გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით
ლევან ასათიანი
საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. საკუთრება უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლებას, მისი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაცაა. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების იგნორირება გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას.
საკუთრება იმ სამ უფლებათაგან ერთ-ერთია, რომელსაც ზოგადად ადამიანის თავისუფლების ბუნებითი ცნება ემყარება. საქართველოში, ექსპერტთა შეფასებით, ამ თვალსაზრისით საკმაოდ გამართული საკანონმდებლო ბაზა არსებობს – დაწყებული საქართველოს კონსტიტუციიდან. სა-კურების უფლება აღიარებული იყო საქართველოს რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაშიც და დღესდღეობით მას იცავს საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის 21-ე მუხლი. საკუთრების უფლების ჭრილში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად და როგორ არის მოწესრიგებული ამ უფლებით სარგებლობა საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ. საკუთრების დაცვის ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინვესტორებისთვისაც, რომლებიც ინვესტირებისას ძალინ დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რამდენად დაცულია კერძო საკუთრება სახელმწიფოში და, შესაბამისად, რამდენად უსაფრთხო იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში კაპიტალის დაბანდება.
პაატა სალია, საადვოკატო ბიუროს “გაბუნია და პარტნიორები” პარტნიორი: “უძრავ ქონების შეძენა ნებისმიერ პირს შეუძლია საქართველოში. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელი იყო უცხოელი ფიზიკური პირის ან კომპანიის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ეს ნორმა, რომელიც უკრძალავდა უცხოელს საქართველოში უძრავი ქონების, კერძოდ კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენას. სხვა უძ-რავი ქონების შეძენა ნებისმიერს შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ამ მხრივ პრობლემა არ არის.
გამარტივებულია საკუთრების რეგისტრაციის წესებიც. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების რეგისტრაცია ძალიან მარტივია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, საჯარო რეესტრი კარგად მუშაობს. გარიგებები რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით. აქ არანაირი შეზღუდვა არ არის, თანხის გადახდა შეიძლება მოხდეს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორების მიხედვით. ეს პრობლემა საქართველოში არანაირად არ დგას. საკუთრების უფლება საქართველოში კონსტიტუციის 21-ე მუხლით არის დაცული. გარდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ჩამოართვას კერძო საკუთრება პირს, თუმცა, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს სათანადო კომპენსაცია. არის თუ არა აუცილებლობა იმისა, რომ პირს ჩამოერთვას კერძო ქონება საზოგადოებირივი აუცილებლობისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს.
2009 წელს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ პირს აქვს საგადასახადო დავალიანება და ის არ ახორციელებს გადახდას, სახელმწიფოს შეუძლია მისი ქონების იძულებით რეალიზაცია აუქციონზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც აუქციონზე სხვისდება ქონება. თუმცა, აქ იმაზე ლაპარაკი, რომ ეს არის ექსპროპრიაცია და ქონების “წართმევა”, არ არის სწორი. ეს ყველაფერი ხდება კანონიერად. თუ ორი აუქციონის შემდეგ არ გაიყიდება ეს ქონება, სახელმწიფო უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებად მიაქციოს ქონება იმ რაოდენობით, რა რაოდენობის დავალიანებც აქვს მესაკუთრეს ბიუჯეტის მიმართ.
ს.ე. – რამდენად მაღალია საზოგადოების გათვითცნობიერების დონე კერძო საკუთრების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით?
პ.ს. – შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი კარგად გარკვეულია ამ საკითხებში. ძალიან ხშირად ხდება ქონების იპოთეკით ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვა და მეპატრონე იძულებულია ამ წესებში თავიდან ბოლომდე გაერკვას. ამაზე საჯარო რეესტრის პროცედურების გამარტივებამაც იმოქმედა. ფორმალური თვალსაზრისით, კანონმდებლობა ამ კუთხით საკმაოდ კარგია. არ არის გაურკვეველი საკითხები, ვთქვათ, ქონების გასხვისების შემთხვევაში, ზუსტად არის გარკვეული, როდის იბეგრება და როდის არა. კარგად მუშაობს საჯარო რეესტრის კონსულტაციებიც”.
მიუხედავად გამართული საკანონმდებლო ბაზისა, 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოში საკუთრების უფლების ხელყოფის რამდენიმე გახმაურებული ტალღა შეიძლება გავიხსენოთ. პირველი იყო 2003-2004 წლებში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის, საპროცესო შეთანხმებით თუ სხვა საფუძვლებით ქონების ჩამორთმევა. შემდეგ სიღნაღისა და თბილისის, კონკრეტულად კი რიყის შემთხვევები, როდესაც კერძო მესაკუთრეები თავიანთ ქონებას სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემდნენ.
ეჭვს ის აღძრავდა, რომ ჩუქების ხელშეკრულებები მასობრივად, დროის მცირე მონაკვეთში იყო გაფორმებული და, როგორც წესი, ერთი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. მიუხედავად იმისა, რომ რიყის შემთხვევაში, რამდენიმე თვეში ყოფილი მესაკუთრეები ღიად ალაპარაკდნენ მათზე გახორციელებულ ზეწოლაზე და სასამართლოში ჩივილსაც აპირებდნენ, მათ მიერ გაჩუქებული ქონება გეგმიურად დაინგრა და გასულ წელს რიყის ტერიტორიაზე პარკიც გაიხსნა.
საკუთრების უფლებების თემა კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს საქართველოს მთავრობამ შავიზღვისპირეთსა და სვანეთში ახალი ტურისტული ზონების განვითარების პრიორიტეტები დასახა. ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამწუხაროდ, ადგილობრივ მოქალაქეთა საკუთრების უფლებები ეწირება. ასე მოხდა გონიოში, მესტიასა და ანაკლიაში. ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ან დაწყებისთანავე, თავად მოქალაქეები საკუთარ ქონებაზე მასობრივად ამბობენ უარს, მისი სახელმწიფოსათვის ჩუქების ან მიტოვების გზით.
2011 წლის განმავლობაში მედია საშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მესაკუთრეთა მიერ ქონების მიტოვებისა და სახელმწიფოსთვის ჩუქების შესახებ და გამოითქმებოდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ჩუქებისა და მიტოვების წინაპირობას მოქალაქეთა იძულება წარმოადგენდა. პირები, რომლებმაც ქონება სახელმწიფოს აჩუქეს ან მიატოვეს, როგორც წესი, საჯარო განცხადებას არ აკეთებდნენ, მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებენ და არც სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავენ. თუმცა, ჩუქების ან მიტოვების მასობრივი ფაქტების დოკუმენტურად დადასტურება ადვილია საჯარო რეესტრის მონაცემთა საშუალებით. როგორც წესი, ქონების ჩუქებისა და მიტოვების შემთხვევები არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ დროშიც ემთხვევა ერთმანეთს – ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, ერთდროულად რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გააჩუქა ან მიატოვა ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ, რაც მოქალაქეების საქციელის ნებაყოფლობითობას საეჭვოს ხდის.
მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩუქება-მიტოვების შემთხვევები ტექნიკურად, ნებაყოფლობითი ხასიათისაა და, ერთი შეხედვით, საკუთრების უფლების შეზღუდვად ძნელად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, პირები, რომლებმაც ქონება სახელმწიფოს აჩუქეს ან მიატოვეს, როგორც წესი, ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
სამართლებრივად, სახელმწიფოს საკუთრების უფლების შეზღუდვა შეუძლია მაშინ, როცა საზოგადოებრივი, ან სოციალური მოთხოვნა კანონიერ მიზანს ემსახურება. ამასთანავე, ქონების ჩამორთმევა ან ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. 2001 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 1950 წლის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის რატიფიცირება მოახდინა და ამით თავის თავზე აიღო საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია და დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
“საზოგადოებისთვის საჭირო შემთხვევები” კანონითაა განსაზღვრული და ითვალისწინებს მაგალითად, გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობას; რკინიგზის ხაზების გაყვანას; ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანას; ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობას; წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანას; სატელეფონო და სატელევიზიო ხაზების გაყვანას; ეროვნული თავდაცვისთვის საჭირო სამუშაოები; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და ა.შ.
პაატა სალია: “იყო საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები იგივე ანაკლიაში, ბევრი შემთხვევა იყო თავის დროზე წყნეთშიც. წყნეთის შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურაში იმ პირებს იბარებდნენ, ვის სახელზეც იყო გაფორმებული მიწები, იმ მოტივით, რომ ვითომ თავის დროზე უკანონოდ მოხდა სატყეო უბნის მიწების გასხვისება. თუმცა, ეს სადაო საკითხია. იმ პერიოდიდან მოყოლებული გასხვისებულია ბევრი მიწა. ბევრ შემთხვევაში, იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ხშირად ხდებოდა საპროცესო შეთანხმება ან პირები თვითონ ამბობდნენ უარს ამ მიწებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. თითოეული შემთხვევა ცალკე განყენებული საკითხია. იგივე, ანაკლიაში, თუ მოხდა კერძო საკუთრების ჩამორთმევა, მაშინ უნდა მოხდეს კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან, თუ არადა, მეპატრონეს აქვს საშუალება სასამართლოს მიმართოს და აღიდგინოს კერძო საკუთრების უფლება.
ს.ე. – სასამართლოს გზით რამდენად შეიძლება საქართველოში სამართლის ნახვა, მაშინ როცა საქმის ერთ-ერთი მხარე სახელმწიფოა?
პ.ს. – მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ვითომ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა იზრდება, ვფიქრობ, რეალობა სხვაგვარია. ეს გამოკითხვები ძირითადად ტარდება სასამართლოს შენობებში და სულ სხვა შედეგი შეიძლება მივიღოთ თუ ამ გამოკითხვას ქუჩაში ჩავატარებთ, ეს გამოკითხვები პირობითია. შემიძლია გითხრათ, რომ უფრო ორგანიზებული გახდა სასამართლო, მაგრამ ეს არ ნიშნ-ავს იმას, რომ ის უფრო სამართლიანიც გახდა. ძალიან ხშირად ირღვევა კანონი. უშუალოდ მქონია საქმეებიც, როდესაც პირდაპირ ხდებოდა კანონის დარღვევა იგივე საგადასახადო საქმეებზეც. მე ვახსენე 2009 წელი, როდესაც კანონში ცვლილება შევიდა, რომ ორჯერ აუქციონზე თუ არ გაიყიდა იმ მეპატრონის ქონება, რომელსაც სახელმწიფოს მიმართ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის. ეს დაემთხვა (შეიძლება სწორედ ამის გამოც მიიღეს ეს ცვლილება) გახმაურებულ ქიბარ ხალვაშის საქმეს. 2009 წლის ცვლილებამდე რამდენიმე აუქციონი ჩაატარეს, არავინ არ იყიდა ეს ქონება და კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ის გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. შემდეგ შეიცვალა კანონი. კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ აუქ-ციონების ჩატარება აღარ ისურვეს, ჩათვალეს, რომ ის აუქციონები, რომელიც კანონის მიღებამდე ჩატარდა, საკმარისი საფუძველი იყო იმისათვის, რომ ქონება პირდაპირ სახელმწიფოს ხელში გადასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში ქონების გადაცემიდან გავიდა რამდენიმე წელიწადი, არ მომხდარა იმ საგადასახადო დავალიანების შემცირება, რის გამოც მოხდა ქონების აუქციონზე გატანა, რაც აშკარა კანონდარღვევაა. სამწუხაროდ, საქართველოს სასამართლო სისტემაში შედეგს ვერ მივაღწიეთ, თუმცა დავას ვაგრძელებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რადგან აშკარაა – პირდაპირ შეილახა ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიცაა კერძო საკუთრების უფლება”.
ზემოთ დასახელებულმა პრეცენდენტებმა, ბუნებრივია, უარყოფითი ეკონომიკური ეფექტები წარმოშვა. 2003 წლიდან მოყოლებული, ქვეყანას კერძო საკუთრების ხელყოფის უამრავი “საქმე” დაუგროვდა, რასაც ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მოჰყვა ის, რომ ქვეყანაში ვერ მოხერხდა ნამდვილი მესაკუთრის ჩამოყალიბება თავისი შემოქმედებითი უნარით, მოტივაციით, მოგების მიღებისკენ სწრაფვითა და სოციალური პასუხისმგებლობით; ჯანსაღი კონკურენტული ბაზრების ფორმირება; საწარმოთა ეფექტიანობის, მომგებიანობის ამაღლება, მათი დროული რესტრუქტურიზაცია და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის მიღწევა; პრივატიზაციის პირველ ეტაპზე უცხოური ინვესტიციიების საჭირო მოცულობით მოზიდვა.
კერძო საკუთრების დაცვის სტანდარტები განსაკუთრებით პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის. როდესაც ისინი ინვესტირებისათვის ამა თუ იმ ქვეყანას ირჩევენ, დიდ მნიშვნე-ლობას ანიჭებენ საკუთრების დაცვის საკითხებს. 2012 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საქართველოდან 4-ჯერ მეტი ინვესტიცია გავიდა. 2012 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან 116,218 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია გავიდა. გადინებული კაპიტალის მოცულობაში შედის როგორც ქვეყნიდან გასული, უცხოეთში განხორციელებული ინვესტიციები, ასევე საქართ-ველოში არსებული ინვესტორების მიერ უკან გატანილი კაპიტალი ან ვალდებულებების დაფარვა, რომელიც მოხდა ქართველი პარტნიორების მხრიდან უცხოელი პარტნიორების მიმართ, რითაც მათ წაიღეს მოგების გარკვეული ნაწილი. 2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოდან გასული კაპიტა-ლის მოცულობამ 29 მილიონი შეადგინა, მესამე კვარტალში კი დაახლოებით 130 მილიონი. რა არ მოსწონთ საქართველოში ინვესტორებს?
პაატა სალია: “ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოელი ინვესტორების მიმართ ირღვევა კერძო საკუთრების უფლება. მაგალითისათვის, გაგაცნობთ ერთ აბსურდულ გადაწყვეტილებას, რომელიც ახლახან გამოიტანა პირველი ინსტანციის სასამართლომ. საუბარია, ერთ-ერთ ნავმისადგომზე აჭარაში, რომელიც უცხოელ ინვესტორს 25-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. მან განახორციელა საკმაოდ დიდი ინვესტიცია, თუმცა რუსეთ-საქართველოს ომის, ფინანსური კრიზისისა და ადგილობრივი პარტნიორების თაღლითური ქმედებების გამო, საქმიანობა დროებით შეაჩერა. აჭარის ხელისუფლებამ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელიც წარმოადგენდა მეიჯარეს, სარჩელი წარმოადგინა და მოითხოვა ზიანის ანაზრაურება ინვესტორის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მას 25-წლიანი იჯარის გადასახადი მთლიანად, თითქმის 3 მილიონი დოლარი ჰქონდა გადახდილი. იცით, რა იყო მოტივი? – მიუხედვად იმისა, რომ ხელშეკრულებაში მსგავსი არაფერი არ ეწერა, მოსარჩელე, იმის საფუძველზე, რომ ანალოგიური ტერმინალები და ნავსადგურები მუშაობენ და მათ ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით ფული შეაქვთ, ამ ინვესტორის მხრიდან მოითხოვდა სხვა კომპანიების ანალოგიური თანხა გადაეხადა. ანუ ეს ფული ინვესტორს უნდა გადაეხადა, როგორც მიუღებელი შემოსავალი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს გადასახადი ინვესტორს დააკისრა. გადაწყვეტილება ახლა გასაჩივრებული გვაქვს და იმედია, სააპელაციო სასამართლო საქმეზე სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს იგივეა, რომ ვთქვათ, ორი სუპერმარკეტიდან ერთი წარმატებით მუშაობდეს და, ვთქვათ 100 ათასს იხდიდეს მოგების გადასახადს, ხოლო მეორე საერთოდ ზარალზე იყოს და სახელმწიფომ მასაც იგივე ოდენობის მოგების გადასახადის გადახდა მოსთხოვოს. ამ ტიპის გადაწყვეტილებები ნამდვილად არ უწყობს ხელს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
ბევრი პარამეტრით საქართველო არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის, ყოველ შემთხვევაში, 2008 წლამდე უდაოდ მიმზიდველი იყო. მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, ინვესტიციებს შემოსვლის მხრივ კარგი ვითარება იყო. მაგრამ ომმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და სტაბილურობის რეიტინგები შეგვიმცირდა. თუმცა, ინვესტორისათვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო პოლიტიკური, არამედ საკანონმდებლო გარემოს სტაბილურობაც. ძალიან კარგია, რომ იხვეწება საგადასახადო კოდექსი, მაგრამ ძალიან დიდ პრობლემას ქმნის და ბევრი პოტენციური ინვესტორისგან გამიგია, რომ მას შემდეგ, რაც დაწვრილებით შეისწავლიან კანონმდებლობას, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდება იმასთან შედარებით, რასაც მთავრობა ზეპირი ფორმით ან პრეზენტაციების დროს ეუბნება. მაგალითისათვის, როდესაც სახელმწფოს დეკლარირებული აქვს, რომ ამცირებს რომელიმე გადასახადს ან აუქმებს მას, ინვესტორი დიდ ყურადღებას აქცევს ამას, მაგრამ უცებ იგებს, რომ ეს 2010 წელს კი არა, 2015 წელს მოხდება. იგივე, ავიღოთ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც 20-დან 15%-მდე უნდა შემცირებულიყო. არ მცირდება 15-მდე, მცირდება 18-მდე და ეს 2%-იც რაღაც ფონდში უნდა გადაიხადო, ანუ რეალურად არ მცირდება. ამას ინვესტორი რომ იგებს, ეს მისთვის ძალიან ცუდი სიგნალია. ანუ არ ხორციელდება დეკლარირებული ცვლილებები, ხშირად იცვლება კანონმდებლობა, არის ბევრი ბუნდოვანი მუხლი იგივე საგადასახადო კოდექსში. კანონმდებლობა უნდა იყოს სტაბილური და დეკლარირებული პრინციპები უნდა შესრულდეს. პოტენციურ ინვესტორებისთვის – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ს.ე. – უცხოელი ინვესტორების დავის შემთხვევები თუ არის კერძო საკუთრების ულების ხელყოფასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან?
ს.ე. – ზუსტად ვიცი, რომ მსგავსი შემთხვევები არის. როდესაც უცხოელი ინვესტორი ჩვენ მთავრობას უჩივის სასამართლოში, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს საქმეები გასაიდუმლოებულია. მაშინ, როცა მათი ნახვა თავისუფლად შეიძლება იგივე საერთაშორისო სასამართლოს ვებ.გვერდზე, სადაც მიმდინარეობს ეს თუ ის დავა”.
ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებას. იმისათვის, რომ ინვესტორებმა რომელიმე ქვეყანაში კაპიტალი დააბანდონ, განიხილავენ ისეთ რისკებს, როგორიცაა: პოლიტიკური რისკი – თუ როგორ იქცევა კონკრეტული ქვეყნის მთავრობა; ეკონომიკური რისკი – ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობა, ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული ხელშემშლელი ფაქტორები, ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური სამუშაო ძალა და სოციალური რისკი – ენა, რელიგია და სხვ. დღევანდელი მთავრობა აქტიურად ცდილობს მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი უცხოელი ინვესტორი და ამაყობს ბოლო წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებით, რის საფუძველზეც გამარტივდა ბიზნესის დაწყება საქართველოში, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობა, კერძო საკუთრების დაუცველობის განცდა, ფისკალური და სხვა არსებული პრობლემები ცხადყოფს, რომ ყველაფერი არც ისე მიმზიდველია, როგორც ინვესტორებს ერთი შეხედვით უხატავენ.