დოლარის ყველას ნებდება
ემზარ ჯგერენაია
დოჰას რაუნდი კრიზისის შედეგად საბოლოოდ გარდაიცვალა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ბაზრების გახსნის მაგივრად, პროტექციონისტული დავების განხილვის ჭაობში იხრჩობა. ყველა ქვეყანა კრიზისიდან გამოსავალს თავისთვის ეძებს. პირველი, რაც გააკეთეს, საკუთარი ბაზრების პროტექციონიზმი ააღორძინეს და დემპინგს მიმართავენ. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩინეთი აღმოჩნდა, რომელიც ჯერჯერობით ეკონომიკის ვარდნას შიდა ბაზრის პროვოცირებისა და შიდა მოხმარების დაფინასებით გადაურჩა.
სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების წინააღმდეგობა, სადაც წარმოებული ექსპორტის ხარჯზე იზრდებოდა ჩინეთის ეკონომიკა. აშშ-ის კვალდაკვალ, ჩინეთს პრობლემები ევროპამაც შეუქმნა. 8 ოქტომბერს, ევროპამ ჩინური წარმოების პროდუქციაზე – ალუმინის ფოლგასა და უნაკერო ფოლადის მილებზე, ხუთწლიანი ანტიდემპინგური გადასახადი შემოიღო. გადასახადის განაკვეთმა მილებზე 39.2% შეადგინა, ალუმინის ფოლგაზე 30%. ასეთივე გადასახადი დაუწესდა ბრაზილიიდან ალუმინის ფოლგებს – 17.65%. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები დიდი ოცეულის ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთს პირობას აძლევენ, რომ დაბეგვრის პროტექციონისტულ ელემენტებს არ შემოიღებენ, წლის დასაწყისიდან, ჩინეთიდან იმპორტირებულ ფოლადის მავთულზე, მაღალი სიმძლავრის კაბელზე, ჭანჭიკებზე და სხვა პროდუქტებზე გადასახადები მაინც გაზარდეს. ეს პროცესი 2008 წლის განმავლობაში გრძელდებოდა1. 2008 წელს ჩინური პროდუქციის წინააღმდეგ, მსო-ის ფარგლებში, დემპინგთან დაკავშირებით 71 გამოძიება მიმდინარეობდა. ჩინეთი კი, საფუძვლიანი ეჭვის გამო მსგავს გამოძიებას 13 ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებდა. ინდოეთმა 53-ჯერ დაადანაშაულა და დემპინგში ამხილა სხვა სავაჭრო პარტნიორები, ძირითადად, ჩინეთი, ბრაზილიამ კი, 23-ჯერ. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დოჰას რაუნდის შეთანხმება არასდროს შესრულდება, ის საბოლოოდ დასამარდა და საერთოდ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც მაინც კონტინენტალური ევროპის პირმშოდ მიიჩნევა, დაუსრულებელი საჩივრების ბიუროდ ყალიბდება. მსოფლიო ბაზარზე ძირითად პარტნიორებს შორის არნახული პროტექციონისტული ბუმია ყველა მიღებული და მიუღებელი ხერხით. ლიდერები არადემოკრატიული მმართველობის ქვეყნები არიან, მაგალითად, ჩინეთი და რუსეთი. იკვეთება, რომ დიდი მოსახლეობისა და არადემოკრატიული მმართველობის ქვყენები აშკარად ჩაგრავენ და აბრკოლებენ იმ პატარა ქვეყნების განვითარებას, რომელთა მოსახლეობაც 10 მილიონს არ აღემატება. ამის ერთ-ერთი მაგალითი მეზობელი თურქეთიცაა, რომელიც საქართველოსა და აზებაიჯანის ბაზრებს არა მარტო უხარისხო და დემპინგური საქონლით ავსებს, არამედ ცდილობს დემპინგის საშუალებით ამ ქვეყნებში ბიზნესი რეალურად ჩაკლას. უფრო მეტიც, თურქეთი ამ რეგიონში პოლიტიკური ზეგავლენით რუსეთის შეცვლას ცდილობს. სომხებთან დაწყებული მოლაპარაკებებით მან აზერბაიჯანის ინტერესებს აშკარად უღალატა, იქცევა როგორც ზესახელმწიფო – რა მოხდა მერე, მთავარია სტრატეტგიული ინტერესები. როგორც ეტყობა, აშშ-ის თურქეთის გაძლიერებით რეგიონიდან რუსეთის ორასწლიანი ბატონობის მოშლა აქვს ჩაფიქრებული და ეს პროცესი სწორედ ახალი დომინანტი მეტროპოლიის, თურქეთის აღორძინების ხარჯზე ხდება. აზერბაიჯანსა და საქართველოში მოვლენების ასეთი შემოტრიალებით შეშფოთებულნი არიან, რადგან გადაწყვეტილებების მიღება მათ ზურგს უკან და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება. პირველ რიგში, რომ არაფერი ვთქვათ სომხეთის პრეზიდენტის თავხედურ გამონათქვამზე, საქართველოში სომხური ენა სახელმწიფო ენად უნდა გამოცხადდესო, ზიანდება ამ ქვეყნების ეკონომიკური ინტერესები, რასაც ეტყობა, რომ დიდი ქვეყნები ჩირადაც არ აგდებენ. ექსპერტთა აზრით, ეს ევროგაერთიანების პირველი შანსია. ის ცდილობს რუსეთის პოზიცია რეგიონში თურქეთზე დაყრდნობით შეასუსტოს და ევროკავშირი გააძლიეროს.
აზერბაიჯანული ჟურნალის, “რეგიონ პლუსის” 20-ე ნომერში 5-ე გვერდზე რედაქტორი აზერბაიჯანული დიპლომატიის მარცხზე საუბრობს: “მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი მათი მთავარი მოკავშირე იყო. დასამალი არ არის, რომ ხშირად, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ორიენტირი თურქეთის მოთხოვნების შესაბამისი იყო. დროა, აზერბაიჯანი გათავისუფლდეს – ორიენტირიც შეცვალოს და მოკავშირეც, რადგან თურქეთმა მას კონფლიქტების მოგვარებაში პროგრესი არ მოუტანა”. სერიოზული განაცხადია, თუ გავითვალისწინებთ “რეგიონ პლუსის”” სამთავრობო ფესვებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მთავრობის პოზიციაა. აზერბაიჯანში თურქეთს უფრო და უფრო აკრიტიკებენ და არ სჯერათ თურქეთის პრემიერის დაპირების, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტამდე, არ მოხდება 10 ოქტომბერს თურქეთ-შვეიცარიის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირება. ეს დაპირება თურქეთის ამ მაღალჩინოსანმა მაისშიც გააკეთა და არ შეასრულა. აზერბაჯანში მიიჩნევენ, რომ თურქეთის პოზიციების შეცვლა ორი წელია დაიწყო და აზერბაიჯანი მათთვის პრიორიტეტი არ არის.
The Financial Time-ის ცნობით: “თურქეთი, რომელმაც ოქტომბერში ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს – კავკასიაში გავლენის შეძენას და ევროგაერთიანებაში შესვლის შემსუბუქებას (სადაც ახლა აცხადებენ, რომ ხორვატია უფრო მზად არის წევრობისათვის, ვიდრე თურქეთი. შენიშვნა: “საქართველოს ეკონომიკა”) და შეამციროს მუდმივი საშიშროება, რომ ამერიკის კონგრესი თურქეთის მიერ 1915 წელს 1.5 მილიონი სომეხის მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს.””
ჯერჯერობით, აზერბაიჯანი თავს დამარცხებულად მიიჩნევს. ალბათ თურქეთსა და ევროპას, აშშ-სა და მის ახალ ელჩს, საქართველოსათვის კარგად ცნობილ, მეთიუ ბრაიზას, გულის მოგების მიზნით, აზერბაიჯანისათვის ახალი, სერიოზული შეთავაზების გაკეთება მოუწევთ. ოქტომბრის მოვლენების შემდგომ აზერბაიჯანი აშკარად რუსეთისკენ იყურება. საქართველოს ეკონომიკური სიტუაციისათვის მოვლენების განვითარების ორივე მიმართულება საშიშია. პირველი, თუ აზერბაიჯანს რამე შესთავაზეს, ეს იქნება კონფლიქტის გარკვეული ფორმით დარეგულირება, სანაცვლოდ კი, სომხეთზე ეკონომიური პროექტის, მილსადენის გაყვანა, რაც ეკონომიკურად მომგებიანია დასავლეთისათვის და წამგებიანია საქართველოსათვის. მეორე, თუ რუსეთი აზერბაიჯანს ახალ დახმარებას აღმოუჩენს, მაშინ ნავთობისა და გაზის ნაკადი ნოვოროსიისკში საქართველოს გვერდის ავლით წავა. საქართველო სერიოზული პრობლემის წინაშეა და აშკარაა, რომ ხელისუფლებას დიპლომატიური გააქტიურება მართებს. კონფლიქტის მოგვარება კარგია, მაგრამ რატომ უნდა მოხდეს ეს საქართველოს ხარჯზე, რატომ აქვს სომხეთის პრეზიდენტს არაკორექტულობის უფლება საქართველოს მიმართ, ევროპა საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს ჰყიდის?
21-22 ოქტომბერს, ბაქო დიპლომატიური არენა გახდა. შვეიცარიის პრეზიდენტი, ჰანს რუდოლფ მერცი ბაქოს ესტუმრა და ილჰამ ალიევს შეხვდა. საუბარი იყო ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე, სადაც ალიევმა “სამხრეთის კორიდორის”” მხარდაჭერის პირობა დადო2.
ბაქოში, სასტუმრო “ჰაიატში”, ბისეკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც თბილისის გავლით (არა პირდაპირ ერევანი-ბაქოს მიმართულებით, მაგრამ მომავლის იმედებით) და აზერბაიჯანის ავიახაზებით, სომხეთის მხარეც ჩავიდა (საქართველოს მხრიდან, მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღონია). დასავლეთის ფორუმის საწინააღმდეგოდ, 22 ოქტომბერს მიმდინარეობდა კასპიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მონაწილეობას ირანიც იღებდა. ეს რუსეთის მოწყობილი იყო, მან ამ გზით აზერბაიჯანთან პარტნიორობას გაუსვა ხაზი. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სადაც ირანი არ მიიწვიეს, ახლა ეს საკითხი ირანთან ერთად იხილებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ ცნობილი გაზომვითი პრობლემების გადასაწყვეტად, რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადადგმულა. ეს წმინდა პოლიტიკური შეხვედრა იყო.
საოცრად საკვირველია საქართველოს დიდი მოკავშირის, აშშ-ის როლი. ნუთუ ის ურიგდება ფაქტს, რომ საქართველო მეორეხარისხოვანი ქვეყანა და არამომგებიანი ეკონომიკური პროექტი იყო? შეიძლება, მას ახლა ყველაზე მეტად საკუთარი ეკონომიკის პრობლემები და პირველ რიგში, დოლარის მომავალი აწუხებს?!
დიახ, დოლარზე წუხილის ჟამიც მოსულია. გაზეთ თჰე Indipendent-ში გამოქვეყნებულ სტატიაში “დოლარის გარდაცვალება” ჟურნალისტი, რობერტ ფისკი გვაწვდის ინფორმაციას, რომ 2018 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებს ახალი სარეზერვო ვალუტა შემოაქვთ, რათა აღარ მოხდეს ნავთობის ფასის დოლარში გაანგარიშება. GCC -ის ქვეყნებში შედის ყატარი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბახრეინი, ომანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თუმცა, ახალი ვალუტის შექმნით დაინტერესებულნი არიან ჩინეთი, იაპონია, საფრანგეთი და რუსეთიც. ავტორი ჩინურ წყაროზე დაყრდნობით, გრძელვადიან ვარაუდებსაც გამოთქვამს და წერს, რომ შუა აღმოსავლეთის ნავთობი შესაძლებელია აშშ-სა და ჩინეთს შორის ახალი ეკონომიკური დაპირისპირების დაწყების საფუძველი გახდეს და ზესახელმწიფოს წოდების მოსაპოვებელ ომში გადაიზარდოს. ცხადია, რომ ახალი ვალუტის შექმნით ამ იდეის ავტორები თადარიგს იჭერენ. გააჩნია, ვინ გაიმარჯვებს ზესახელმწიფოობისათვის ომში, როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი და მსოფლიოს ახალი ვალუტა?
დოლარით დავალიანების, მასში რეზერვების მაჩვენებელი და გაიაფებული დოლარის პირობებში მუდმივი დანაკარგის მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ ყველა, მისი უბრწყინვალესობა დოლარის ტახტიდან ჩამოგდებაზე ფიქრობს. არაბებისა და ჩინელების ინტერესები ამ საქმეში ერთმანეთს ემთხვევა. საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 7.2 ტრილიონი დოლარია, აქედან, 2.1 ტრილიონი დოლარი არაბულ ქვეყნებზე მოდის, 2.3 ტრილიონი დოლარი – ჩინეთზე, მსოფლიო სავალუტო რეზერვების 80% დოლარებშია (წყარო: ფედერალური სარეზერვო სისტემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი). ერთიც და მეორეც ამერიკის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2009 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ამერიკის ფედერალურმა ვალმა 11.86 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ბარაკ ობამას ადმინისტარაციამ დოლარის 12.5%-იანი ვარდნით ამერიკის ეკონომიკის გამოცოცხლება შეძლო და პირველად ბოლო პერიოდში დოუ ჯონსის ინდექსმა ისტორიულ ბარიერს – 10 000 პუნქტს გადააჭარბა.
ცნობილმა ეკონომისტმა, ალან გრინსპენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ეროვნული ვალუტის ვარდნა ამერიკის ეკონომიკას განსაკუთრებულ საფრთხეს არ უქმნის. “ძალიან არ მაშფოთებს დოლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება””, აცხადებს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე”,გაიხსენეთ: კრიზისის დასაწყისში დოლარის ფასი ძალიან გაიზარდა, რადგანაც მას ყველა “საიმედო თავშესაფრად” მიიჩნევდა, ახლა ჩვენ უბრალოდ წინაკრიზისულ მდგომარეობას ვუბრუნდებით”, აღნიშნა მან.
ფინანსისტის აზრით, ამერიკისათვის რეალურ საფრთხეს საგარეო ვალის ზრდა წარმოადგენს, რომელიც მოცემულ მომენტში, 11.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მისი ზრდის მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელიც ეროვნულ ვალუტას აიაფებს და უცხოურ დავალიანებებს აძვირებს. იმ დროისთვის, როცა ხელისუფლება ვეღარ შესძლებს ვალის მომსახურებას, შესაძლებელია, დოლარმა მსოფლიო ვალუტის მოვალეობის შესრულება შეწყვიტოს, მიიჩნევს გრინსპენი.
ყველაფერი აშშ-ის სავაჭრო პარტნიორების, პირველ რიგში, არაბების, ჩინელებისა და ევროპელების დანაკრგების ფონზე ხდება. სამივე ერთხმად დოლარის გაძლიერაბას ითხოვს. პასუხად აშშ-ის ფინანსთა მინისტრი აცხადებს: “ჩვენ გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი დოლარის როლი საერთაშორისო ეკონომიკაში””. რეალურად, მთელი ოქტომბრის განმავლობაში დოლარი ყველა ვალუტის მიმართ დასუსტდა, ის, მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით, ყველა ვალუტას დანებდა და საკუთარი ეკონომიკისათვის დიდი სარგებლის მოტანა უზრუნველყო. ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები აშშ-სა და ევროპაში:
აშშ
აშშ-ის შრომის სამინისტროს მოხსენების თანახმად, 2009 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, აშშ-ში სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით გაიზარდა. გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, აშშ-ის სამომხმარებლო ფასები 1.3%-ითაა შემცირებული. იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები 0.1%-ით გაიზრადა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ზრდა 0.2% იქნებოდა, აშშ-დან ექსპორტის ფასები კი, 0.3%-ით შემცირდა, ანალიტიკოსები მაჩვენებლის შემცირებას მხოლოდ 0.1%-ით ვარაუდობდნენ.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, იგივე პერიოდში საცალო გაყიდვების მოცულობა 1.5%-ით შემცირდა გასულ თვესთან შედარებით და 334.69 მლრდ დოლარი შეადგინა.
ევროზონა
“ევროსტატის” მონაცემებით, ევროზონაში სამომხმარებლო ფასები 2009 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, 0.3%-ით შემცირდა. სავაჭრო დეფიციტის ბალანსმა კი, 4 მლრდ ევრო შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უარყოფითი სალდო 11.3 მლრდ ევრო იყო. გერმანიაში საბითუმო ფასები აღნიშნულ პერიოდში გასულ თვესთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები კი, მაჩვენებლის ზრდას ვარაუდობდნენ. სამომხმარებლო ფასები 2009 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, საფრანგეთში 0.2%-ით შემცირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი, 2.5-ჯერ გაიზარდა და 3.7 მლრდ ევრო შეადგინა. საფრანგეთის ექსპორტის მოცულობა აღნიშნულ მონაკვეთში 31.147 მლრდ ევრომდე შემცირდა, ივლისში კი, იგივე მაჩვენებელი 31.534 მლრდ ევრო იყო. იმპორტის მოცულობა 9.1%-მდე შემცირდა და 27.736 მლრდ ევრო შეადგინა, გასულ თვეში კი, ეს მაჩვენებელი 27.736 ევრო იყო.
ჟან-კლოდ ტრიშე: ევროს გამყარება ევროპის ეკონომიკის აღდგენისათვის სერიოზული დაბრკოლება იქნება
ევროპის ეკონომიკის აღდგენა გრძელვადიანი და რთული პროცესი იქნება. ამის შესახებ გაფრთხილება უკვე გააკეთა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ ტრიშემ, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპის ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლა “უსიამოვნებებით აღსავსე იქნება”. ტრიშე დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წელს ევროს ქვეყნების ეკონომიკები კვლავ სუსტად წარმოადგენენ საკუთარ თავს, ხოლო მისი საფეხურეობრივი ზრდა სტაბილიზაციის ფაზის შემდეგ, მხოლოდ მომავალი წლისათვის იქნება მოსალოდნელი.
ევროზონის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროს მოქმედების ქვეყნებში ინფლაციის წნეხი უკვე მეოთხე თვეა შემცირების ტენდენციას აჩვენებს, რაც ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებასა და სამუშაო ადგილების შემცირებას უკავშირდება. კრიზისის პირობებში, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, ევროპელი მრეწველები იძულებულნი იყვნენ წარმოებული საქონლის ფასები შეემცირებინათ, რის შედეგადაც შემცირდა სამომხმარებლო ფასებიც, ამიტომ ევროზონაში სამომხმარებლო ფასები 19 ოქტომბრის მდგომარეობით, 0.3%-ით შემცირებულია.
ჟან-კლოდ ტრიშე მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში, როდესაც ევროპის ეკონომიკა დაიწყებს აღდგენას, გაძლიერდება ინფლაციის წნეხი. ევროპის ცენტრალური ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზებით, მიმდინარე წლის ინფლაცია 0.4% იქნება, მომავალი წლისა კი, 1.2%. ევროპის მონეტარული ხელისუფლება ინფლაციის ნიშნულის 2%-ზე შენარჩუნებას ძველებურად აპირებს.
ევროპული კომპანიების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მძიმდება მდგომარეობა იმ კომპანიებისათვის, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე ფასებს ევროში ადგენენ. რასაკვირველია, ევროპული წარმოების საქონლის მიმზიდველობა ევროს გაცვლითი კურსის ზრდის გამო, დოლართან მიმართებაში, იკარგება. მხოლოდ უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში ევროს ფასი დოლართან მიმართებაში 15%-ით გაიზარდა. ჟან-კლოდ ტრიშე მიიჩნევს, რომ ამერიკის მონეტარულმა ხელისუფლებამ დოლარის გამყარებაზე უნდა იფიქროს. ტრიშეს აზრით, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ევროს გამყარება რეგიონის ეკონომიკის აღდგენას სერიოზულად შეაფერხებს.
მსოფლიოში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წლის ბოლომდე ნავთობისა და ოქროს ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, რადგან დოლარი ყველა ვალუტის მიმართ დაეცემა. მსოფლიო ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლა მომქანცველი პროცესი იქნება, მაგრამ არავინ უწყის, როდის დამთავრდება და როგორი იქნება თამაშის ახალი წესები. ჩვენთვის მთავარია, თუ სად იქნება ამ დროს საქართველო. გავიხსენოთ ჯორჯ სოროსის სიტყვები წიგნიდან “საფინასო ბაზრის ახალი პარადიგმები” – “მე ნამდვილად ვიცი ძველი დამთავრდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი – როგორია ახალი”.