განახლებული სავაჭრო სამრეწველო პალატა ბიზნესის სამსახურში
ნინო არველაძე
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 2011 წლის ბოლოს რეფორმები გატარდა. პალატის საქმიანობა შესაძლებელია სამ მთავარ ნაწილად დაიყოს: კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის, ბიზნესისა და მთავრობის დიალოგის ხელშეწყობა, ბიზნეს-ნეთვორქინგი, ანუ პრაქტიკული სერვისები ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების დასახმარებლად. ბიზნეს-ნეთვორქინგი, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს სხვადასხვა კომპანიებს შორის კავშირ-ურთიერთობების დასამყარებლად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორების მოსაძიებლად, რაც ქართულ ეკონომიკას ყველაზე მეტად სჭირდება.
საქართველოს სავაჭო-სამრეწველო პალატამ უცხოეთში არსებული წარმომადგენლობები გააუქმა, შეიმუშავა სახელშეკრულებო ბაზა სამომავლო წარმომადგენლობებისათვის. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზანია, უპასუხოს ქართველი კომპანიების მოთხოვნებს მათთვის საინტერესო კომპანიებთან დასაკავშირებლად. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ წარმატებით განხორციელებულ ღონისძიებებად შეიძლება მივიჩნიოთ ვიზიტები გერმანიაში, ინდოეთსა და ლიბანში, ასევე ამ ქვეყნების ტურ-ოპერატორებთან შეხვედრების ჩატარება, რომლებიც საქართველოს ბაზრით დაინტერესებულნი არიან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ პალატა ქართულ ბიზნესს ეფექტურ მექანიზმს სთავაზობს უცხოელი პარტნიორების მოძიების საკითხებში.
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შექმნა უცხოეთის ქვეყნებში ვიზიტების კალენდარი, რომელიც ჰარმონიზებულია საინვესტიციო სააგენტოს კალენდართან, მათ მიერ გამართული ფორუმებისა და გამოფენების თარიღების გათვალისწინებით ბიზნესმენებს შეუძლიათ ეფექტურად დაგეგმონ წელი.
კახა ბაინდურაშვილი ადასტურებს, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგი აქტიურად მიმდინარეობს. “ჩვენ შეგვწევს ინსტიტუციური რესურსი, მოვახდინოთ ბიზნესის ინტერესების სისტემზატიზაცია და ის გავუზიაროთ მთავრობას”, აცხადებს კახა ბაინდურაშვილი. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შექმნა 26 სექტორული კომიტეტი კერძო სექტორის სრულად დასათვლელად.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის კიდევ ერთი ახალი ინიციატივით შეიქმნა ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მთავრო-ბასთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ქართული ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება ევროკავშირთან მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების პროცესში.
რა თქმა უნდა, ქართველი ექსპორტიორები დაინტერესებულნი არიან, რომ მათი პროდუქცია ევროპის კავშირის ბაზარზე მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით მოხვდეს, მეორე მხრივ კი, ბიზნესის სექტორი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება რეგულაციების თემას, ანუ მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რათა არ მოხდეს უკუპროცესის სტიმულირება და არ დაიკარგოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების მთავარი მონაპოვარი, რაც საქართველოს ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის.
საქართველოს განათლების სამინისტოს ინიციატივით, საქართველოში პირველად იქმნება საზაფხულო სამუშაოები, მთავრობა ოცდახუთიათას სტუდენტს გადაუხდის 500 ლარს ნებისმიერ სამუშაო ადგილზე დასაქმების შემთხვევაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესმენებისათვის, რომლებსაც ზაფხულში დამატებითი მუშახელი სჭირდებათ, ასევე, განათლების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ მუდმივ დასაქმებას.
კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ გატარებული რეფორმების წყალობით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისებით სარგებლობა ონლაინ რეჟიმითაც არის შესაძლებელი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე: www.gcci.ge.
მინიმუმამდე შემცირდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის არბიტრაჟის ვადები, ასევე ექსპერტიზისა და ყველა მომსახურების, რომელსაც პალატა ბიზნესისთვის ახორციელებს.