმანიის საქმიანი წრეების განწყობის ფორმირებაში. IFO-ს მონაცემებით, საქმიანი აქტივობის მაჩვენებელი – IFO Business Climate – სექტემბრის 106,8 პუნქტიდან ოქტომბერში 107,6 პუნქტამდე გაიზარდა. ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე მომენტში ბიზნესის შეფასების მაჩვენებელიც – IFO Current Assessment – 109,8-დან 110,2 პუნქტამდე. უფრო მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა უახლესი ნახევარი წლის მანძილზე საქმიანი მოლოდინის ინდექსმა – IFO Expectations – 103,9-დან 105,1 პუნქტამდე. გერმანელი ბიზნესმენების ასეთი ოპტიმისტური განწყობა არ დაფიქსირებულა ბოლო სამნახევარი წლის მანძილზე.