ამერიკა და ევროპა კრიზისს თავს აღწევენ?!
მაკა ღანიაშვილი
გაიარა თუ არა ევროზონის კრიზისის პიკმა და უნდა ველოდოთ თუ არა მდგომარეობის დასტაბილურებას. ექსპერტებმა უკვე დაიწყეს ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება, თუმცა ამ ოპტიმიზს ყველა არ იზიარებს. უნდა ველოდოთ თუ არა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების მნი-შვნელოვან ზრდას 2012 წელს? აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი.
“ევროზონის კრიზისის ყველაზე ცუდმა პერიოდმა უკვე გაიარა, სიტუაცია ევროპაში დასტაბილურდა” – განაცხადა გაზეთ Bild-თან მიცემულ ინტერვიუში ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ. ევროპის ეკონომიკის ბოლო სტატისტიკური მონაცემები, როგორიცაა ინფლაცია და ბიუჯეტის დეფიციტი, აჩვენებს, რომ ევროპაში ეკონომიკური მდგომარეობა უფრო უკეთესია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. “შარშან შემოდგომაზე სიტუაცია მართლაც კრიტიკული იყო, ვალის კრიზისს შეიძლება ბანკების კოლაფსი გამოეწვია. ჩვენ უნდა დაგვეძლია ეს გამოწვევა”, – განაცხადა დრაგმა.
მისივე თქმით, პროგრესია ევროზონის ფინანსური სისტემის მართვაშიც. თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი გარკვეულ რისკებზეც საუბრობს. მისი თქმით, პრობლემაა გაურკვევლობის მაღალი დონე და ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შემცირება. როგორც მარიო დრაგი აცხადებს, თუ ინფლაცია მოიმატებს, ევროპის ცენტრალური ბანკი დაუყოვნებლივ ზომებს მიმართავს. გასულ თვეში ცენტრალურმა ბანკმა ევროპის 800 ბანკს რეკორდული მოცულობის – 529 მილიარდი ევროს კრედიტი გამოუყო.
ევრობანკის მმართველის ოპტიმიზმს არ იზიარებს ექსპერტთა ნაწილი. კვლევითი ორგანიზაცია PMI-ის ბოლო კვლევის თანახმად, ევროზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნა, გერმანია, მარტში საწარმოო საქმიანობის დაცემას აჩვენებს. ამან, თავისთავად, ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპი მკვეთრად შეამცირა და აჩვენა, რომ ბიზნესის მდგომარეობა მიმდინარე თვეში გაუარესდა.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: უმუშევრობის ტემპები ევროზონის ქვეყნებში 1 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება. Eurostat-ის მონაცემების მიხედვით, 2012 წლის იანვარში ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 10.7%-ს მიაღწია. დეკემბერში რეგიონში უმუშევრობა 10.6%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ევროზონაში 14-წლიანი მაქსიმუმის ტოლია. ამ პერიოდისათვის ყველაზე მაღალი, 23.3%-იანი უმუშევრობა ესპანეთში დაფიქსირდა. საბერძნეთში ის თითქმის 20%-ია, ირლანდიასა და პორტუგალიაში 14,8%. უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ავსტრიაში (4%), ნიდერლანდებსა (5%) და ლუქსემბურგშია (5.1%). ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში 80 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებენ. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ევროზონაში უმუშევრობის მაღალი დონე მთელი 2012 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
უმუშევრობის მაღალ დონეს, ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენციაც ემატება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ნავთობის მაღალი ფასები, შე-საძლოა, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების დამატებით საფრთხედ იქცეს. მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების მიზეზად სპეციალისტები ირანის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ასახელებენ.
ლაგარდიმ იქვე დასძინა, რომ მართალია, ახლა მთელი ყურადღება ევროპისკენ არის მიმართული, მაგრამ, მისი შეფასებით, სიტუაცია ევროპაში ნაკლებად კრიტიკულია და ახლა ყურადღება ნავთობის მსოფლიო ფასებზეა ფოკუსირებული, რომელიც მიწოდებასა და ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეა დამოკიდებული. სანქციების შედეგად გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ნავთობის ფასი საშუალოდ 20%-ით გაიზარდა.
ლაგარდის პროგნოზით, “გლობალური ეკონომიკის მორიგი საფრთხე, შეიძლება ნავთობზე მაღალი ფასებიც გახდეს. ფასების ზრდა პროვოცირებულია ნედლეულის არასტაბილური მიწოდების შიშით და გეოპოლიტიკური დაძაბულობით”.
კრისტინ ლაგარდი მორიგი კრიზისის პოტენციურ მიზეზებს შორის ევროს კოლაფსს, ნავთობის ფასსა და ირანთან ომს ასახელებს და იქვე დასძენს, რომ მსოფლიო ეკონომიკა უფსკრულის პირას აღარ იმყოფება, რაც ევროკავშირისა და ამერიკის მიერ მიღებული ანტიკრიზისული ზომების შედეგია.
ამ განცხადებამდე, პეკინში გამოსვლისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა აღდგენის გზაზე იმყოფებოდეს, თუმცა შეცდომის უფლება არავის აქვს. მანევრირების სივრცე უკიდურესად შეზღუდულია”. მან ხაზი გაუსვა ამერიკის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასა და ევროპის წარმატებულ ძალისხმევას საბერძნეთის დავალიანების კრიზისთან ბრძოლაში.
ლაგარდის თქმით, ეს ფაქტორები იმის დადასტურებაა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კრიზისთან ბრძოლის სწორი კურსი აირჩია. თუმცა ლაგარდი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ ამ ოპტიმიზმმა უსაფრთხოების განცდა არ უნდა გააჩინოს, რადგან კვლავ არსებობს მასშტაბური ფინანსური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლებთანაც ბრძოლაა საჭირო.
ლაგარდი მოუწოდებს განვითარებულ ქვეყნებს, გააგრძელონ დაბალანსებული საგადასახადო პოლიტიკა, ფინანსური და სტრუქტურული რეფორმები. განვითარებადმა ქვეყნებმა კი, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები უნდა შეინარჩუნონ. ლაგარდის ამ განცხადებამდე, გავრცელდა ინფორმაცა, რომ ევროზონამ, შესაძლოა, 500 მილიარდიდან 700 მილიარდ ევრომდე გაზადროს ბლოკის გადარჩენის მექანიზმების კრედიტუნარიანობა.
ამერიკა თუ ევროპა
დღეს არა მხოლოდ ის კითხვაა აქტუალური, თუ როდის დამთავრდება კრიზისი, არამედ ისიც, რომელი უფრო ძლიერი დააღწევს თავს კრიზისს – ევროპა თუ ამერიკა? ორი ეკონომიკის ერთმანეთთან შედარებისას უმთავრესი მაჩვენებელი მათი მშპ-ის დინამიკაა. პირველი ცხრილიდან ვხედავთ, რომ დიდი რეცესიის მერე, რომელიც მსოფლიომ 2007-08 წლებში გამოიარა, აშშ-ის მშპ უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება.
როგორც ვხედავთ, აშშ-მ მოახერხა და მშპ-ის კრიზისამდელი დონის ზედა ზღვარს უკვე გადააჭარბა, ევროპა კი ჯერ ამისგან შორსაა, პირიქით, 2010 წლის აღმავლობის შემდეგ, ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო.
მაგრამ ევროპას დღეს ამერიკასთან შეჯიბრისთვის “არ სცხელა”. მიუხედავად ოპტიმისტური განცხადებებისა, ევროზონის შიგნით კვლავ უამრავი პრობლემაა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროლიდერები კვლავ ვერ ახერხებენ ბევრ საკითხზე შეთანხმებას. მარტის ბოლოს ევროპის ლიდერები გაერთიანდნენ გერმანიის იმ საკითხში დასარწმუნებლად, რომ “აუცილებელია “გადარჩენის ფონდის” დაფინანსების გაზრდა, იმისათვის, რომ ესპანეთს, ირლანდიას და პორტუგალიას სასწრაფო დახმარება აღმოუჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა შეიძლება ძალიან დაიძაბოს” – მიიჩნევენ ექსპერტები.
როგორც ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდის ხელმძღვანელმა, (EFSF) კლაუს რეგლინგმა განაცხადა: “ბევრი ფული ბაზრის მოთამაშეებს მეტ თავდაჯერებულობას შესძენს. ცუდია თუ კარგი, ფაქტია, რომ დიდი ციფრები, მაღაზიის ვიტრინებში ხალხს უფრო მეტად ამშვიდებს.” იტალიის პრემიერ მინისტრმა, მარიო მონტიმ კი განაცხადა, რომ ესპანეთისათვის მეტი სესხის გამოყოფა შეამცირებს ამ ქვეყანაში არსებული ურთულესი ვითარების გავრცელების რისკს ევროპის სხვა ქვეყნებში.
ამ მოწოდებების შემდეგ, 25 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია განიხილავს სტაბილურობის ფონდისათვის გამოსაყოფი 440 მილიარდი ევროს 500 მილიარდამდე გაზრდის საკითხს. გერმანიის კანცლერი ორ ცეცხლს შუაა: მერკელმა კარგად იცის, რომ ამ ნაბიჯით ამომრჩევლებს გაანაწყენებს ქვეყნის შიგნით. ამიტომაც სავარაუდოა, რომ ეს იქნება ბოლო დამთმობი ნაბიჯი ევროლიდერების მიმართ, რადგან მერკელი აღარ მოისურვებს ამომრჩეველთა დაკარგვას, მით უმეტეს, რომ ბოლო გამოკითხვების შედეგად, მისი კონკურენტი პარტიების რეიტინგი გერმანიაში სულ უფრო იზრდება.
ამასთანავე, გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვისი დარწმუნებაც ევროპელ ლიდერებს უხდებათ. ფონდისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის წინააღმდეგი იყო ფინეთიც. თუმცა, ჯერჯერობით, ევროპის ლიდერები კონსოლიდაციას ახერხებენ. მათ სხვა გზა არც აქვთ, ისეთი ქეყნებისთვის დახმარების აღმოჩენის გარეშე, როგორებიც არიან ესპანეთი, ირლანდია და პორტუგალია, მთელი ევროკავშირი უფქსკრულში აღმოჩნდება და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევრობანკის ლიდრების ოპტიმისტური განცხადებებიც ილუზიად იქცევა.
ოპტიმისტურია ამერიკის ეკონომიკის ზრდის პროგნოზებიც. როგორც ამერიკელი ექსპერტების ნაწილი წინასწარმეტყველებს, ქვეყნის ეკონომიკა 2012 წლის განმავლობაში 2-2.3%-ით გაიზრდება. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 1.7% იყო. ზრდის ამგვარი პროგნოზის საფუძველი, ექსპერტთა შეფასებით, ისაა, რომ ამერიკელებმა თითქმის 4-წლიანი კრიზისის შემდეგ, ფულის უფრო აქტიური ხარჯვა დაიწყეს. თუმცა, ექსპერტები იქვე დასძენენ, რომ ნავთობზე ფასების ზრდა ხარჯვით პროცესს დაამუხრუჭებს და სამომხმარებლო აქტივობა მიმდინარე წელს 2011 წელთან შედარებით მხოლოდ მცირედით გაიზრდება.
2012 წლის იანვარსა და თებერვალში სამუშაო ადგილების რაოდენობა ამერიკაში საშუალოდ 244 000-ით გაიზარდა, რაც კრიზსის შემდგომი პერიოდის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური მაჩვენებელია. ზრდის მსგავსი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის აშშ-ში დამატებით 2.2 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, გაზრდილია აქტივობები არა მხოლოდ მომხმარებელთა, არამედ კერძო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდანაც. 2012 წლის განმავლობაში, ანალიტიკოსები ბიზნესინვესტიციების 6%-იან ზრდას ელოდებიან.
ექსპერტები კვლავ არ ელიან მნიშვნელოვან ზრდას უძრავი ქონების ბაზარზე. მართალია, მცირედი ზრდა დაფიქსირდება, თუმცა უახლოეს წლებში არ არის მოსალოდნელი, რომ უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. თუ კრიზისამდე მშპ-ში სექტორის წილი 6%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 3%-მდეა შემცირებული.
მიუხედავად ოპტიმისტური პროგნოზებისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ამერიკულ ეკონომიკას ჯერ არ მიუღწევია ზრდის სათანადო ტემპებისათვის. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, კრიზისიდან 2 წლის შემდეგ, წელიწადში ეკონომიკის საშუალოდ 3%-იანი ზრდა არცთუ სახარბიელო მაჩვენებელია.