ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემები ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებების კონტექსტში

რევაზ გველესიანი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი

ეკონომიკური პოლიტიკის პოზიტიური თეორიის საგანია პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი, ახსნა და მის გამტარებელთა მოქმედების პროგნოზირება. ასევე შესაძლებელია რაციონალურობის მეთოდური ნორმების დახმარებით გაადვილდეს და გაუმჯობესდეს ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძვლების მოძიება. ამ ძიების შედეგი შეიძლება გადავიტანოთ ეკონომიკურ-პოლიტიკურ თეორიაში, როგორც მოძღვრებაში ინტერვენციის შესახებ. მისი განვითარებისათვის, პირველ რიგში, საჭიროა ჩამოყალიბდეს ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემების სტრუქტურა.1 მოძღვრება ინტერვენციის შესახებ უნდა ეყრდნობოდეს თეორიულად დასაბუთებული მონაცემების ანალიზს, რომლებიც ძირითადად გამომდინარეობენ საბაზრო ეკონომიკიდან, როგორც ღია და ეკონომიკური აგენტების მიზნებზე ორიენტირებული სისტემიდან. აქედან ცხადია, რომ როგორც მართვის ცოდნა, ასევე მისი შესაძლებლობები უმეტესწილად შეზღუდულია.

ეკონომიკური რეალობიდან გადახვევა თუ პოლიტიკური მიზნებითაა გამოწვეული, რაციონალური მიდგომისათვის აუცილებელია იმის ცოდნა:
რატომ მოხდა ეს გადახვევა;
რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამას შემდგომი ეკონომიკური ქმედებების გარეშე;
როგორ შეიძლება გადახვევის თავიდან აცილება ან მისი სიდიდის შემცირება;
არსებული ინტერვენციული გადახვევები წარმოქმნის თუ არა ახალ მიზნებს და პრობლემებს და თუ კი, რა მასშტაბით.
ყოველივე ეს მოითხოვს ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემების სტრუქტურის განხილვას, რომლის ელემენტებია:
მიზანმიმართულება. ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემების შემადგენელი ნაწილია რეალობის გადახვევა სასურველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. ნორმატიული საკითხია თუ რა არის სასურველი და როგორ იქნება შეფასებული ეს გადახვევა. შესაძლებელი პასუხები მოიცავს შეფასებათა განხილვას, რომელიც მიღებული უნდა იქნას საზოგადოების წევრების მიერ. სხვა შემთხვევაში საზოგადოების არსებობას საშიშროება ემუქრება. იმის მიხედვით, თუ რა არის კოლექტივის მიზანი, საქმე გვაქვს ინდივიდუალური ან კოლექტიური შეფასების მასშტაბებთან. ეს უკანასკნელი შეუთავსებელია საბაზრო-ეკონომიკურ წესრიგთან. იმისათვის, რომ შეფასებები გაკეთდეს საჭიროა შეფასებათა მასშტაბები და მიზნები ოპერატიულად ჩამოყალიბდეს.
მართვის ცოდნა. რაციონალური ქმედებების უპირველესი მიზანია შეძლებისდაგვარად სანდო ინფორმაციის მოპოვება ეკონომიკის განვითარების შესახებ ანუ თუ როგორ უნდა იქნას დაკავშირებული მიზანი ან მიზნისათვის რელევანტურად მიჩნეული ეკონომიკური ცვლადები იმ ცვლადებთან, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ინსტრუმენტები. საქმე ეხება სუბიექტთაშორის შემოწმებად ინფორმაციას რეგულარულად მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ. ეს ინფორმაციები ისე გარდაიქმნება, რომ მათ შეუძლიათ ახსნან მიზნობრივ ქმედებათა შესაძლებლობები.
ეკონომიკის ფუნქციონირების გამოკვლევა, მასზე ინფორმაციის მიღება, ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობა და ა.შ. ეკონომიკური თეორიის ამოცანებია. მეცნიერული და პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკისათვის ეკონომიკური ურთიერთობების განსაზღვრის მნიშვნელობა ისევე დიდია, როგორც ეს საზოგადოდაა მიღებული. ამით ეკონომიკურ-პოლიტიკურ ქმედებათა სფერო არა მხოლოდ გამჭვირვალეა, იგი აგრეთვე შესაძლებელს ხდის გაკეთდეს მოსალოდნელი ეკონომიკურ-პოლიტიკური მოვლენების შედეგების პროგნოზი.
გადაწყვეტილებების თეორიული გარსი. ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები თავიანთ ლოგიკურ სტრუქტურაში ძალიან კომლექსურია სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების ურთიერთდამოკიდებულების გამო. ყველა გადაწყვეტილება მოიცავს რაიმე განუსაზღვრელობას. გარკვეული ან გაურკვეველია ის, არის თუ არა კორექტულად გაანალიზებული ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია და განხილულ ქმედებების მოსალოდნელი შედეგები. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები ცდილობს ზეგავლენა იქონიოს ეკონომიკურ მოვლენებზე, არამედ ეკონომიკის სუბიექტთა მთელი დასი. მათ რიცხვში შეიძლება შედიოდეს ისეთი პიროვნებები თუ ორგანიზაციები, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ ეკონომიკური კომპეტენცია, და მიუხედავად ამისა მაინც ახდენენ ზეგავლენას ეკონომიკაზე. გადაწყვეტილებების ლოგიკური სტრუქტურა გადაწყვეტილებების მიღების თეორიის ობიექტია. თეორია გვეხმარება ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პრობლემების შეფასებასა თუ გადაჭრაში.
პროგრამული ორიენტირება. ეკონომიკურ-პოლიტიკური პროგრამის განხორციელებისათვის ზემოხსენებული ელემენტები სისტემატურადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პროგრამა შედგება ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლების ან მათი კონსულტანტების მიერ მიღებული და ერთმანეთთან შეთანხმებული სიდიდეების კომბინაციებისაგან, რათა მიღწეული იქნას მიზანი. ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემების ცალსახა, ცხადი გადაწყვეტა სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკლებადაა მოსალოდნელი: შემოწმებული თეორია, პოზიტიური ეკონომიკური ცოდნის ყველაზე დამაჯერებელი ფორმა, არ შეესაბამება ეკონომიკურ-პოლიტიკურ მოთხოვნებს. ამისათვის (1) ჯერ კიდევ შეზღუდულია მონაცემთა ბაზის გაანალიზების შესაძლებლობა; (2) თეორიის უმეტესი სფეროები არაა გადამოწმებული; (3) არსებობს ემპირიული შემოწმების სირთულეები (ძირითადად კონტროლირებადი ექსპერიმენტების არარსებობის გამო) და (4) ემპირიულად შემოწმებული დებულებების მოქმედების ვადა ეკონომიკური, ტექნიკური და საზოგადოებრივი განვითარების გამო მუდმივად იცვლება. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ცოდნის საფუძვლებში არსებობს ანალიტიკური საზღვრებიც, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკური წესირიგის თეორიულ ახსნას გულისხმობს.
ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზნები არ სრულდება მათი ოპერაციონალიზების ბევრ შემთხვევაში. ამ საკითხის მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით განხილვა – მისი დაუშვებელი გამარტივებაა. არასაკმარისი ოპერაციონალიზების შესაძლებლობა ძევს თვითონ მიზანში ან გაბატონებული კონსენსუსი არ იძლევა მიზნების ნათელი და ცალსახა განსაზღვრის საშუალებას. ასევე არარეალისტური იქნებოდა სრულყოფილი და დროის მიხედვით მეტნაკლებად სტაბილური პრეფერენციული წესრიგის შექმნა მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ნორმათა სისტემა და მისი წესრიგი ვერ იქნება სრულყოფილი თუ ისინი გამომდინარეობენ, მაგალითად, მხოლოდ კანონით განმტკიცებული მიზნებიდან, საპარლამენტო და სხვა საჯარო დისკუსიებისაგან ან ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა გამტარებლების ქმედებებისაგან. ამასთან, ხშირად გვხვდება დაბალანსების პრობლემა, რადგან მიზნისაკენ მივისწრაფით სხვადასხვა საშუალებებით და მის მისაღწევად გამოყენებული ზომები გვერდით ზემოქმედებას ახდენენ სხვა მიზნებზე, ისე, რომ არ გაგვაჩნია საკმარისი ინფორმაცია, თუ როგორ შევაფასოთ ეს ზემოქმედება.
მოძღვრება ინტერვენციის, როგორც მართვის ხელოვნების შესახებ. შეზღუდული პოზიტიური ეკონომიკური ცოდნა შეიძლება შერწყმული იქნას ეკონომიკურად რელევანტურ ნორმებთან. ისინი მიუთითებენ თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან გადახვევა რეალობასა და მიზანს შორის. ცოდნის ნაკლებობა, დროის საჭიროება მოქმედებისათვის, გაურკვევლობა, შეზღუდული ეკონომიკური პერსპექტივა, ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარების რეგულარული ცვლილებები, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაუთვლელობა და ავტონომია მნიშვნელოვანი არგუმენტებია იმისათვის, რომ ეკონომიკურ-პოლიტიკური მოძღვრება ინტერვენციის შესახებ არ იქნას მიღებული, როგორც მხოლოდ ნორმატიული ტექნოლოგია. დასახელებული სირთულეები მოითხოვენ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკისაგან, კერძოდ კი მისი გამტარებლებისა და კონსულტანტებისაგან ეკონომიკური მართვის ცოდნის გვერდით პოლიტიკური და ორგანიზატორული ნორმების ცოდნასაც. საჭიროა მეტი უნარ-ჩვევები, შესაბამისად, მოძღვრება ინტერვენციის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რითაც იგი უნდა იქცეს მოძღვრებად მართვის ხელოვნების შესახებ. ამასთან, ტექნოლოგიური ელემენტები სისტემური (“მიზანი-საშუალება) მნიშვნელობით ისევე სავალდებულოა, როგორც ცოდნა ცოდნის საზღვრების შესახებ. ტექნოლოგიურ მოთხოვნებს აქვთ დისციპლინირებული ხასიათი და შეუძლიათ დაცული იყვნენ ინკონსისტენციისა (არამდგრადობისა) და უხეში შეცდომებისაგან. ცოდნას კონსტიტუციური ცოდნის დეფიციტის და აგრეთვე ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში საბაზრო ეკონომიკური წესრიგის შესახებ შეუძლია დაგვიცვას ეკონომიკური მოვლენის პოლიტიკური ფორმირების გადაჭარბებული შეფასებისაგან და ამით იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოახდენს სისტემის გაუარესებას.
სასურველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან ან განვითარებიდან გადახვევა წარმოქნის ეკონომიურ-პოლიტიკურ პრობლემებს. შეფასება, როგორც აზრი იმის შესახებ, რა როგორ უნდა იყოს, ეფუძნება სუბიექტურ სურვილებს და იგი შესაძლებელია მიღებული ან უარყოფილი იქნას. სულ სხვადასხვაა პოზიტიური ეკონომიკური მიდგომა ეკონომიკაში ფუნქციათა ურთიერთდამოკიდებულებისა და პრაქტიკის თვალსაზრისით. თუ იგი დამაჯერებელი არაა, შესაძლებელია მისი სუბიექტთაშორისი შემოწმება. საბოლოოდ აქ საუბარია ემპირიული შემოწმების საშუალებებზე. შემოწმებასა და შეფასების თავისუფლებას შორის პირდაპირი კავშირია. თუ შეფასების თავისუფლება გახდება მეცნიერების კრიტერიუმი, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ეკონომიკური პოლიტიკის მეცნიერული ანალიზი შეუძლებელი გახდება, რადგან ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში ნორმატიული, ე.ი. შეფასების იმპლიცირებული ელემენტები მჭიდროდ უკავშირდება პოზიტიური ეკონომიკის ელემენტებს. ამიტომ უნდა შევეხოთ საკითხს, არის თუ არა და თუ კი, რამდენად, შეფასება და მეცნიერება ერთმანეთთან თავსებადი. ეს საკითხი კრიტიკული რაციონალიზმის პოზიციებიდან დასაბუთებულია, უწინარეს ყოვლისა, კ.რ. პოპპერის და ჰ. ალბერტის მიერ.2
შეფასების თავისუფლების პრინციპი იყო და არის არასწორად გაგებული ეკონომიკურ მეცნიერებებში და განსაკუთრებით ეკონომიკურ პოლიტიკაში. საქმე ეხება უშუალოდ განსაზღვრის მცდელობას. ამასთან, ყველა მცდელობა, დაკვირვების ქვეშ მყოფი ეკონომიკური რეალობა კანონზომიერებებს დაშორდეს, სუბიექტური ხასიათისაა. კითხვაზე, თუ არის შესაძლებელი ეკონომიკა შეფასების გარეშე არსებობდეს, გ. მირდალი ასე პასუხობს: “ფაქტები არ გადაიქცევა თეორიებად და ცნებებად: ცნებებისა და თეორიების სისტემის მიღმა არ არსებობს მეცნიერული ფაქტი, არსებობს მხოლოდ ქაოსი. შეუცვლელი აპრიორული ელემენტი არსებობს ყველა მეცნიერულ ნაშრომში. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა მანამ სანამ მასზე პასუხს გავცემთ. ყველა შეკითხვა ჩვენი ინტერესების გამოხატვაა სამყაროს შესახებ. სწორედ ისინია შეფასებების ნამდვილი მიზნები.3 გამოკვლეული პრობლემის შემფასებლური არჩევანი არ გამორიცხავს მეცნიერულად სუბიექტთაშორის გადამოწმებულ ანალიზს. ის რაც კრიტიკულად უნდა იქნას განხილული არის მიღწეული შედეგები და არა მეცნიერთა პიროვნული დამოკიდებულებები, რომლებსაც შესაძლებელია საკუთარი პრობლემები ჰქონდეთ წინ წამოწეული.
მეორე არასწორ გაგებას ვხვდებით, როცა ვერ ხერხდება გამიჯვნა შემფასებლურ დასკვნასა და ღირებულებათა შინაარსს შორის. ყოველივე ამას მივყავართ შემდეგ ინტერპრეტაციამდე: შეფასების თავისუფლება გამორიცხავს ღირებულებების მიმართულებით ნებისმიერ მეცნიერულ “დასაქმებას და ამით აგრეთვე ეკონომიკურ-პოლიტიკურ მიზნებს. სინამდვილეში ის ეხება შემფასებლური დასკვნის, როგორც მეცნიერული კვლევის მიზნის ფორმულირებას.
ეკონომიკურ-პოლიტიკურ პრაქტიკაში დიდად მნიშვნელოვანია ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებები, კერძოდ: თავისუფლება, სამართლიანობა, უსაფრთხოება და პროგრესი. აქვე ხაზგასმა უნდა გავაკეთოთ ისეთ მიზნებზე, როგორიცაა დემოკრატია და რაციონალურობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიზნები ამავდროულად წარმოადგენენ მეთოდს სხვა მიზნების მისაღწევად. მათი ინსტრუმენტული ხასიათის გამო ისინი ინტერპრეტირებული არიან, როგორც მეთოდური ნორმები. ცალ-ცალკე უნდა იქნას გამოკვლეული ის, 1) თუ რა გაიგება ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებში; 2) რომელი ინსტრუმენტებია საჭირო მათი რეალიზებისათვის; 3) რა ურთიერთკავშირი შეიძლება იყოს თვით ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებს შორის ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ და 4) ძირითადი ღირებულებების კონკრეტულ ინტერპრეტაციას და შესაბამის რეალიზების მცდელობას რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური და საზოგადოებრივი წესრიგისათვის. დემოკრატიის შემთხვევაში მეთოდურ ნორმებში მთავარი საკითხია ის, თუ როგორ შეიძლება ემსახუროს იგი ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებს, როცა რეალურად არსებობს დემოკრატიის კონკურენციის თეორია. რაციონალურობის დროს უპირველესად უნდა შემოწმდეს თუ რა მნიშვნელობა აქვს მას, როგორც მეთოდურ ნორმას.
თავისუფლება, როგორც ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულება, თავისი მნიშვნელობის მრავალფეროვნებაში ისევე ამოუწურავია, როგორც სხვა ღირებულებები. აქედან გამომდინარე, უნდა შევეცადოთ ზოგიერთი ტიპური ინტერპრეტაციისა და გაგების სირთულეების დალაგებას და ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით თავისუფლების ორი სპეციალური ასპექტის გაშუქებას. ინტერპრეტაციის სირთულე შეიძლება იმით შემცირდეს, რომ ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ პერსპექტივებს შორის გამიჯვნა მოვახდინოთ. ინდივიდუალური პერსპექტივებიდან გამომდინარე აუცილებელია განვასხვავოთ ნებისა და მოქმედების თავისუფლება. ხოლო თავისუფლება საზოგადოებრივი პერსპექტივების თვალსაზრისით მოითხოვს კონფლიქტის, ძალაუფლებისა და უფლების ფენომენის განსაზღვრას. ამ პერსპექტივას ისეთივე მრავალმხრივი ასპექტები გააჩნია, როგორც თავად საზოგადოებას. სწორედ ამიტომ შემოვიფარგლეთ ორი ასპექტით, რომელაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით საბაზრო ეკონომიკაში, ესენია: პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება.
თავისუფლების ფილოსოფიური განხილვის ამოსავალი წერტილი, როგორც წესი, ინდივიდი და მისი ნების თავისუფლებაა. მოქმედების თავისუფლების მიხედვით აზრს მოკლებული არ იქნებოდა კითხვა: შეუძლია ადამიანს ის რაც სურს? პასუხს ამ კითხვაზე მივყავართ ნების რეალიზების შეზღუდვამდე, მოქმედების თავისუფლების საზღვრებადმე. ეს საზღვრები განსხვავებულია:
შესაძლებლობების ობიექტური და უკიდურესი საზღვარი დამოკიდებულია ბუნების კანონებზე, რომლებიც ინტელიგენტურად უნდა იქნას გამოყენებული, რათა გაფართოვდეს არსებული ისტორიული შესაძლებლობების არეალი;
მოქმედების თავისუფლების სუბიექტური საზღვრები უფრო ვიწროა, ვიდრე ბუნების კანონებით მოცემული და მიიღება ცალკეული ადამიანების ბუნებრივი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობებისა და მათ მიერ შექმნილი მორალური ნორმებისაგან. ის მხოლოდ ინდივიდში იქმნება და განსაზღვრავს მის შიდა თავისუფლებას, როგორც თვითგანსაზღვრის შანსს (ავტონომია);
მოქმედების თავისუფლების საზოგადოებრივი საზღვრები მოიცავს ურთიერთობას ცალკეულ სუბიექტებს შორის და ძალაუფლების, მორალის, კონვენციების და, უპირატესად, უფლების საშუალებით იქმნება. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ინდივიდების გარე (ადამიანთაშორის) თავისუფლებას და ამით მათ შანსს იმოქმედონ საზოგადოებაში (ჰეტერონომია).
განხილული საზღვრებიდან იქმნება ინდივიდუალური მოქმედების თავისუფლება, როგორც შიდა და გარე თავისუფლების კომლექსური ნაწილი, რომელიც ობიექტური შესაძლებლობების ფარგლებში ბუნების კანონებს უნდა შეესაბამებოდეს.
მოქმედების თავისუფლება საზოგადოებაში ქმნის გარკვეულ პრობლემებს. ინდივიდუალურ მოქმედებას ან უმოქმედობას სხვებისათვის შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს, კერძოდ, ერთის თავისუფლებამ მეორის თავისუფლება შეზღუდოს. ნებისმიერი საზოგადოების არსებობას საფრთხე დაემუქრება თუ ინდივიდებს თავიანთ მოქმედებაში ტოტალური თავისუფლება ექნებათ. თავისუფლება საზოგადოებრივი პერსპექტივებიდან გამომდინარე კვალიფიკაციას საჭიროებს. ჯონ სტიუარტ მილის სიტყვებით: “ერთადერთი თავისუფლება, რომელმაც სახელი მოიხვეჭა, არის ქმნიდე საკუთარ კეთილდღეობას საკუთარი საშუალებებით, ისე, რომ იგი არ წაართვა სხვას.4
ინდივიდუალური თავისუფლება არ გულისხმობს, რომ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი ინტერესი სხვისი ინტერესების შეზღუდვის ან უგულებელყოფის ხარჯზე განახორციელოს. ამ თვალსაზრისით განვიხილოთ ინტერესთა კონფლიქტის პრობლემები და მისი მშვიდოაბიანი გზით მოგვარება, რადგან მხოლოდ მიმართვებით, როგორც წესი, კონფლიქტებს ვერ ავიცილებთ. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როცა ინდივიდების ინტერესთა სფეროები და ქმედებები მათი რეალიზაციისათვის ერთმანეთს გადაკვეთს ანუ როცა ერთის განხორციელება მეორის განხორციელების შანსს ავტომატურად გამორიცხავს. განასხვავებენ კონფლიქტის მოგვარების ორ შესაძლებლობას:
კონფლიქტის საფრთხე მცირდება ზემოქმედი ფაქტორების გამიჯვნით;
კონფლიქტის დარეგულირება შეთანხმების, მორალის, კონვენციების და არსებული კანონების საშუალებით.5
კონფლიქტის პრევენციას ემსახურება, მაგალითად, პიროვნებისა და საკუთრების უფლებები (ეკონომიკური მოქმედების უფლება) თავისი მრავალმხრივი გამოვლინებებით. მათი საშუალებით ხდება ზეგავლენის სფეროების განსაზღვრა და მოქმედების შესაძლებლობების არჩევა, რომელთა შეზღუდვა სხვების მიერ უფლებების და კანონების საშუალებებით არის დაცული. კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებელი მეთოდები და შედეგები მოითხოვს მის განხილვას უსაფრთხოებასთან კავშირში.
მოქმედების თავისუფლება ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ დასახული მიზნები საკუთარი გეგმის მიხედვით იქნას მიღწეული. ზოგიერთისათვის ისიც მისაღებია, რომ ინდივიდუალური თავისუფლებით სხვებზე მოახდინოს ზეგავლენა და მათი თავისუფლება შეზღუდოს. ასეთი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა ადამიანთა ფსიქიკაში, რომლებიც ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, იმ ზომისაა, თუ რამდენად არიან ისინი მზად სხვა სუბიექტების განსაზღვრისათვის თვითგანსაზღვრასთან შედარებით.6 კონფლიქტები შეიძლება ასეთმა ზეგავლენამ გამოიწვიოს. ამიტომ ზეწოლა უნდა მოხდეს კონფლიქტის წარმომშობთა ინტერესებზე. გაცვლით ურთიერთობებში შეიძლება ერთს ჰქონდეს შანსი გზა დაუთმოს სუბსტიტუტებს და ამით მეორეს უბიძგოს გადახედოს თავის მიზანს გაცვლის რელაციის თვალსაზრისით; სუბსტიტუტების არარსებობა კი, პირიქით, იწვევს გაძლიერებულ სწრაფვას ინტერესთა განხორციელებისათვის კონკურენციისაგან დაცული გაცვლის პარტნიორის დახმარებით.
სინამდვილეში ყოველი ზეგავლენის შესაძლებლობა ძალაუფლებაა. მაქს ვებერის აზრით, ძალაუფლება “ნიშნავს ნებისმიერ შანსს, სოციალური ურთიერთობების ფარგლებში საკუთარ სურვილებს მიაღწიო სხვათა წინააღმდეგობის მიუხედავად.7 აქ სოციალური ურთიერთობები გაიგება, როგორც ქმედებათა თავისუფლების შეზღუდვა. ამ დეფინიციაში განუსაზღვრელი რჩება ის, თუ რა მასშტაბებითაა შესაძლებელი საკუთარი სურვილების განხორციელება. ამ თვალსაზრისით ძალაუფლება წარმოგვიდგება, როგორც კონტინუუმი (მთლიანობა): მის ერთ მხარეს მოსალოდნელია საზოგადოებრივ ურთიერთობებში ინდივიდის მოქმედების თავისუფლების შეუზღუდავი თვითგანსაზღვრა (ავტონომია) და სხვისი უძლურება, ხოლო მეორე მხარეს მისი ტოტალური განსაზღვრა სხვის მიერ (ჰეტერონომია) – სხვისი ძალაუფლების ქვეშ მოქცევა.8
შესაძლებლობის საკითხს იმის შესახებ, რომ ვინმე საზოგადოებრივ ურთიერთობებში მთლიანად სხვის სურვილს დაექვემდებაროს, მივყავართ იძულებამდე, როგორც თავისუფლების ექსტრემალურ ფორმამდე. რადგან იძულება გავმიჯნეთ თავისუფლებისაგან, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ კონტინუუმი არსებობს. ამიტომ საკამათო რჩება თუ სად გადის ზღვარი ძალაუფლებასა და იძულებას შორის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან იძულება საზოგადოებრივ ურთიერთობებში (ინდივიდებს შორის) არაკანონიერია. როცა ძალაუფლებას განვიხილავთ, ყოველთვის ჩნდება კითხვა, მისი რომელი გამოვლინების ფორმაა კანონიერი. საზოგადოებრივი ეკონომიკის სფეროში ძალაუფლებას განსხვავებული მიზეზები აქვს, ასევე მისგან მიღებული უპირატესობებიც შესაძლებელია სხვადასხვანაირად შეფასდეს.
ნათელია, რომ თავისუფლების და სამართლიანობის ღირებულებები, კანონის, როგორც ინსტრუმენტის დახმარებით, ყოველთვის არაა კონფლიქტებისაგან თავისუფალი. სახელდობრ, როცა საქმე ეხება სამართლიანობის სოციალური კრიტერიუმების შესრულებას. ამიტომ ეკონომიკური შედეგების “გათანაბრების მომხრეებმა უნდა გაითვალისწინონ სოციალური სამართლიანობის კრიტერიუმები. დისკრიმინაციით თუ არათანასწორი დამოკიდებულებით იგი ზღუდავს არა მხოლოდ ფორმალურ თავისუფლებას, არამედ აგრეთვე სახელმწიფოებრივი ვალდებულებების მეშვეობით უსაფრთხო მატერიალურ გადანაწილებას.
უსაფრთხოება შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც “თავისუფლება თავისუფლების შიშისაგან.9 თუ მას ასე გავიგებთ, მაშინ ისმება კითხვა, რა სახის საფრთხე ემუქრება უსაფრთხოებას? უსაფრთხოების საფრთხის უკიდურესი ფორმაა კონფლიქტებით სავსე ცხოვრება. ყოველდღიურად კონფლიქტები წარმოიშობა იქედან, რომ
თავისუფალი საზოგადოებრივი ურთიერთდამოკიდებულების თვითრეალიზაციის მცდელობაც კი საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე “უარყოფითად” ზემოქმედებს;
ინდივიდთა მიერ ღირებულებების გაგება განსხვავდება, როგორც შინაარსობრივად, ასევე იერარქიულად;
დროის მსვლელობაში ხდება გადახვევა ინდივიდების ღირებულებებით გაჯერებული მიზნებიდან და სტიმული ეძლევა ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება კონფლიქტის მატარებელი იყოს.
ამ კონფლიქტების დარეგულირებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდები:
მოლაპარაკებები მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის;
კონფლიქტის “გარეთ მყოფი სუბიექტების ჩართვა ამ პროცესში.
კონფლიქტები ხშირად კარგავენ სიმძაფრეს და შესაბამისად ნაკლებად უქმნიან საფრთხეს უსაფრთხოებას, თუ ხერხდება მისი დეპერსონალიზაცია. სოციალური ტექნიკა, რაც ეკონომიკურ სფეროში კონფლიქტებს დაძლევს, არის კონკურენცია. კონკურენციამ, როგორც ძალაუფლების კონტროლის ინსტრუმენტმა, შესაძლებელია სხვების თავისუფლებას შეუქმნას საფრთხე. გარდა ამისა, კონკურენცია ფუნქციონირებს, როგორც მიღწეული შედეგების კონტროლის პროცესი. ვისი მიღწევებიც ან არ შეფასდა ან ნეგატიურად შეფასდა, ითვლება არა მათ (ცალკეული პირების) ბოროტ ქმედებად, არამედ ბაზრის კარნახად. დეპერსონალიზების ეს ფორმა იმოქმედებს კონფლიქტებზე, თუ:
კონკურენცია, როგორც წესრიგის პრინციპი, ყველას მიერაა აღიარებული;
დადგენილია, რომ არც კონკურენტები და არც სახელმწიფო არ ასრულებენ თავიანთ საზოგადოებრივ ფუნქციებს.
საბაზრო პირობების კოორდინაციის უსაფრთხოების რისკიდან მეტნაკლებად იზრდება უსაფრთხოების მოთხოვნა. არსებული კონფლიქტები განსაკუთრებით აშკარაა, როცა ტოტალური უსაფრთხოება მიიღწევა ყველა ინდივიდუალურ შემოსავლებთან და ქონებასთან დაკავშირებული რისკის აღმოფხვრის გზით. უსაფრთხოების ფასი ხშირად ბევრი სხვა მიზნის რეალიზებაზე უარის თქმაა. ტოტალური უსაფრთხოება ნიშნავს სოციალური სტატუსის მდგომარეობას: არავინ უნდა იყოს რისკის ქვეშ თავისი პოზიციებიდან გამომდინარე. ეს შეესაბამება შეუზღუდავი სამუშაო ადგილების გარანტიას ანუ დაკავებული სამუშაო ადგილი არ უნდა იყოს რისკის ქვეშ არც კონკურენციის და არც მეწარმის დისპოზიციის გამო. ტოტალური უსაფრთხოება და ეკონომიკური თავისუფლების უფლების აღქმა ერთმანეთთან შეუთავსებელია.
პროგრესი ეკონომიკურ სისტემაში ინოვაციის მეშვეობით არის მისი სტრუქტურის ცვლილების წყარო. იგი ქმნის არა მხოლოდ რაღაც ახალს, არამედ საფრთხეს უქმნის შემოსავლების მიღების მანამდე არსებულ შესაძლებლობებს. ისინი, ვისზეც პროგრესი ნეგატიურად ზემოქმედებს, უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ. პროგრესი სწორედ მათი მობილურობის პროვოცირებას ახდენს და კონკურენციაში ჩართვისაკენ უბიძგებს. თუ ასეთი გამოწვევა არ დაკმაყოფილდება, შედეგად სტრუქტურულ უმუშევრობას და სოციალურ დეგრადაციას მივიღებთ.