სახეცვლილი “სამხრეთის ნაკადი”
სარედაქციო წერილი
რუსული გაზის 80% ევროპაში უკრაინის გავლით მიდის. უკრაინასთან არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გამო, 2006 წლის შემდეგ 2-ჯერ მოხდა გაზსადენის ბლოკირება, რამაც ევროპის ეკონომიკის რამდენიმედღიანი პარალიზება გამოიწვია. რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპა აქტიურად ცდილობს გაზის მოწოდების ალტერნატიული გზების მოძიებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის “ნაბუქო”. რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. თუმცა გულხელდაკრეფილი, რა თქმა უნდა, არც რუსეთია – კრემლმა გადაწყვიტა 2 გაზსადენის – “სამხრეთის ნაკადისა” და “ჩრდილოეთის ნაკადის” აშენება, რომელთა საშუალებითაც ერთი მხრივ, შესაძლებელი იქნება რუსული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება უკრაინის გვერდის ავლით, ხოლო მეორე მხრივ, “ნაბუქოს” კონკურენცია.
მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის 80-იან წლებში ენერგეტიკული რესურსები პირველად გამოიყენეს პოლიტიკურ იარაღად, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები მსოფლიოს უმსხვილეს დედა-ქალაქებში პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში მოექცა. ამ თვალსაზრისით განხილულ იქნა სხვადასხვა სადივერსიფიკაციო პროექტი: თითქმის უკვე მივიწყებული “თეთრი ნაკადი”, პოლიტიკურად მოტივირებული “სამხრეთის ნაკადი” და მშვენივრად შედგენილი, მაგრამ ჯერ კიდევ თეორიული “ნაბუქოს” მილსადენი. ყველა მათგანი შეიქმნა იმისთვის, რომ რუსული ან კასპიური აირი გატარდეს სანაპირო ან წყალქვეშა მილსადენების მეშვეობით აღმოსავლეთიდან-დასავლეთისკენ, მაგრამ ყველა მათგანი დღემდე განსხვავებული მიზეზების გამო ქაღალდზე რჩება.
“ჩრდილოეთის ნაკადი” ექსპლუატაციაში უკვე მიმდინარე წლის ნოემბრიდან შევა, გეგმა “სამხრეთის ნაკადის” აშენების შესახებ კი ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მისი მშენებლობა წესით 2015 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ამ ვადებში ჩატევვა საეჭვო ჩანს. პროექტის განხორციელებას ბევრი ფაქტორი აფერხებს.
ევროკავშირი, რომელიც ცდილობს გაზის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას, “ნაბუქოს” პროექტის განხორციელებას ესწრაფვის, რაც დაბრკოლებას უქმნის რუსული პროექტების განხორციელებას. თუმცა, მთავარი ბარიერი კრემლისათვის თურქეთია.
ბოლო თვეების განმავლობაში შავი ზღვის სივრცეში საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა მოვლენები. გასული წლის სექტემბერში, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადეს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტ-ის გაშვების შესახებ. ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა აშენდეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუმინული გაზის გამათხევადებელი საწარმო (AGRI), კავშირით უნგრეთთან, არის თხევადი გაზის პირველ პროექტი შავ ზღვაზე. გარდა ამისა, 2010 წლის დეკემბერში უკრაინის მთავრობამ დაამტკიცა ნაციონალური პროექტების სია და მათი განხორციელება პრიორიტეტად დაასახელა. ნომერი პირველი ამ ნუსხაში შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესის მახლობლად რეგაზიფიკაციის ტერმინალის აშენებაა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მიმდინარე წლის 9 მარტს, პრემიერ-მინისტრ, ვლადიმერ პუტინისა და ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი შმატკოს სამუშაო შეხვედრაზე, პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომლის თანახმადაც, “სამხრეთის ნაკადის” გაზსადენი უნდა შეიცვალოს თხევადი აირის პროექტით და თხევადი გაზის ტერმინალი რუსეთის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. “სამხრეთის ნაკადისთვის” ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ, ეს ყველასთვის მოულოდნელი განცხადება იყო.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებების მთავარი მიზეზი “სამხრეთის ნაკადისათვის” თურქეთის მიერ ანთებული წითელი შუქია, რომელთანაც ბოლო ნახევარი წელია რუსეთი უშედეგო მოპალარაკებებს აწარმოებს. გაზსადენის მილმა აუცილებლად უნდა გაიაროს შავი ზღვის იმ ტერიტორიაზე, რომელიც თურქეთის კონტროლის ქვეშაა. მაგრამ ანკარა არ ჩქარობს ამ ნაბიჯის გადადგმას. მოსკოვი ძალიან აქტიურად ცდილობს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დათბობას ენერგეტიკის სფეროში. ამისათვის კრემლი დათანხმდა, ააშენოს პირველი ატომური ელექტროსადგური თურქეთში და მიიღოს მონაწილეობა სამსუნი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტში. მიუხედავად ამისა, მოსკოვმა სასურველ შედეგს ჯერჯერობით ვერ მიაღწია. ბოლო იმედი 2011 წლის მარტში, თურქეთის პრემიერ-მინისტრ, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მოსკოვში ვიზიტი იყო. პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრაზე “სამხრეთის ნაკადის” თემა კვლავ აქტუალური გახდა. თუმცა, ამ ვიზიტს რუსეთისათვის სასიკეთო არაფერი მოჰყოლია, ანკარა “სამხრეთ ნაკადთან” დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის. ალბათ, ამიტომაც, რუსეთმა გადაწყვიტა მოლაპარაკებების სხვა მიმართულებით წარმართვა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, იგორ სეჩინმა განაცხადა, რომ რუსეთი განიხლავს ევროპისათვის გაზის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის შექმნის შესაძლებლობას. საუბარია თხევადი გაზის გადატანაზე ევროპაში ტანკერების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, 9 მარტის შეხვედრაზე, დაავალა ენერგეტიკის მინისტრს, შმატკოვს, რომ მომზადდეს “სამხრეთ ნაკადის” მილსადენის ალტერნატიული პროექტის განხორციელების გეგმა. ამისათვის, პრემიერ-მინისტრმა რეკომენდაცია მისცა ენერგეტიკის სამინისტროს, შეისწავლონ კუნძულ იამალიდან ევროპაში თხევადი გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობა. კუნძულზე თხევადი გაზის ტერმინალის აშენებას რუსეთის უდიდესი ენერგოკომპანია “ნოვატეკი” აპირებს.
როგორც სჩანს, რუსეთის ხელისუფლებას ჯერ თვითონ ვერ გაუგია, რა სურს და რა გზას შეიძლება დაადგეს. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ პუტინი ამტკიცებდა, რომ გაზის ევროპისათვის გაზსადენებით მიწოდება უფრო იაფია, დღეს კი პუტინი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის გათხე-ვადება და დანიშნულების ადგილამდე ამ გზით მიტანა უფრო იაფი ჯდება.
მაგრამ, ისევე, როგორც “სამხრეთის ნაკადს”, ამ პროექტის განხორციელებასაც ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. თხევადი აირის ტერმინალის მშენებლობა და რეგაზიფიკაცია საკმაოდ ძვირადღირებული პროექტებია და მათი ღირებულება 1-დან 2 მილიარდ ევრომდე მერყეობს. უმთავრესი, რის გამოც ამ პროექტს არ შეეძლება “სამხრეთის ნაკადის” სრულად ჩანაცვლება, მისი მოცულობაა. თხევადი გაზის ტრანსპორტირება, რომელიც შეიძლება რუსეთმა ევროპაში კრემლის სქემით განახორციელოს, საგრძნობლად, 5-6-ჯერ ჩამოუვარდება “სამხრეთის ნაკადის” სავარაუდო მოცულობას. გაურკვეველია ისიც, თუ საიდან გეგმავს რუსეთი გაზის ახალი მარშრუტისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებას. იამალის საბადოების დამუშავება-რეკონსტრუქციის პროცესი დაგეგმილ გრაფიკს საგრძნობლად ჩამორჩება, გარდა ამისა, რუსეთმა ფაქტობრივად მთლიანად შეწყვიტა ნედლეულის შეძენა თურქმენეთიდან.
ამ თავსატეხში კიდევ ერთი მომენტი არსებობს: შავი ზღვის რეგიონში, რომლის გავლითაც, შეიძლება თხევადი გაზით დატვირთული ტანკერები ევროპაში ჩავიდნენ, არაფერი შეიძლება მოხდეს თურქეთის გარეშე. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამჯერედაც შეიძლება შეეჯახოს იმ გადაულახავ ზღუდეს, რომელიც “სამხრეთის ნაკადის” განხორციელებას დღემდე აფერხებს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, რუსეთს “სამხრეთ ნაკადის” ერთადერთი ალტერნატივა აქვს – უკ-რაინის მარშუტი. თუმცა მოსკოვის მიერ ამის აღიარება, ფაქტობრივად, კრემლის ენერგოპოლიტიკის მარცხის აღიარების ტოლფასია. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ რუსეთი გაგარძელებს ზეწოლას თურქეთზე, რათა დაიყოლიოს და “სამხრეთის ნაკადის” პორექტის განხორციელებაში ჩაითრიოს.
კრემლი რომ დანებებას არ აპირებს, მოწმობს ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მარტის ბოლოს სერბეთსა და სლოვენიაში, რომლებიც დათანხმდნენ შავი ზღვიდან მათ ტერიტორიაზე გაატარონ გაზსადენი. “სამხრეთის ნაკადის” მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს რუსეთ-სლოვენური ერთობლივი საწარმო – რომელშიც ერთიანდებიან რუსული “გაზპრომი” და სლოვენური Geoplin Plinovod. კონცერნის შექმნის ხელმოწერის ცერემონია ლუბლიანაში გაიმართა, რომელსაც კომპანიების უმა-ღლეს პი- რებთან ერთად რუსეთისა და სლოვენიის პრემიერებიც ესწრებოდნენ.
როგორც ვარაუდობენ, “სამხრეთ ნაკადის” მშენებლობა 2013 წელს უნდა დაიწყოს. მისი გაშვება 2015 წლის ბოლოს იგეგმება, გამტარობა თავადაპირველად წელიწადში 15.75 მილიარდო კუბური მეტრი იქნება. მაქსიმალურ გამტარობას კი მილსადენი 2018 წლისათვის მიაღწევს – 63 მილიარდ კუბურ მეტრს. 21 მარტს “გაზპრომსა” და გერმანულ კომპანია BASF-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც პროექტში ჩაერთვება BASF-ის შვილობილი კომპანიაWintershall-ი, რომელიც უკვე არის “გაზპრომის” პარტნიორი “ჩრდილოეთის ნაკადის” პროექტში. “სამხრეთ ნაკადი” რუსულ-იტალიურ-ფრანგული პროექტია, რომელიც ნოვოროსიისკიდან გაზს შავი ზღვის გავლით ბულგარეთის საპორტო ქალაქ ვარნაში უნდა ჩაიტანოს. აქედან კი ევროპაში გადავა. მისი საერთო ღირებულება 8.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
რუსეთის მიერ წარმოებულმა გაზის ომებმა და მის მიერ ენერგორესურსების მონოპოლიის ფლობამ, ევროპა აიძულა ალტერნატივები ეძებნა, თუმცა, სახეზეა ევროკავშირის შეუთანხმებლობა – მას არ გააჩნია ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა. ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი გერმანია, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ეკონომიკურ მოგებაზეა ორიენტირებული და თანახმაა სასურველი მიზნის მისაღწევად რუსეთთანაც ითანამშრომლოს მაშინ, როდესაც ევროკავშირის სხვა წევრები, მაგალითად, პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოები, კრემლისაგან თავდასაღწევ საშუალებებს ეძებენ. ეს არაერთსულოვნება სათუოს ხდის ევროკავშირის მიერ წამოწყებულ ალტერნატიული პროექტების განხორციელებას და გზას უხსნის რუსეთს თავისუფლად განახორციელოს თავისი პროექტები. თუმცა, როგორც ვხედავთ, მიზნის მიღწევა ადვილი არც რუსეთისთვისაა.