ქართულ ავიასივრცეში ჩინელები და ყაზახები შემოიჭრნენ

სარედაქციო წერილი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელსაც ხელი გასული წლის ბოლოს მოეწერა, ქართულ კომპანიებს ევროპაში ფრენის შესაძლებლობა მიეცემათ, ხოლო ქართულ საავიაციო ბაზარზე უცხოური ავაკომპანიების შემოსვლის მეტი პერსპექტივა გაჩნდა. თუმცა, მეორე საკითხია, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ქართული ავიაკომპანიები ევროპულ სტანდარტებს იმისთვის, რომ მათ ევროპულ ქვეყნებში ფრენის ლიცენზია მიიღონ. გარდა ამისა, საკითხავია ისიც, თუ რამდენად მიმზიდველია უცხოური ავი-აკომპანიებისთვის საქართველოს ბაზარი, რომელიც ძალიან პატარაა.

შეთანხმება, რომელიც ბრიუსელში გაფორმდა, ქართულ კომპანიებს, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, საავიაციო სივრცეში ხარისხის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე, ევროკავშირის სტანდარტებთან გათანაბრებას თხოვს. ექსპერტების შეფასებით, დღესათვის საქართველოს ავიაბაზრის განვითარებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი. ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ იქნება რატიფიცირებული.
რთული სათქმელია, ამ ხელშეკრულების თუ სხვა რამის საფუძველზე, მაგრამ – რამდენიმე ახალი ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სივრცეში უკვე გამოჩნდა. ამ ფაქტმა, ექსპერტთა შეფასებით, კონკურენციის გაზრდასა და ავიაბილეთებზე ფასების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.
თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ავია ბაზარზე ორი ახალი კომპანია იწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. ესენია: ყაზახური ავიაკომპანია Air Astana და ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines. ყაზახურმა კომპანიამ ალმა-ატა-თბილისი-ალმა-ატას მიმართულებით რეისების შესრულება ივნისიდან დაიწყო. აღნიშნულ reiss Embarer E190-ის ტიპის თვითმფრინავი კვირაში სამჯერ განახორციელებს. ჩინური კომპანია კი ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 9 ივნისიდან ყოველდღიურად დაფრინავს. ამ რეისებს “ბოინგ 737”, “ბოინგ 757” და “ეარბას 330”-ის ტიპის თვითმფრინავები შეასრულებენ.
ავიაკომპანია China Southern Airlines ერთ-ერთი უდიდესი ავია გადამზიდავია არა მარტო ჩინეთის მასშტაბით, არამედ მსოფლიოში რიგით მეხუთე ავია კომპანიად მიიჩნევა შიდა ფრენების მიხედვით. კომპანია ასრულებს ავიარეისებს 121 მიმართულებით, მსოფლიოს 65 ქვეყანაში. ის ფლობს 422 თვითმფრინავისგან შემდგარი ავია პარკს. 2010 წელს China Southern Airlines-მა გადაიყვანა 76.5 მილიონი მგზავრი შიდა და საერთაშორისო რეისებზე. კომპანია Air Astana ყაზახეთის ნაციონალური გადამზიდავია და 44 მიმართულებით ახორციელებს რეისებს. მისი ავია პარკი 24 ავია ხომალდისგან შედგება.
ექსპერტთა შეფასებით, ისეთი რანგის ავია კომპანიების შემოსვლა ქვეყნის ავია სივრცეში, როგო-რიც Air Astana და ჩჰინა Southern Airlines-ია უდიდესი მნიშვნელობის ფაქტია არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის, გამომდინარე აღნიშნული ავია კომპანიების მო-ცულობითა და მათი მრავალმილიონიანი გადაზიდვების რაოდენობით მსოფლიოს ავია ბაზარზე.
რაც შეეხება გასულ წელს, 2010 წელს საქართველოს ავია ბაზარზე შემოვიდნენ ისეთი ავიაკომაპნიები, როგორის არის პირველი დაბალ ტარიფიანი ავია კომპანია “პეგასუსი”, რომელმაც მომხმარებელს მანამდე არსებულ ფასებთან შედარებით დაბალი ტარიფები შესთავაზა; პოლონური ავიაკომპანია “ლოტი”; ავია კომპანიები “სიბირი”; “ურალის ავია ხაზები” და “ეარ ბათუმი”, ხოლო ბაზარზე უკვე მყოფმა ავიაკომპანიებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით ავიარეისების შესრულების სიხშირე გაზარდეს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რე-გულარული რეისების შესრულება დაიწყეს ავია კომპანიებმა – “აეროსვიტმა” და “ბელავიამ”, ხოლო ავია კომპანია “ეარ ბალტიკი” ავია მიმოსვლის დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. “ტავ ჯორჯიას” განმარტებით, კომპანიამ ბაზარზე ახალი ავია კომპანიების შემოყვანა სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში აქტიური მონაწილეობის შედეგად მოახერხა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ავია ბაზარი ძალიან პატარაა, განსაკუთრებით მსოფლიოს გიგანტი კომპანიებისათვის, მათთვის მიმზიდველი და ქვეყანაში შემოსვლისთვის გადამწყვეტი ფაქტორი, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაა – ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირების უმოკლესი გზა. გარდა ამისა, ქართულ ავიაბაზარზე შემოსული ჩინური კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, მათ საქართველოში შემსასვლელად, გეოგრაფიული მდებარეობის გარდა, კიდევ ერთი მოტივაციაც ჰქონდათ – ჩინეთისა და საქართველოს მზარდი სავაჭრო ურთიერთობები.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს: საქართველოს ავია ბაზარი ჯამში 780 000 მგზავრს იტევს. შარშან გადაყვანილი მგზავრების 15,4% “თურქეთის ავიახაზებზე” მოდის, 15% – “აირზენაზე”, 11,6% – “პეგასუსზე”, 7.5% – “ლუფთჰანსაზე”, დანარჩენი კი სხვა კომპანიებზე. რაც შეეხება ქართული კომპანიების წილს, “აირზენასა” და “ეარ ბათუმის” მიერ გასულ წელს გადაყვანილი მგზავრები, საერთო მოცულობის 20%-ს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 15%-მდეა შემცირებული. ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ქართული ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ, საერთო ჯამში, გაიზარდა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველს ავიაბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 244 000 მგზავრი გადაიყვანეს, რაც 36%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.