ჯარი, როგორც ბინზესი
სოფიკო სიჭინავა
ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია, რომლითაც ბოლო ათწლეულები ხასიათდება, კერძო შეიარაღებული ფორმირებების სულ უფრო მზარდი როლია. ეს სფერო მილიონობით მოგებას უქადის მათ, ვისაც ფულის “ომზე გაკეთება” არ ეთაკილება. კერძო შეიარაღებების როლი და მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში არაფორმალური შეიარაღებების საერთო მოცულობა რამდენიმე წლის წინ 120 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ბრუკლინის უნივერსიტეტის ექსპერტთა შეფასებით – 180 მილიარდ დოლარს. ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს მაჩვენებელი სწრაფად გაზარდა 200 მილიარდ დოლარამდე.
კერძო ჯარების მომსახურებით სარგებლობენ არა მხოლოდ საომარი ოპერაციების დროს, არამედ კორპორატიული კლიენტებიც, რომლებიც მათ უსაფრთხოების საკითხებს ანდობენ. განსაკუთრებით ის კომპანიები, რომელთა ფილიალები და შვილობილი კომპანიებიც ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში ან სხვა ცხელ წერტილებში მდებარეობენ. ვინაიდან ასეთ ადგილებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, რთული საქმეა.
აშშ-ის კონგრესის მონაცემების მიხედვით, იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მომხმარებელს კერძო შეარაღებული ძალების მომსახურებას სთავაზობენ, დაახლოებით 3 ათასია. მოსალოდნელია ამ რიცხვის კიდევ უფრო ზრდა. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში კანონი ჯერ კიდევ კრძალავს მსგავსი არაფორმალური შეიარაღებების არსებობას. მაგალითად, რუსეთში. თუმცა, ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ იქ, სადაც არსებობს მსხვილი კორპორაციების ინტერესი, ყოველთვის მოიძებნება გამოსავალიც. რუსებიც, მართალია, ამ შემთხვევაში, კანონის გვერდის ავლით, მაგრამ მაინც ცდილობენ თანამედროვე სამხედრო ტენდენციებს ფეხი აუწყონ.
ის ხალხი კი, ვინც ამ სფეროში გამორჩეულია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. დასავლეთის პრესამ უკვე შექმნა ისრაელის კერძო შეიარაღებული ფორმირებების შემქმნელთა “დიდების შარავანდენი”. მათ თვით პრეზიდენტების უსაზღვრო ნდობაც აქვთ მოპოვებული. ის ხალხი, ვინც თავის დროზე ისრაელის კერძო ფორმირებების შექმნაში მონაწილეობდა, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების და სამხედრო გენერლების ნდობით აღჭურვილი პირები არიან.
აღსანიშნავია, რომ არაფორმალური შეიარაღებებით მთავრობები ყოველთვის სარგებლობდნენ, თუმცა ცივი ომის დამთავრებამდე ეს თითქმის ყოველთვის ფარულად ხდებოდა. რადიკალური ცვლილებები 1974 წელს დაიწყო, როდესაც კერძო საბრძოლო კომპანიამ Vinnell Crop-მა, რომელიც შედიოდა იარაღის მწარმოებელი უდიდესი კონცერნის Northrop Grumman-ის შემადგენლობაში, თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა აშშ-ის მთავრობასთან. კომპანიის სპეციალური დანიშნულების რაზმს უნდა მოემზადებინა საუდის არაბეთის ეროვნული გვარდია და დაეცვა იქ არსებული ნავთობსაბადოები.
კერძო შეიარაღებული ფორმირებების ბაზრის მასობრივი განვითარება 1990 წლიდან დაიწყო, რო-დესაც დასავლეთს სულ უფრო მეტი საომარი ოპერაციების გახორციელება სჭირდებოდა გაერთიანებული ერების ორგანზაციის ოპერაციათა ფარგლებში. ამისათვის აუცილებელი იყო კარგად მომზადებული საბრძოლო ფორმირებები. დღეს არაფორმალური ჯარები ძირითადად მონაწილეობენ მსოფლიო ოპერაციებში, ჯარების წვრთნაში და ტერიტორიების დაცვაში. კერძო შეიარაღებების როლის ზრდაზე ისიც მეტყველებს, რომ დღეს ერაყში, სამშვიდობო მისიას, გაეროს ოპერაციებში, თითქმის მთლიანად კერძო შეიარაღებული ჯარები ასრულებენ. თუ 20 წლის წინ რეგიონში კერძო შეიარღებული ფორმირებისა და სამხედროების შეფარდება 1:50-თან იყო, დღეს მათი რაოდენობა ერთმანეთის ინდენტურია. მსგავსი სიტუაცია იმითაც აიხსნება, რომ მსოფლიოს საჯარისო ფორმირებების ძირითად კონტიგენტს შეადგენენ ჯარისკაცები პაკისტანიდან, ნიგერიიდან, ურუგვაიდან, კენიიდან, განიდან, ბანგლადეშიდან და ინდოეთიდან. ხოლო მათი დიდი ნაწილი, ვინც გაეროს შეიარაღებული დანაყოფების რიგებში 10 წლის წინ ირიცხებოდა, ფრანგების, იტალიელების, ამერიკე-ლების, კანადელებისა და ბრიტანელების სახით, დღეს უკვე კერძო შეიარაღებულ ფორმირებებში გადავიდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასევე ბევრი სამხედრო პირი, რომელიც მანამდე საბჭოთა ჯარში მსახურობდა, კერძო შეიარაღებულ ჯარებს შეუერთდა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ისიც განაცხადა, რომ თუ საქმე გამოცდილ და “ყოვლისშემძლე” გენერლების არჩევაზე მიდგებოდა, ის უპირატესობას კერძო ფორმირე-ბების წევრებს მიანიჭებდა.
2002 წლიდან დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული სამთავრობო შეიარაღებული ფორმირებების ჩანაცვლება ნელ-ნელა დაიწყო კერძო ჯარებით. ლონდონის ამ ნაბიჯს ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიბაძა. თუმცა, ამ მხრივ, მაინც აშშ ლიდერობს. ჯერ კიდევ 2001 წელს აშშ-ის კონგრესის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში არაფორმალური საჯარისო ფორმირების შემადგენლობაში 650 ათასი ჯარისკაცი შედიოდა. ახლა მარტო ერაყში, 400-მდე კერძო შეიარაღების ორგანიზაცაა განლაგებული, დაახლოებით 200 ათასი წევრით, მათგან აბსოლუტური უმეტესობა აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორია.
ომიდან ბიზნესამდე
კერძო შეიარაღებული ფორმირებები დიდი ხანია უბრალო სტატისტების როლში აღარ არიან. ის-ინი აქტიურად არიან ჩართულნი სახელმწიფო ჯარებისა და პოლიციის სწავლებებსა და წვრთნებში, ხშირად იცავენ მთავრობების ინტერესებს სხვადასხვა ფრონტზე, იბრძვიან პირატებისა და ტერორისტების წინააღმდეგ. კომპანიები, რომლებიც ბაზარზე უკვე დიდი ხანია არიან, არა მხოლოდ სამთავრობოთაშორისო პოლიტიკურ-სამხედრო ოპერაციებში არიან აქტიურად ჩართული, არამედ ბიზნესის ახალი სეგმენტის პიონერებად გვევლინებიან, რასაც კერძო შეარაღებული ფორმირებების შექმნა და მათი მომსახურების შეთავაზება წარმოადგენს. საერთაშორისო შეიარაღების ასოციაციის მონაცემების მიხედვით, კერძო შეიარაღებული ფორმირებების შეკვეთების 62% მთავრობებთან კონტრაქტებია, 32%-ს წარმოადგენს კონტრაქტები ბიზნეს და სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციებთან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსხვილი კორპორაციული კომპანიები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით უპირატესობას კერძო შეიარაღებული ფორმირებების მომსახურებას ანიჭებენ. პირველ რიგში, ეს ეხება ნავთობ და სხვადასხვა ლითონის მომპოვებელ, ასევ ენერგო კომპანიებს.
მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთმა მსხვილმა ნავთობკომპანიამ Halliburton-მა (მისი პრეზიდენტი 2000 წლის აგვისტომდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი გახლდათ) განავითარა ისეთი კომპა-ნიები არაფორმალურ შეიარაღებაში, როგორებიცაა: Kellog, Brown & Root, რომელთაც ჯამში 12 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტები აქვთ აშშ-ის მთავრობასთან, გაეროსთან და მსხვილ ნავთობკომპანიებთან. Brown & Root არ შემოიფარგლება მხოლოდ სხვადასხვა ბიზნესის დაცვით: 1999 წელს ის მონაწილეობდა იუგოსლავიაში განხორციელებულ ნატოს ოპერაციებში. კორპორაცია Computer Sciences-მა 8 წლის წინ შეიძინა ორგანიზაციაDynCorp, კერძო შეიარაღებული ფორმირების ბაზრის ძირძველი მოთამაშე, მისი ისტორია 1946 წლიდან იწყება. დღეისათვის ეს კომპანია ირანის პოლიციის წვრთნებს ატარებს. ამ კონტრაქტის ღირებულება 1.2 მილიარდი აშშ დოლარია.
2009 წელს უსაფრთხოების საერთაშორისო აკადემიამ იერუსალიმში დაარსა სასწავლო კურსები, რომელიც არაფორმალური შეიარაღებების წევრებს ამზადებს. კურსების ღირებულება ერთი ადამი-ანისთვის 12 ათასი ევროა.
თუმცა, არაფორმალურ შეიარაღებულ ძალებს მწვანე შუქს ყველგან არ უნთებენ. რუსული კომპანიები და სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთაც ინტერესები აქვთ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ასევე სარგებლობენ კერძო ჯარების მომსახურებით. ისინი მიმართავენ დასავლეთის მაგა-ლითს და თვითონ ქმნიან მსგავსი სახის შეიარაღებებს. მაგალითად “ტრანსნეფტი” და “გაზპრომი”. თუმცა, როგორც რუსი მიმომხილველები აღნიშნავენ, რუსული კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს მსგავსი ტიპის მომსახურებას სთავზობენ, არც ისე ბევრია, განსაკუთრებით კი საერთაშორსო ბაზარზე ისინი ძალიან სუსტად არიან წარმოდგენილნი. ამის მთავარი მიზეზი რუსული კანონმდებლობაა, რომელიც კრძალავს რუსეთის ტერიტორიაზე კერძო შეიარაღებული ფორმირებების არსებობას, ისევე, როგორც იარაღის თავისუფლად გატარებას საზღვრებზე.
მაგრამ მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ რუსები იმ ქვეყნებში აარსებენ ორგანიზაციებს, სადაც ეს ნებადართულია, რომელთა მომხმარებელიც იურიდიულად სხვა პირები, ფაქტობრივად კი რუსეთის მოქალაქეები არიან. ცხადია, ასეთ პირობებში რუსეთის ბიუჯეტი მილიარდობით დოლარს კარგავს. რუსებს ბევრი კომპანია აქვთ ევროპაში დაარსებული. მაგალითად Fort Defence Group, რომლის მეომრებიც მუშაობდნენ ერაყში. შეზღუდვების მიუხედავად, რუსული კომპანიები მაინც ახერხებენ კონკურენციის გაწევას დასავლური ორგანიზაციებისათვის. ამიტომ ადგილობრივი ექსპერტები რუსეთის ხელისუფლებას კანონმდებლობის შეცვლას ურჩევენ, მანამ სანამ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან. ომი კერძო ფორმირებებს შორის ჯერ ახალი დაწყებულია, თუმცა, ამ შემთხვევაში, საბრძოლო მოედანი მსოფლიო ბაზარია, “ნადავლი” კი – ბაზრის წილი.