ლიდერი ბანკები და საბანკო სისტემა საქართველოში
ეკა ლომიძე
საქართველოში საბანკო სისტემა გარკვეულწილად მოწესრიგებულ და მუდმივგანვითარებად სექტორად ითვლება. დღეს საზოგადოებას ბანკების მიმართ გარკვეული კეთიგანწყობილი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თვითონ ბანკების განვითარებასა და მათი მუშაობის გაფართოებაში.
გაზრდილი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქართული ბანკები ნერგავენ, როგორც ახალ პროდუქტებს, ისე ტექნოლოგიებსაც. თუ თვალს გადავავლებთ სისტემის პარამეტრებს, ვნახავთ, რომ 2003 წელს კომერციული ბანკების აქტივები ვალდებულებების ხარჯზე 100 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს პირობებში ეს ციფრი შთამბეჭდავია, საბანკო სექტორში გამოიკვეთა ლიდერი ბანკები, რომლებიც ამ სისტემაში ადგილს სხვადასხვა კუთხით იმკვიდრებენ.
ვახტანგ ბუცხრიკიძე – “თიბისი ბანკი” განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ბაზარზე ახალი პროდუქტების შემოტანას. ორი წლის წინ ჩვენ პირველებმა შემოვიღეთ სხვადასხვა სახის ფიზიკური პირების დაკრედიტების, ტექნოლოგიური და სადეპოზიტო პროდუქტები. “თიბისი ბანკი” კლიენტებს “ინტერნეტ ბანკის” მომსახურებასაც სთავაზობს, რომელიც 2002 წლის შემოდგომაზე დაინერგა. ტექნოლოგიური საბანკო პროდუქტების განვითარება და დანერგვა ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. გარდა ამისა, მუდმივად ვმუშაობთ არსებული პროდუქტების გაუმჯობესებისა და დახვეწის კუთხითაც.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, საზოგადოების განწყობა და ნდობის მაჩვენებელი მთლიანად საბანკო სისტემისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც ობიექტური გარემოებითაა განპირობებული. მხედველობაში გვაქვს საბანკო სექტორის შედარებით მაღალი სტაბილურობა და სისტემური განვითარება. რაც შეეხება პროდუქტებს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე და ტექნოლოგიურ საბანკო პროდუქტებზე. უახლოეს მომავალში “თიბისი ბანკის” ამოცანაა მომსახურების ტექნოლოგიური საშუალებების განვითარება და ფართო დანერგვა – მომხმარებელს შევთავაზებთ რამდენიმე ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტს, რომელიც დასავლეთის ბაზრისთვისაც სიახლეა. ამით ჩვენ შევძლებთ კლიენტთან უფრო “ახლოს მისვლას” და მისთვის კომფორტის შექმნას არა ტერიტორიული სიახლოვის თვალსაზრისით, არამედ მომსახურების ტექნოლოგიური საშუალებების განვითარების გზით, რაც მას საშუალებას მისცემს საკუთარი ოფისიდან გაუსვლელედ ისარგებლოს “თიბისი ბანკის” მომსახურებით. ჩვენი ბანკის ძირითად უპირატესობად შეიძლება მივიჩნიოთ ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები, მომსახურების მაღალი ხარისხი, ოპერატიულობა, ბანკის მაღალი იმიჯი და საერთაშორისო აღიარება. ვფიქრობთ, დღეს საქართველოში კომერციული ბანკის წარმატებულ საქმიანობას და ბაზარზე წამყვან პოზიციას მყარი, სწორი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია და დასავლური ტიპის ეფექტური მენეჯმენტი განაპირობებს, ხოლო კლიენტებთან გრძელვადიანი და წარმატებული ურთიერთობების ფორმირებას – დადებითი იმიჯი და მაღალი რეპუტაცია, თანამედროვე ტექნოლოგიური საბანკო პროდუქტების დანერგვა და მაღალი საიმედოობა.
ასმეს რონტე, “პროკრედიტ ბანკი” – ამ ეტაპზე ვაპირებთ, გამოვუშვათ ადგილობრივი პლასტიკური ბარათები, შემდგომ კი, საერთაშორისო ბარათებს – “ვიზას” და “მასტერ კარდს” გამოვუშვებთ, ეს პროცესი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება. გვსურს, ყველა ჩვენს კლიენტს ჰქონდეს ასეთი ბარათი, რომელიც მათ ჩვენთან ურთიერთობას გაუადვილებს. რა თქმა უნდა, ამ პროდუქტის მომხმარებელი საქართველოში ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენ გვყავს კლიენტები, რომლებიც თავიანთი ბიზნესის გასაფართოებლად კრედიტებს ჩვენი ბანკიდან იღებენ, რომელთა წილი 90%-ს შეადგენს. ვფიქრობ, ძირითადად ისინი იქნებიან ამ პლასტიკური ბარათების მომხმარებლები.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავნერგეთ ბანკინგის სისტემა – როდესაც კორპორატიულ კლიენტს შეუძლია ოფისიდან გაუსვლელად მართოს თავისი ფინანსები, რაც ძალიან მოსახერხებელი პროდუქტია. იგი ჩვენი მომსახურეობის სერვისში შემავალი ერთ-ერთი სახეობაა.
უშლის თუ არა ხელს ჩრდილოვანი ეკონომიკა ამ ტექნოლოგიის განვითარებას?
რა თქმა უნდა. ის ბიზმესმენი, რომელიც არ მუშაობს, ბანკინგს “თეთრად” არ გამოიყენებს, თუმცა, საკმაოდ დიდი ნაწილი “თეთრი ბიზნესითაა” დაკავებული და ამ ტექნოლოგიას სიამოვნებითაც იყენებს.
ახლახან წამოვიწყეთ კამპანია, რომელიც გათვლილია არა ახალ ტექნოლოგიებზე, არამედ კლიენტების ყურადღების მიპყრობაზე. საუბარია “პროკრედიტ ბანკში” დეპოზიტების შემოტანაზე, რომელიც, ჩვენი შესაძლო კლიენტების ურთიერთობების დახვეწისკენაა მიმართული. ჩვენი ბანკი საბანკო ბაზარზე უკვე ახალი სახელწოდებითა და ლოგოთი წარსდგება. ნელ-ნელა ვიწყებთ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ბანკებთან, რის შემდეგაც ჩვენი მომსახურება ტექნიკურად დახვეწილი და ადგილობრივი მომხმარებლისათვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.
“პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბანკს წარმოადგენს. ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებასა და საბანკო პროდუქტების ფართო სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი საკრედიტო საქმიანობა, ძირითადად, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებისკენაა მიმართული, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ეს საწარმოები ქმნის ყველაზე მეტი რაოდენობის სამუშაო ადგილს და ამასთან, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში არსებითი წვლილი სწორედ მას შეაქვს. “პროკრედიტ ბანკი” შეგნებულად არიდებს თავს საქმიანობის სპეკულაციურ მიმართულებებსა და აქედან გამომდინარე, დიდ სესხებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გასცემს, როცა ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
“პროკრედიტ ბანკი”, რა თქმა უნდა, არ არის ყველაზე მსხვილი ბანკი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო გამოცდილება და ამ თვალსაზრისით, ქართულ საბანკო ბაზარზე ახალიც ბევრი დავნერგეთ. მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დამკვიდრებით არ გამოვირჩევით, ჩვენი პრიორიტეტი მცირე და საშუალი ბიზნესის დაფინანსებაა. ქართულ საბანკო ბაზარზე სწორედ ამ ნიშნით ვლიდერობთ.
რაც შეეხება თვითონ ქართულ საბანკო სისტემას, ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი ჩრდილოვანია და საბანკო სისტემის გავლით არ გადის. ეს შეიძლება საბანკო სექტორის ხელისშემშლელ ფაქტორად ჩაითვალოს.
დღეს საბანკო სისტემა იმის ხარჯზე ვითარდება, რომ ის არის ბიზნესი, რომელსაც განუწყვეტლივ ვავითარებთ და ვაუმჯობესებთ. თუ ქართულ საბანკო სისტემას ევროპის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, რა თქმა უნდა, ამ ფონზე ის ჯერ კიდევ განსავითარებელი და ძალიან პატარაა.
ტარიელ გვალია, “თბილუნივერსალბანკი” – მომავალში ბანკებს შორის კონკურენცია პროდუქტებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით იქნება მიმართული. ეს კი, გლობალიზაციის საკითხია. საზოგადოებას სჭირდება პროდუქტის მრავალსახეობა. სესხების თვალსაზრისითაც უამრავი განხრა გაჩნდა (მაგალითად, სულ ახლახან შემოვიღეთ ლიზინგის პროდუქტი). მართალია, ბანკებს არა აქვს უფლება ლიზინგური ოპერაციები გასწიონ, მაგრამ აქაც არის გამოსავალი, თუ პროდუქტს ლიზინგით შეიძენ, იგი გაცილებით იაფი იქნება. იურიდიული პროცედურები მომხმარებლისთვის და ბანკებისთვისაც მარტივდება. განვითარებად ქვეყნებში ლიზინგის წესით განხორციელებული ინვესტიციების ხვედრითი წილი ძალიან მაღალია, მაგალითად, რუსეთში 6-7%-ა, ესტონეთში – 42%. საქართველოში არსებობს კანონი ლიზინგის შესახებ, მაგრამ არ არსებობს სალიზინგო კომპანიები. არის მხოლოდ ერთი, ჩვენს მიერ დაარსებული “საქართველოს სალიზინგო კომპანია”, რომელმაც უკცე 5 კონტრაქტი შეასრულა.
ტექნოლოგიების თვალსაზრისით, შევიძინეთ ახალი საბანკო საბუღალტრო პროგრამა. მანამდე ქართული პროდუქტით ვსარგებლობდით, რომლითაც რვა წელი ვხელმძღვანელობდით. დღეს კი, იგი ჩვენს მაშტაბებს ვეღარ უძლებს და ამიტომ, გადავწყვიტეთ ახალი ტექნოლოგია დაგვენერგა. დღესდღეობით ჩვენი ყველაზე დიდი პროექტი ეს არის. მნიშვნელოვანია ასევე “თბილუნივერსალბანკისთვის” ევრობანკიდან მილიონნახევარი დოლარის მიღება, ამის თანმხვედრი პროცესი ევრობანკისთვის აქციების 10%-ის მიყიდვაა, აღსანიშნავია ცენტრალური ფილიალის გახსნა, რომლის პრეზენტაციაც სულ მალე შედგება და საკრედიტო ბარათების გამოშვებაც.
შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ბანკის მიმართ, თუმცა ხალხის მეხსიერებაში ხანდახან მაინც ამოტივტივდება ხოლმე “ბანკებმა რომ ფული შეჭამეს”. საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ ფული შეჭამეს სატრასტო კომპანიებმა. ხალხმა არ იცოდა რომ ესენი იყვნენ არა ბანკები, არამედ სატრასტო კომპანიები (რაც ინგლისურად “ნდობას” ნიშნავს). თქვენ შეგიძლიათ ასეთ კომპანიას ჩააბაროთ თანხა, მაგრამ ამის შემდეგ არანაირი ძალაუფლება მასზე არ გექნებათ. თუ ამ ბიზნესმა არ გაამართლა (რამეთუ სატრასტო კომპანიები არ რეგულირდება), ან თუ ვინმემ ყალთაბანდობა ჩაიდინა, ბოროტმოქმედებს იჭერენ, ფულს კი, ვერ აბრუნებენ, მაშინ, როცა საბანკო სისტემა არის დაცული, აბარებს ყოველდღიურ, თვიურ, კვარტალურ ანგარიშებს. “ეროვნულ ბანკში” არსებობს რეგულირების ფონდი, სადაც აკუმულირდება მოზიდული თანხების 30%, ანუ ნებისმიერი კრიზისის შემთხვევაში ეს თანხები განთავისუფლდება, ე. ი. ბანკის მუშაობა გამჭირვალეა და მასთან პარტნიორობა – საიმედო.
დროთა განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნილება გაიზარდა. ამ მახრივ გვაქვს პროგრესი. რეალურად მიდის იმ პროდუქტის ხარისხობრივი და სახეობრივი დახვეწა, რომელიც უფრო მეტად განვითარდება. ნელ-ნელა გამოჩნდებიან მდიდარი ადამიანები, რომლებსაც დასჭირდებათ სხვა საბანკო პროდუქტებიც (და არა მარტო სესხები), ჩამოყალიბდება სხვა ურთიერთობები და ბანკებს ამ მიმართულებით უფრო მეტი პერსპექტივა ელოდებათ. მართალია, საქართველოში საბანკო სექტორი დახვეწილი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი წარმატებები აქვს. სხვა დარგებთან შედარებით, აქ რაღაც მოძრაობა მაინც იგძნობა, როცა სხვა დარგებში, როგორც ეკონომიკურში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურში ჭაობია. მე ოპტიმისტი ვარ, თუმცა გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად გაუმჯობესდება ჩვენს ქვეყანაში მომავალი ორი წლის განმავლობაში ცხოვრება, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, იმედი მაქვს, ცხოვრების დონე ამაღლდება.
ქართული საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ჩრდილოვანი მხარეების მიუხედავად, მაინც მზარდი ტემპით ვითარდება და იხვეწება. სერიოზული გადადგმული ნაბიჯია ის ფაქტიც, რომ “თბილუნივერსალბანკმა” და “პროკრედიტბანკმა” თავისი აქციების 20% ევრობანკს მიჰყიდეს. საბანკო სისტემაში ამ მოვლენას დადებითად აფასებენ. საბანკო ტექნოლოგიებისა და პროდუქტების კუთხით მოსალოდნელია შემდგომი განვითარება და გაფართოება. საზოგადოების სულ უფრო მეტი ნაწილი ერთვება ბანკებთან თანამშრომლობაში. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საბანკო სისტემა სხვა სექტორებთან შედარებით, ყველაზე მეტად ჩამოყალიბებული და განვითარებადია.