რატომ აშინებთ LOW COST კომპანიები ავიაბაზრის მოთამაშეებს
ლევან ასათიანი
საქართველოს ავიასივრცეში დიდი მიმოსვლაა გაჩაღებული. ზოგიერთი კომპანია ქართულ ბაზარს ტოვებს, ზოგი კი ახლა უერთდება მას. ტურისტული კომპანიები გაზრდილი კონკურენციის გამო ტურისტული პაკეტების ფასების შემცირების პერსპექტივებზეც საუბრობენ. ეს განსაკუთრებით ეხება აზიის ქვეყნებს, რომლის მიმართულებით ფრენებსაც ორი ახალი ე.წ. Low Cost კომპანია ახორციელებს. წინასწარი შეფასებით, შრი-ლანკას, ჩინეთის, ტაილანდის, მალდივების, ინდოეთისა და გოას მიმართულებებით ტურისტული საგზურების ღირებულება დაახლოებით 30-40%-ით შემცირდება. როგორც ტურისტულ კომპანიებში განმარტავენ, ამის მთავარი მიზეზი ქართულ ავიაბაზარზე “ყატარის ავიახაზებისა” და “ფლაი დუბაის” შემოსვლაა, რომლებიც მომხმარებელს ავიაბილეთებს კონკუ-რენტებთან შედარებით იაფად სთავაზობენ.
ქართულ ბაზარზე ახლად შემოსული ავია-კომპანიები კლიენტურის ზრდაზე უკვე საუბრობენ. ავიაკომპანია “ფლაი დუბაის” განცხადებით, ქართულ ბაზარზე იანვარში მომხმარებელთა აქტივობა გასამმაგდა. მენეჯმენტის ცნობით, გაყიდვების 90%-ს თბილისი-დუბაი-თბილისის მიმართულება წარმოადგენს. ქართველ მომხმარებლებში დუბაის გარდა, პოპულარულია ნეპალის, ქუვეითის და შრი-ლანკის მიამართულებები.
მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ კიდევ ერთ ახალშემოსულ კომპანიაში, “ყატარის ავიახაზებში”. ავიაკომპანიის ქართული წარმომადგენლობის ინფორმაციით, პირველადი გაყიდვებით კმაყოფილნი არიან, თუმცა მენეჯმენტი რეალიზაციის კონკრეტულ მაჩვენებელს ამ ეტაპზე არ ასახელებს. “ყატარის ავიხაზები” ქართველ მომხმარებლებს დოჰას გავლით 100-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, ფრენები ყოველდღიურად ხორციელდება. ამჟამად ავიაკომპანიას თბილისიდან დოჰას მიმართულებით 20-ზე მეტი ფრენა აქვს განხორციელებული. ბილეთის ღირებულება მოსაკრებლების ჩათვლით, 752 ევროა. დღესდღეისობით კომპანია უზრუნველყოფს ფრენებს ევროპაში ანკარას, ათენის, ბარსელონას, ბერლინის, ბრიუსელის, ბუქარესტის, ბუდაპეშტის, ვენეციის, კოპენჰაგენის, ფრანქფურტის, ლონდონის და მადრიდის ჩათვლით.
მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის კომპანია Smart Business Invest Group. Qatar-ის ავიახაზები ყატარის ნაციონალურ ავიაკომპანიას წარმოადგენს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს დოჰაში. კომპანიის საჰაერო ფლოტი 96 თვითმფრინავისგან შედგება. იგი მსოფლიოს 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანიების 6-ეულში შედის და მსოფლიოს ყველაზე მზარდ ავიაკომპანიად მიიჩნევა. Qatar-ის ავიახაზების მომსახურების ზონა, ევროპის გარდა, მოიცავს აფრიკას, ცენტრალურ აზიას, შორეულ აღმოსავლეთს, სამხრეთ აზიას, შუა აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას და ოკეანიას.
ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენის მიუხედავად, ტუროპერატორების ოპტიმიზმს, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, არ იზიარებენ მსხვილ ავიაკომპანიებში, რომლებიც აღნიშნავენ, რომ თურქული და აზიური დაბალფასიანი ავიაკომპანიები ბაზარზე დემპინგური ფასებთ შემოდიან, და როგორც კი პოზიციებს გაიმყარებენ, ან სხვა კომპანიები დატოვებენ საქართველოს, ისინი ფასებს მაშინვე ასწევენ.
ავიაბილეთებზე ფასების ზრდას წინასწარმეტყველებს ერთ-ერთი ქართული აიაკომპანიის წარმომადგენელი. “სქაი ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი კოდუას შეფასებით, ივნისიდან ქართულ ავიაბაზარზე ევროპის მიმართულებით ფრენები გაძვირდება, რისი მიზეზიც, სეზონური ფაქტორების გარდა, ბაზარზე კონკურენციის შემცირება და საწვავის მსოფლიო ფასების ზრდა იქნება. ძვირი საწვავის პირობებში კომპანიებო 3-6 თვის განმავლობაში არსებულ ფასებს შეინარჩუნებენ, თუმცა, თუ ფასებმა არ დაიკლო, ისინი იძულებულნი გახდებიან ტარიფები გაზარდონ. კოდუას თქმით, ზამთრის პერიოდთან შედარებით ზაფხულში ავიაბილეთებზე ფასები ისედაც იმატებს და ჩეხეთის ავიაკომპანიის ქართული ბაზრიდან გასვლა ამ პროცესს დამატებით ბიძგს მისცემს. ვინაიდან ჩეხეთის ავიაკომპანიის წასვლის შემდეგ ბაზარი დაბალკონკურენტუნარიანი გახდება და ჩეხეთის, პარიზის, იტალიისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ფასი გაიზრდება.
ამაზე თავის პასუხი აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებელს დაბალ ფასიან ბილეთებს სთავაზობენ. “ფლაი დუბაის” გენეალური დისტრიბუტორი საქართველოში “დუბაი.გე”-ს დირექტორი მარი ჩირინაშვილი: “ფლაი დუბაი” საქართველოში 5 ნოემბრიდან ასრულებს რეისებს დუბაის მიმართულებით. ავიაბილეთის ფასი იწყება 240 დოლარიდან, საუბარია ორ გზაზე, ანუ თბილისი-დუბაი-თბილისის მიმართულებით. ჯერჯერობით რეისები კვირაში 2-ჯერ სრულდება, მალე დავუმატებთ მესამე დღესაც.
რაც შეეხება ავიაბილეთების ფასებს, სწორედ ქართულ ბაზარზე არსებული მაღალი ფასების გამო შემოვიდა საქართველოში “ფლაი დუბაი” ე.წ. Low Costსტრატეგიით. მსგავს კომპანიებს აქვთ დაბალი ფასები და მეტი შანსი მომხმარებლები მიიზიდონ. მაგალითისათვის, ჩვენ შემოსვლამდე “საქართველოს ავიახაზების” ბილეთის ფასი დუბაის მიმართულებით დაახლოებით 550 აშშ დოლარი იყო, ჩვენთან კი 240 დოლარიდან იწყება. როგორც ხედავთ, ფასებს შორის საკმაო სხვაობაა.
ს.ე. – მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Lოწ ჩოსტ კომპანიები ბაზარზე დემპინგური ფასებით შემოდიან, მაგრამ როგორც კი ბაზრიდან სხვა მოთამაშეებს “გააძევენებენ”, ფასებს ასწევენ?
მ.ჩ. – ეს არანაირად არ შეეფერება სიმართლს. Low Cost კომპანიები ფასებს არ ადემპინგებენ, დაბალ ფასიანი ბილეთებით მუშაობა მათ მთავარი პრინციპია. მათი ამის სშუალებაც აქვთ. ბილეთის ფასი ბევრი კომპონენტისგან შედგება. ამ კომპანიების ტექნოპარკები კი იძლევა ბილეთის ფასის ქვედა დონეზე შენარჩუნების საშუალებას. მაგალითად, “ფლაი დუბაის” შემთხვევა ავიღოთ. მისი ტექნოპარკები მოიცავს მხოლოდ ერთი ტიპის, უახლესი მოდელის ბოინგებს 737-800. ერთი ტიპის ბოი-ნგების არსებობა კომპანიის დანახარჯებს საგრძნობლად ამცირებს.
გარდა ამისა, ამ კომპანიების ავიაბილეთები გათავისუფლებულნი არიან ყველა სახის დამატებითი გადასახადებისაგან. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ “ფლაი დუბაი”, “პეგასუსი” და თუნდაც სხვა დაბალფასიანი კომპანიები დაბალი ფასებით იმიტომ კი არ შემოდიან ბაზარზე, რომ მერე ეს ფასები გაზარდონ, არა, ეს – მათი მუშაობის პრინციპია. ჩვენი ბილეთის ფასში არ შედის დამატებითი ხელბარგის ფასი, არ შედის საკვების ფასი, არ შედის ბორტზე მომსახურების ფასები და ასე შემდეგ. ჩვენ მომხმარებლებს არჩევანის საშუალებას ვუტოვებთ. ის თვითონ ადგენს ბილეთის ფასს. თუ სხვა საშუალება არ აქვს, იფრენს დაბალფასიანი ბილეთით დამატებითი მომსახურებების გარეშე, თუ არადა, შეუძლა ისეთი სახის მომსახურება შეუკვეთოს, როგორიც სურს. ასეთ შემთხვევაში, ბილეთის ფასი, რა თქმა უნდა, გაიზრდება. საქართველოს ავიაბაზარზე აქამდე მოქმედი კომაპნიები კი ბლეთის ფასს წინასწარ განსაზღვრავდნენ. მომხმარებელს არ ეკთხებოდნენ, მაგალითად, სურდა თუ არა ბორტზე ტელევიზორის ყურება და ამაში დამატებითი საფასურის გადახდა. ეს არის მთავარი განსხვავება ამ კომპანიებისა და Low Cost კომპანიების საფასო პოლიტიკას შორის”.
შეგახსენებთ, რომ “ჩეხეთის ავიახაზები” საქართველოდან ფრენებს ოფიციალურად 1-ლი ივნისიდან შეწყვეტს. ავიაკომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში – ტურისტულ კომპანია “ბერი-კაში” განმარტავენ, რომ ბოლო დროს კომპანიამ თბილისის მიმართულებით რეისები მინიმუმამდე შეამცირა. თავდაპირველად “ჩეხეთის ავიახაზები” თბილისი-პრაღას მიმართულებით რეისებს ყოველდღიურად ასრულებდა, შემდგომ ავიაკომპანიამ რეისები კვირაში სამამდე შეამცირა, თუმცა დღეისთვის კომპანია კვირაში მხოლოდ 2 რეისს ასრულებს. ბოლო რეისს კომპანია 31 მაისს შეასრულებს.
როგორც “ჩეხეთის ავიახაზების” კომუნიკაციების დირექტორმა ჰანა ჰეისკოვამ განაცხადა, საჰაერო ტრანსპორტირების ბაზრის განვითარება და მომხმარებელთა მოთხოვნა ყველა კომპანიას აიძულებს, იყოს მოქნილი და ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან თავისი ბიზნეს გეგმების ადაპტირება მოახერხოს. “ჩვენი გადაწყვეტილება საქართველოდან გასვლის შესახებ, ძირითადად, ეკონომიკურ მონაცემებს ეფუძნება”, – აცხადებს ჰეისკოვა. “ჩეხეთის ავიახაზების” ოფიციალური წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში 2007 წელს გაიხსნა და ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიაკომპანია იყო.
ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ კომპანია “აირზენაშიც”, რაც რამდენიმე რეისზე დატვირთვების შემცირებით არის გამოწვეული. “აირზენასთვის” ბათუმის მიმართულებით ფრენა წამგებიანია – ამის შესახებ განცხადება კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა. მისი თქმით, 1 ტონა საავიაციო საწვავის ღირებულება დღეს 1300 დოლარია. “თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბათუმში 50-ადგილიანი “ბოინგით” დავფრინავთ, ხოლო ბილეთის ფასი კი 120 ლარია, ეს მაღალი ნამდვილად არ არის, რადგან მხოლოდ საწვავის ხარჯი ერთ მგზავრზე 26 დოლარი გამოდის. ამას ემატება აეროპორტის მოსაკრებელი 6 დოლარის ოდენობით, ტექნიკური, მეტეო, მგზავრთა დაზღვევის და სხვა მომსახურება”, – განაცხადა გიორგობიანმა. მისი თქმით, შიდა რეისების გაიაფება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სახელმწიფო კომპანიას ერთ-ერთ გადასახადს მოუხსნის ან შეამცირებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ავიაკომპანიებში ბოლო დროს შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართულ ავიაციაში პრობლემები არ არსებობს და მსხვილი კომპანიების პრობლემები, მათი მენეჯმენტის სისუსტეზე მეტყველებს. ქართული ბაზრიდან “ჩეხეთის ავიახაზების” გასვლას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემებით ხსნის. მინისტრის განცხადებით, ანალოგიური პრო-ბლემები აქვს “აირ ფრანსს” და კიდევ რამდენიმე მსხვილ ავიაკომპანიას. ქობალიას განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი კომპანიები მსხვილ ავიაკომპანიებს საკმაოდ დიდი კონკურენციას უწევენ და სწორედ ამიტომ დიდ კომპანიებს პოზიციების დათმობა უწევთ.
ვერა ქობალია “აირზენას” პრობლემებსაც არასწორ მენეჯმენტს უკავშირებს. “ჩვენ ვცდილობთ, “აირზენას” მაქსიმალურად დავეხმაროთ. შევთავაზეთ, შეესრულებინა შიდა რეისები სახელმწიფო სუბსიდირებით, მათ შორის თბილისი-მესტიის მიმართულებით. ეს შეთავაზება მათ დიდი ხნის გა-ნმავლობაში უპასუხოდ დატოვეს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში არის მენეჯმენტის პრობლემა, იმედი მაქვს, საკითხს თავად გადაწყვეტენ”, – აღნიშნა მინისტრმა.
კომპანია “სკაი ჯორჯიაზე” კი ვერა ქობალია, აცხადებს, რომ არ დაუშვებს გაუმართავი თვიმფრინავებით თუნდაც სატვირთო გადაზიდვების შესრულებას. ეს კომპანია ეკონომიკის სამინისტროს ნატოს პროექტის, კერძოდ, ავღანეთში ტვირთების გადაზიდვის დაბლოკვაში ადანაშაულებს. მინისტრის თქმით, “სკაი ჯორჯიას” 6-თვიანი ვადა ჰქონდა საქართველოში ახალი თვითმფრინავის შემოსაყვანად. მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიის თვითმფრინავზე უარყოფით დასკვნა საავიაციო სააგენტოს აუდიტმა გასცა. “ავიამიმართულების უსაფრთხოების კუთხით არასდ-როს დავიხევ უკან. ჩემთვის ადამიანების უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. თუ ტექნიკურად თვითმფრინავი არ არის გამართული და ვერ გაიარა აუდიტი, ეს ნიშნავს, რომ ფრენის საშუალებას არ მივცემთ”, – განაცხადა მინისტრმა.
ვერა ქობალიას აზრით, ქართულ ავიასივრეში პრობლემები არ არსებობს. არადა, პრობლემები მართლაც რომ თავზე საყრელია. საქართველოს ავიაბაზარს ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ ძლიერი უცხოური კომპანიები, ადგილობრივი ავიატორები ლამისაა საერთოდ გაქრნენ ბაზრიდან, გაიაფების ნაცვლად, ძვირდება ავიაბილეთები.
მინისტრის განცხადებას “აირზენას” მენეჯმენტის ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მენეჯმენტი მინისტრთან შესახვედრად, ავიაკომპანიასა და ავიაციის დარგში არსებულ ტენდენციებზე სასაუბროდ მზად არის. ნინო გიორგობიანის თქმით, მინისტრი არ ფლობს სწორ ინფორმაციას დარგში არსებულ პრობლემებზე.
ნინო გიორგობიანი, “აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკასთან” საუბრისას აცხადებს: “ქართულ ავიაბაზარზე დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. თუ სახელმწიფო სერიოზულად არ ჩაერევა და ვითარებას არ დაარეგულირებს, სულ მალე ქართველი მგზავრები მხოლოდ თურქული ავიაკომპანიების მომსახურებით ისარგებლებენ. ქართული ავიაკომპანიებიც დაიხურებიან და ავტორიტეტული უცხოური კომპანიებიც წავლენ, რადგან თურქულ დემპინგს ვერავინ გაუძლებს. ბაზარი უკვე დატოვა ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ. მაგრამ როგორც კი ბაზარზე მხოლოდ ისინი დარჩებიან, ტარიფებს მაშინვე გაზ-რდიან. ამის მაგალითიც უკვე გვაქვს, როგორც კი ჩვენ შევწყვიტეთ ფრენა პარიზის მიმართულებით, მათ ფასი 400 ევრომდე გაზარდეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბილეთს ადრე იყიდი. სხვა შემთხვევაში, მგზავრობა 500-დან 800 ევრომდე ღირს. პარიზის მიმართულებით ჩვენი მინიმალური ფასი 280 ევრო იყო, მაგრამ მგზავრები მაინც უკმაყოფილოები იყვნენ.
საზოგადოდ, განვითარებულ ქვეყნებში ხელისუფლების ფავორიტი ყოველთვის ნაციონალური ავიაკომპანიაა, თუმცა ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად ხდება, ყველაფერი უცხოური გვირჩევნია ქართულს. ადგილობრივ ავიაკომპანიებს ყველგან დიდ ფინანსურ დახმარებას უწევენ, მაგალითად, უნგრეთის ავიახაზებს სახელმწიფო არაერთხელ დაეხმარა – ავიაკომპანია “მალევს” ორიოდე წლის წინ 300 მილიონი გამოუყვეს, შემდეგ ყოველწლიურად 200 მილიონით აფინანსებდნენ, თუმცა კომპანია მაინც გაკოტრდა. ყურადღება უნდა გავამახვილო ბილეთის ფასზეც: თვითმფრინავი ნამდვილად არ არის ტაქსი, თანამედროვე თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის სოლიდური თანხა იხარჯება. ბილეთის თვითღირებულებაც უამრავი კომპონენტისგან შედგება: აეროპორტების ხარჯი, საავიაციო უსაფრთხოების დაცვა, საწვავის ხარჯი, ტექნიკური უსაფრთხოება, მეტეომომსახურება, თვითმფრინავის საიჯარო ხარჯი, მგზავრთა დაზღვევის ხარჯი და სხვ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ძალიან მაღალი ტარიფები დააწესა, რაც ბილეთის ფასზე უარყოფითად აისახება. სხვათა შორის, ეს ტარიფები ეკონომიკის მინისტრის ნებართვითა და ხელმოწერით არის მიღებული და დამტკიცებული, მაგრამ ეს მხოლოდ ქართულ კომპანიებს ეხება. სამაგიეროდ, თურქული ავიაკომპანიები არ იბეგრებიან, რის გამოც ქვეყანა მილიონობით ლარს ზარა-ლობს.
ს.ე. – არსებობს თუ არა რაიმე სახის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ად-გილობრივი კომპანიების განვითარებას შეუწყობს ხელს?
ნ.გ. – არ არსებობს და პრობლემაც სწორედ ესაა. არადა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დარგი ბევრი სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია. კიდევ ერთ ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ – 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთადერთი ჩვენ კომპანიას არ შეუწყვეტია ფრენები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ, როცა ყველა უცხოურმა კომპანიამ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ფრენები შეწყვიტა. მაგრამ არანაირი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან არ არის.
“აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ არ ყოფილა შემოთავაზება, სახელმწიფო სუბსიდირებით შიდა რეისების შესრულების შესახებ, მათ შორის თბილისი-მესტიის მიმართულებით. “არანაირი მოლაპარაკებები არ დაწყებულა, არც წერილი გამოუგზავნიათ. ასე რომ, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
საქართველოს ბაზრიდან გასვლის შესახებ გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს Air Baltic-ის წარმომადგენლობა. უფრო მეტიც, კმპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მარტიდან ფრენების სიხშირის კვირაში 3-დან 4-მდე გაზრდას გეგმავენ. “თბილისი-რიგა კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მარშრუტია, შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ უფრო მეტი სიხშირით ფრენას და მგზა-ვრების მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ლატვია და საქართველო ტურისტულად მი-მზიდველი ქვეყნებია, მგზავრების მხრიდან მოთხოვნაც მაღალია”, – განაცხადა Air Baltic-ის ვიცე პრეზიდენტმა. კომპანია 1995 წელს შეიქმნა, მისი აქციების 99,8%-ს ლატვიის სახელმწიფო ფლობს, ამ დროისათვის კომპანია რეისებს ბალტიის ქვეყნების დედაქალაქებიდან – რიგა, ვილნიუსი და ტალინიდან ახორციელებს.
როგორც ჩანს, ახლა ქართულ ავიაბაზარზე ძალთა გადანაწილებისთვის მიდის აქტიური ბრძოლა. რამდენ ხანს გასტანს ეს და ვინ გამოვა გამარჯვებული ამას დრო გვიჩვენებს. ერთი რამ ცხადია, წლების მანძილზე ტრადიციული მაღალი ფასები ავიაბილეთებზე “ადგილიდან” დაიძრა. მომხმარებელ ახლა არჩევანის მეტი საშუალება აქვს, როგორც ფასის, ასევე ხარისხისა და მომსახურების პირობების მიხედვით.