შეუძლებელი კომპრომისის ძიება
ვმო-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ბრაზილიელი ეკონომისტი – რობერტო აზავედო. მისგან წინამორბედთან განსხვავებით გაცილებით ფრთხილ ნაბიჯებს ელიან, რომელიც მიმართული იქნება მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაციისკენ. ამასთანავე, ახალი ხელმძღვანელისგან მოელიან, რომ ის უფრო მეტად დაიცავს განვითარებადი და ღარიბი ქვეყნების ინტერესებს. აზავედო უკვე აქტიურად იწყებს მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის ზონების საკითხზე.
ბრაზილიელი რობერტო აზავედო, რომელმაც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი სხვა პრეტენდენტების დამარცხებით დაიკავა, პირველი ლათინოამერიკელი და ბრიკის ქვეყნების წარმომადგენელი პირველი ხელმძღვანელია ამ ორგანიზაციის არსებობის მანძილზე, 1995 წლიდან მოყოლებული.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების როლი სულ უფრო იზრდება, მაშინ როცა განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილს ჯერ ისევ სერიოზული პრობლემები აქვს. რობერტო აზავედოს მთავარი კონკურენტი არჩევნების დროს მექსიკელი ერმინიო ბლანკო იყო, რომელსაც ბევრი ვაშინგტონის კანდიდატად მიიჩნევდა. აზავედო მიმდინარე წლის სექტემბერში გადაიბარებს ვმო-ს ხელმძღვანელის პოსტს ფრანგი პასკალ ლამისგან. ეს უკანასკნელი ორგანიზაციას უკვე რვა წელია ხელმძღვანელობს.
”ბრაზილიისთვის ნათელია, რომ თავისი გამოცდილებისა და განათლების წყალობით, აზავედო იქნება კარგი ხელმძღვანელი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგზე” _ ასე ეხმაურება აზავედოს ვმო-ს ხელმძღვანელად არჩევას ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი.
”აზავედოს არჩევა ნიშნავს იმას, რომ გლობალური მმათველობის სტრუქტურა იცვლება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძლიერდება ბრაზილიისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების როლი საერთაშორისო ორგანიზაციებში” _ აცხადებს ამანსიუ დე ოლივიერა, სანპაულოს უნივერსიტეტის პროფესორი.
ბრაზილია (მშპ 2,46 ტრილიონი დოლარი) და მექსიკა (მშპ 1,28 ტრილიონი დოლარი), რომლებიც ლათინურ ამერიკაში ლიდერობას ეცილებიან ერთმანეთს, ვმო-ს ხელმძღვანელის პოსტისთვის ბრძოლაში კონკურენტები იყვნენ.
ბრაზილია, ისევე როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების დიდი ნაწილი, გამოირჩევა მკაცრი მიდგომებით ლიბერალური პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო ვაჭრობაში. ბრაზილიას ხშირად ედავებიან მაღალი საიმპორტი განაკვეთების დაწესებაში და იმაში, რომ მისი ხელისუფლება ადგილობრივი წარმოების პროტექციონიზმით გამოირჩევა.
აზავედოსა და ბლანკოს შეხედულებებს შორის განსხვავება აშშ-სა და ევროკავშირის პოზიციებს შორის სხვაობას ჰგავს. ბლანკო აქტიურად უჭერს მხარს იმას, რომ კერძო ბიზნესმა უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს მოლაპარაკებებში, სადაც განიხილება საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები და გაუწიოს ლობირება საკუთარ ინტერესებს (შეგახსნებთ, რომ ბლანკოს კანდიდატურას მხარს აშშ-ც უჭერდა). რობერტ აზავედოს (რომლის კანდიდატურასაც მხარს ევროკავშირი უჭერდა) კი აქვს ადამიანის რეპუტაცია, რომელმაც იცის როგორ მოუსმინოს ოპონენტ მხარეებს და მიაღწიოს კონსესუსს, გარდა ამისა, ის წლების განმავლობაში ვმო-ში ბრაზილიის პროტექციონისტული პოლიტიკის დამცველი იყო. ასე რომ, ვმო-ს ახალი მმართველის არჩევისას ამ ორ პრინციპულ შეხედულებას შორისაც მოხდა არჩევანი.
”აზავედოს არჩევა ბევრს ნიშნავს ვმო-ს იმ წევრებისთვის, რომლებიც მომხრენი არიან, რომ ლიბერალიზაციის პროცესი საერთაშორისო ვაჭრობაში უფრო დოგმატურად წარიმართოს. პირველ რიგში, ის გაითვალისწინებს აფრიკული და სხვა ღარიბი ქვეყნების ინეტერებს, რომლებიც ელიან ვმო-ში საკითხების მათ სასარგებლოდ გადაწყვეტას. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სამუშაო არ იქნება მარტივი” – ასე ეხმაურება აზავედოს არჩევას კოლუმბიის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რიკარდო მელენდეს-ორტისი.
დოჰას რაუნდის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც 2001 წელს დაიწყო, 2008 წელს ჩიხში შევიდა. ამ ჩიხმა განსაკუთრებით დააზარალა განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის ბრაზილია, ინდოეთი და აფრიკის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან, რომ მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს განვითარებული ქვეყნების ბაზრები.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ვაჭრობის მხოლოდ 8% მოდის სოფლის მეურნეობასა და ნედლეულზე, ეს სექტორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა პროტექციონისტული პოლიტიკის მიმართ. საშუალოდ, განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის ნედლეულის ტარიფები იმპორტზე 30%-ია, განვითარებად ქვეყნებში კი 54%. ზოგან კი იმპორტზე ტარიფები ადგილობრივი წარმოების დასაცავად 100%-ია. მაგალითისათვის, საკუთარი ნედლეულის ბაზრის დასაცავად პროტექციონისტულ პოლიტიკას აქტიურად იყენებენ იაპონია და სამხრეთ კორეა.
მსოფლიოში მოქმედი მიმდინარე სატარიფო პოლიტიკა შემუშავებულია წინა, ურუგვაის რაუნდის დროს. 1990-იანი წლების დასაწყისში ვმო-ს წევრმა ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მოხსნილიყო ქვოტები სოფლის მეურნეობის ნედლეულზე და მომხდარიყო ამ ქვოტების ტარიფებში ასახვა. ექსპერტების შეფასებით, მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ამ განაკვეთებს ექნებოდათ დროებითი ხასიათი. თუმცა, სოფლის მეურნეობის დარგის ლობირება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ არც განვითარებად და არც განვითარებულ ქვეყნებს მასზე უარის თქმა არ შეუძლიათ. ბევრი მოლაპარაკება ამ მიმართულებით უშედეგოდ დასრულდა, ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ, განსაკუთრებით მათ, რომელთა სოფლის მეურნეობასაც ქვეყნის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს, უარი თქვა საკუთარი ბაზრების უფრო მეტად გახსნაზე. ისინი შიშობენ, რომ ტარიფების მოხსნით დააზარალებენ ფერმერებს და არა მარტო მათ, არამედ მილიონობით ქალაქის მცხოვრებსაც. მათი შიში საფუძვლიანია: ინდოეთში სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული მთლიან მომუშავეთა 53% (280 მილიონი ადამიანი), რომლებიც მშპ-ს ფაქტოვრივად მეხუთედს აწარმოებენ. ჩინეთში დასაქმებულების 36% მოდის აგრარულ სექტორზე (288 მილიონიადამიანი), ისინი მშპ-ს 11%-ს აწარმოებენ. ორივე ქვეყანაში დიდი და სულ უფრო მზარდი მოსახლეობის გამო, მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის საკითხი მწვავედ დგას. ქალაქებში იზრდება საშუალო კლასი, რაც სამომხმარებლო პროდუქტების კალათასაც ცვლის, შემოსავლის ზრდასთან ერთად, ქალაქის მცხოვრებლები უფრო აქტიურად მოიხმარენ ხორცს, თევზს და ნახევარფაბრიკატებს.
მართალია არა იმდენად, მაგრამ სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვანია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვისაც: ევროკავშირში ამ სექტორზე მოდის მშპ-ს 2% და დასაქმებული სამუშაო ძალის 4.4%, აშშ-ში კი შესაბამისად 0.6% და 0.9%. თუმცა განვითარებული ქვეყნები სასოფლო-სამეურნეო სექტორის ლობიზმით მაინც ცდილობენ ტრადიციული დარგის განვითარების ხელშეწყობას. ამ ქვეყნებში სპეციალური პარტიებიც არსებობს, რომლებიც ლობირებას უწევენ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პროტექციონიზმს იმპორტირებულთან შედარებით. ევროკავშირში აგრარული სექტორის სუბსიდიებზე საერთოევროპული ბიუჯეტის 44% იხარჯება ყოველ წელს, რაც დაახლოებით 68 მილიარდი აშშ დოლარია. აშშ-ში კი ეს თანხა დააახლოებით 16 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ვმო-ს ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა ვერც იაპონიის, ვერც აშშ-სა და ვერც ევროკავშირის დათანხმება სავაჭრო ტარიფების შემცირებაზე, გაუქმებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. უფრო რთულია განვითარებადი ქვეყნების დაყოლიება. მაგალითისათვის, 2008 წელს ინდოეთის მაშინდელმა ვაჭრობის მინისტრმა, კამელ ნატმა განაცხადა, რომ ვერ გარისკავს მილიონობით ფერმერის ბედს და ინდოეთი ვერ დათანხმდება ტარიფების შემცირებას.
რადგანაც გლობალური შეთანხმება სავაჭრო ტარიფებზე ვერ შედგა, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული პოპულარული გახდა ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმებები ტარიფებზე. აშშ-ში ეს განსაკუთრებით პოპულარული ბუშის პრეზიდენტობის დროს გახდა, როდესაც 1994 წელს დაიწყო ურუგვაის რაუნდი მსოფლიოში მხოლოდ 80-მდე ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება არსებობდა, 2012 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი უკვე 460-ს აჭარბებდა. ასევე პოპულარული გახდა რეგიონალური გაერთიანებები და მოლაპარაკებები.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით რობერტო აზავედოს წინაშე რთული ამოცანა დგას _ ის უნდა შეეცადოს ვმო-ს ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები უფრო შედეგიანი გახადოს. ამისათვის კი 159 ქვეყნის ერთსულოვნებაა საჭირო. პირველი შედეგის მიღწევას აზავედო დეკემბერში ეცდება, როდესაც ინდონეზიაში ვმო-ს წევრი ქვეყნების ეკონომიკის მინისტრების კონფერენცია გაიმართება. ვმო-ს წევრი ქვეყნები შეეცდებიან მიაღწიონ შეთანხმებას საბაჟო პროცედურების გამარტივების შესახებ, რაც, საბოლოო ჯამში, მოხსნის ბიუროკრატიულ ბარიერებს და ტრილიონი დოლარით გაზრდის მსოფლიო ვაჭრობას. ახალი ხელმძღვანელისგან ელოდებიან, რომ ის არსებული ბარიერების გადალახვას შეძლებს და მოლაპარაკებები ფუჭად არ ჩაივლის. ”აზავედოს წინაშე დღეს ორი მთავარი ამოცანა დგას: დეკემბრის კონფერენციისთვის მომზადება და კონსესუსის მიღწევა მსოფლიო ქვეყნებს შორის, გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის” – აღნიშნავენ ექსპერტები.
აზავედოსგან განსაკუთრებით ელოდებიან იმას, რომ ის ხელს შეუწყობს ბრიკის ქვეყნების ეკონომიკურ წინვლას და მათი როლის ზრდას. ბრიკის 5 წევრი ქვეყნის წილი საერთაშორისო ვაჭრობაში 2000 წლის 7,5%-იანი ნიშნულიდან 2012 წელს 17,1%-მდე გაიზრდა. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ და ევროპა თავის მხრივ აქტიურად ცდილობენ ექსპორტის ბაზრების გაფართოებას, მათ შორის ბრიკის ქვეყნებშიც. მსოფლიო ექსპორტის ნახევარი აშშ-სა და ევროკავშირზე მოდის. ისინი მსოფლიო მშპ-ს 54%-ს აწარმოებენ გაცვლითი კურსის მიხედვით და 40%-ს სამომხმარებლო დანახარჯების მიხედვით. იმის გათვალისწინებით კი, რომ ერთმანეთისათვის საექსპორტი ბაზრების მხრივ აშშ-ცა და ევროპაც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ისინი, ხშირ შემთხვევაში, ერთად იბრძვიან ამა თუ იმ იდეის გასატანად. მათი ინტერესებიც გასაგებია: მხარი დაუჭირონ საკუთარი ექსპორტის გასაღების მთავარ ბაზარს (ანუ დაიცვან ერთმანეთის ინტერესები), მით უმეტეს, განვითარებადი ქვეყნების სულ უფრო მზარდი როლის გათვალისწინებით.
გასათვალისწინებელია ჩინეთის ფაქტორიც, რომელიც საკუთარი სავაჭრო პოზიციების გამყარებას ასევე შეეცდება. აშშ-ში იმედოვნებენ, რომ ვმო-ს ხელმძღვანელის პოსტზე აზავედო უფრო ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელი იქნება საერთაშორისო ვაჭრობაში, ვიდრე ის იყო მაშინ, როცა ვმო-ში წარმოადგენდა ბრაზილიას და მხარს უჭერდა ამ ქვეყნის პროტქციონულ პოლიტიკას. ერთი რამ ცხადია, რობერტო აზავედოს მმართველობის რთული პერიოდი ელის წინ.