ქართული ტურიზმის კომპასი არასწორ მიმართულებას აჩვენებს
თათია დონაძე
ზამთრის საკურორტო სეზონი დასრულდა. ტუროპერატორები და სტატისტიკოსები შედეგებს აჯამებენ. უკვე კეთდება პროგნოზები კარს მომდგარი საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წინასწარი პროგნოზით, 2010-2011 წელს ზამთრის კურორტებზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამსვენებელთა 43%-იანი ზრდა უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა. როგორც ტუროპერატორები აღნიშნავენ, 2010-2011 წლის სეზონზე, ზამთრის კურორტებზე დასვენების მსურველ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე 2009-2010 წლის სეზონზე, თუმცა უთოვლობის გამო სეზონის ბოლოს სულ სხვა სურათი მივიღეთ. მიმდინარე წელს, 2009-2010 წლების სეზონთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობა 20-25%ით შემცირდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ ზამთრის საკურორტო სეზონზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, წელს ბაკურიანში ჩასული დამსვენებლების 98% ადგილობრივი მოსახლეობა იყო, 2% კი – უცხოელი. უცხოელ დამსვენებელთა 43% უკრაინიდან, 28%-ზე მეტი კი აშშ-დან სტუმრობდა საქართველოს. წელს ბაკურიანში დიდი რაოდენობით ისვენებდნენ აზერბაიჯანელები და თურქები. გუდაურში ჩასული ტურისტების 67% ქართველი იყო, 33% კი – უცხოელი. აღსანიშნავია, რომ წელს გუდაურში დამსვენებელთა რაოდენობის 47% რუსმა ტურისტებმა შეადგნეს, 16% – უკრაინელმა ტურისტებმა.
2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 486 ათასზე მეტი უცხოელი მოგზაური იმყოფებოდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 41%-ით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კლასიფიკაციით, ტურისტად მიიჩნევა ქვეყანაში ჩამოსული ყველა უცხოელი ვიზიტორი, გარდა საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისა. 2011 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 34% ქვეყანაში დასვენების მიზნით იმყოფებოდა. 2011 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში უცხოელ ტურისტთა ყველაზე დიდი რაოდენობა აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. მე-2 ადგილზეა სომხეთი, მე-3 ადგილზე – თურქეთი, მეოთხეზე კი – უკრაინა.
საზაფხულო სეზონისთვის მზადება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო ტუ-რისტული გამოფენით იწყება. 14-16 აპრილს ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში კავკასიის მე-13 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ჩატარდა. “CTF 2011”-ი ეკონომიკისა და მდგრადი განვითა-რების მინისტრმა, ვერა ქობალიამ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, მაია სიდამონიძემ გახსნეს.
მიუხედავად იმისა, რომ წელს გამოფენაში წინა წლებთან შედარებით მონაწილეთა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ გაიზრდა, პირველ რიგში, რაც დამთვალიერებელს თვალში მოხვდებოდა, ტურისტულ გამოფენაზე ტურისტული კომპანიების სიმცირე იყო. საგამოფენო სტენდებზე ძირითადად წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონები, სასტუმროები, ავიაკომპანიები და სხვადასხვა სახის მომსახურების კერძო კომპანიები. გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ, კომპანიები თურქეთიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან.
გამოფენის ფარგლებში ჟურნალ “ბიზნეს-კურიერის” ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ინოვაციები ტურიზმში”, სადაც დარგის სპეციალისტებმა იმ პრობლემების შესახებ იმსჯელეს, რომელიც დღეს საქართველოში ტურიზმის სფეროში არსებობს. მათ შორის აღსანიშნავია რამდენიმე მთავარი საკითხი. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ტურიზმის გნვითარების ერთიანი კონცეფცია, რაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტურიზმის სწორი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას. მთელი ყურადღება გადატანილია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასტუმრობის მშენებლობაზე, ტურიზმი კი მხოლოდ ეს არ არის. კიდევ ერთი პრობლემა, რომლის შესახებაც კონფერენციაზე ისაუბრეს, არის საქართველოს ახალი საგადასახდო კოდექსი. რომელშიც, მიუხედავად მისი “რევოლუციური სულისკვეთებისა”, ტურიზმის სეგმენტის კომპანიებისათვის არავითარი საგადასახადო შეღავათები არ არის გათვალისწინებული. მაშინ, როცა ბევრ ქვეყანაში, კერძო სეგმენტისთვის დაწესებული სხვადახვა სახის შეღავათები ტურიზმის სფეროს განვითარების ერთ-ერთ მთავარი წინაპირობაა.
ექსპერტებს პრეტენზიები ტურისტული ინდუსტრიის კერძო სექტორის წარმომადგენლების მიმართაც აქვთ. ცნობილია, რომ განვითარებად ქვეყანაში ტურისტის ჩამოსვლის მთავარი მოტივაცია არის და-ბალი ფასები, რასაც ქართულ კურორტებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. რატომ ჩამოვა ტურისტი საქართველოში და არ წავა სხვაგან, მაშინ როცა უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შეიძლება მიიღოს იმავე ფასად?
ტურიზმის განვითარებისათვის კიდევ ერთი შემაფეხებელი ფაქტორია გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 1996 წელს მიღებული კანონი ძალიან მოძველებულია. გარდა ამისა, ის უფრო ტურისტულ ტრმინთა განმარტებითი ლექსიკონია და არაფერი აქვს საერთო კანონთან.
როგორც კონფერენციაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ტურისტული ადგილების მენეჯერმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსათვის უახლოესი წლების განმავლობაში პრიორიტეტული რამდენიმე მიმართულებაა. მათ შორის, სწორედ საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, რომელზე მუშაობაც ავსტრიელ ექსპერტებთან ერთად ევროკავშრის თწინინგ-ის ფარგლებში მიმდინარეობს. “კანონპროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კერძო სექტორს კარგი საფუძველი შეექმნას ეფექტურად განვითარდებისათვის”, – დასძენს მედეა ჯანიაშვილი. კონფერენციაზე ყურადღება ტურიზმის სააგენტოს სხვა პრიორიტეტებზეც გაამახვილეს. მათ შორის, ახალი ტურისტული პორდუქციის, პირველ რიგში კი, ექსტრემალური და ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარებაზე.
შეიძლება თუ არა სოფლის ტურიზმს იმაზე დიდი პოტენციალი ჰქონდეს საქართველოში, ვიდრე საზღვაო კურორტებს? საინფორმაციო პორტალმა ცომმერსანტ.გე ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი უცხოელ ტურისტებს შორის საქართველოში ყველაზე პოპულარული ადგილების გამოვლენა იყო. შიდა ტურიზმზე მომუშავე ტუროპერატორების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტურისტებს საქართველო ძირითადად ლანდშაფტითა და პანორამული ხედებით ხიბლავს. საქართველოში ტურისტებისათვის საინტერესო ადგილების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: მესტია, თუშეთი, სიღნაღი, ყაზბეგი და ვარძია.
კომპანია “ელკანა” ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაა. ის წარმოადგენს იმ ფერმერთა ორგანიზაციას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მდგრადი ორგანული მეურნეობის წარმოებით. ორგანიზაცია არსებობს 1994 წლიდან და აერთიანებს 700-მდე ფერმერს. მათ შორის არიან სხვადასხა ასოციაციები, კერძო მეწარმეები. ლელა ხარატიშვილი, კომპანია “ელკანას” სოფლის მეურნეობის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი: “რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებას, პროექტი – “სოფლად ტურიზმის განვითარება” 2006 წელს წამოვიწყეთ სოფლად მცხოვრები იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ ტურისტის სტუმრად მიღება, გამასპინძლება ტრადიციული კერძებით და ასე შემდეგ. მათთან მუშაობა დავიწყეთ: ვუტარებთ ტრეინინგებს, ვაცნობთ სხვა ქვეყნის გამოცდილებას ამ სფეროში. პროექტის დაწყების შემდეგ, დღეისათვის, 80 ოჯახი უკვე მზად არის იმისათვის, რომ მიიღონ სტუმრები.
დღეს თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს მსგავსი სერვისი, მაგრამ უცხოელი ტურისტების მხრიდან ყველაზე მეტი დაინტერესება მაინც თუშეთისა და სვანეთის მიმართ არის. ამ რეგიონებზე უკვე დიდი ხანია განსაკუთრებული მოთხოვნა არის უცხოელთა მხრიდან, ამიტომ აქ შედარებით უფრო განვითარებულია ტურიზმი. ნაკლებად არის განვითარებული გურია, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონს ძალიან კარგი და საინტერესო ორგანული მეურნეობები აქვს. ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ გურია არ არის ტურისტული რეგიონი, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.
ს.ე. – რამდენად მზარდია უცხოელი ტურისტების მხრიდან საქართველოს რეგიონების მიმართ დაინტერესება?
ლ.ხ. – ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს კულტურული ტურებით დაინტერესებულ ტურისტთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ამას ვამბობ, როგოც ჩვენი კომპანიის, ასევე სხვადასხვა ტუროპერატორების მონაცემებმებზე დაყრდნობით. საქართველოს ცნობადობა სულ უფრო იზრდება საერთაშორისო ასპარეზზე და ამის კვალდაკვალ იზრდება ტურისტებისათვის ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხიც.
2008 წლის სეზონის შედეგების გამეორებას ელის წელს საზაფხულო სეზონზე კომპანია “ფრეშ თრეველი”. თამუნა კურტანიძე, “ფრეშ თრეველის” წარმომადგენელი: “ტურისტული სეგმენტისათვის დინამიკაში ყველაზე კარგი წელი 2008 წელი იყო, თუმცა ამის შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, იყო ტურისტთა რადიკალური კლება. თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში აღმავალი ტენდენციები ისევ შეინიშნება. ჩვენ ველოდებით, რომ 2011 წლის ტურისტულ სეზონზე ისეთივე შედეგები გვექნება, როგორიც 2008 წელს გვქონდა. მოახლოებულ სეზონზე დაახლოებით 6 000 ტურისტის შემოყვანას ვგეგმავთ.
ს.ე. – რომელი კურორტებია განსაკუთრებით პოპულარული ტურისტებს შორის?
თ.კ. – ზამთრის კურორტებზე ჩვენ ნაკლებად ვმუშაობთ, ძირითადად ვმუშაობთ ორგანიზებულ ტურებზე, რომლებშიც შედის ექსკურსიები ისტორიულ და გეგორგაფიულ ადგიებში, ასევე კულტურული ტურები, ჯიპ-ტურები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ცალკეულ კურორტებს, ზამთრის კურორტები უფრო პოპულარულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არის საკმაოდ დიდი ინტერესი ბათუმის მიმართ, ძირითადად მეზობელი ქვეყნების მხრიდან. თუმცა, ბოლო პერიოდი დაინტერესება შეინიშნება სხვა ქვყენების მხრიდანაც. ჩვენ, მაგალითად, ამ სეზონზე ვაპირებთ ჩარტერული რეისის დანიშვნას თელავივი-ბათუმის მიმართულებით.
დააღწია თუ არა თავი საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ 2008 წლის აგვისტოსა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგებს, რამდენიმე თევში, საზაფხულო სეზონის შედეგების შეჯამებისას გამოჩნდება. 2010-2011 წლების ზამთრის საკურორტო სეზონის მონაგარი კი, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის დიდი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ იძლევა.