მმართველობითი (მენეჯერული) გადაწყვეტილების მნიშვნელობა სამეწარმეო რისკის პირობებში
თორნიკე კაკულია – ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
მენეჯმენტის პროცესში საწარმოს მენეჯერთა წარმატებული საქმიანობა მოითხოვს, როგორც საწარმოო, საბუღალტრო, მარკეტინგის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნას, ასევე, ეფექტურობის მისაღწევად აუცილებელია, ტექნიკური უნარ-ჩვევების (კონცეფციური, ადამიანური და ტექნიკური) ფლობა. თანამედროვე ეტაპზე, როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, მენეჯერებს უწევთ ისეთი სირთულეების გადალახვა, როგორიცაა: კონკურენტუნარიანობა, როტაციული მუშახელის მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ელექტრონული ვაჭრობის გამოყენება.
ბუნებრივია, თუ საწარმოს ადაპტირება გლობალურ ცვალებად გარემოში მენეჯერისაგან მოითხოვს ჩაწვდეს იმ ძალების მოქმედებას, რომლებიც ამ გარემოზე ახდენენ გავლენას, მაშინ საწარმოსათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მენეჯერთა უნარს, ჩაწვდნენ ორგანიზაციულ გარემოში მოქმედ ძალებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე. ამისათვის აუცილებელია საწარმოს მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს მენეჯერების მიერ საწარმოში არსებული მდგომარეობის ანალიზს, ხოლო შემდეგ კი სწორი სტრატეგიის შემუშავებას დასახული მიზნების მისაღწევად.
SWOT-ანალიზი არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც მენეჯერები იყენებენ შიდა და გარე ფაქტორების ანალიზისათვის, რომლის მიზანია გამოიკვლიოს ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები და საწარმოს წარმატებული ფუნქციონირების შესაძლებლობანი ბაზრის უკვე მიღწეულ და პროგნოზულ პირობებში. SWOT-ანალიზზე დაყრდნობით, საწარმოს სხვადასხვა დონეზე მყოფი მენეჯერები ირჩევენ საწარმოს, ბიზნესისა და ფუნქციონალური დონის სტრატეგიებს, რათა საწარმოს უკეთესი მდგომარეობა შეუქმნან თავისი მისიისა და მიზნების განსახორციელებლად. (იხ. სქემა1).
მიკროეკონომიკურ დონეზე სუბიექტების ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი უკავია ოპერაციულ-ღირებულებით ანალიზს, რომელიც არის დანახარჯებისა და მწარმოებლურობის გაზომვის მეთოდი, დაფუძნებული ოპერაციებსა და დანახარჯების მატარებლებზე, რომლის მიზნებს წარმოადგენს:
1. დანახარჯების გაანგარიშება ძირეული ოპერაციების შესრულებაზე, მათი ურთიერთკავშირის გათვალისწინებით;
2. დანახარჯების შემცირება და კორპორაციის მუშაობის შედეგიანობის ამაღლება;
3. დანახარჯების ეფექტიანი მართვა;
4. ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება ოპერაციების თვითღირებულებასა და ბიზნეს-პროცესებზე;
5. დამატებითი ინფორმაციების (რაოდენობრივი, ხარისხობრივი) შეკრება და გამოყენება მმართველობითი გადაწყვეტილების მისაღებად.
SWot-ანალიზის სქემა
ზემოთ დასახელებულ სტრატეგიულ ანალიზურ კვლევებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური სუბიექტის უსაფრთხოებისათვის, ოპერატიული ღონისძიებების შემუშავებაში სიტუაციური პრობლემების გადასაჭრელად, რათა თავიდან იქნას აცილებული სუბიექტის მიმართ სხვადასხვა სახის გაუთვალისწინებელი და მოსალოდნელი საფრთხეები.
პრაქტიკა მოწმობს, რომ ეკონომიკური სუბიექტის გრძელვადიანი მიზნების მიღწევა დამოკიდებულია, როგორც საგარეო, ისე შიდა ფაქტორებზე, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია სტრატეგიის შემუშავებისას.
შიდა ფაქტორებს
მიეკუთვნება:
ა) ორგანიზაციული სტრუქტურა;
ბ) ეკონომიკური საქმიანობის მართვის სისტემის მოქნილობა;
გ) მარკეტინგის ორგანიზაცია;
დ) მენეჯერთა საქმიანობის პრინციპები ეკონომიკური საქმიანობის სფეროებში.
საგარეო ფაქტორებს მიეკუთვნება:
ა) ეროვნული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განვითარების დონე;
გ) მსოფლიო ინტეგრაციის განვითარების ტენდენციები.
ორგანიზაციის ძირითადი მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია კონკრეტული სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბება, კერძოდ, სავაჭრო ქსელის გაფართოება; პირდაპირი კაპიტალდაბანდებები ახალი საწარმოების შესაძენად; ერთობლივი საწარმოების გაფართოება; სავაჭრო მარკის ერთობლივი გამოყენება და სხვა. საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიის შესარჩევად, საწარმოს (დარგის) მისიისა და მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ჩატარდეს მრავალმხრივი ანალიზი, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
პირველ ეტაპზე – უნდა ჩატარდეს შემდეგი ასპექტების ანალიზი:
ა) საექსპორტო საქონლის კონკურენტული უპირატესობა;
ბ) ადგილობრივ ბაზარზე საწარმოს მდგომარეობა;
გ) საწარმოს მდგომარეობა იმ საქონლისა და მომსახურების ბაზრის უცხოურ სეგმენტზე, რომლებსაც საწარმო უშვებს მოცემულ მომენტში;
დ) საწარმოს საქმიანობა ბაზრის პოზიციიდან გამომდინარე.
მეორე ეტაპზე – აუცილებელია მარკეტინგული ანალიზი. საწარმოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, როგორი იქნება ბაზარი უახლოეს მომავალში და როგორია ახალი ტექნოლოგიები:
ა) საწარმოს მდგომარეობის შედარება ბაზრის მომავალ ტევადობასთან;
ბ) ბაზრის კონიუნქტურის მერყეობის ანალიზი;
გ) პროდუქციის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სამომხმარებლო თვისებების განვითარების პროგნოზის ფორმულირება.
მესამე ეტაპი – მოიცავს საწარმოს შესაძლებლობების ანალიზს, კერძოდ:
ა) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მოცულობის ზრდის ანალიზი;
ბ) საწარმოს ზრდის ტემპის ანალიზის შედარება მსოფლიო ტენდენციებთან;
გ) სხვა პერსპექტიულ ბაზრებზე საწარმოს ყურადღების გადატანის შესაძლებლობების ანალიზი;
დ) ძველ სფეროში საქმიანობის შეწყვეტის და ახალ სფეროში საქმიანობის დაწყების ანალიზი.
მეოთხე ეტაპი – საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ანალიზი:
ა) საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა ქვეყნის შიგნით, მისი გავლენა საწარმოზე;
ბ) საბაჟო-საგადასახადო პოლიტიკა საზღვარგარეთ, მისი გავლენა საწარმოზე.
მეხუთე ეტაპი – მსოფლიო ეკონომიკის ტენდენციების გავლენა:
ა) სასესხო კაპიტალის მსოფლიო ბაზრის ანალიზი;
ბ) სხვადასხვა ქვეყნის საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის ანალიზი.
მეექვსე ეტაპი – საწარმოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება:
ა) საწარმოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის გრძელვადიანი მიზნების ფორმულირება;
ბ) ალტერნატივების შეფასება და უპირატესობის ვექტორის ფორმირება;
გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მიღწევის ვარიანტების შედარება და ეფექტიანი ალტერნატივის შერჩევა;
დ) მიზნის მიღწევის ორგანიზაცია, რესურსების კონტროლი, მიზნის კორექტირება.
ამრიგად, ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიის შემუშავებისას, საწარმო იკვლევს საშინაო და საგარეო ბაზარს, გლობალურ და ადგილობრივ მიზნებს, არჩევს საქმიანობისათვის მისთვის ყველაზე მისაღებ ზონებსა და სეგმენტებს, საწარმოს საექსპორტო პოტენციალს. ამასთან, ძირითადი მიზანი უნდა იყოს მარკეტინგის სფეროში სტრატეგიული შესაბამისობის მიღწევა საწარმოს მიზნების და მათი მიღწევის პოტენციურ შესაძლებლობებს შორის.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილი გადაწყვეტილების მიღების მოდელირების გამოყენების მიზანია, მოცემული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, უკეთესი მოქმედების, ანუ ალტერნატივის შერჩევა. მენეჯერული გადაწყვეტილება გულისხმობს მიზნების განსაზღვრასა და კონკრეტულ საწარმოო სიტუაციაში მისი განხორციელების მეთოდების შერჩევას. მართვა უწყვეტი პროცესია, რომლის შინაარსობრივ საფუძველს წარმოადგენს გადაწყვეტილებათა მომზადების, მიღების, შესრულებისა და კორექტირების პროცესი. იგი მოითხოვს მენეჯერისაგან მართვის მეცნიერებისა და პრაქტიკის ცოდნის სინთეზს და ეყრდნობა წარმოების ტექნოლოგიის, ტექნიკის, ეკონომიკურ ურთიერთობათა დიალექტიკის, შემოქმედებითი ანალიზის უნარს, მოითხოვს პრაქტიკულ-ლოგიკურ აზროვნებას და კარგად გათვლილი რისკის ელემენტებს, ამიტომ, მენეჯერის მუშაობის ხარისხის ძირითადი მაჩვენებელია – მმართველობითი გადაწყვეტილება.
მმართველობით გადაწყვეტილებათა ფორმირების პროცესი დაკავშირებულია მართვის პროცესის ციკლურობასთან, რომელიც მართვის ფუნქციების კლასიფიკაციის მიხედვით სამი სტადიისაგან შედგება:
1) მიზნის დასახვა-დაგეგმვა;
2) სამართავი სისტემის მომზადება დასახული მიზნის განსახორციელებლად;
3) აღრიცხვა, კონტროლი, მოქმედების კორექტირება-რეგულირება და კოორდინაცია.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეწარმეობრივი საქმიანობის ერთ-ერთი დამახასიათებელი მომენტი არის საწარმოო რისკის არსებობა. შესაბამისად, რისკის მოვლენების ღრმად და ყოველმხრივად შესწავლა საგრძნობლად შეამცირებს მოსალოდნელ მოვლენებში რისკის უარყოფით შედეგებს, ამიტომ მენეჯერს მოეთხოვება მისაღები მმართველობითი გადაწყვეტილებების მაღალი მეცნიერულ-პრაქტიკული დონის უზრუნველყოფა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს რისკის ფაქტორის გათვალისწინებას, რადგანაც მოქმედება სამეურნეო რისკის პირობებში დამოკიდებულია მმართველობით ხელოვნებაზე, მენეჯერის უნარზე – გაბედულად შეარჩიოს ყველაზე ხელსაყრელი ალტერნატივა, სრულად გამოიყენოს, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და ინტუიცია. რისკის მიზეზი შეიძლება იყოს ბაზარზე ფასების მოულოდნელი ზრდა ან შემცირება; სახელმწიფოს მიერ ისეთი საკანონმდებლო აქტების შემოღება, რომელიც ცვლის საწარმოს პოლიტიკას; სტიქიური მოვლენები, სოციალური ძვრები და ა.შ.
მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. საწარმოო სიტუაციის ანალიზი და პრობლემის გამოვლენა;
2. პრობლემის გადაწყვეტის მიზნების დასახვა;
3. გადაწყვეტილების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილების ალტერნატიული შემუშავება;
5. გადაწყვეტილებათა ვარიანტების ანალიზი და შეფასება;
6. პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის გზების შერჩევა.
ამრიგად, საწარმოო რისკი ნიშნავს არასასურველ მოსალოდნელობას ინფორმაციული გაურკვევლობის პირობებში. ეს ფაქტორი არსებითია მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების დროს. განასხვავებენ რისკის შემდეგ ძირითად სახეებს:
1. საწარმოო რისკი – განპირობებულია წარმოების პირობების შეცვლით;
2. საბაზრო რისკი – გამოწვეულია პროდუქციასა და წარმოების ფაქტორებზე ფასების მოულოდნელი ცვლილებით;
3. ფინანსური რისკი – დაკავშირებულია წარმოების აქტივების ფინანსურ უზრუნველყოფასთან. სასესხო კაპიტალის ზრდა ქმნის ვალების დროული დაფარვის საფრთხეს;
4. უბედური შემთხვევის გამო ზარალის რისკი – მოსალოდნელი ზარალი ხანძრის, სტიქიურ უბედურებათა, გაქურდვის, ავარიების და ა.შ.;
5. იურიდიული რისკი – დაკავშირებულია ქვეყანაში საკანონმდებლო ნორმებისა და სამთავრობო პროგრამების მოულოდნელ ცვლილებასთან.
მმართველობითი გადაწყვეტილების ანალიზიდან გამომდინარე, შესაძლებელია რისკის გაკონტროლება და უარყოფითი ზემოქმედების შემცირება სხვადასხვა ხერხებით, კერძოდ:
კომერციული რისკის – ბაზრისა და მომხმარებელთა სეგმენტის შერჩევაში უფრო მეტი ანალიტიკური მუშაობით; შუამავლების ზედმიწევნით შერჩევით; ბაზრის წინასწარი ტესტირებით, საცდელი გაყიდვებით, ცვლილებების შეტანით პროდუქტში; კონკურენტების შესაძლო მოქმედებათა წინასწარ განჭვრეტით; ფასების ზედმიწევნით პროგნოზირება, რისკის ხარისხის შემცირება ჰეჯირების გზით.
ფინანსური რისკის – საწარმოს პრიორიტეტული მიმართულებების ზედმიწევნით გაანალიზება, წარმოებული პროდუქციის რენტაბელობის წინასწარი შეფასება; ხელშეკრულებაში წინასწარი გადახდის – ავანსის (100%) ჩართვა, ანგარიშსწორებაში აკრედიტივის ფორმის გამოყენება; წინასაკონტრაქტო პერიოდში ანალიტიკური მუშაობა, რისკების გადანაწილება პროექტში სხვა ფირმების ჩართვის ხარჯზე. ფინანსური რისკის შემცირების ერთ-ერთ არსებით ელემენტად დაზღვევა შეიძლება განვიხილოთ, როგორც შესაძლებელ მნიშვნელოვან დანაკარგთა თავიდან აცილების გზა მცირე დანახარჯების გაწევის სანაცვლოდ.
შიდასაწარმოო რისკის – სოციალური პროგრამების შემუშავებით, კოლექ-ტივში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნით; თანამშრომელთა, განსაკუთრებით სამეცნიერო-კვლევით სფეროში დაკავებულთა ზედმიწევნით შემოწმებით, დოკუმენტაციის მოძრაობის კონტროლით; ხელმძღვანელთა ზედმიწევნით შერჩევა, მათი საქმიანობის ეფექტური მოტივაცია და სტიმულირება, პროფესიული მომზადება და გადამზადება, კონტროლის ორგანიზაცია.
საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მნიშვნელოვანია საწარმოთა გადარჩენის სტრატეგიის ფორმირება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სწრაფი რეაგირება საბაზრო შესაძლებლობებზე, რისკის პრობლემებსა და უსაფრთხო განვითარებაზე. გადარჩენის სტრატეგიის ძირითადი მიზნებიდან გამოვყოფთ: ფორმირებადი ბაზრისადმი საწარმოს ადაპტირების პრინციპს, მეურნეობრიობის არაეფექტიანი მეთოდებისაგან თავის დაღწევას, სამეურნეო საქმიანობაში მიღწეული დონის შენარჩუნებას (სტაბილურობას), რესურსული პოტენციალის, განსაკუთრებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და მმართველობითი გუნდის შენარჩუნებას და სხვა კომპონენტებს.
კონტროლის სისტემის დამკვიდრება მართვის პროცესში მენეჯერების ყურადღებას მიმართავენ პრობლემურ საკითხებზე და აძლევენ მათ დროს, რეაგირება მოახდინონ შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე. მენეჯერული კონტროლის სისტემის ევოლუციური განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა და თანამედროვე მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკაში დამკვიდრდა კონტროლინგი, რომელიც მოწოდებულია დასახული ამოცანებიდან გამომდინარე, ობიექტურად და ხარისხიანად გააანალიზოს და შეაფასოს ორგანიზაციის მუშაობა მისი შემდგომი განვითარების ან სრულყოფის მიზნით. კონტროლინგის სისტემა ხასიათდება ორი ძირითადი მიმართულებით:
ა) ადმინისტრაციული კონტროლი – საქმიანობის ყველა სახე, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის მმართველი სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობისა და მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე;
ბ) საშემსრულებლო კონტროლი – გულისხმობს ყველა სახის საქმიანობის განხორციელებას ორგანიზაციის სამართავი სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობისა და მიმდინარე მდგომარეობის შესაფასებლად.
საწარმოს ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციული საქმიანობის კონტროლის საკმაოდ შრომატევადი პროცესიდან გამომდინარე, როგორც წესი, თავის საქმიანობაში კონტროლის განხორციელების შერჩევით მეთოდებს იყენებს.
ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმი იმ ინსტრუმენტების თავმოყრასა და ერთიანობას წარმოადგენს, რომლებიც ორგანიზაციის მართვის სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შეფასებისათვის გამოიყენება, რომლის ძირითად ინსტრუმენტებს წარმოადგენენ საბიუჯეტო კონტროლი, მმართველობითი აუდიტი, სტატისტიკური დაკვირვება, პირადი დაკვირვება, მოხსენებები და თათბირები. მიზნების დადგენა და შეფასების სისტემების ჩამოყალიბება საკმაოდ რთულია მენეჯერებისათვის, რადგან ორგანიზაციულ გარემოში მაღალი ხარისხის გაურკვევლობა არ აძლევს მათ მომავლის განჭვრეტის შესაძლებლობას. ამდენად, მენეჯერებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს კონტროლის სისტემების შექმნას, რომლებიც ამცნობს მათ პრობლემების შესახებ, რათა შეძლონ მათი დროული მოგვარება.
ამრიგად, ნებისმიერი საწარმოს საქმიანობის რეგულირების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირება, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და საქმიანობის მიზნებისა, შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული და საშემსრულებლო კონტროლის ჰარმონიული, მოწესრიგებული და გამართული ურთიერთმოქმედების პირობებში, რაც დამოკიდებულია მენეჯერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.