ახალი საგადასახადო კოდექსი მცირე ბიზნესს კლავს
ალექსანდრა ლალიაშვილი
დეკემბრის დასაწყისში თბილისის მერიასა და “მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების ერთობლივად შემუშავება, განვითარების მხარდამჭერი ინოვაციური მოდელებისა და ინსტიტუტების შექმნა და წარმოებული პროდუქციის რეალიზება-ექსპორტისთვის პარტნიორების მოძიება წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი “დაიწყე ბიზნესი მერიის დახმარებით” 2006 წელს დაიწყო. 2010 წელს თბილისის მერიის ბიუჯეტიდან პროექტის დასაფინანსებლად 1 000 000 ლარი გამოიყო. თუმცა, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ მდგომარეობასთან შედარებით, რომელშიც დღეს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები იმყოფებიან. საინტერესოა, რამდენად არსებობს ქვეყანაში მათი განვითარების ხელშემწყობი პირობები? ალბათ ამაზე საუბარი ჯერ ზედმეტია, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი კანონმდებლობაც კი არ არსებობს.
დღემდე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ფონდებმა ათეულობით მილიონი დახარჯეს მცირე მეწარმეობის დასახმარებლად. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა განვითარების ნაცვლად, ყოველწლიურად უარსედება. მისი წილი ქართული ბიზნესის მთლიან მოცულობაში (ისევე როგორც წინა წლებში) კვლავ არ აღემატება 15%-ს. შემცირებულია საშუალო ზომის საწარმოების რიცხვი, ამ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასი. საქართველოს ეკონომიკაში როგორც ბრუნვის, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლების 60%-ზე მეტი მსხვილ საწარმოებზე მოდის, მიუხედვად იმისა, რომ მსხვილი საწარმოების წონა რეგისტრირებულ სუბიეტებში მხოლოდ 7%-ია.
მეწარმეების თვალით დანახული პრობლემები
ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემოსა და მისი განვითარების შესახებ რეკომენდაციებს ამზადებენ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. პოლიტიკოსებს აქვთ საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ბიზნესი საქართველოში. თუმცა, საინტერესოა, რას ფიქრობენ თვითონ კერძო სექტორის წარმომადგენლები და რა მიმართულებით ითხოვენ ისინი მხარდაჭერას?
2009 წელს “საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ” “საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსისა” და USAID-ის დაფინანსებით, ჩაატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე მდგარი პრობლემების გამოვლენას. გამოიკითხა 500 მეწარმე, რომელთაც მთავარ პრობლემებად დაასახელეს: კანონდებლობის ხშირი ცვლილება და შეღავეთების, ანდა რაიმე პოლიტიკის არარსებობა, რომლიც ხელს შეუწყობდა მცირე ბიზნესს. გამოკითხულთა უმრავლესობის (73%) აზრით, ბიზნე-სგარემო საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა.
გამოკითხულ რესპოდენტთა 73%-მა აღნიშნა, რომ ვერ ახერხებს საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის არქონის გამო. ამ შემთხვევაში, იგულისხმება, როგორც საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები, ასევე, საკუთარი სახსრების არარსებობა. როგორც წესი, კრიზისამდე, მცირე საწარმოები განვითარებას საკუთარი რეინვესტიციის ხარჯზე ახერხებდნენ, რაც დღეს უკვე პრობლემატური გახდა. რესპოდენტთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის ძალიან მაღალია კრედიტის საპროცენტო განაკვეთები. ამასთან, ფინსნსური სექტორი, უპირატესობას, უმეტეს შემთხვევაში, მსხვილ ბიზნესს ანიჭებს და თითქმის არ აფინანსებს დამწყებ მცირე კომპანიებს. შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც, თავის მხრივ, საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ.
მცირე და საშულო ბიზნესისათვის აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემაა გაყიდვებიც. მათ, როგორც წესი, არ მიუწვდებათ ხელი სადისტრიბუციო სისტემებზე, არ ფლობენ შესაბამის მარკეტინგულ და გაყიდვებთან დაკავშირებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
რესპოდენტთა 27%-სათვის პრობლემატური საკითხია სასურველი ადამიანური რესურსების მოძიება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემაზე – ნაკლებად განვითარებულ შრომის ბაზარზე. არა ერთმა კვლევამ გამოავლიანა, რომ კადრების პრობლემა ძალიან აქტუალურია მსხვილი კომპანიებისათვისაც. მიუხედავად უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლისა, მცირე და საშუალო სექტორშიც არის მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიებისა და ხელობების კვალიფიციურ პერსონალზე.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ინვესტორი ხელმიუწვდომელი ცნებაა. რესპოდენტების 94%-ს არასოდეს ჰქონია რაიმე სახის შეხება პოტენციურ ინვესტორთანაც კი. ამასთან, მათი უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას ისეთი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაეხმარონ ინვესტორის მოძიებაში და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში.
მხოლოდ მსხვილი კომპანიების პრეროგატივაა ექსპორტიც. მცირე ზომის საწარმოებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ საკუთარი ძალებით მიოძიონ ინფორმაცია გარე ბაზრებისა და პოტენციური მყიდველების შესახებ. რაც შეეხება შუამავალ ორგანიზაციებს, ასეთების შესახებ ინფორმაციას რესპოტენთა 99,2% არ ფლობს. გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 3,8% იცნობს საექსპორტო ბაზრებს და კომპანიების მხოლოდ 0,8% ფლობს ინფორმაციას ექსპორტის ხელშემწყობი ინიციატივების შესახებ.
რა მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში
უკანასკნელი წლების მანძილზე, მცირე და საშუალო ბიზნესი სომხეთის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა. 2000 წლიდან მთავრობას სპეციალურად შემუშავებული აქვს “სომხეთის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის კონცეფცია”. დოკუმენტში წარმოდგენილია სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მიზნები, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისაკენ. მცირე და საშულო ბიზნესის მხარდაჭერის სისტემა სომხეთში, ძირითადად, შედგება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან. არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესებს, ახდენენ მათ ლობირებას სახელმწიფო ორგანიზაციებში და ასევე, მონაწილეობას იღებენ მცირე და საშუალო ბიზნესებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელებასა და მონიტორინგში.
უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მიმართული პროგრამები ხორციელდება, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ევროკომისიის მიერ 1996 წლიდან მუდმივად ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების განვითარების მხარდამჭერი საერთაშორისო პროგრამა. 2007 წელს უკრაინის სახელმწიფო კომიტეტის ინიციატივით დაიწყო “უკრაინული მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების განვითარების საერთაშორისო მხარდაჭერის პროექტი”. ამჟამად, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში უკრანაში შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2007-2013 წლებისთვის. სტრატეგია ითავლისწინებს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის განვითარებისა და გაუმჯობესების ხელშეწყობას.
აზერბაიჯანის მთავრობა მუდმივად ახორცილებს სხვადასხვა ტიპის პროგრამებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით. 2002-2005 წლებში მთავრობის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებასა და მათთვის საკანონდებლო ბარიერების შემცირებას. ცვლილებები შევიდა ბიზნესის მარეგულირებელ ისეთ კანონებში, როგორიცაა, “კანონი მცირე ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” და “სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონი”. სახელმწიფოს მიერ ხორციელდება ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა ეროვნული ფონდის მიერ. ფონდი თანამშრომლობს 35 ბანკთან, რომლებიც გასცემენ კრედიტებს მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებზე. აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინსიტროში დაარსდა ბიზნესის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც მუდმივად ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებს მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის.
შეერთებულ შტატებში ასეთი სახის პოლიტიკა და საქმიანობა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ხორციელდება. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა ყველაზე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტად. ბარაკ ობამამ გაპრეზიდენტებისთანავე, 15 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც გამოყოფილი იყო მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში მცირე მეწარმეებს ჰქონოდათ საქმიანობის შენარჩუნებისა და გაფართოების მეტი შესაძლებლობები.
ქართული რეალობა
კარგია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც ხშირად ისმის, რომ ჩვენთან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, მაგრამ რეალურად ამისთვის ჯერ არაფერი კეთდება. როგორც ხელისუფლებაში აცხადებდნენ, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მცირე და საშუალო მეწარმეების მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. მაგრამ მიღწეულია თუ არა ეს მიზანი ახალი კოდექსის მიხედვით, მაშინ, როცა პრაქტიკულად, არანაირი პრივილეგიებს და უპირატესობებს დღეს არსებული კანონმდებლობა მცირე ბიზნესისათვის არ ითვალისწინებს. თუ არ ჩავთვლით, რომ ბიზნესის ეს სექტორი განსხვავებული, შედარებით გამარტივებული საგადასახადო რეჟიმით (ბრუნვის გადასახადი) იბეგრება.
მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მოტივით, საგადასახადო კოდექსში მიკრო და მცირე ბიზნესების ცნებები განსაზღვრა. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ფიზიკურ პირს, რომლის წლიური ბრუნვა 30 ათას ლარამდეა. ასეთი მეწარმე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება. მცირე ბიზნესის კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ბიზნესმენები, რომელთა ბრუნვა 30 ათასიდან 100 ათასამდეა. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიკრობიზნესის სტატუსის შემოღებაში რევოლუციური არაფერია, რადგან ამ კატეგორიის ბიზნესმენები გადასახადებს ისედაც არ იხდიდნენ.
გარდა ამისა, თუკი კოდექსის თავდაპირველ ვარიანტში დღგ-ის ზღვარი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდებოდა, საბოლოო ვარიანტში, ეს ცვლილება აღარაა და ზღვარი კვლავ 100 000 ლარს შეადგენს. არადა, ხელისუფლება ახალი კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ ამაყობდა იმით, რომ ზღვარს ზრდიდა, რითაც მცირე ბიზნესის ხელშეწყობა უნდა მომხდარიყო. რადგან კომპანიები, რომელთა ბრუნვა 200 000 ლარზე ნაკლები იქნებოდა წელიწადში, გათავისუფლებულნი იქნებოდნენ დღგ-ის გადასახადისგან. ახლა კი, ეს ზღვარი უცვლელად რჩება.
ახალ საგადასახადო კოდექსს ახლავს კიდევ ერთი ხარვეზი, რომელსაც მიკრო ბიზნესისათვის დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ახალი კოდექსის თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან საქონლის ან მომსახურების მყიდველ მეწარმეს არ შეეძლება ამ თანხის ხარჯად გატარება, თუნდაც დანახარჯი დოკუმენტურად იყოს დადასტურებული. საინტერესოა, რატომ უნდა აწყობდეს ასეთ შემთხვევაში მცირე ან მსხვილ ბიზნესს მიკრომეწარმისგან რაიმეს ყიდვა? ამ ცვლილების გათვალისწინებით, მიკრო ბიზნესის ცნების დამკვიდრებას აზრი ეკარგება, რადგან ასეთი ცნების მქონე ბიზნესთან მცირე და მსხვილ ბიზნესს ეკონომიკური ურთიერთობა აღარ ექნება. რაც პრაქტიკულად, განაპირობებს იმას, რომ მათ არ ექნებათ განვითარების შესაძლებლობა.
�ძალიან კარგია, რომ ეს ტერმინები და ცნებები ჩვენს საკანონმდებლო რეგულაციის ჩარჩოში მოხვდა, თუმცა მცირე ბიზნესის ეს ახლადშემოღებული მოდელი ახლოსაც კი ვერ მივა ევროპულ და ამერიკულ კლასიკურ მოდელებთან. 100 ათასი ლარი იმდენად მცირე ზღვარია, რომ იგი ნაწილობრივადაც კი ვერ ასახავს საქართველოს რეალურ სურათს. მაგალითად, კლასიკური მიდგომებით, მცირე ბიზნესად 10 მილიონამდე წლიური ბრუნვის საწარმოები მიიჩნევა თანამედროვე ბიზნეს-სამყაროში. საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, მცირე საწარმოს ბრუნვის არეალი 100 ათასიდან 2 მილიონ ლარამდე, უკიდურეს შემთხვევაში კი, 1 მილიონ ლარამდე მაინც უნდა განისაზღვროს. 100 ათას ლარზე ქვემოთ წლიური ბრუნვის მქონე საწარმოები კი, მიკრო ბიზნესად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს არსებული მოდელი რეალური ეკონომიკური და სოციალური შედეგის მომტანი საზოგადოებისათვის არ იქნება” – აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი, “საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა” ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან კალანდაძე.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
“საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია” მცირე ბიზნესის დასაცავად საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, “უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაში და განსაკუთრებით კი ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაადასტურა, რომ მცირე ბიზნესი მიეკუთვნება ეკონომიკური აქტივობის ყველაზე მობილურ სეგმენტს და იგი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც სიღარიბის დაძლევის, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რადგან არ მოითხოვს მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემო არ არსებობს, განსხვავებით დასავლური სახელმწიფოებისაგან. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ასეთი მარეგულირებელი აქტების კრებული, რომლის ხერხემალი, სწორედ მცირე ბიზნესის შესახებ კანონი უნდა გახდეს”.
“მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია შეიქმნება, რომლის მისიაც მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა იქნება. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაცია შეიმუშავებს ყოველწლიურ პროგრამას, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს საგარანტიო წერილების გაცემას ან ფინანსური საშუალებების გამოყოფას მცირე ბიზნესის დაკრედიტების მიზნით შუამავალი ორგანიზაციების მეშვეობით, დამწყები და ასევე, არსებული საწარმოების გასავითარებლად. ასევე, ტრეინინგებისა და სწავლებების ორგანიზებას მცირე ბიზნესში დასაქმებული მოქალაქეებისათვის მათი მენეჯერული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით, მარკეტინგული სტრატეგიების დამუშავებას, ბიზნეს-გეგმების შედგენას, კომერციულ ბანკებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობების საკითხების შესწავლას. სასწავლო პროგრამების მიზანი იქნება ბაზრის მოთხოვნებთან საწარმოთა ადაპტაციის ხელშეწყობა. ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს, მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის შექმნას. მისი საქმიანობის კონტროლს განახორციელებს საქართველოს მთავრობა და ექნება ცენტრალური და რეგიონული ოფისები.
რამდენად რეალურია ამ კანონპროექტის მიღება და რა სახით მიიღებს მას საქართველოს პარლამენტი ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი რამ კი ცხადია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები უშუალოდაა დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოზე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა, ქართული ბიზნეს-გარემო სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა. კორუფციამ, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, კონკურენციის არათანაბარმა პირობებმა, ენერგორესურსების ღირებულებამ, არაეფექტურმა სასამართლო სისტემამ, ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალმა დონემ, სამეწარმეო საქმიანობაში არსებულმა გართულებულმა რეგულირებებმა და მრავალმა სხვა პრობლემამ ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას მკვეთრად შეუშალა ხელი. ცნობილია ისიც, რომ ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ახლადშექმნილი სამუშაო ადგილების დაახლოებით 70-80% სწორედ მცირე ბიზნესზე მოდის. ასე რომ, ამ სფეროს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დანიშნულების საკითხია.