ჩვენ გეტყვით, რა ღირს თქვენი ქონება
მაკა ღანიაშვილი
ართმევენ თუ არა ბიზნესს საკუთარი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის უფლებას? კითხვა აქტუალური ფინანსთა მინისტრის ბრძანების შემდეგ გახდა. მინისტრის ახალ ბრძანებაში – “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებები შევიდა. დებულების მიხედვით, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტი “თა-ვისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.”
ყოველივე ეს ნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრაც დაემატა. ბრძანებაში ცვლილებების შეტანამდე, საგადასახადო შემოწმებისას ბიზნესმენის ქონების საბაზრო ღირებულებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო ადგენდა. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში კი საქონლის (მოძრავი ნივთის) სატარიფო ღირებულებას გაფორმების დეპარტამენტის ექსპერტიზის და სასაქონლო ოპერაციების სამმართველოს ექსპერტები ადგენდნენ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქონების შეფასებას აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილი-სერტიფიცირებული თანამშრომლები შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებენ. კერძოდ, გამოყენებული იქნება საბაზრო ღირებულების დადგენის სა-მივე მიდგომა: გაყიდვების შედარების, შემოსავლების და დანახარჯების მიდგომები. ფინანსთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ბიზნესს უნდობლობის საბაბი არ მიეცემა, რადგან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი შესაბამის კვალიფიკაციას ფლობს, რათა პროცესი კარგად და სწორად წარმართოს. მაგრამ მოქალაქეების ნდობა საგადასახადო ინსფექტორების კვალიფიკაციის პირდაპირ პროპორციული რომ არ არის, ეს ყველასთვის ცნობილია. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების სამსახურის ნდობის ხარისხი დღეს ქვეყანაში ძალიან დაბალია, ბიზნესმენებსა და ექსპერტთა ნაწილს არ სჯერათ, რომ სამსახური ქონებას საბაზრო ფასის მიხედვით შეაფასებს.
ახალი ნორმა ძალიან ბევრ კითხვას ბადებს – რამდენად შეიძლება საჯარო ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად, შემოწმებისას დადგენილი ფასი (და არა შემოწმებამდე და საჯაროდ გამოქვეყნებული ფასი) იყოს სანდო? საგადასახდო უწყების მიერ განსაზღვრული ფასი როგორ შეიძლება იყოს საბაზრო? როგორ შეიძლება სააგენტო იყოს ნეტრალური და დამოუკიდებელი, მაშინ, როცა მისი პირდაპირი მოვალეობა ბიუჯეტის გადასახადებით შევსებაა? შედის თუ არა საგადასახადო სამსახურის ინტერესებში, რაც შეიძლება მეტი საგადასახადო ვალდებულება დააკისროს გადამხდელს?
ფინანსთა სამინისტროში აღნიშნული ცვლილებების შეტანის მიზეზად გადასახადის გადამხდე-ლების ინტერესის დაცვას ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ აუდიტის დეპარტამენტი ქონების (უძრავ/მოძრავი) შეფასების მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავდა. ბიუროს მომსახურება ფასიანია და ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვდა. რიგ შემთხვევებში, პროცედურები რამდენიმე თვესაც იწელებოდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა შემოწმების ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასრულება. ამ პოზიციის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიახლე ბიზნესმენებს ცხოვრებას გაუმარტივებს.
ამ მოსაზრებას არ იზიარებს ექსპერტებთა ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი ნორმა ბიზნესის შეზღუდვის აშკარა საშუალებაა. მათი შეფასებით, შემოსავლების სამსახური დაინტერესებული მხარეა, რომელიც ბიზნესიდან გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფს, ამიტომ დაინტერესებულ მხარეს იმ სუბიექტის ქონების შეფასების უფლება არ უნდა ჰქონდეს, ვის მიმართაც გარკვეული ინტერესი გააჩნია.
ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია: “პირველი, რაც უნდა ითქვას ისაა, რომ ფინანსთა სამინისტროს ეს ინიციატივა უარყოფს იმ ნორმას, რომელიც წელიწად ნახევრის წინ თვითონვე შეიტანეს საგადასახადო კოდექსში და რომელსაც რევოლუციური უწოდეს. საუბარია, საბაზრო ფასების დადგენის მეთოდიკის ასახვაზე საკანონმდებლო სისტემაში. მაშინ ბევრი იყო ამ ნორმის წინააღმდეგი, რადგან ისეთი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საბაზრო ფასის მექანიზმის კანონმდებლობით განსაზღვრა არ გაამართლებდა. ვერც ერთი ქვეყნის მაგალითს ვერ დავასახელებთ, სადაც მსგავსი საკანონმდებლო ნორმა წარმატებულად მუშაობს. მაგრამ ვერც იმას ვნახავთ სადმე, რომ საგადასახადო ორგანო თვითონ ადგენდეს შესამოწმებელი ქონების საბაზრო ღირებულებას. როგორც ჩანს, ხელისუფლბაში წინა შეცდომას მიხვდნენ, მაგრამ სწორი პოლიტიკის მაგივრად, კიდევ ერთ არასწორ ნაბიჯს დგამენ – საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ ფასის დადგენა აშკარა ინტერესთა კონფლიქტია. ეს არ არის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა. რა გარანტიაა იმის, რომ საგადასახადო ორგანო, რომელიც გადასახადების ამოღებაზეა ორიენტირებული, ქონებას მის რეალურ ღირებულებაზე მეტად არ შეაფასებს? არანაირი გარანტია ამის არ არსებობს. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან? – ჩემი აზრით, კანონში ასახული უნდა იყოს ის, თუ როგორ განისაზღვრება საბაზრო ფასი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე მოისურვებს, მას უნდა შეეძლოს საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად გაყიდოს ქონება და ამის გამო არ უნდა დაჯარმიდეს. მას შეიძლება ასეთი პოლიტიკა აქვს, უნდა საქონლის ამოყიდვა, ახალი პარტიის შემოტანა და ასე შემდეგ.
ს.ე. – მეწარმეს რჩება თუ არა არჩევის უფლება, კერძო აუდიტს შეაფასებინოს ქონება თუ საგადასახადოს?
დ.ნ. – მეწარმეს ეს უფლება რომც ჰქონდეს, ეს არსებითად არაფერს ცვლის. ის, რომ ქვეყნის საგადასახადო ორგანოს ენიჭება ფასის განსაზღვრის უფლება, ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯია. გარდა ამისა, კერძო აუდიტორის დაქირავება დამატებით კოლოსალურ თანხებთან არის მეწარმესთვის დაკავშირებული. ამიტომ თუ ჩვენ ბიზნეს გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე ვზრუნავთ, ამ ნორმის არსებობა საგადასახადო კოდექსში სრულიად დაუშვებელია”.
ფინანსთა სამინისტროს პოზიციას იზიარებს საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი. გიორგი პერტაიას შეფასებით, ცვლილება რაიმე ახალ ბიზნეს რეგულაციას არ გულისხმობს. პირიქით, უფრო გამარტივდა პროცედურა და შემოსავლების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბიზნესმენის ქონებას თავად შეაფასებს. როგორც ბიზნეს ომბუდსმენი აღნიშნავს, იქ სადაც შემოსავლების სამსახურს კომპეტენცია არ ეყოფა, მონაცემებს ექსპერტიზის ბიუროში გააგზავნის. “ეს ცვლილება ბიზნესს არ ზღუდავს. შემოსავლების სამსახურს აქვს კომპანიის შემოწმების უფლება, შესაბამისად, უნდა ჰქონდეს უფლება რაღაცის შეფასების, როგორც ყველა ქვეყანაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აფასებენ”, – დასძენს გიორგი პერტაია.
ბიზნესმენს ამ ცვლილების შემდეგაც არჩევანის საშუალება ექნება. მას შეუძლია კერძო აუდიტორული კომპანია დაიქირავოს, თუკი შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილ საბაზრო ღირებულებას არ ეთანხმება. გაასაჩივროს ან დაიქირავოს დამოუკიდებელი ქონების შემფასებელი და მოახდინოს შედარება აუდიტის საბაზრო ღირებულებებს შორის. რაც, რა თქმა უნდა, ხანგრძლივ პროცედურებთან და დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული.