სტრატეგიული დარგები არაკვალიფიციური კადრებით
მაკა ღანიაშვილი
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უმეტესობა, ეგრეთ წოდებულ, “სტრუქტურულ უმუშევრობას” განიცდის. ამ ტიპის უმუშევრობა გრძელვადიანი უმუშევრობაა, რაც, ძირითადად, გამოწვეულია მუშახელის უნარ-ჩვევების შეუსაბამობით ბაზარზე არსებულ სამუშაოსთან. ქვეყნებში, სადაც არსებობს დიდი “შეუსაბამობა” დამსაქმებლების საჭიროებებსა და იმ უნარ-ჩვევებს შორის, რომლებსაც პოტენციური მუშახელი სთავაზობს, უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა. ეს განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ეხება, სადაც დღევანდელი ბიზნესისათვის საბჭოთა განათლების მქონე სამუშაო ძალის უნარ-ჩვევები “არასათანადო” აღმოჩნდა.
არასათანადოდ განათლებული სამუშაო ძალა მხოლოდ უფროს თაობებს არ მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ განათლების რეფორმები ხორციელდება, განათლების სისტემა კვლავ არაეფექტიანია ისეთი მომავალი ლიდერების აღზრდაში, რომლებსაც თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევები ექნებათ განვითარებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ასევე გლობალიზაციის შედეგად, ვაწყდებით უნარ-ჩვევების დეფიციტს ან ენობრივ ბარიერს სამუშაო ძალაში. ანალოგიური ტენდენციაა საქართველოში. იმ რეფორმების მიუხედავად, რომელიც ქვეყნის განათლების სისტემაში განხორციელდა, ჯერ შედეგი არ ჩანს. ქართული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვალიფიციური მუშახელია, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელის ერთ-ერთი მიზეზია.
განათლების რეფორმა საქართველოში
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. რეფორმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების ფონზე მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სხვადასხვა დარგი იყო პრიორიტეტული, რამდენიმე წლის წინ განსაკუთრებით აქტუალური იყო ტურიზმის სექტორი, ახლა სოფლის მეურნეობა და ა.შ. ასახავას თუ არა განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები ამ პრიოიტეტებს და რამდენად უწყობს ქვეყნისათვის სტრატეგიული დარგების განვითარებას ხელს სახელმწიფოს პოლიტიკა განათლების სფეროში.
საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს განათლების სისტემა მოიცავდა ცენტრალურ დონეზე დაგეგმილ პროგრამებს და ძლიერ კონტროლირებად საგანმანათლებლო პროცესს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს განათლების სისტემის განვითარება შეიძლება სამ ძირითად ეტაპად დავყოთ: პირველი ეტაპი მოიცავს პერიოდს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2003 წლამდე, როდესაც მოხდა განათლების სექტორში სახელმწიფო დანხარჯების მკვეთრი შემცირება. მაგალითისათვის, 1996 წელს განათლებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1989 წლის ბიუჯეტის სულ რაღაც 5%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში მომრავლდა კერძო სასწავლებლები, რომელთა ხარისხიც ხში-რად საეჭვო იყო. დაინერგა თანადაფინანსების სისტემა, კორუფცია გამეფდა სისტემის თითქმის ყველა რგოლში. ყველაფერმა ამან განათლების ხარსხის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. განათლების სისტემაში სახელმწიფოს როლის შემცირებამ (როგორც ფინანსური, ისე რეგულირების თვალსაზრი-სით) და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების ცვლილებამ, მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის განათლების ხელმისაწვდომობას შორის სხვაობის თვალსაზრისით საგანგაშო სახე მიიღო.
2004 წელს ახალმა მთავრობამ წამოიწყო განათლების რეფორმის ახალი ტალღა. 2004-2009 წლე-ბში საქართველოში განათლების სფეროში განხორციელებული ცვლილებები განისაზღვრა 2004 წელს დამტკიცებული საქართველოს მთავრობის პროგრამით. განხორციელებული ცვლილებებიდან უმნიშვნელოვანესი იყო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის დაფინანსების ახალი სისტემის შემოღება, რომლის მიხედვითაც დაფინანსება გამოიყოფა ერთ სტუდენტ/მოსწავლეზე, უფრო მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად დაწესდა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
შეიძლება ითქვას, რომ განათლების სისტემის რეფრმის მესამე ეტაპი დაიწყო 2010 წელს, როდესაც დაიწყო სექტორის ხელახალი ცენტრალიზაციის პროცესი და ყურადღების უფრო მეტი გამახვილება სასწავლო პროცესებსა და მის შედეგებზე. რეფორმის ზოგიერთ მიმართულებას, მაგალითად, სკოლების დაფინანსების ვაუჩერულ სისტემასა და ერთიან ეროვნულ გამოცდებს სახელმწიფო კვლავ უჭერს მხარს, მაგრამ დეცენტრალიზაციის პროცესი შეჩერდა და განათლების სამინისტრომ დაიბრუნა კონტროლი სასწავლო დაწესებულებებსა და იქ მიმდინარე პროცესებზე.
განათლების სისტემის დაფინანსება საქართველოში
მართალია, ბოლო წლებში საქართველოში განათლების სისტემის დაფინანსება თანხობრივად გა-იზრდა, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია. 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ სექტორისათვის გა-მოყოფილი თანხები მშპ-ის მხოლოს 2.7%-ს შეადგენდა. რაც მნიშვნელოვნად დაბალია აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე, 5.2%-ზე.OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 5.5%-ია.
საქართველოში, განათლების სისტემაში სახელმწიფო ინვესტიციების დაბალი დონე ნაწილობრივ კომპენსირდება განათლებაში კერძო დანახარჯების დიდი მოცულობით. განათლების დაფინანსების თითქმის 30% და ქვეყნის მშპ-ის 0.8% მოდის შინამეურნეობებზე და აჭარბებს ევროპის ქვეყნების უმ-რავლესობის კერძო წილის მაჩვენებელს განათლების მთლიან დაფინანსებაში. მაგალითისათვის, 2008 წელს ესტონეთში კერძო სექტორის დანახარჯები განათლებაში მშპ-ის 0.3%, ლიტვაში – 0.52%, ლატვიაში კი 0.6% იყო.
საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები, ძირითადად, სწავლების გადასახადებით ფი-ნანსდებიან. სწავლის საფსურის გაზრდის შემდეგ, საქართველოს საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში გაიზრდა სწავლების გადასახადით მიღებული შემოსავალი. მისი წილი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისთვის მთლიანი შემოსავლების 75%-ს შეადგენს. მთლიანობაში ამ ეტაპისათვის სახელმწიფო აფინანსებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ხარჯების 42%-ს. თუ ზოგადად უმაღლესი განათლების სისტემას განვიხილათ (კერძო სასწავლებლების ჩათვლით), ხარჯების უმეტესი წილი შინამეურნეობებზე მოდის. საქართველოში 2009 წელს სახელმწიფომ უმაღლესი განათლების სისტემის ხარჯების მხოლოდ 35% დააფინანსა, რაც OECD-ის ქვეყნების მიერ უმაღლესი განათლების სფეროში გაწეული საშუალო ხარჯების ნახევარს შეადგენს, სადაც ეს მაჩვენებელი დაახლოებით 65-70%-ია.
სწავლის მაღალი გადასახადები და სახელწიფო მხარდაჭერის სუსტი სისტემა ბარიერს ქმნის ხელმოკლე სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაში. საშუალოდ, OECD-ის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები წელიწადში 6000 აშშ დოლარის ექვივალენტს იხდიან განათლებაში, რაც ერთ სულზე მშპ-ის 13.5%-ია. სწავლის გადასახადის შეფარდება მშპ-სთან ერთ სულზე სხვადასხვა ქვეყნებში ასეთია: ავსტრალია – 10.6%, იაპონია – 13,6%, ესპანეთი – 3.1%, კორეა – 10.4%, ავსტრია – 2.1%, აშშ – 13.5% და ბელგია – 1.6%. საქართველოში კი 2008-2009 წლებში სწავლის გადასახადმა ერთ სულზე მშპ-ის 36%, 2010 წლისათვის კი 48% შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების დონის გათვალისწინებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა განათლების მისაღებად. მაგრამ ერთია, მიღებული განათლება, მეორე კი, ამ განათლების ხარისხი და ადექვატურობა – რამდენად შეესაბამება საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა კურსდამთავრებულების კვალიფიკაცია ბიზნესისა და დამსაქმებელთა მოთხოვნებს?
განათლებასთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკაზე ბოლო წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროს, ტურიზმის მაგალითით შეიძლება ვიმსჯელოთ. რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს ამ სფეროში? რა გაკეთდა დარგში განათლების კუთხით. რამდენად ჰყავს სფეროს კვალიფიციური კადრები. როგორც წესი, სახელმწიფო უნდა აკეთებდეს გრძელვადიან გათვლებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად რა კადრებია საჭირო, რა პროფესიის ადამიანები შეიძლება დასჭირდეს ქვეყანას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში.
მაია მარგველაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელი: “ცალსახა ვერ ვიქნები, არ ვიცი რა დონეზე შეიძლება იყოს გაჩერებული სახელმწიფო პოლიტიკა, შეიძლება რაღაც კეთდება და პროცესი დაწყებულია, მაგრამ ეს უნივერსიტეტის დონეზე, ჯერჯერობით, არ იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი აღიარებული იყო, როგორც პრიორიტეტული დარგი, პირადად როგორც ამ სფეროს პროფესორსა და კათედრის გამ-გეს უნივერსიტეტში, ეს არ მიგვრძვნია. მანამდეც მქონდა და დღესაც იმის პრობლემაა, რომ ჩემმა სტუდენტებმა სადმე პრაქტიკის გავლა მოახერხონ, ეს ყოველთვის პირადი ურთიერთობების დონეზე წყდებოდა. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გარკვეული პოლიტიკა განათლების მიმართულებით თუ ჩვენამდე მოაღწევდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც ექნებოდა იმის თანხა, რომ გარკვეული ორგანიზაციებისთვის, სასტუმროებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის გადაგვეხადა გარკვეული თანხა, რომ მათ სტუდენტებისთვის საბაზო პრაქტიკა მიეცათ. შეიძლება ეს თანხების გარეშეც მოგვარდეს. არ ვიცი, ამას სჭირდება პოლიტიკის დაგეგმვა-შემუშავება. თუ სამედიცინო ფაკულეტს სჭირდება და გააჩნია თავისი საბაზო კლინიკები, იგივე უნდა იყოს ჩვენთ-ვისაც. ჩვენი პროგრამები მიდის თეორიულად, პრაქტიკიდან მოწყვეტილად, მართალია, სტუდენტები რაღაც გარკვეულ პრაქტიკას გადიან, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პირადი ურთიერთობების ხარჯზე. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მოსაგვარებელია.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ კვლევები არანაირად არ ფინანსდება საქართველოში. ვგულისხმობ უმაღლესი განათლების მეორე-მესამე საფეხურს. 2000 წლიდან, რაც ოფიციალურად შტატში ვარ და ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არ მქონია პრაქტიკაში შეთხვევა, რომ უნივერსიტეტისათვის მთავრობას ან რომელიმე ორგანიზაციას დაეკვეთოს სტრუქტურის რაიმე სახის კვლევა. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ დღეს საქართველოში ტურიზმთან მიმართებაში, მეცინიერების აზრი არ აინტერესებთ. მაგალითად, ავიღოთ მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო, მათი მაჩვენებლები ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. საქმე იმაშია, რომ მათი კვლევები, ძირითადად, ხორციელდება ოქსფორდში, კემბრიჯში, ჰარვარდში და ეს ძალიან ძვირადღირებული კვლევებია. ანუ ეს ორგანიზაცია ფინანსურად უზრუნველყოფს სხვადასხვა უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, რომლებიც ატარებენ კვლევებს და შემდეგ ამას იყენებენ მთავრობები. მსოფლიოში ამის ძალიან დიდი გამოცდილებაა, ჩვენთან ასე არ ხდება. ეს ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც სწავლასა და კვლევებთან არის დაკავშირებული. უმაღლესში სწავლა და კვლევები თუ ტანდემში არ არის, იქ სწავლება არ ვითარდება.
ს.ე. – სხვა სფერობშიც იგივე პრობლემაა?
მ.მ. – რა თქმა უნდა, ჩემს ფაკულტეტს ეს პრობლემა რეალურად გააჩნია – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს. ახალი დეკანი გვყავს და ახლა მიმდინარეობს აკადემიური პერსონალის შესა-რჩევი კონკურსი. ამხელა ცვლილებები მე პირადად დიდ იმედს მიტოვებს, რომ იქნებ ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალოს და დაიხვეწოს.
ს.ე. – განათლების სისტემაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენად მწვავედ დგას დარგში კვალიფიციური კადრების პრობლემა?
მ.მ. – 1996-97 წლებიდან მოყოლებული კერძო სექტორში ყოველთვს ჩართული ვიყავი და შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიონალი კადრები ყოველთვის რეალური დეფიციტი იყო ტურიზმში. სურათი არც დღეს შეცვლილა. სერიოზული პრობლემა გვაქვს პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, უმაღლეს განათლებასთან. პრობლემის არსი ის არის, რომ ამ მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკა არ არის შესაბამისად შემუშავებული. თავის დროზე რატომღაც გადაწყვიტეს, რომ დემოკრატია ანარქიაა და ტურიზმი არანაირად არ რეგულირდება. ელემენტარული მაგალითი: კანონს “ტურიზმისა და კურორტების შესახებ” სათაურიც კი ვერ შეუცვალეს და რატომღაც “კურორტების შესახებ” ისევ ფიგურირებს მასში, მაშინ როცა იმავე კანონში “კურორტი” განმარტებულია, როგორც საკურორტო ადგილას არსებული შენობა-ნაგებობა, განთავსების ობიექტი. ანუ გამოდის, რომ გვაქვს კანონი ტურიზმისა და შენობების შესახებ.
ეკონომისტების სიმწირე, რომელიც კერძო სექტორშია დასაქმებული, სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ დარგს არაპროფესიონალები მართავენ. მათი ცოდნა რელურად ემპირიულია, პრაქტიკაზე აღმოცენებული. მე დადებითად ვუყურებ ადამანებს, ვისაც პრაქტიკა გააჩნია, ეს მნიშვნელოვანია, რადგან თეორია უპრაქტიკოდ ტურიზმის სექტორში იგივეა, რაც მხოლოდ წიგნებიდან განათლებამიღებული ქირურგი, მაგრამ აუცილებელია თეორიული განათლებაც. სწავლა და პრაქტიკა ტანდემში უდა იყოს”.
არაადექვატური განათლების მქონე მუშახელი, სტრუქტურული უმუშევრობის მთავარი წყაროა. ამიტომ, საჭიროა ისეთი შემდგომი რეფორმების გატარება განათლების სექტორში, როგორებიცაა განათლების სტანდარტების მოდერნიზაცია, დაწყებითი და საშუალო განათლების საყოველთაო უზრუნველყოფა, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევა მათი თანამშრომლების გადამზადებაში, რათა ისინი ახლანდელი ბაზრის მოთხოვნებს უკეთ შეესაბამებოდნენ და სხვა.
მარტის ბოლოს “ილიაუნი ბიზნეს რევიუს” ექსპერტებმა (IBღ) “საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი კომპანია” შედეგების პრეზენტაცია მოაწყვეს. კვლევის პროცესში შესწავლილი იქნა საქართველოში 2 ყველაზე პოპულარულ ვებ.გვერდზე – www.jobs.ge და www.HR.com.ge განთავსებული განაცხადებები – პროფესიების, კომპანიების და რეგიონების მიხედვით. სულ შესწავლილი იქნა 2251 ვაკანსია. ასევე, კომპანიებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი იქნა საქართველოს 30 ყველაზე დამსაქმებელი კომპანია. კვლევაში მოცემულია ვაკანსიები, რომელზე მოთხოვნა დაფიქსირდა უცხოეთიდან, კერძოდ გერმანიიდან, უკრაინიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ყატარიდან. ასევე, გამოვლინდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსიები.
კვლევის ავტორებმა 2010 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 მარტამდე პერიოდის გაცხადებული ვაკანსიების მიხედვით, გამოავლინეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, რომელთა ათეულიც შემდეგნაირად გამოიყურება: გაყიდვების მენეჯერი/კონსულტატნტი/აგენტი; ბუღალტერი/ფინანსური მენეჯერი; დისტრიბუტორი/პრისელერი/მერჩენდაიზერი/სუპერვაიზერი; საკრედიტო ექსპერტი/საბანკო სექტორი; სხვადასხვა პროფილის პედაგოგი; სამედიცინო/სავაჭრო წარმომადგენელი; ვებდიზაინერი/პროგრამისტი; მოლარე/გამყიდველი/მაღაზიის მენეჯერი; ინჟინერი; დამლაგებელი/მუშა/მძღოლი და მიმტანი/მზარეული/მცხობელი.
მსოფლიო ტენდენციები უნივერსიტეტების შემცირებას წინასწარმეტყველებს
რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციებს. მომავალი 5 წლის განმავლობაში შრომის მსოფლიო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ინჟინერიისა და მარკეტინგის სპეციალისტებზე იქნება. უხლოეს 5 წელიწადში ამ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ტექნიკური სპეციალობის ადამიანებს უწინასწარმეტყვე-ლებენ. ანალიტიკოსების განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინვესტორებმა აქტიურად დაიწყეს საკუთარი წარმოების გაფართოება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რამაც მსოფლიოს შრომის ბაზაზე ინჟინრების დეფიციტი გამოიწვია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ დამქირავებლებმა სპეციალობით ინჟინრებს ეკონომიკისა და იურიდიული ნორმების ცოდნაც მოსთხოვონ.
5 წლის განმავლობაში დიდი მოთხოვნა იქნება მარკეტოლოგებზეც, რასაც დარგის ექსპერტები მსოფლიოს ბაზარზე არსებული დიდი რაოდენობის პროდუქტისა და მომსახურების დაგროვებით ხსნიან. მათი თქმით, მარკეტოლოგების ამოცანა ამ მაღალი კონკურენციის პირობებში “ომის მოგებაა”. მათ ისე უნდა წარმართონ კომპანიის საქმიანობა, რომ ბიზნესის შემოსავლებმა დაგეგმილს გადააჭარბოს. “მარკეტოლოგმა პროდუქციის კარგად გაყიდვების გარდა, სხვა კომპანიების საქმიანობა უნდა შეისწავლოს და კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს”, – აცხადებენ ექსპერტები.
მათივე თქმით, მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება ტექნოლოგიების დარგის სპეციალისტებზე, ვინაიდან თანამედროვე ფირმები კომპიუტერის გარეშე ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებენ. თუმცა, ტექნოლოგიების დარგის სპეციალისტებს იმაზე მეტ მოთხოვნებს წაუყენებენ, ვიდრე ეს აქამდე იყო. “პროგრამისტის უნარ-ჩვენების გარდა, შეიძლება დამსაქმებლებმა დიზაინერის პროფესიის ცოდნაც მოგთხოვოთ. თუ ადრე ასეთ სპეციალისტებზე მოთხოვნა დაბალი იყო, უახლოეს 5 წელიწადში ამ დარგის პროფესიონალებზე მოთხოვნა პიკს მიაღწევს”, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების 5-ეულში მომსახურე პერსონალიც მოხვდა. სპეციალისტების განმარტებით, თანამედროვე მომხმარებელი ზედმეტად დახვეწილ და უნაკლო სერვისს მოითხოვს და ის გაცილებით პრეტენზიული ხდება, ვიდრე დღემდე იყო. 5-ეულში ასევე მოხვდნენ ლოჯისტიკის სპეცილისტებიც. ეს დარგი მატერიალური ფასეულობებისა და პროდუქციის რეალიზაციის მართვას გულისხმობს. კომუნიკაბელურობა, ყოველდღიური საქმინობის შეფასება, ეკონომიკური საკითხების ცოდნა, გეოგრაფიული უნარების და გარკვეული საბაზისო ცოდნა ტექნიკასა და ტრანსპორტში – ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლებსაც ამ დარგის სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს.
დისტანციური განათლება, რომელსაც ხალხი სულ ცოტა ხნის წინ ეჭვის თვალით უყურებდა, ნელ-ნელა უფრო დახვეწილი ხდება. იზრდება მსოფლიოში ცნობილი მასწავლებლებისა და პროფესორების რიცხვი, რომლებიც თავიანთ ლექციებს YouTube-სა და iTunes-ზე ათავსებს. მილიონობით დოლარი იხარჯება, რათა ინტერნეტის საშუალებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი და ხალხმა კარგი განათლება მიიღოს. ექსპერტთა მტკიცებით, 2050 წლისთვის დედამიწაზე შეიძლება მხოლოდ 10 უნივერსიტეტი დარჩეს, რომელიც ერთდროულად მილიონობით სტუდენტს ჩაუტარებს ლექციებს. მომავალში ადამიანი სასურველი განათლების მიღებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს.
კომპანია Knewton, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, მომხმარებელს ონლაინ კურსებს სთავაზობს. მათ მიერ შექმნილი კურსორი, ნებისმიერ საგანში სტუდენტის შესაძლებლობებს აანალიზებს, სპეციალურად მისთვის პროგრამას ქმნის და შემდეგ ამ სტუდენტის პროგრესს აჩვენებს. Knewton-ს ქმნილება განსაზღვრავს, რა თემა უნდა შეისწავლოს შემდეგ სტუდენტმა, რაშია მისი სისუსტე და რა მასალას აითვისებს იგი უკეთ. ახლახანს, მსოფლიოში ერთ-ერთმა დიდმა სასწავლო წიგნების გამომცემლობამ Pearson-მა გამოიყენა Knewton-ის პროდუქტი მათემატიკაში ონლაინ კურსების შესაქმნელად.
მაგრამ სანამ საქართველოში ონლაინ განათლება დამკვიდრდება, ჯერ განათლების ტრადიციული ფო-რმა საჭიროებს მიხედვას. პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება და ტრეინინგები, ძალიან მნიშვ-ნელოვანია იმისათვის რომ სამუშაოს მაძიებლებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, სამსახური ნახონ. სისტემატური ტრეინინგები ზრდის ახალგაზრდების უნარებს, განსაკუთრებით ტექნიკური დარგებში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ძალიან ბევრი მუშახელია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, რომელიც სამსახურისათვის საჭირო განათლებას არ ფლო-ბენ. განვითარებულ ქვეყნებში მჭიდრო კავშირია განათლების დონესა და დასაქმების მაჩვენებელს შორის. განათლების დონე დასაქმების შესაძლებლობების პირდაპირ პროპორპციულია. მაგრამ საჭიროა არა მხოლოდ დიპლომიანი მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, არამედ, უმნიშვნელოვანესია განათლების ხარისხის გაუმჯობესებაც.