აჭარაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტები ჭარბობენ
სარედაქციო წერილი
საქართველოს მთავრობის 3-მილიონი ტურისტის მასპინძლობის ამბიცია ისევ დღის წესრიგშია. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის ინფორმაციით, ივნისში ტურისტთა რაოდენობა 1,2 მილიონს აღწევს და ვარაუდობს, რომ დაგეგმილი ოდენობის ტურისტთა მოლოდინი, შესაძლოა, 90%-ით გამართლდეს. თუმცა, ადასტურებს, რომ არსებობს გარემოებები, რომლებმაც, შესაძლოა, გეგმის შესრულებას ხელი შეუშალოს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარის სასტუმროების 80 პროცენტი უკვე დაჯავშნილია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დეპარტამენტის მონაცემებითვე, წელს მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ნომრები გაუხსნელ სასტუმროებშიც კი აღარ არის თავისუფალი. ასე მაგალითად, “ბათუმი რედისონის” გახსნა ივლისის ბოლოსთვის იგეგმება, მაგრამ სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროს ნომრებს უკვე ჯავშანი ადევს. ამ მომენტისთვის აჭარა 350 ათასზე მეტმა ტურისტმა მოინახულა.
აჭარაში დასვენების მსურველთაგან ყველაზე აქტიური პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოსახლეობაა. ისინი, ძირითადად, 3-4-ვარსკვლავიანი სასტუმროებით ინტერესდებიან, რომელთა ღირებულება საშუალოდ 50-70 ევროს შეადგენს. ამ მხრივ, საინტერესოა სასტუმროების ონლაინ-რეზერვაციის ვებგვერდის მონაცემები: ამჟამად გვერდზე ბათუმის 13 სასტუმროა რეგისტრირებული და 15 ივლისამდე მათი რიცხვი 25-მდე გაიზრდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველები თითქმის ორჯერ აღემატებიან სხვა დანარჩენი ქვეყნებისას. ყველაზე აქტიურს – უკრაინას – მოსდევს აზერბაიჯანი, მას კი – სომხეთი. თუმცა, სომეხი ტურისტები უფრო იაფ დასვენებას ამჯობინებენ და სასტუმროების მაგივრად, ოჯახებში გაქირავებულ ოთახებში არჩევენ ცხოვრებას. ამ ეტაპზე ბათუმის სასტუმროებზე მოთხოვნა მინიმუმ 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თბილისის სასტუმროებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში სასტუმროს აშენებით დაინტერესებული ინვესტორი 15 წლით მოგების გადასახადისგან თავისუფლდება და სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებს, სამშენებლო ბუმი არ შეინიშნება, თუმცა ინტერესი კვლავ მაღალია. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისათვის აქ სამი სასტუმრო შენდება, რომელთა დასრულების ვადები 2012 წლის თებერვალ-მარტია.
ქობულეთის ტურისტულ ზონაში მშენებარე სასტუმროების ერთი სტანდარტით მიმდინარეობს, რომელსაც ზედამხედველობას საერთაშორისო ორგანიზაცია “გლობალ სტარი” უწევს. ეს გარემოება ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ ხელშეკრულებების გაფორმებამდე ჩადო ერთ-ერთ პირობად – სასტუმროებს საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მშენებლობის პროცესში შესაბამისი რეკომენდაციები უნდა გაეთვალისწინებინათ. რეკომენდატორი “გლობალ სტარი” საქართველოში სასტუმროებისა და სხვადასხვა ობიექტებისთვის ვარსკვლავების მინიჭებას ახორციე-ლებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამჟამად რეკომენდაციათა საერთო წესების შემუშავება მიმდინარეობს.
როგორ ვებრძოლოთ ნალექს
შარშანდელი უნალექო ზაფხულისგან განსხვავებით, შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთი წელს წვიმებით გამოირჩევა. ეს უდიდესი პრობლემაა, რომელმაც, შესაძლოა, მთავრობის გეგმებს მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი. საეჭვოა, რომ ტურისტმა ორკვირიანი შვებულება უცხო ქალაქში წვიმიანი პანორამის საცქერად გაფლანგოს.
საქართველოში უკვე დაიწყეს საუბარი კლიმატური იარაღის საშუალებით ნალექების კონტრო-ლისა და ღრუბლების გაფანტვის შესახებ, რაც ტურისტებს უამინდობას ააცილებს თავიდან. დღის წესრიგში ეს საკითხი თემურ ჭყონიამ წამოაყენა. მისი განმარტებით, აღნიშნული დანადგარი სერბული წარმოშობისაა და მხარესთან იარაღის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. სისტემის ღირებულება 3 ათასი ევროა, თუმცა ღრუბლის გასაფანტად თითო გასროლა 435 ევრო ჯდება. იდეის განხორციელების შემთხვევაში, ქობულეთში წვიმიანი დღეები იკლებს და დამსვენებლები უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს.
თუმცა, ექსპერტები ამ იდეის განხორციელებას საშიშად მიიჩნევენ. ხელოვნურად მართულმა ამინდმა შეიძლება მიმდებარე დასახლებები დააზარალოს. თუ ამინდი ერთ სოფელში, რეგიონში ან ქვეყანაში ხელოვნურად იცვლება, ამან შეიძლება საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანოს მეზობელ სოფელს. ამინდის ფორმირებაში ხელოვნურმა ჩარევამ შეიძლება დაარღვიოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ციკლი. შექმნას წყლით მომარაგების პრობლემები, დაწამლოს სამეურნეო ნაკვეთები და ა.შ.