საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების თემაზე მრგვალი მაგიდის დისკუსიებს უმასპინძლა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) მხარდაჭერით, ფინანსური განათლების თემაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით მრგვალი მაგიდის დისკუსიებს უმასპინძლა.
შეხვედრები ფინანსური განათლების ტექნიკური მხარდაჭერის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელშიც საქართველოს გარდა აღმოსავლეთ ევროპის ექვსი სახელმწიფო – ბულგარეთი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ხორვატია – მონაწილეობს, და რომელიც სამიზნე ქვეყნებში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ცენტრალური ბანკებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია პროექტის სამი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც მოიცავს: ფინანსური განათლების კუთხით კვლევების დაგეგმვა-განხორციელებას, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შეფასებისთვის მეთოდოლოგიის შემუშავებასა, და სტრატეგიის დანერგვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ხელშეწყობას.
შეხვედრებში, რომლებსაც OECD/INFE-სა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში ფინანსური განათლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ფინანსური განათლების ინტერვენციების შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდებზე, ფინანსური განათლების სტრატეგიის დანერგვა-განვითარებაზე. შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა ქვეყანაში არსებული საჭიროებები და დაიგეგმა შემდეგი ნაბიჯები.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფინანსური განათლების ქსელი(OECD/INFE) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 110-ზე მეტი ქვეყნის 240-ზე მეტ საჯარო სტრუქტურას აერთიანებს.