მდიდრებმა ღარიბებზე იმსჯელეს
ალექსანდრა ლალიაშვილი
გლობალური ფინანსური კრიზისით გამოწვეული მოვლენების გადაფასება საერთაშორიო ორგანიზაციებმა და განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე ცივი გონებით დაიწყეს, საკუთარი მოგება-ზარალი დითვალეს და ღარიბი ქვეყნებისთვისაც მოიცალეს. კრიზისული მდგომარეობიდან გლობალური ეკონომიკის თანმიმდევრული გამოსვლის პარალელურად 9-13 მაისს თურქეთმა გაეროს რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც მსოფლიოს სუსტად განვითარებულ ქვეყნებს (Least Developed Countries) და იქ არსებულ მდგომარეობას მიეძღვნა.
ფორუმზე ღარიბი ქვეყნების განვითარების 10-წლიანი გეგმა განიხილეს. კონფერენციას, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ იმართება, ესწრებოდა 197 ქვეყნის 41 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 47 საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და 10 ათასამდე დელეგატი.
ხუთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა გახსნა. კონფერენციის გახსნით სესიაზე თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1971 წელს პარიზში პირველი მსგავსი კონფერენციიდან მოყოლებული, მიუხედავად საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი მილიარდობით დოლარისა, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. “1971 წელს მსოფლიოში 25 ყველაზე სუსტად განვითარებული ქვეყანა არსებობდა. ახლა ამ ქვეყნების რიცხვი 48-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სუსტად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 13%-ს შეადგენს, მათი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში სულ ერთ პროცენტს აღწევს,” – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, დახმარების გაზრდა ასეთი ქვეყნებისთვის აუცილებელია სოფლის მეურნეობის სექტორის და განათლების, ასევე ინვესტიციების გაზრდის პროგრამებისთვის “თუ დაახლოებით 900 მილიონ ადამიანს, რომლებიც ასეთ ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობენ, მომავლის პერსპექტივა არ გაუჩნდებათ, ვერ მიაღწევენ სტაბილურობასა და კეთილდღეობას”.
დღეისათვის სუსტად განვითარებული ქვეყნების ჯგუფში (LDC) შედის 48 ქვეყანა, 855 მილიონი მოსახლით. ამ ქვეყნებიდან 33 აფრიკაში, 14 აზიაში და ერთი, ჰაიტი, სამხრეთ ამერიკაში მდებარეობენ. 2009 წელს სუსტად განვითარებული ქვეყნების საშუალო მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 614 აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ, როცა მსოფლიოში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 7 462 აშშ დოლარი იყო. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, საწვავის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სამომხმარებლო ფასების ზრდამ LDჩ ქვეყნების და მისი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახადა.
ამ ქვეყნების მოსახლეობის თითქმის 2/3 აგრარულ სექტორშია დასაქმებული, თუმცა 2006-2007 წლებში LDC-ის ქვეყნებში სოფლის მურნეობის სექტორის წილი მშპ-ში არ გაზრდილა (27%), მაშინ, როცა მსოფლიოში აგრარული სექტორის წილი მშპ-ში 4%-ით, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში 7%-ით გაიზარდა. სუსტად განვითარებული ქვეყნები შედიან გაეროს Food and Agriculture Organization (FAO) მიერ კლასიფიცირებულ იმ 70 ქვეყნებთა რიცხვში, რომელთაც განსაკუთრებით ემუქრებათ საკვები პროდუქტების დეფიციტი. 2011 წლის მარტში, FAO-ს მიერ სუსტად განვითარებული ქვეყნებიდან 20 შედის იმ 29 ქვეყანას შორის, რომლებიც საკვები პროდუქტებით გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ.
მას შემდეგ, რაც გაერომ სუსტად განვითარებული ქვეყნების კატეგორია შემოიღო, მათი რიგებიდან გასვლა (ეკონომიკური წინსვლის გამო) მხოლოდ ბოტსვანამ, კაპე ვერდემ და მალდივის კუნძულებმა მოახერხეს. ხსენებულ კატეგორიაში მოხვედრის ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმს წარმოადგენს ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი, რომელიც 750 დოლარზე ნაკლები უნდა იყოს. ხოლო იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ ეს კატეგორია დატოვოს, ეს მაჩვენებელი 900-ს დოლარს უნდა აღემატებოდეს. სხვა კრიტერიუმებში საკვები პროდუქტების რაოდენობა, ბავშვთა სიკვდილიანობა და განათლების დონე შედის.
თურქეთში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმაც მიმართა. მის მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ საკვებ პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე მზარდმა ფასებმა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს მძიმე დარტყმა მიაყენა. პან გი მუნმა შეძლებული სახელმწიფოები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების გამოყოფის მხრივ საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულეს. “წარსულში ჩვენ ბევრი ძალიან დიდსულოვანი დაპირება მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაპირებების შესრულებას ქვეყნები დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ. დაპირებების შესრულების სფეროში გაერო მიღწეულ პროგრესსა და ვალდებულებების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს,” – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მდგომარეობა მართლაც კიდევ უფრო დამძიმდა, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ერთ-ერთი კი სამომხმარებლო ფასების განუწყვეტელი მერყეობაა. სამომხმარებლო ფასების ზრდა (განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე) რამდენიმე წლის წინ დაიწყო და პიკს 2008 წელს მიღწია, ფინანსური კრიზისის გამო ფასები შემცირდა, თუმცა 2009 წლის მიწურულიდან ფასებმა კვლავ ზრდა დაიწყო. 2011 წლის დასაწყისში ბევრი პირველადი მოხმრების საქონელზე ფასები გაუთანაბრდა ან გაუსწრო 2008 წლის იანვარის მაჩვენებელს (ამ პერიოდში ფასების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა). ფასების ასეთი მერყეობა, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, რომელთა მოსახლეობაც შემოსავლის დიდ ნაწილს, ხშირ შემთხვევაში, 80%-ს სწორედ პირველადი მოხმარების საქონელზე ხარჯავს. საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდამ, სუსტად განვითარებული ქვეყნების საიმპორტო საკვები პროდუქციის ღირებულება 2002-2008 წლებში 9-დან 24 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.
ფასების მკვეთრი ცვალებადობა, რა თქმა უნდა, ართულებს მთავრობის მუშაობასაც. არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი ქვეყნისათვის რთულია ფინანსური სტაბილურობის მიღწევა, სავალუტო კურსის შენარჩუნება, საშინაო და საგარეო ვალების დაფარვა, სოციალური დანახარჯების ეფექტიანი განაწილება სიღარიბის შესამცირებლად და სხვა. მაგალითისათვის, LDC ჯგუფის ქვეყნების ერთ-ერთი წევრის, ტანზანიის რესპუბლიკის ფისკალური დეფიციტი 2008-2009 წლებში 3.1%-იდან 6.6%-მდე გაიზრდა. ზამბიის მთავრობამ კი 2009-2010 წელს სახელმწიფო შემოსავლის 22% დაკარგა.
ეს ქვეყნები ასევე დააზრალა სამუშაო ადგილების დაკარგვამ, რომელიც გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. ტანზანიის რესპუბლიკაში უმუშევრობა, მხოლოდ ტურიზმი სფეროში, 2008-2009 წელს 27%-ით შემცირდა, ზამბიაში – 30.4%-ით. კამბოჯაში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთათვისაც საკვები პროდუქტებისა და სხვა პირველადი მოხმარების საქონლის შეძენაც კი დიდი პრობლემაა, 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის ივნისამდე 62-დან 69%-მდე გაიზრდა.
თუმცა, კონფერენციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხანებში უღარიბესი ქვეყნების უმრავლესობამ ეკონომიკური ზრდის “შედარებით მაღალი მაჩვენებლები” დააფიქსირა, რაც თავის-თავად იმედისმომცემია. გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო თანამეგობრობას უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტიციებისკენ მოუწოდა, რაც არა მხოლოდ ქველმოქმედება, არამედ გლობალური ეკონომიკური ზრდის ხელისშემწყობი ფაქტორიც იქნება.
“მცირედი წინსვლისა” და მთავრობების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონიძიებების მიუხედავად, მდგომარეობა ამ ქვეყნებში კვლავ სავალალოა. კამბოჯაში ხელისუფლებამ სხვადასხვა ანტიკრიზისული ღონისძიებები გაატარა – ფულადი შემწეობები, ხელფასების ზრდა, ბრინჯის სუბსიდირება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის გადსახადისგან გათავისუფლება და სხვა. მთავრობამ ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნები შეამცირა საინვესტიციო აქტივობების გაზრდის მიზნით, გაიზრდა ინვესტიციები ტრანსპორტის, საირიგაციო სისტემებსა და მთლიანად აგრარულ სექტორში.
ბენინის რესპუბლკაში კრიზისის წინაღმდეგ საბრძოლველად პირველად ფისკალურ პოლიტიკას მიმართეს, შეამცირეს გადასახადები სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქტების იმპორტზე. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, აგარარულ სფეროში მოხდა ინვესტიციებისა და კრედიტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მთავრობამ დაიწყო პროდუქციის გასაღების ბაზრების ძიება. მოხდა მთავრობის მიერ 20 000 ტონა მარცვლეულის შესყიდვა, რომლის ნახევრის ექსპორტიც განხორციელდა ნიგერიაში, ხოლო ნაწილი მთავრობამ მარაგების სახით შეინახა.
დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობისთვის მეტი ყურადღების მიქ-ცევა და პროდუქტიულობის გაზრდა იმისათვის, რომ საკვები პროდუქტების ფასებზე არ იყოს მსოფლიოს მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ღარიბი ქვეყნები, დამოკიდებული. აუცილებელია ტრადიციული პროდუქტების მოყვანა წარმოებაში ინოვაციური ტექნოლოგიბის გამოყენებით. ჯერჯერობით კი LDC ქვეყნებში 2003-2005 წლებში აგრარული სექტორის მოსავლიანობა 1970-72 წლებთან შედარებით 1/5-ით შემცირებულია. ამასთანავე, აფრიკის ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ღარიბი ცხოვრობს, სასოფლო-სამეურეო სავარგულების ზრდა საგრძნობლად ჩამორჩება აზიისა და ლათინური ამერიკის ზრდის ტემპებს. მაშინ, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების თუნდაც 1%-ით ზრდას შეუძლია სიღარიბის 0.5-0.8%-ით შემცირება.
ამის გათვალისწინებით, მთავრობები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ცდილობენ ფინანსური სახსრები ხელმისაწვდომი გახადონ აგრარული სფეროსათვის. აფრიკის 26 ღარიბი ქვეყნიდან 7-მა ქვეყანამ 2003-2009 წლებში ბიუჯეტების 10% აგრარული სექტორისაკენ მიმართა. მაშინ, როცა UNCTAD-ის კვლევის მიხედვით, 2008 წელს აფრიკულ LDC ქვეყნებში ბანკების მიერ გაცემული სესხების მხოლოდ 14% მოდის აგრარულ სექტორზე, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალის 86% აგრარულ სექტორზე მოდის.
ზოგადი შეფასებით, LDC-ის ქვეყნებში არ არსებობს გაწერილი კონცეფცია, თუ როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარება და იმ რესურსების მაქსიმალურად გამოყნება, რომელსაც ესა თუ ის ქვეყნა ფლობს. ამასთანავე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია თითოეული ქვეყნისთვის სფეროების დივერსიფიცირება და კარგად გათვლა იმისა, თუ რომელი სეგმენტით შეიძლება ეკონო-მიკის უფრო სწრაფი განვითარება. მაგალითად, ბურუნდის კვლევამ აჩვენა, რომ ამ ქვეყანში ყავის წარმოების 10%-ით გაზრდა მშპ-ის მხოლოს 0.3%-იან ზრდას გამოიწვევს, მაშინ, როცა სხვა პროდუქტების წარმოების იმავე რაოდენობით ზრდა მშპ-ის 3.5%-იან ზრდას გამოიწვევს.
დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ ქვეყნების გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციასა და საერთაშორისო ბაზრებში, როგოც ექსპორტიორების ჩართვას. წარმოების გასაზრდელად კი აუცილებლია ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება, რაშიც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განვითარებული ქვეყნების დახმარების როლი. წანა სამი კონფერენციისგან განსხვავებით, თურქეთში მიმდინარე კონფერენციაზე კერძო სექტორს უფრო მეტი ყურადღება დაეთმო. დისკუსიების ერთ-ერთ მთავარ თემას ყველაზე სუსტად განვითარებულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენდა. კერძოდ, ყურადღება გამახვილებული იყო ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობასა და აღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან კავშირების გაფართოებაზე.