“თბილუნივერსალბანკის” ახალი სიურპრიზები
ეკა ლომიდზე
საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, საბანკო სისტემა ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, ინსტიტუციონალური განვითარების მდგრად პროცესს აგრძელებს, რაც, თავისთავად, ბანკების შინაგან აგებულებას, მათ მდგრადობას, კადრების მაღალ დონეს, საერთაშორისო ფინანსური ინვესტიციებისა და საკრედიტო ხაზების მოზიდვას გულისხმობს.
პარარელურად გრძელდება საბანკო სექტორის კონცენტრაციის და კრისტალიზაციის პროცესი, ანუ მსხვილი ბანკები უფრო ფართოვდებიან, მცირეები კი, საბანკო ბაზარზე შედარებით ნაკლებ ხვედრით წილს იკავებენ, რაც საბოლოოდ, მათ რაოდენობას ოპტიმალურ რიცხვამდე დაიყვანს. ამ სექტორში იარსებებს ბანკების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ერთმანეთისგან ბაზარზე, ძირითადად, თავისებური ნიშანი – იმიჯი განასხვავებს, ანუ ზოგი ბანკი იმუშავებს მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე, ზოგიც უფრო მაღალ სეგმენტზე, ზოგიც სხვა ნიშნით იქნება გამორჩეული. საერთო ჯამში კი, კლიენტისთვის საბანკო მომსახურეობა უფრო კომფორტული აღმოჩნდება.
დღეს კვლავ მიმდინარეობს კრედიტებზე განაკვეთების შემცირების ტენდენცია. იყო დრო, როცა ეს განაკვეთი 48%, შემდეგ 30% და 24% იყო. დღეს ეს ციფრი 20%-ა და შემცირების პროცესი კვლავაც გრძელდება. ფულადი რესურსები იაფდება, მათ შორის, საბანკო სისტემაში იზრდება დეპოზიტების წილი, მნიშვნელოვნად გაიაფდა საერთაშორისო სახსრების მოზიდვა, თუმცა ამავე ტემპით არ მცირდება განაკვეთები კერძო პირთა დეპოზიტებზე, რისი მიზეზიც საბანკო სისტემის გარეთ მოძრავი ფულადი სახსრებია. რაც მეტი იქნება ბანკებში მოზიდული თანხები, მით მეტი საშუალება იქმნება, რომ განაკვეთებმა საკრედიტო რესურსებზე დაიწიოს.
ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ საბანკო სექტორზე მოსალოდნელზე ნაკლებად იმოქმედა. წმინდა პოლიტიკური ხასიათის კრიზისმა მოკლე პერიოდში ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია. თუმცა, არ შეცვლილა არც ლარის მასა და არც მოთხოვნა-მიწოდება, რის გამოც იგი “სასწრაფოდ დაუბრუნდა არსებულ წონასწორობას”. ბუნებრივ და მოსალოდნელ შიშის სინდრომს არ უფეთქია და, შესაბამისად, საბანკო სექტორიდან სისტემური ხასიათის ფულის გადინება არ მომხდარა. საქართველოში საბანკო სექტორი ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე კვლავ დინამიურ განვითარებას აგრძელებს, რაც, ძირითადად, აქტივების ზრდის ხარჯზე ხდება.
მომხმარებელი უკვე ირჩევს ბანკების მიერ შეთავაზებულ პროდუქტს და მოთხოვნილების ხარჯზე თავადვე კარნახობს მას, თუ რა სიახლეები სჭირდება ამ კუთხით. შესაბამისად, ბანკები კლიენტს პროდუქტების უფრო მრავალფეროვან სახეს სთავაზობს, როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების და სხვა სპეციფიურ მომსახურეობებზე.
ტარიელ გვალია. (“თბილუნივერსალბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე):
“ბანკები ხედავენ, რომ მომავალი თანამედროვე ტექნოლოგიებისაა და ამ მიმართულებით სოლიდურ თანხებსაც ხარჯავენ. 2003 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ნოემბერში “თბილუნივერსალბანკისთვის” გამოვუშვით პლასტიკური ბარათები, რომელიც ტესტირებას ჩვენს თანამშრომლებზე გადის, ხოლო იანვრიდან კლიენტებს შესაძლებლობა მიეცემათ “თბილუნივერსალბანკის” ვიზა-ბარათებთან ერთად მთელ მსოფლიოში იმოგზაურონ.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ შევიძინეთ საკმაოდ ძვირადღირებული საბანკო ტექნოლოგიური პროდუქტი – “სოფტი”, რის გარეშეც დღეს თანამედროვე ბანკის მუშაობა წარმოუდგენელია. ამ პროგრამაში გათვალისწინებულია ყველაფერი ის, რაც საჭიროა აქტივების და პასივების ლიკვიდობის მართვისათვის. როგორც აღვნიშნე, პროდუქტი საკმაოდ ძვირადღირებულია, რადგან, რაც ინტელექტუალური შრომით იქმნება, ძვირია და მისი ღირებულება ყოველთვის გაიზრდება. მომავალი გლობალიზაციის და ტექნოლოგიების განვითარებისაა.
“თბილუნივერსალბანკისთვის” მნიშვნელოვანია ევრობანკთან გაფორმებული მილიონნახევრიანი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ჩვენი აქციების 4%-ის შესყიდვას ითვალისწინებს. თანხა უკვე მიღებული გვაქვს და საქმეშია დაბანდებული. ცოტა ხნის წინ, ახალი, ორ სართულზე განთავსებული ოფისი გავხსენით, რომლის პირველი სართული მთლიანად დაეთმო კლიენტების მომსახურეობას – სალაროებს, ინკასაციურ ინდივიდუალურ სეიფებს, დამხმარე სათავსოებს, მეორე სართული კი – სამუშაო სივრცეს. ძველ ოფისში დარჩა მხოლოდ ზედა მენეჯმენტი.
თქვენი ჟურნალის საშუალებით მკითხველს ინფორმაცია მივაწოდეთ ლიზინგის პროექტის შესახებ, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. დაკვეთით მომზადებულია ახალი ბიზნეს-გეგმა და პროექტი, რომლის შესახებაც უფრო კონკრეტულად მომავალში ვისაუბრებთ.
“თბილუნივერსალბანკის” მენეჯმენტში მოხდა გარკვეული ცვლილებები: ამჟამად აღარ გახლავართ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე, ვარ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, “თბილუნივერსალბანკს” ჰყავს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ვასიკო ძოწენიძე, რომელიც ახალი წლიდან მთელი დატვირთვით შეუდგება თავის მუშაობას.
რაც შეეხება ბანკის აქტივებს, წელს ის კლიენტთა ბანკში განთავსებული თანხების ხარჯზე 50%-ით გაიზარდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე, ვფიქრობ, “თბილუნივერსალბანკისთვის” 2004 წელი შედარებით წარმატებული იქნება, ვიდრე 2003 წელი, რომელიც მძიმე საინვესტიციო პერიოდი იყო. ყველა ის პროექტი, რომელზეც ვისაუბრეთ, ძალიან ბევრ დროს და თანხებს მოითხოვდა და წლის განმავლობაში არც ერთი მათგანი არ განხორციელებულა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ 2004 წელს ამ პროექტებმა იმუშავოს, შესაბამისად, მომავალი წელი უფრო წარმატებული იქნება.
რაც შეეხება თვითონ საბანკო სისტემას, 2004 წელს იგი ისევე განაგრძობს ზრდას, როგორც 2003-ში, რადგან პოლიტიკური პროცესების გამო, ყველა რესურსის ამუშავებას ვერ მოასწრებს. ამ თვალსაზრისით, 2005 წელი უფრო დინამიური იქნება. მოვა დრო, როცა მომავლის პროგნოზირება უფრო ადვილი გახდება. ვფიქრობ, კიდევ ერთი კატაკლიზმა აღარ მოხდება.
დავუბრუნდები კვლავ “თბილუნივერსალბანკს” და რეზიუმესთვის ვეტყვი, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, იმისთვის, რომ 2004 წლისთვის ბანკში ზრდის ტენდენცია დაიწყოს. ვცდილობთ, ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი-ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, დავიკავოთ ეს ნიშა და უახლოეს პერსპექტივაში ბაზრის 5% ჩვენი გახდეს. ეს გახლავთ ჩვენი ამოცანა, რომლის შიგნით ბევრი პროცესია და რომელმაც იგი უნდა ამოხსნას.
თქვენი ჟურნალის საშუალებით ვულოცავ ყველას მშვიდობით გადარჩენას, დამდეგ შობას, ახალ წელს და ვუსურვებ წარმატებებს შემდეგ წლებში.