ამერიკელებმა დაიჯერეს
აკაკი როგავა
ამერიკელები დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ქვეყანაში და თვითონაც ხელს უწყობენ ეკონომიკის აღდგენითი პროცესების დაჩქარებას. აშშ-ის ეკონომიკისთვის გასული წელი მაჩვენებელების გამყარებით დასრულდა და მიმდინარე წელსაც ქვეყნის ეკონომიკა აღდგენის დემონსტრირებას აგრძელებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროპის კრიზისი, რომლისაც ასე ეშინიათ მთელ მსოფლიოში, ოკეანის გაღმა საერთოდ არ შეინიშნება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. მთავარი პოზიტიური სიახლე, რომელიც ვაშინგტონმა გაახმოვანა 2012 წლის დასაწყისიდანვე, არის ბოლო ორი წლის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი. გასული წლის IV კვარტალში თვალშისაცემი ზრდის შემდეგ, უმუშევარი ამერიკელების არმიის შემცირება ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი გახდა ამერიკული ეკონომიკის სტაბილური აღდგენის საქმეში, რადგან, გარკვეულწილად, ბიზნეს-გარემოსა და მომხმარებლებს შორის ოპტიმისტური განწყობის ზრდის კატალიზატორის როლი ითამაშა. უკანასკნელმა ფაქტორმა კი მოახდინა შიდა მოთხოვნის სტიმულირება, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის ზრდის დრაივერია.
დადებითი ინფორმაციებით და განსაკუთრებით შრომითი ბაზრის გამყარებით შთაგონებულმა ამერიკელებმა ხალისით დაიწყეს ფულის ხარჯვა, რასაც მოწმობს საცალო გაყიდვების ზრდა. საცალო გაყიდვების მოცულობამ ბოლო ხუთი თვის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. სტატისტიკის მიხედვით, ინვართან შედარებით აშშ-ში საცალო გაყიდვები 1,1%-ით გაიზარდა, მაშინ როცა იანვარში ზრდა 0,6%-ის დონეზე იყო. გაყიდვები გაიზარდა 13-დან 11 დასახელების საქონელზე, შემცირდა მხოლოდ ავეჯის გაყიდვების მაჩვენებელი შერეულ მაღაზიებში. საცალო გაყიდვების მოცულობა ავტომობილების გამოკლებით თებერვალში 0,9%-ით გაიზარდა იანვრის 1,1%-იანი ზრდის შემდეგ. ხოლო ყველა საქონლის საცალო გაყიდვების ინტენსივობა, ავტომობილებისა და გაზის გამოკლებით, იანვართან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა წინა თვის 1,0%-იანი ზრდის შემდეგ. გაიზარდა ავტომობილების გაყიდვაც, დილერების ცნობით, იანვრის კლების შემდეგ გაყიდვების რაოდენობამ თებერვალში მოიმატა 1,6%-ით. აშშ-ში გაყიდვების ასეთი მაღალი მაჩვენებელი 4 წელია რაც არ დაფიქსირებულა. ავტომობილების თებერვლის გაყიდვების ლიდერი გახდა Chrysler Group LLC и General Motors Co. წლიურ გამოხატულებაში ავტომობილების გაყიდვის ზრდამ 6,4% შეადგინა 15 მილიონ ერთეულამდე – ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის თებერვლის შემდეგ. ასე რომ, აშშ-ში ავტომობილებზე მოთხოვნა კვლავ მაღალი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტებსა და ბენზინზე ფასები იმატებს. მიმდინარე წლის თებერვალში იანვართან შედარებით ბენზინის ფასები 18%-ით გაიზარდა. საცალო გაყიდვების ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, პირველ რიგში, შრომის ბაზრის გამყარების შედეგია. ამერიკელებმა დაიჯერეს ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესების, ეკონომიკის სტაბილური აღდგენის შესაძლებლობა და, რაც ყველაზე მთავარია, გაქრა სამსახურის დაკარგვის შიში. თუმცა, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ უმუშევრობამ დაიკლო კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებლამდე, ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობას ჯერ არ შეუძლია დააკმაყოფილოს მრავალი ამერიკელის მოთხოვნა. თუმცა, ამერიკელებს სჯერათ, რომ შრომის ბაზარი გამყარებას გააგრძელებს და ექსპერტების აზრითაც, მათ ამის საფუძველიც აქვთ.
მიმდინარე წელი, როგორც ცნობილია, აშშ-ში საარჩევნი წელია და შრომის ბაზრის გამყარება მოქმედი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დიდი “კოზირი” იქნება. მოცემულ მომენტში უმუშევართა არმია აშშ-ში 6 მლიონი ადამიანით მეტია, ვიდრე ბოლო რეცესიის წინ იყო. ბარაკ ობამას ადმინისტრაციას მოუწევს დიდი ძალისხმევის გაღება იმისთვის, რომ მომავალში უმუშევრების მაჩვენებელი მკვეთრად შეამციროს. PricewaterhouseCoopers (PWC)-ის ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს უმუშევრობის შემცირება გაგრძელდება. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ის საქმიან წრეებში ოპტიმიზმი ისეთივე მაღალია, როგორც მომხმარებლებში. PWC-ის ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე წელს აშშ-ის მშპ-მ შეიძლება შეადგინოს 2,0%, ხოლო 2013 წელს – 2,3%. ხოლო სამომხმარებლო მოთხოვნა, აშშ-ის ეკონომიკის მთავარი დრაივერი, როგორც Barclays Capital Inc-ის მთავარი ეკონომისტი, დინ მაკი აცხადებს. წლის მეორე ნახევარშიც გააგრძელებს ზრდას საშუალოდ 3%-ის დონეზე წლიურ გამოხატულებაში, მაშინ როცა ექსპერტები სხვა პროგნოზს აკეთებენ: აშშ-ის მშპ 2012 წლის II ნახევა-რში 2,5%-ით გაიზრდება საშუალოდ.