საბანკო პროდუქტების რეკლამების საკითხით ეროვნული ბანკი დაინტერესდა
როდიდან ამოქმედდება საბანკო სექტორისთვის სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებული ახალი წესები, ჯერჯერობით, უცნობია. იმისთვის, რომ საბანკო სექტორმა სარეკლამო რგოლებით მომხმარებელი შეცდომაში არ შეიყვანოს, თამაშის ერთიანი წესები იმოქმედებს. ამის აუცილებლობაზე გადაწყვეტილება 10 ბანკისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრაზე მიიღეს. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მომხმარებლისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება სარეკლამო რგოლებიდან აუცილებელია და საბანკო სექტორი დაიწყებს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მაპროვოცირებელი მიზეზი და არის თუ არა ერთ-ერთი ფაქტორი ”ვითიბი ბანკ ჯორჯიას” სარეკლამო კამპანია?
”ვითიბიმ” რვაპროცენტიანი სამომხმარებლო სესხი გამოიტანა. მომხმარებელთა ნაწილის განცხადებით კი, სესხი სინამდვილეში 14,45 პროცენტიანი იყო.
”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის განცხადებით, ამიერიდან ყველა ბანკი ვალდებულია სარეკლამო რგოლში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მიუთითოს. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ”თიბისის” სარეკლამო რგოლები არც აქამდე ყოფილა ბუნდოვანი და მომხმარებელი შეცდომაში არ შეჰყავდა. იგივეს აცხადებს ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორიც. ირაკლი გილაურის განმარტებით, მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან პროდუქტის შესახებ და რეკლამა ყოველთვის რეალობასთანაა ახლოს.