ექსპორტის სტიმულირების მაკროეკონომიკური ღონისძიებები
გ. ალადაშვილი
თანამედროვე საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა პრაქტიკაში იკვეთება ორი ძირითადი ტენდენცია: ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის გახსნა, საგარეო ვაჭრობის რეჟიმის ლიბერალიზაცია და, მეორე მრივ, ქვეყნის ეკონომიკის მსოფლიო ბაზრიდან იზოლირება და გამოცალკევება, ე.ი. პროტექციონისტული ღონისძიებების გატარება.
საგარეო ვაჭრობის ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების არჩევისას ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს შიდა ეკონომიკურ და მსოფლიო ბაზარზე შექმნილი რეალური თანაფარდობა. მხედველობაში მისაღებია ისეთი კონკრეტული ფაქტორები, როგორიცაა: კონკურენტული ბრძოლის მდგომარეობა; ეროვნული და უცხოური ვალუტების გაცვლითი კურსის მდგომარეობა; ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტურობის ხარისხი; საგარეო დავალიანების ფაქტობრივი მდგომარეობა.
საქართველოსათვის ღია ეკონომიკაზე ორიენტაციის აღებას და მსოფლიო მეურნეობაში ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ქვეყანამ უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში, რაც დამოუკიდებელი არსებობის მყარი გარანტი იქნება. ასევე, მოსახლეობის კეთილდღეობის დონე დიდად იქნება დამოკიდებული ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის ხარისხზე.
საქართველო უნდა ავითარებდეს საგარეო-ეკონომიკურ კავშირებს როგორც დასავლეთის განვითარებულ, ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და სხვა ქვეყნებთან. თუმცა, რა თქმა უნდა, სტრატეგიულად გაცილებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობები განვითარებულ ქვეყნებთან (და არა ჩამორჩენილთან). საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და წარმოებრივ-ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის დაძლევა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებით შეიძლება.
მხედველობაში გვაქვს არა მარტო სასაქონლო ექსპორტის ზრდა აშშ-ში, ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებში, არამედ მომსახურების ექსპორტის ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბება. იგულისხმება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის და ტურიზმის გაფართოების პერსპექტივები.
ამ მიზნით საგარეო ვაჭრობის პრობლემების ღრმად შესწავლისა და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული სწორი სტრატეგიის განხორციელებას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ეკონომიკის აღორძინების საქმეში.
საქართველოსათვის საგარეო ვაჭრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მანამდე საბჭოთა კავშირში მოქმედმა გეგმურმა ეკონომიკამ მოკავშირე რესპუბლიკები ერთმანეთზე სასიცოცხლოდ დამოკიდებული გახადა. მართალია, 1989 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი წარმოებული პროდუქციის 25,1% “ექსპორტში” გაჰქონდა, ხოლო ქვეყანაში მოხმარებული პროდუქციის 26,2% შემოდიოდა, მაგრამ ამ პროდუქციის სხვა ქვეყნებზე მიწოდება საერთო საკავშირო გეგმით იყო გათვალისწინებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საწარმოო და სატრანსპორტო კავშირების რღვევასთან ერთად, თავი იჩინა სირთულეებმა და თვალსაჩინო გახდა, რომ ქართველი მეწარმეები არ იყვნენ მიჩვეულნი რეალურ საექსპორტო საქმიანობას.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმები რეალურად 1995 წელს დაიწყო და მათ განხორციელებას, ჩვენს საკანონმდებლო და აღმასრულებელ უმაღლეს ხელისუფლებასთან შეთანხმებით და მათთან ერთად, კოორდინაციას უწევენ საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკური ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, რომელთა წარმომადგენლებმა შეისწავლეს საქართველოს ეკონომიკის ყველა დარგი, ქვეყანაში მოქმედი საფინანსო-სავალუტო და ეკონომიკური პოლიტიკა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან სწრაფი ტემპით წარიმართა ექსპორტის ლიბერალიზაციის პროცესი:
– გაუქმდა კვოტირების სისტემა;
– გაუქმდა ექსპორტზე ლიცენზიის გადასახადი;
– ექსპორტის აკრძალვას ექვემდებარება მხოლოდ სამუზეუმო ფასეულობები, ხელოვნების ნიმუშები და ანტიკვარიატი;
– საქართველოში არ არსებობს საექსპორტო საბაჟო გადასახადი.
ამასთან, ქვეყანა ინარჩუნებს საექსპორტო შეზღუდვებს საქონელზე საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის, მომხმარებელთა კეთილდღეობის, გარემოს დაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ექსპორტის აკრძალვა, რაც თანაბრად ეხება ყველა ქვეყანას, ვრცელდება იარაღის, ტყვია-წამლის და კულტურის სამინისტროს სპეციალური კომისიის მიერ განსაზღვრული ძვირფასი ნაწარმისა და ანტიკვარიატის ექსპორტზე.
საექსპორტო ლიცენზიები გაიცემა ეკონომიკური განვითარების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროების მიერ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით. საქართველო არ იყენებს რაიმე საექსპორტო სუბსიდიას.
ბოლო ათწლეულში საქართველოს საშინაო და საგარეო-ეკონომიკური სტრატეგიის ძირითადი მიზნები იყო ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრება და ღია ეკონომიკაზე გადასვლა. მეორე ძირითადად მიღწეულია, ხოლო პირველი ჯერჯერობით ძალიან ძნელად ხორციელდება და ისიც დიდი სოციალური საზღაურით – საწარმოთა დიდი ნაწილის ფაქტობრივი გაკოტრებით, უმუშევრობის მკვეთრი ზრდით, მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემით, სამუშაო ძალისა და “ტვინების” გადინების შედეგად და ა.შ. მართალია, ქვეყნის ეკონომიკა უკვე ჩართულია მსოფლიო მეურნეობაში, მაგრამ ძალიან სუსტად, რადგანაც იგი მის აქტიურ სუბიექტად ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. მისთვის ქრონიკულად დამახასიათებელი გახდა სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვანი უარყოფითი სალდო ექსპორტის მცირე მოცულობის შედეგად. მართალია, ბოლო წლებში ექსპორტი იზრდება, რასაც 1998 წლის დასასრულს ლარის დევალვაციამ უდავოდ შეუწყო ხელი, მაგრამ მის სერიოზულ ზრდას არა აქვს წარმოებრივ-ტექნოლოგიური საფუძველი. ეს ხელს უშლის საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით წარმოშობილი შესაძლებლობების რეალიზაციას, ამ მოვლენის დადებითი მხარეების გამოყენებას.
ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო ეკონომიკური სექტორი დღემდე სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციებს – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლების აქტიური ფაქტორის ფუნქციებს. ასეთი ვითარება გამოწვეულია შემდეგი ძირითადი მიზეზებით:
პროდუქციის დაბალი ხარისხით, რაც ადამიანური კაპიტალისა და წარმოებრივ – ტექნოლოგიური ბაზის ჩამორჩენილობის გამო ექსპორტის განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა;
ქვეყნის საერთო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, მათ შორის, შიდა ბაზრის მოცულობის სიმცირით, ერთობლივი მოთხოვნის კრიზისითა და ინვესტიციური შიმშილით, რაც სერიოზულად აფერხებს საგარეო-ეკონომიკური კომპლექსის ინტენსიურ განვითარებას;
ექსპორტის სუსტი სტიმულირებით და გადასახადების შემცირების უგულებელყოფით;
საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმების დამყარებას, საერთოდ ზომიერი ლიბერალური პოლიტიკის გატარებას.
მთლიანობაში საქართველოს საკმაოდ ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი აქვს. ქვეყნის კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ვაჭრობაში რაიმე რაოდენობრივი შეზღუდვა, შემზღუდავი სალიცენზიო მოთხოვნები და სხვა სახის უსამართლო არასატარიფო ბარიერები. წლითიწლობით ფართოვდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა რიცხვი და მან დღეისათვის 129-ს გადააჭარბა.
ექსპორტის განვითარება პირდაპირ კავშირშია წარმოებაში ინვესტიციების მოზიდვასთან. ამდენად, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება აქტიური სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებას. ვინაიდან ინვესტიციები წარმოადგენს საქმიანი აქტივობის ძირითად მამოძრავებელ ძალას, მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება ეკისრებათ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაში – ინვესტიციების სტიმულირება დღეს ნიშნავს საწარმოო შესაძლებლობათა ხვალინდელ ზრდას. აუცილებელია, დაწესდეს შეღავათები ახალ კაპიტალდაბანდებებზე, მაგრამ არა მარტო უცხოურზე, არამედ ყველა ინვესტიციაზე.
მიზანდასახული სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის გატარების შედეგად საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. საინვესტიციო საქმიანობის გარანტიები და მისი ხელშეწყობა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას და მოქმედ მყარ სამართლებრივ ბაზას.
რადგან ექსპორტის ზრდის ჩამორჩენა აიხსნება საქართველოში წარმოებული პროდუქციის დაბალი ხარისხითა და ნაკლებ კონკურენტუნარიანობით, ამიტომ დღეს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი მიზანია ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ისეთი დარგების განვითარებას, რომელთა პროდუქცია რეალურად კონკურენტუნარიანი იქნება როგორც შიდა, ასევე საგარეო ბაზარზე.
ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსა და კონკურენტული ბაზრის შექმნისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეალური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარებას. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები გადაიდგა 1992 წლის სექტემბერში, როდესაც მიღებულ იქნა დადგენილება “საქართველოში მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვებისა და კონკურენციის განვითარების შესახებ” და ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შეიქმნა ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დეპარტამენტი. 1996 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები ენერგოგანაწილების ფასების და ტელეკომუნიკაციების სფეროს რეგულირებისათვის.
საქართველოს მთავრობამ შეძლო, შეექმნა საკანონმდებლო ბაზა კონკურენტული ბაზრის განვითარებისათვის, რაც გამოიხატა ფასებზე სახელმწიფოს კონტროლის და განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ადრე მინიჭებული ექსკლუზიური უფლებების გაუქმებაში. ახალი ანტიმონოპოლიური კანონი ითხოვს ბუნებრივი მონოპოლიის სახელმწიფო რეესტრის შექმნას. ამ რეესტრის თანახმად, ბუნებრივი მონოპოლიები არის საფოსტო მომსახურებაში, სიხშირეების სპექტრის განაწილებაში, სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში, მილსადენებით მომსახურების სფეროში, (სახელმწიფო კომპანია “საქგაზი”), მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით მომსახურებაში (სახელმწიფო კომპანია “საქენერგო”), საჰაერო სივრცის კონტროლსა და სადისპეჩერო მომსახურებაში (სახელმწიფო კომპანია “საქაერონავიგაცია”), და საპორტო მომსახურებაში (ფოთის, ბათუმისა და სოხუმის ნავსადგურები).
გარდა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისა, საქართველოს დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს მომსახურების სფეროში, კერძოდ: ტურიზმის, საკურორტო მეურნეობების, ტრანსპორტის, მათ შორის, მილსადენების, კავშირგაბმულობის, ინტელექტუალური საკუთრების, განათლებისა და სხვა სფეროებში.
საერთაშორისო გამოცდილების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ის ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყანა ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას. ესენია:
– სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფა და არსებული სავაჭრო რეჟიმის ეფექტური გამოყენება;
– ექსპორტის ხელშემწყობი სპეციალური სტრუქტურების ფორმირება და მათი მეშვეობით საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება;
– საექსპორტო ოპერაციების დაზღვევის სრულყოფილი სისტემები;
– ექსპორტის შეღავათიანი დაკრედიტება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში უმეტესწილად ყველა ეს ღონისძიება კომპლექსურად ტარდება და სწორედ ამ შემთხვევაში მიიღება შესაბამისი სასურველი შედეგი. აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო გამოცდილების ღრმად შესწავლის და საქართველოს თავისებურებების მაქსიმალურად გათვალისწინების საფუძველზე შესაძლებელია, ჩამოვაყალიბოთ ქართული ექსპორტის ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებების კომპლექსი, რომელთა განხორციელებისათვის აუცილებელია ხელისშემშლელი მიზეზების აღმოფხვრა და ხელშემწყობი ფაქტორების ამოქმედება.
საქართველოში ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია საექსპორტო ოპერაციების დაზღვევის თანამედროვე სისტემის არარსებობა (EGAP ჩეხეთში, BAEZ ბულგარეთში), რომლის ძირითადი ამოცანაა ექსპორტის სფეროში გაზრდილი რისკის მინიმუმამდე დაყვანა და ამ ფორმით ექსპორტიორთა წახალისება.
ამდენად, ექსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში უცხოეთის, განსაკუთრებით კი პოსტსოციალისტური ქვეყნების, გამოცდილებაზე დაყრდნობით საექსპორტო წარმოებისა და საექსპორტო ოპერაციების დაზღვევის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება უნდა გახდეს, რაზეც ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
ამასთან ერთად, ექსპორტის შემდგომი ზრდისათვის აუცილებელია დაკრედიტების ქმედითი სისტემის ფორმირება. ექსპორტ-იმპორტის ბანკები ფუნქციობენ აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში, აგრეთვე განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. საქართველოში შესაბამისი სტრუქტურების ფორმირებისას გასათვალისწინებელია ამ სახელმწიფოების და აგრეთვე გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოცდილება.
აუცილებელია ექსპორტიორთა საშუალო და გრძელვადიანი სესხებით უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება მყარი, დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ გამოყოფილი საინვესტიციო კრედიტები და გრანტები პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს ისეთი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც უზრუნველყოფენ საექსპორტო პროდუქციის წარმოებას.
დღეისათვის საქართველოს ძირითად საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენენ: დსთ-ს ქვეყნები, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ქართული პროდუქციის ტრადიციულობის ფაქტორს, ასევე საკმაოდ სრულყოფილ სამართლებრივ ბაზას. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას საგრძნობლად აფერხებს ძირითადად რუსეთის, უკრაინის და დსთ-ის სხვა ქვეყნების ბაზარზე ქართული სავაჭრო ნიშნებით ადგილობრივი წარმოების ფალსიფიცირებული, იაფფასიანი საქონლის სიჭარბე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის სტიმულირების თვალსაზრისით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თვით მეწარმეების მხრიდანაც ბევრად მეტი აქტიურობაა საჭირო, რათა მათმა პროდუქციამ და მომსახურებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.
როგორც ვხედავთ, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში არაერთი სერიოზული პრობლემაა, რომელთა გადასაჭრელად სასწრაფო ზომებია მისაღები, რათა შემდგომში უფრო მწვავე სირთულეების წინაშე არ აღმოვჩნდეთ. საჭიროა, შემუშავდეს ისეთი სტრატეგია, რომელიც ხელს შეუშლის იმპორტის კატასტროფული ტემპებით ზრდას და ხელს შეუწყობს ექსპორტის გაფართოებას. ექსპორტის სტიმულირების სფეროში ახლო მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:
– ქვეყნის საკანონმდებლო-სახელშეკრულებო ბაზის ეფექტური გამოყენება და მისი შემდგომი სრულყოფა;
– საინვესტიციო აქტივობის ამაღლება;
– ვაჭრობაში პრეფერენციების სისტემის გაფართოება;
– ქართველ ექსპორტიორთა ასოციაციის მიერ საექსპორტო პროდუქციის დაცული სავაჭრო ნიშნების შემუშავება;
– ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვისა და ანალიზის სრულყოფა;
– ექსპორტის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით საექსპორტო წარმოებისა და საექსპორტო ოპერაციების დაკრედიტებისა და დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება.
ბოლოს კი უნდა აღინიშნოს, იმისათვის, რომ საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო თანამეგობრობაში და გახდეს მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი უჯრედი, საჭიროა, დაისახოს განსაზღვრული სტრატეგია, რომლის მიზანმიმართული შესრულების შედეგად მიღწეული იქნება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება. მოწინავე, ძლიერი ეკონომიკის შექმნა კი მხოლოდ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ტენდენციებისადმი მხარის აბმით არის შესაძლებელი, რაშიც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ექსპორტის მაკროეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებების შემუშავებასა და ცხოვრებაში გატარებას, რასაც ეძღვნება წარმოდგენილი სტატია.