რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია
შაქართველოში უჩვეულოდ ცივი ზამთარი დგას. უფრო მეტიც, ზამთარმა ხანგრძლივობა გაზარდა და სივრცეში მეტად შეავიწროვა წელიწადის სხვა დროები. მაგალითად, შემოდგომას ორი ლამაზი თვე – ოქტომბერი და ნოემბერი წაართვა. სწორედ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო სერიოზული სიცივეები და დღემდე გრძელდება. ისეთი პირი უჩანს, გაზაფხულსაც მიაჩოჩებს და მის პირველ თვეს, მარტსაც მიითვისებს, რომელიც, ალბათ, ასევე ცივი იქნება და უფლის აღდგომამდე სუსხი, იმედია, არ მიგვატოვებს.

მავანი იკითხავს – ამ ეკონომისტებს რა ამინდის პროგნოზირების ჭია ღრღნითო? საქმე იმაში გახლავთ, რომ ეკონომისტები სიცივეს იმას ვაბრალებთ, რომ დღითი დღე ნაკლები სიუხვე იქმნება საქართველოში, მეტად ნაკლებ ენერგიას გამოვიმუშავებთ და გამყინვარება ბუნებაში და ეკონომიკაშიც ერთდროულად მიმდინარეობს. ამდენად, ეკონომიკური აქტივობა და ბუნების სუსხი ჰარმონიულად მოქმედებენ და ქართველები ეკონომიკამ და ბუნებამ ერთნაირად გაწირა.

2001 წლის ბოლოს მოსახლეობაში საბრუნავმა სახსრებმა 3-ჯერ იკლო. მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში 34,0% ენერგომატარებლებს უკავიათ (ნავთობი, გაზი, დენი, ბენზინი). 56,0% პირველადი მოხმარების პროდუქტებს (პური, შაქარი, კარტოფილი) 10% კომუნიკაციას (მობილური, ტელეფონი, ტრანსპორტით მგზავრობა). ფაქტობრივად, ჩაწვა მსუბუქი მრეწველობის ნაწარმით ვაჭრობა და იგი წინა წელთან შედარებით 38%-ით დაეცა. ამასთან, მშენებლობის ბიზნესი გარეგნულად ყვავის, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითია. სინამდვილეში ამ სფეროში სიღრმისეული კრიზისია. მის მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენს – გარედან შემოსული “შავი ფულის” გათეთრება და აქაური ბიზნესმენების “ნიჭი” ბიზნესი “ისე”, მომავლის იმედით აკეთონ! ხალხს ფული არ აქვს და ხვალ უფრო ნაკლები ექნება. ბინები ჯერ ჩალის ფასად გაიყიდება, მერე, ალბათ, ისე დარიგდება კიდეც. იხსნება ახალი მაღაზიები და რესტორნები, მაგრამ თუ დავიანგარიშებთ მათ სრულ რენტაბელობას, აღმოვაჩენთ, რომ ის 0-ის ტოლია. ისინი (მშენებლობის და რემონტის პატრონები) ჯერ მოგებას არ ეძებენ, უბრალოდ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, “სისტემას” ქმნიან.

ბანკებში ანაბრებმა (რეალურმა) იკლო. ჩვენ შეგვიძლია ვითვალოთ M0 M1 ფულის მაჩვენებლები, მაგრამ ფული, რომელმაც შეიძლება ბანკებში ანაბრის ფუნქცია (დაგროვების) შეასრულოს, არ არის. არც პერსპექტივაა ამჟამად, რომ ბიზნესში საბრუნავი ფული გაჩნდეს.

ეკონომიკაში ახალი არაფერი ხდება, უფრო მეტიც, აშკარად ჩნდება “არგენტინის სინდრომი”. საქართველოში, ჩვენი გამოკვლევებით, კერძო ბიზნესში რეალური მოგების ნორმა 0-ს უახლოვდება. ბიზნესმენთათვის იკარგება ეკონომიკური სტიმული. ის უფრო და უფრო ნაკლებს უხდის თავის თანამშრომლებს, რომლებსაც ასევე ეკარგებათ შრომის ეკონომიკური მოტივაცია, რადგან მათ ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრანსპორტში ეხარჯებათ – 30-40 ლარი თვეში, როცა კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 60-150 ლარია. სულ უფრო ძნელი ხდება სამუშაოს მონახვა. ვისაც ჰქონდა, ისინიც კარგავენ. ქვეყანაში ერთ მომუშავეზე 6 პენსიონერი მოდის, რაც ჩვენნაირ ქვეყანაში 2,5-3,5 მომუშავეზეა 1 პენსიონერი. არსებული დასაქმების პირობებში პენსიების დავალიანება მუდმივად იქნება. პენსია, გათანაბრების პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ახლანდელ მომუშავეს შრომის მოტივაციას უკარგავს. შეიძლება მან მეტი იმუშაოს, მაგრამ მეტ პენსიას ვერ მიიღებს. თანაც საპენსიო ფონდის (წლიურად 160-180 მლნ ლარი) ძირითად ნაწილს ის 500-600 ათასი სახელმწიფო სექტორში დასაქმებული თანამშრომლები ავსებენ, რომლებიც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. გამოდის, რომ ქვეყანა ერთი ჯიბიდან იღებს და მეორეში დებს ამ ფულს.

ვაჭრობა და, მთლიანად, ლეგალური ბიზნესი, სადაც რენტაბელობა, მოგების ნორმა დღითი დღე ეცემა, ვერ უძლებს იმ საგადასახადო “პრესს”, რომელიც სულ უფრო და უფრო მძიმდება. ბუნებრივია, ეს იწვევს არალეგალურ სივრცეში ლეგალური ბიზნესის გადასვლას და ეკონომიკას ანგრევს. სამწუხაროდ, ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი გზა ნახევრად ან სრულ არალეგალურობაშია. ეს არალეგალური მდგომარეობა (ან ნახევრად არალეგალური), ძირითადად, ჩვენს მოსახლეობას ინახავს. ამიტომ, მოსახლეობის 90% არალეგალური შემოსავლებით ცხოვრობს. სახელმწიფოს ვალია, გადაარჩინოს ლეგალური ბიზნესი, მოსახლეობა მიაჩვიოს ლეგალურ ცხოვრებას გარე მოვაჭრიდან დაწყებული რეპეტიტორით დამთავრებული, და ტაქსის მძღოლიდან მინისტრამდე ლეგალურ სივრცეში გადაიყვანოს. მაგრამ აქ ლაპარაკის მეტი არაფერი კეთდება.

სულ უფრო მძიმე ხდება სიტუაცია რეგიონებში, სადაც ყველაფერი სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. აგრარულ სექტორში სიტუაცია უფრო მძიმეა. გლეხს მისი წარმოება სტიმულს არ აძლევს. ის ვერ მიდის უშუალო მომხმარებლამდე (მყიდველამდე). შუაში დგას შუამავალი, რომლის ფასნამატის 30-50%-ის შემდეგ საქონელი (პროდუქტი) მყიდველამდე მიდის. მაგალითად, ხორცი, რომელსაც გლეხი (ფერმერი) 3,8-4 ლარად ყიდის, მყიდველი კი 50%-იანი ფასნამატით, 6,0 ლარად ყიდულობს. ეს ფასი 2000 წელთან შედარებით 50%-ით მეტია. მაშინ ხორცი 4 ლარი ღირდა + ინფლაცია 10 % და ნახავთ, რომ მყიდველისთვის ცხოვრების დონე 60%-ით გაუარესდა. მიუხედავად ამისა, მწარმოებლამდე ეს თანხა არ მიდის და, შესაბამისად, არ არის ეკონომიკური სტიმული. ამიტომ, სოფლის მეურნეობაში მთლიანობაში – მარცვლის, ხორცის, ფრინველის, ცხიმის თუ ხილის წარმოება 23,0-34,0%-ით ნაკლები იქნა წარმოებული, ვიდრე გასულ წელს. სხვათა შორის, ამ პროდუქტების საერთო იმპორტმა იკლო, გამოდის, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად მორყეულია – მთლიანობაში, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დღეში 1400-1500 კკალორიაზე ნაკლებს ღებულობს, ისინი შიმშილის ზღვარს გადაცდნენ. პროცენტულად ეს კატეგორია სხვადასხვა გათვლებით მთელი მოსახლეობის 35-55%-ის ფარგლებში მერყეობს.

საერთო ჯამში, შემცირდა ტვირთბრუნვა და ელექტროენერგიის წარმოება, მთელი მრეწველობის ძირითადი ნაწილი ამ ორი დარგის გარდა მოდის კვების მრეწველობაზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე და პურის ცხობაზე. საექსპორტო წარმოება თითქმის გაჩერებულია. ამაზე მეტყველებს 2001 წლის ექსპორტის სტრუქტურა, რომელიც, ძირითადად, აგებულია ჯართზე, წიდაზე და მადანზე, ალუმინის და მისი ნაწარმის (ანუ ფერადი ლითონის) ჯართზე, საქვაბეებისა და მოწყობილობის ექსპორტზე (ესეც ჯართი) და ა.შ. ე.ი. ძირითადად, ჯართის, მადნის და მერქნის ექსპორტით ვამყარებთ ლარს და ამას პლუს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ინექციები. რაც, ბუნებრივია, იწვევს “არგენტინის სინდრომს”.

ყოველივე ამაზე ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკის სტაგნაცია და ზრდის ტემპების შეჩერებას. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის გამყინვარება და სუსხი, რომელიც ერთდროულად ბუნებაში და ეკონომიკაშია, პოლიტიკაშიც შესაბამისი პროპორციითაა ან პირიქით, პოლიტიკაში გამყინვარების გამო ლოლოები ჰკიდია ეკონომიკას.

მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკაში მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. არ არის გამოკვეთილი პოლიტიკური “ლიდერი” ძალა. არ ჩატარდება არავითარი ვადამდელი არჩევნები, ეს პარლამენტი არ დაუშვებს არავითარ თვითლიკვიდაციას. მთელი პოლიტიკური ბატალიები პატარ-პატარა ინტრიგებში და მართულ ე.წ. “საპროტესტო აქციებში” გამოიხატება, სადაც ხშირად მიკროფონის წინ აქციის მონაწილენი ისეთ რამეს ითხოვენ, თვითონვე 100%-ით იციან, რომ არ შესრულდება. ასევე მეორე მხარე აქეთ იარაღის ჟღარუნს და “ოპერატიულ ღონისძიებას” იწყებს. ასე ერთობა პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ერთი სული აქვთ ისევ არდადეგებზე წავიდნენ, რათა მიაშურონ ბაკურიანს, მის მრავლისმნახველ ტყეებსა და სასტუმროს კედლებს, ან გუდაურს.

აშშ-მა როგორც იქნა გადაწყვიტა ელჩის დანიშვნა და ფიქრობენ, რომ სანამ ის არ ჩამოვა და არ მოეწყობა მაინც არაფერი მოხდება. მახსენდება ბრეჟნევის დროინდელი ანეკდოტი: ლეონიდ ილიჩი მატარებლით მგზავრობდა და მოულოდნელად გაჩერდა, როდესაც მას მოახსენეს, რომ მატარებელი გაჩერდაო, ბრძანება გასცა – Kა?აეოანუ, ააეაოა აეა, ?ოი ააე?აინყ. დრო მოძრაობს, ჩვენ “ეა?ააინყ” და იმიტომაც ცივა.

არა, არ გვახარებს ცხენის წელიწადი. ეს კოჭლი ბიუჯეტი ძლივს მივიღეთ, რა ინვესტიციაზე და წარმოების განვითარებაზეა საუბარი? დაჭიმული გუგებით მივჩერებივართ ნავთობ-გაზ სადენის პროექტის ამუშავებას, მაგრამ “ისინი” ნერვულად უყურებენ ქვეყანას, სადაც სოციალური პრობლემები მწვავდება და კრიზისში ეფლობა.

ამ მძიმე ვითარებაში საქარველოს ჰყავს ინვესტორი მოზომილი მოცულობით დასავლეთის სახით. დასავლეთი ყოველწლიურად სერიოზულ თანხას, 200 მლნ დოლარამდე ხარჯავს. მართალია, ამ თანხიდან არც ერთი ცენტი ჩვენს ეროვნულ წარმოებას არ ხმარდება, მაგრამ დახმარება მაინც არის. თუმცა, ამ დახმარების ფასად საქართველოს ეს დახმარება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და მოიცავს – ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და ძალოვან სამინისტროებზე კონტროლის უფლებას, რასაც ჩვენ პროტესტის გარეშე ვეთანხმებით. არც მედია და არც არასამთავრობოები ამას არ აკრიტიკებენ და “ალალად” მიჰყვებიან.

და აი, აქ გამოჩნდა ალტერნატიული “ინვესტორი” – ჩვენზე სერიოზულად გაბრაზებული მეზობელი რუსეთის ხელისუფლების დიქტატს განრიდებული, თბილისელი, ბადრი პატარკაციშვილი. … და გორდება ლეგენდები, რომ ის იმიტომ გვეხმარება გაზის ვალის გასტუმრებაში, რომ სურს ქალაქში “ბილბორდები” – სარეკლამო დაფები მოფინოს. სხვათა შორის, ამ ლეგენდის ავტორებს მინდა ვუთხრა, რომ თბილისის მერია არავის ეუბნება უარს მსგავსი დაფების დადგმაზე, რომ მასზე სერიოზული გადასახადია დაწესებული, რომელსაც ვერ დამალავ. მთავარი ბილბორდი კი არა, ის არის რას გააკრავ მასზე. მე თქვენ გეტყვით, ქვეყანაში ბიზნესი ყვავის და რეკლამის შემკვეთთა რიგი დგას. ეს ხომ აბსურდია! თუ მაუდ-კამვოლი იმიტომ შეიძინა, რომ ხვალ მაუდისა და აბრეშუმის წარმოება ზენორმატიული მომგების მომტანი ბიზნესი გახდება და დიდძალ ფულს მოიგებს. იქნებ, “დინამოა”, ვარსკვლავებით სავსე, ხვალ ევროპაში გაიყიდებიან და მოგებას მოიტანენ. უფრო მეტიც, შიში გვაქვს, კიდევ რამე არ იყიდოსო. რისი გვეშინია? ზურგზე მოიკიდებს და სადმე წაიღებს თუ ჩვენ გვაქვს მოვლა-ზრუნვის თავი და ვინმე გვეცილება?!

დიახ, ბატონი ბადრი, ალბათ, ფილანტროპი არ არის, როცა ისეთი მოწინააღმდეგე გყავს როგორიც პუტინია, ცდილობ, მყარად იყო შენს მშობლიურ ქვეყანაში, როცა მსოფლიოში თავის დარგში მე-6 – მე-8 ფირმას აკონტროლებ (“სიბნეფტი”), ცდილობ, შენს კლასელებს, მეზობლებს, მეგობრებს თბილისში ელემენტარული პირობები შეუქმნა. ისე, ეს გაყინული თბილისი არ შეიძლება ბიზნესის თვალსაზრისით მაინცდამაინც ვინმეს აინტერესებდეს, სადაც თვეში ერთი კონტეინერი კარაქი იყიდება მხოლოდ და 20000 ტონა ბენზინი და ა.შ. წესიერი ბიზნესმენი აქ ნერვებს არ მოიშლის და სირცხვილია მსოფლიო მასშტაბით ამას ბიზნესი უწოდო.

მაშ, რა ხდება, რატომ აგორდა ტალღა ბატონი ბადრის წინააღმდეგ? რამ შეუტოკა ნერვი გაყინულ ქალაქს?

ბატონი ბადრი ცდილობს, საქმე გააკეთოს! ვაი თუ მართლა გააკეთა, ვაი თუ მართლა რამდენიმე ათას კაცს შეუქმნა სამუშაო ადგილი, რაღაც დარგის წამოწევა შესძლო? ხალხი მას შეიყვარებს, “ჩვენ” დაგვივიწყებენ, იმას შეაქებენ. ეს მით უფრო საშიში მოვლენაა თუ ბ-ნი ბადრი ჩვენი მეგობარი არ არის!

პატარკაციშვილს ჩვენი აპოლოგეტობა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ ამას წინათ მახსოვს ვახშამზე რამდენიმე ადამიანი მიიპატიჟა აშშ-დან, ევროპიდან, საქართველოდან და გულწრფელად იკითხა – რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში? რატომ გახდა ქართველი ბიზნესმენი პირის გამტეხი? ქართველი მეწარმე ღვარძლიანი? რატომ არ ფიქრობს ყველა პოლიტიკოსი, რომ გადარჩენა რეალურ საბაზრო ღირებულებებში, ნაკლებ ბიუროკრატიაში და ეკონომიკის ეკონომიკური მეთოდებით მართვაშია? – მისთვის ჩვეული გულწრფელობით, “კოტეხით” ხელში იკითხა, ხომ ბუნებრივად უნიკალური ქვეყანა გვაქვს, მაშ რა გვჭირს, რატომ არ მივდივართ წინ და, საერთოდ, რა ეშველება საქართველოს ეკონომიკას?

მხოლოდ იკითხა, მხოლოდ სუფრასთან და უკვე გაუჩნდა ამ კითხვას ბევრი ოპონენტი. რატომ იკითხა? რა მაგის საქმეა? რა პროგრამა, რა ხალხზე ზრუნვა….. კაცმა გაიფიქრა, იქნებ ამ კრიზისიდან რაიმე გამოსავალი ვიპოვოთ და უკვე აუმხედრდნენ “ერის შვილთა” ერთი ნაწილი, ვაი თუ მართლა “გაფრინდნენო”…

ჩვენ ისე ხომ არ გვჭირს – “ავმა ძაღლმაო”… და მაინც რისი გვეშინია, იმის ხომ არა, რომ ეს საქმის გამკეთებელი კაცი თქვენი თანამშრომელი და ქვეშევრდომი არ არის, ღმერთმა დაიფაროს!

სიცივე უჩვეულოდ შემოეჩვია თბილისს, თბილისელებს ერთმანეთში ურთიერთობაც გაუცივდათ, ხალხი ჯუჯღუნა გახდა, არაფერს აკეთებენ, მოდაში აქციები შემოვიდა, რადგან ერთად უფრო კარგად ვთბებით, თან მხიარულად ვართ და “თვალწინ” ვყავართ იმათ (ზევით), რომ რაიმე სასიკეთო არ გავაკეთოთ….