რუბლი სარეზერვო ვალუტის ტიტულს უმიზნებს

სარედაქციო წერილი

ექსპერტები სულ უფრო ხშირად განიხილავენ დოლარის როლს მსოფლიო ეკონომიკაში: მისი კურსი ბოლო რამდენიმე წელია არასტაბილურ ხასიათს ატარებს. სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს ან ჩანაცვლდეს სხვა ვალუტით ან აქტივით. ამ ფონზე განსაკუთრებით გამოირჩევა ჩინეთისა და რუსეთის მოსაზრება, რომლებიც დიდი ხანია ფიქრობენ, რომ თავიანთი ვალუტა სარეზერვო გახადონ.

ჩინეთის საერთაშორისო პრობლემების ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ცზიან ჩუნუემ განაცხადა: “ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია დოლარი მთავარი მსოფლიო ვალუტაა და დღემდე ქვეყნების უმრავლესობა თავის ეროვნულ ვალუტას დოლარს აბავს, რაც დიდი ხნის მანძილზე უზრუნვეყოფდა სტაბილურ განვითარებას” – სწავლულის სიტყვები “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა.
კამათი დოლარის მომავლისა და მდგომარეობის შესახებ გუშინ არ დაწყებულა და ბევრი წელია მიმდინარეობს. უბრალოდ, ის ამ ეტაპზე გახდა უფრო აქტუალური – 2008-2009 წლის კრიზისისას, როცა ფედერალური სარეზერვო სისტემა ბიუჯეტის დეფიციტთან საბრძოლველად აშშ-ის ეკონომიკას იაფი დოლარით ბერავს. არც ამერიკული ფულის საბეჭდი მანქანაა ახალი აღმოჩენა, მაგრამ ზუსტად ახლა ეკონომიკაში ლიკვიდურობის უზარმაზარი მოცულობის შედინება მსოფლიოს კრიზისის მეორე ტალღლით ემუქრება, რაც უკიდურესად გაამწვავებდა სიტუაციას. აშშ-ში რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები ტრეიდერებს აიძულებს, გაყიდონ დოლარი, მისი კურსიც შეუქცევადად ვარდება და მასთან ერთად იკლებს ამ ვალუტისადმი ნდობაც.
ამასთან, როგორც ცნობილია, მსოფლიო ოქროს სავალუტო რეზერვების 65% დოლარში ინახება, მსოფლიო ვაჭრობის ბრუნვის 80%-ზე მეტი წარმოებს აშშ დოლარში. ასეთი სიტუაცია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ლოკომოტივის წოდებაზე (და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეც არის), სულაც არ მოსწონთ. აქ ექსპერტების აზრით, აქ განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ბრიკის ჯგუფის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპულიკა) – მსოფლიო პროცესების პასიური მონაწილეები – განვითარებადი ქვეყნები – დღეს ნელ-ნელა გადაიქცევიან აქტიურ მოთამაშეებად. ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ სამომავლოდ დოლარის ადგილს არ დაიკავებს რომელიმე ერთი ვალუტა, არამედ ვალუტების კალათა.
პრინციპში, სარეზერვო ვალუტის საკითხი დღეს ძალიან მწვავედ დგას. ამ მომენტისთვის მხოლოდ შვეიცარული ფრანკი და ფუნტ სტერლინგი ესადაგებიან იმ მოთხოვნებს, რომელსაც ვალუტის მიმართ აყენებენ ფრთხილი ინვესტორები. იაპონიაში ბუნებრივი კატაკლიზმების გამო შექმნილი უდიდესი პრობლემების ფონზე ძალიან დასუსტდა ქვეყნის ეკონომიკა და არც პერსპექტივებია გამოკვეთილი, ევროკავშირში ვითარდება სახელმწიფო ვალის პრობლემები. მთელი ეს შექმნილი მდგომარეობა ინვესტორებს აიძულებს ალტერნატივა ეძებონ.
სარეზერვო ვალუტაზე პრეტენზიას იუანიც აცხადებს, მაგრამ გასული წლის ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ სტატუსზე ჩინეთს უარი განუცხადა და აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში იგი არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელია თავისუფლად მიმოქცევადი ვალუტისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდს დოლარის კურსზე იუანის მიბმულობა ჰქონდა მხედველობაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩინეთის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იუანმა ეს სტატუსი მიიღოს.
რუბლის სარეზერვო ვალუტად გადაქცევის სურვილს რუსეთის ხელისუფლებაც რეგულარულად ახმოვანებს. რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა სეულში გამართულ G20-ის მუშაობის დასრულებისას განაცხადა: “უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ რუბლი სარეზერვო ვალუტად გადაიქცეს, ამისთვის გვინდა მოსკოვში საფინანსო ცენტრი შევქმნათ”.
საუბრები რუბლისთვის სარეზერვო ვალუტის სტატუსის მინიჭებაზე ახალი არ არის. იგივე მედვედევმა, შორეულ 2006 წელს, როცა იგი პირველი ვიცე-პრემიერი იყო, X საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პეტერბურგში განაცხადა, რომ დოლარის ერა, როგორც ერთადერთი სარეზერვო ვალუტისა – სრულდება და აუცილებელია უფრო უსაფრთხო საფინანსო სისტემის შექმნა, რომელშიც დომინირებადი ვალუტა არ იარსებებს. “როგორი იქნება სარეზერვო ვალუტა, ამას შემდეგი თაობები გადაწყვეტენ, მაგრამ უკვე დღეს მსოფლიო საფინანსო სისტემებმა ყურადღება უნდა მიაქციონ განვითარებულ ქვეყნებს, რომლებიც გლობალურ ეკონომიკას პრობლემებს უქმნიან”, განაცხადა მაშინ მედვედევმა.
რუბლის მსოფლიო სარეზერვო ვალუტად გადაქცევა – რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში ყველაზე მოდური თემა გახდა. ქვეყნის პრეზიდენტს, როგორც აღვნიშნეთ, არა ერთხელ გაუხმაურებია ეს საკითხი. ამ ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ რუბლსა და იუანში სარეზერვო ვალუტის ნიშნებს ხედავს და დასძენს, რომ სარეზერვო ვალუტის აუცილებელი პირობაა ათწლეულის მანძილზე სიმყარე და მაკროეკონომიკური სტაბილურობისკენ მიმართული მთავრობის თანამიმდევრული პოლიტიკა, რასაც კუდრინის თქმით, რუსეთი მისდევს კიდეც.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ექს-მეთაურმა, ალან გრინსპენმა რუსების ოპტიმიზმს ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ რუსულ რუბლს მიმოხილვად მომავალშიც შეუძლებელია ჰქონდეს არა თუ მსოფლიო სარეზერვო, რეგიონალური სარეზერვო ვალუტის სტატუსტიც კი. მისი თქმით, ეს შეუძლებელია, რადგან რუსული რუბლი ძალიან ძლიერ დამოკიდებულია ერთადერთ პარამეტრზე – ნავთობის ფასზე.
გრინსპენის განცხადებით, რუსეთში ისტორიულად განუვითარებელი ინფრასტრუქტურაა, ხოლო ეკონომიკა მთლიანობაში არასაკმარისად დივერსიფიცირებული, მაშინაც კი, თუ ქვეყანა ეკონომიკის მოდერნიზაციას დაიწყებს, სარეზერვო ვალუტის სტატუსის მისაღებად მას, როგორც მინიმუმ, 10 წელი დასჭირდება.
Fibo Group-ის ექსპერტების მოსაზრებით, დოლართან დაკავშირებული სიტუაცია შემდეგია: თუკი აშშ არ მოაგვარებს თავისი ბიუჯეტის დეფიციტისა და ფულის საბეჭდ დანადგართან დაკავშირებულ პრობლემებს, მსოფლიო ინვესტორები, რაიმეს შესასაყიდად ვალუტის ამორჩევისას, უფრო ხშირად გაექცევიან აშშ დოლარს. პრობლემები ეკონომიკაში ვალუტის მიმართ ნდობას ამცირებს.
აშშ დოლართან დაკავშირებულ პრობლემებს გაეროც აღიარებს: 2010 წლის გაეროს მსოფლიო ეკონომიკურ და სოციალურ მიმოხილვაში (U.N. World Economic and Social Survey) ნათქვამია, რომ “დოლარს არ აღმოაჩნდა უნარი მყარად შეენარჩუნებინა ღირებულება, სწორედ ასეთი უნარი წარმოადგენს სარეზერვო ვალუტის სიმყარის მთავარ პირობას”. თუმცა, ჯერჯერობით, დოლარი რჩება მსოფლიო სარეზერვო ვალუტად და ბიზნესის ნდობით სარგებლობს.
“შესაძლოა, ვალუტების კალათა ამ სიტუაციიდან ნამდვილი გამოსავალი იყოს – მართლაც, დღეს, სურვილებისა და განცხადებების მიუხედავად, არც რუბლსა და არც იუანს და ალბათ, ემერგინგ მარკეტს-ის ქვეყნების არც ერთ ვალუტას, რომლებიც სარეზერვო ვალუტაზე პრეტენდენტები არიან, დოლარის შეცვლა სრულფასოვნად არ შეუძლია. ვერც ჩინეთი ან რუსეთი ეკონომიკის სტაბილურობით თავს ვერ მოიწონებენ, მით უფრო ამ ქვეყნის ვალუტები”, განაცხადა კომპანია X-Trade Brokers-ის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვერეტენიკოვმა.
თუმცა, მიუხედავად პრობლემებისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტადი საკითხებია და დროთა განმავლობაში მივიღებთ ახალ სარეზერვო ვალუტას ან ვალუტების კალათას. თუმცა, მეცნიერ-ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ ეს არ იქნება სწრაფი პროცესი. იმის თქმა, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე სხვა ვალუტა დოლარის მაჩვენებელს მიაღწევს მსოფლიო ვაჭრობაში, ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა.