ჯორბენაძე ცდილობს გარღვევა გააკეთოს
მათე მელია
როგორც ჩანს, მინისტრთა კაბინეტმა შორეული მომავლის ორბიტაზე დაიდო ბინა. მანამდე კი ქვეყნის ეკონომიკა და სოციალური სივრცე ავსტრალიის სიცხეებისგან გამომშრალ ტყეებს მოგვაგონებს, სადაც ხან აქ, ხან იქ იფეთქებს ხანძარი, მინისტრები კი მეხანძრეებივით თავიანთ უბნებს პატრონობენ. არ არის ერთიანი ფრონტი და ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.
დიდი ხანია საქართველოში კოორდინაციაზე საუბრობენ, მაგრამ არ გამოდის, ოცნება გუნდზე, ოცნებადვე რჩება. ამის გარდა, მუდმივად ებრძვიან ხანძარს, ხან რეფორმებს ატარებენ, ხან კანონის შემქმნელ კომისიას ვქმნით, მაგრამ…
საოცარია, ყველა მინისტრი თავის პრობლემაზე “ვიშვიშებს” და მოჯადოებული წრიდან გამოსავალი არ ჩანს. შემოსავლების მინისტრი ჩივის, რომ ძალოვნები საზღვარს ვერ იცავენ, ძალოვნები უკმაყოფილონი არიან, რომ მათ შესაბამისი დაფინანსება არ აქვთ ხაზინიდან.
ხაზინა და ფინანსთა მინისტრი კი საყვედურებს გამოთქვამენ, რომ შემოსავლები არ აქვთ შემოსავლების სამინისტროდან, რომ წარმოება და, მთლიანად, ეკონომიკა არ მუშაობს. ეს უკანასკნელნი ყველაფერს უვარგის კანონებს და სახელმწიფოს აბრალებენ და ასე განუწყვეტლივ, ბოლო არაფერს უჩანს.
ახალმა სახელმწიფო მინისტრმა, რომელმაც კარგად იცის ამ მოჯადოებული წრის ბრუნვის შესახებ, ახალ ამპლუაში დაიწყო ფიქრი ამ წრის გარღვევაზე. ვინ ვინ, მაგრამ მან კარგად უწყის, რომ ამ წრის გარღვევა ადვილი არ იქნება.
ჯერ ერთი, თვით სახელმწიფო მინისტრის მანდატს და სტატუსს სჭირდება გამაგრება, რადგან ბევრ მინისტრს ამ სკამის შიში და რიდი არ აქვს.
მეორეა, რომ არ არსებობს ქმედითი მექანიზმი მინისტრების საქმიანობის კოორდინაციის, რადგან მინისტრი სათათბირო თანამდებობაა და ისინი იმართებიან, როგორც კანცელარიიდან, ასევე პარლამენტიდან. დაუბალანსებელი, მრავალპოლუსიანი პოლიტიკური ისტებლიშმენტის არსებობის პირობებში ურთულესია ყველასთან საერთო ენის გამონახვა.
მესამე, არ არის დრო, რომ აღმასრულებელი სტუქტურის ცალკეულმა ნაწილებმა შექმნან ერთიანი ეკონომიკური სტრატეგია, მერე მასზე მორგებული ნორმატიული ბაზა და მათი შესრულების მექანიზმი აამუშაონ. მინისტრები თათბირიდან თათბირებზე დადიან და ლოკალურ ხანძრებს აქრობენ. ისინი ამ არაფრისმთქმელი თათბირებიდან ღამის 3 საათზე მიდიან სახლში და ასევე გადაღლილები და გამოუძინებლები 10 საათზე ისევ სამსახურში ცხადდებიან. სამინისტროთა აპარატები კი არაქმედითუნარიანები არიან, იქ პერმანენტული “რეფორმების” მიუხედავად, არაფერი იცვლება. ყველა დოქტრინა და პროგრამა ხუთი წლის წინანდელია, “განუხრელი ზრდა” და “ევროკავშირში გაწევრიანება” და ა.შ. არაფერი კონკრეტული. ჯორბენაძე ცდილობს, გაარღვიოს წრე, შეცვალოს რამე. ჩანს, საკმაოდ მტკიცე ხელი და გადაწყვეტილება აქვს.
2002 წლის 19 იანვარს მან საკუთარი ბრძანება #5-ით შექმნა “საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ეკონომიკური საკითხების ექსპერტთა საბჭო.” მისი წევრები არიან მეცნიერ-ეკონომისტები: ვლ. პაპავა, რევაზ გოგოხია, იაკობ მესხია, გიორგი წერეთელი, ავთანდილ სილაგაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, ემზარ ჯგერენაია, ალექსანდრე თვალჭრელიძე, ილია ზაქარიაძე, თამაზ აქუბარდია და სხვ. ექსპერტები: გიორგი ლოლაძე, დავით გელაშვილი, გელა ხანიშვილი, ნიკო ორველაშვილი. ჟურნალისტები: ანი მიროტაძე, რევაზ საყევარიშვილი, გიორგი კალანდაძე, მარი ციყელაშვილი.
საბჭოს მუშაობის სტილში იკვეთება, როგორც ახალი ეკონომიკური იდეების მიწოდება, ისე მინისტრების მიერ შემუშავებული წინადადებების ანალიზი და ექსპერტიზა.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის საშუალოვადიანი (სამწლიანი) ეკონომიკური განვითარების პროგრამის შექმნა.
სახელმწიფო მინისტრი ცდილობს, უმკურნალოს სნეულ ეკონომიკას, მაგრამ ხვდება, რომ ჯერ ზუსტი დიაგნოზი სჭირდება იმას, თუ რა გვჭირს, მერე უნდა ვიფიქროთ რა გვინდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვნახავთ გზას. ეს გზა რთული იქნება, ანტარქტიდაში ყინულის გალღობაზე რთული, მაგრამ არც ჯორბენაძე ჩანს უკანდამხევი…. ჰოდა, ცდა ბედის მონახევრეაო…
P.S. ჟურნალ “მაკრო მიკრო ეკონომიკის” რედაქცია იწყებს ამ საბჭოს საქმიანობის დეტალურ გაშუქებას, მიმართულებებისა და პასუხისმგებლობის მიხედვით.