სად გაედინება ქვეყნიდან კაპიტალი
აკაკი როგავა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის პირველ კვარტალში 269 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 62%-ით აღემატება 2010 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებული და 2011 წლის შესაბამისი პერიოდის წინასწარ მონაცემებს.
2012 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 61 ქვეყნიდან განხორციელდა. 2011 წლის I კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 56, ხოლო 2010 წლის შესაბამის პერიოდში 53 ქვეყანა შეადგინა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2012 წლის I კვარტალში 94% შეადგინა. პირველ ადგილზე გერმანია იმყოფება 49%-ით, მეორეზე – თურქეთი 12%-ით, მესამეზე – გაერთიანებული სამეფო 10%-ით, მომდევნო პოზიციებს ვირჯინიის კინძულები და იაპონია იკავებს 8-8%-ით და ლუქსემბურგი – 7%-ით. გერმანიიდან განხორციელებული 131 მლნ აშშ დოლარი, ხოლო თურქეთიდან 32 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა.
2012 წლის პირველი კვარტალში იაპონიიდან იმდენი ინვესტიცია შემოვიდა, რამდენიც 2011 წელს. ამის შესახებ განცხადება ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა გააკეთა. მისივე ცნობით, თურქული ინვესტიციების შემოდინება 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 240%-ით გაიზარდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების თითქმის 10-ჯერ ზრდა ლუქსემბურგიდან დაფიქსირდა. 2012 წლის პირველ კვარტალში გერმანული ინვესტიციების ზრდამ 2011 წლის მთლიანი მაჩვენებლის 432% შეადგინა. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პროგნოზით კი, წლის ბოლოსთვის საქართველოში 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვა.
“აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში რეინვესტირების წილიც საკმაოდ მაღალია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში გრძელვადიანი ბიზნესის კეთება მომგებიანია. ეს პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ ხელს უწყობს ახალი ბიზნესებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა დამამუშავებელ მრეწველობაში – 64.5 მილიონი აშშ დოლარი, საფინანსო სექტორში – 62.5 მილიონი აშშ დოლარი, ასევე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში – 38.1 მილიონი აშშ დოლარი. საინვესტიციო სააგენტოში წლის ბოლოსთვის პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის მილიარდამდე გაზრდას ელოდებიან.
რაც შეეხება ინვესტიციების გადინებას. 2012 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საქართველოდან 4-ჯერ მეტი ინვესტიცია გავიდა. 2012 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან 116,218 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა, გადინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 105 მლნ. აშშ დოლარი ნიდერლანდებში დაფიქსირდა. ინვესტიციის გადინება სულ 18 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება: ლიტვა – 3,975 მლნ. აშშ დოლარი, ისრაელი – 2,263 მლნ. აშშ დოლარი, შვედეთი – 1,102 მლნ. აშშ დოლარი, პანამა – 723 ათასი აშშ დოლარი, უკრაინა – 691 ათასი აშშ დოლარი, საბერძნეთი – 634 ათასი აშშ დოლარი.
ამ მონაცემებს აქვეყნებენ “ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაით”-ის ექსპერტები. მათივე განმარტებით, გადინებული კაპიტალის მოცულობაში შედის როგორც ქვეყნიდან გასული ინვესტიციები, უცხოეთში განხორციელებული ინვესტიციები, ასევე საქართველოში არსებული ინვესტორების მიერ უკან გატანილი კაპიტალი ან ვალდებულებების დაფარვა, რომელიც მოხდა ქა-რთველი პარტნიორების მხრიდან უცხოელი პარტნიორების მიმართ, რითაც მათ წაიღეს მოგების გარკვეული ნაწილი. სწორედ ამ მონაცემების თანახმად აღმოჩნდა, რომ 2012 წლის პირველ კვარტალსა და 2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოდან გასული კაპიტალის მოცულობამ 29 მილიონი შეადგინა, მესამე კვარტალში კი დაახლოებით 130 მილიონი იყო. მაშინ გასული კაპიტალის დიდი წილი მოდიოდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, მაშინ, როცა ფოთის პორტში არაბული “რაკია” ჩაანაცვლა დანიურმა “მაერსკიმ”.
საქართველოდან ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება კაპიტალის გადინების ტენდენცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტწილად იმ ქვეყნებში, საიდანაც წლების განმავლობაში საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციები შემოდიოდა, მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ ყაზახეთი, იაპონია და ა.შ. ინვესტიციების გადინების ეს ტენდენცია შესაძლოა იყოს გამოწვეული, როგორც არსებული ვალდებულებების გატანით, ისე საქართველოში ბიზნესის შეწყვეტის აშკარა ტენდენციით. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს მონაცემები უკავშირდება არა საქარ-თველოდან გასული ინვესტიციებს, არამედ ვალდებულებების დაფარვას უცხოელი ინვესტორების მიმართ. აღსანიშნავია, რომ შემოსული ინვესტიციების ანგარიშის მსგავსად, ქვეყნის მთავარი სტატისტიკური უწყება არ აქვეყნებს ქვეყნიდან გასული კაპიტალის ოდენობას, ინფორმაციის გაუმჭვირვალობის პირობებში კი ჩვენ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ამ საკითხზე მსჯელობა.