პოლიტიკური თუ სამართლებრივი

მაისის ბოლო კვირას, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ასტანაში ”ყაზტრანსგაზ თბილისის” ყაზახეთისთვის მმართველობაში დაბრუნებაზე მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა. საქმე იმაშია, რომ ”ყაზტრანსგაზს” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვალი მართებს, რომლის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ლარია. თავის მხრივ კი საქართველოს ყაზახეთის მიმართ საგარეო ვალდებულება გააჩნია, რომლის რესტრუქტურიზაცია და გადახდა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

”ყაზტრანსგაზ თბილისი” საკუთარი აქტივის უპირობო დაბრუნებას ითხოვს – ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სანჟარ შოკატაევმა სააგენტო ”ყაზთაგისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისში” 2009 წლის 16 მარტს სპეციალური მმართველი დანიშნა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. კომისიის ცნობით, ამ ღონისძიების გატარება იმის გამო გახდა საჭირო, რომ კომპანიას 80 მილიონ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება დაუგროვდა. სპეციალური მმართველი კომპანიაში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებამდე და მიწოდებული გაზის საფასურის ანაზღაურებამდე უნდა დარჩენილიყო. ”ყაზტრანსგაზი-თბილისის” აქციათა პაკეტი და უძრავი აქტივები კი კომპანიის მფლობელის საკუთრებაში დარჩა.

”ყატრანსგაზ-თბილისის” მფლობელი 2005 წლის დეკემბრიდან იყო ყაზახური სახელმწიფო კომპანია KazMunaiGas. კომპანიას საქართველოში სხვა საინვესტიციო გეგმებიც ქონდა, მაგრამ ყაზახურმა მხარემ აგვისტოს ომის შემდგომი დაძაბულობის მოტივით, უარი განაცხადა ფოთში ხორბლის ტერმინალის აშენების გეგმებზე და ასევე, ეკონომიკური მიზანშეუწონლობის მოტივით, უარი თქვა ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე.

2009 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” დავალიანების პრობლემა ვერაფრით მოგვარდა. ამიტომაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ, ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” დროებით მმართველს უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გაუგრძელა, კახა კალაძის ყაზახეთში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე.

2009 წელს დანიშნულ მმართველს უფლებამოსილება 2013 წლის 1-ელ მაისს ეწურებოდა. თუმცა, აპრილის ბოლოს მას 1 თვით გაუგრძელეს უფლებამოსილება იმის იმედით, რომ ივნისამდე საქართველო და ყაზახეთი ”ყაზტრასგაზ-თბილისის” დავალიანებასთან დაკავშირებით საერთო ენას გამონახავდა. მაგრამ საკითხი ჯერაც გადაუწყვეტელია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 4 წლის წინათ სპეციალური მმართველის დანიშვნის მიზეზი კომპანიის 80 მლნ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება გახდა. მათ შორის, ”ყაზტრანსგაზ თბილისს” 68 მლნ ლარი მიღებული ბუნებრივი გაზისათვის `საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მართებდა, ხოლო 12 მლნ ლარი _ ”ნიუ ენერჯის” და რამდენიმე კომპანიის. დღეისათვის გასტუმრებულია დაახლოებით 10 მილიონი ლარი, შესაბამისად, ყაზახების დავალიანება 70 მილიონამდეა.

სემეკის თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი ადასტურებს, რომ კომპანიას კიდევ რჩება დავალიანება და მის სრულად დაფარვამდე ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველი უხელმძღვანელებს. რადგანაც სრული დაფარვა ვერაფრით ხერხდება, რჩება ერთი გამოსავალი: ”ყაზტრანსგაზის” დარჩენლი 70 მილიონი, საქართველოს ყაზახეთის მიმართ არსებული დავალიანების (100 მლნ ლარი) ნაწილში გაიქვითოს.

როგორც ყაზახეთში გამგზავრებამდე ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აცხადებდა `ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკება ვაწარმოოთ და ამ მიზნით მიმდინარე თვეში ყაზახეთში გავემგზავრები. თუ შეთანხმებას მივაღწიეთ, მზად ვართ, კომპანიიდან დროებითი მმართველი გამოვიყვანოთ და ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ყაზახურ მხარეს დავუბრუნოთ”. კალაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, იმ ვალის გადათამაშება მოხდეს, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს ერთმანეთის მიმართ მართებთ.

კომპანიის დირექტორის, სანჟარ შოკატაევის განცხადებით, ის მუდმივად თბილისში იმყოფება და ”ყაზტრანსგაზში” უკვირთ, რატომ ეკონტაქტება მათ მინისტრი პრესის საშუალებით. სააგენტო ”ყაზთაგისთვის” მიცემულ ინტერვიუში შოკატაევი აცხადებს: ”ეს განცხადებები მხოლოდ პრესით ისმის, ჩვენ კი დღემდე არავითარი ოფიციალური დოკუმენტი არ გვაქვს. ისიც არ ვიცით, კონკრეტულად ვისთან უნდა ვილაპარაკოთ. განცხადებებს ენერგეტიკის მინისტრი აკეთებს, არადა ფორმალურად ჩვენი პრობლემები ფინანსთა სამინისტროს უკავშირდება. ჩვენ ხელთ არ გვაქვს არავითარი წერილი, რომელშიც ნათქვამი იქნებოდა, სად და ვისთან უნდა მივიდეთ”.

მისი თქმით, გასულ წელს, საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მას კახა კალაძესთან შეხვედრა ჰქონდა. 17 ნოემბერს თბილისს ყაზახეთის დელეგაციაც ეწვია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. შოკატაევის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე ყაზახურმა მხარემ დააფიქსირა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურა და საკითხის მოგვარება ახალ ხელისუფლებას სთხოვეს. მისივე ინფორმაციით, კალაძემ აღუთქვა მათ, რომ მოლაპარაკებები ახლო მომავალში გაგრძელდებოდა. ყაზახეთის დელეგაციის წარმომადგენელთა განცხადებით, როდესაც საქმე ფინალამდე მივა, ყაზახეთიდან ჩამოვა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რათა ეს საკითხი საბოლოოდ დაიხუროს.

თუმცა, სანჟარ შოკატაევის განცხადებით, ამ შეხვედრიდან 4 თვის განმავლობაში რეალურად არაფერი გაკეთებულა.

”მხოლოდ ბოლო პერიოდში მედიაში წავიკითხეთ იმის შესახებ, რომ ქართული მხარე მზადაა მოლაპარაკებებისთვის და დავალიანების საკითხი უნდა მოგვარდეს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ დავალიანებაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ ჩვენ საკითხის ასე დაყენების კატეგორიული მოწინააღმდეგეები ვართ”, – აცხადებს შოკატაევი. მისი თქმით, ძალიან უსამართლოა საკითხის ასე დასმა იმ შედეგების ფონზე, რომლებიც 4-წლიანმა დროებითმა მართველობამ გამოიღო. კერძოდ, ”ყაზტრანსგაზ თბილისის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, კომპანიის 40-მილიონი დოლარის ვალმა ”გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციის~ მიმართ დღეს 43 მილიონს გადააჭარბა. ”როგორ მოხდა ეს? კომპანია ხომ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მუშაობდა და საკმაოდ დიდი თანხების აკუმულირება მოახდინა, რომლებიც დავალიანების დაფარვაზე უნდა წასულიყო”? – კითხულობს შოკატაევი.

ამის გათვალისწინებით, მისი აზრით, აუცილებელია ყველაფრის დაანგარიშება, რაც კი კომპანიაში 2009 წლის მარტიდან ხდებოდა. ”იქნებ რეალურად კომპანიას მხოლოდ 10 მილიონი დარჩა გადასახდელი? ან სულაც აღარ გვაქვს დავალიანება? შეამოწმოს საქართველოს მთავრობამ – ყველა ციფრი კომპანიის ბუღალტერიაშია, რომლისადმიც წვდომა არ გვაქვს”, – აცხადებს შოკატაევი. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს, რადგან მაისში დროებითი მმართველობის ვადა იწურება.

”2009 წელს ჩვენი კომპანიის ანექსია მოხდა და არავინ მადლობაც კი არ გვითხრა იმისთვის, რომ 2006 წლიდან მასში 108 მილიონი დოლარი ჩავდეთ. ეს შოკი იყო. ყველა მსხვილი პროექტი უცბად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუ არ ჩავთვლით წვრილ კაპიტალდაბანდებებს, მას შემდეგ ყაზახეთიდან საქართველოში არავითარი მასშტაბური ინვესტიციები არ შესულა”, – აცხადებს სანჟარ შოკატაევი. მისი თქმით, ”ყაზტრანსგაზ თბილისის” დავალიანებამ – 40 მილიონმა დოლარმა შეაფერხა უფრო მსხვილი კაპიტალის შემოსვლა საქართველოში და ვიდრე ”ყაზტრანსგაზ თბილისის” საკითხი არ მოგვარდება, ეს თემა ყოველთვის შეაფერხებს საქართველოში ყაზახურ ინვესტიციებს.

ყაზახეთში კალაძე ქვეყნის პრემიერსა და ნავთობისა და გაზის მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკების შედეგად, მხარეები სპეციალური კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც კომპანიის ყახაზეთისთვის დაბრუნებაზე იმუშავებს. ყაზახეთის პრემიერის სერიკ ახმეტოვის განცხადებით, მომავალ წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც ამოქმედდება, რომელიც ყაზახეთს თურქეთის გავლით ევროპასთან დააკავშირებს. ნავთობისა და გაზის მინისტრი საუატ მინბაევი კი აცხადებს, რომ თუ ქართული მხარე გადაწყვეტს, ისინი არ არიან წინააღმდეგი, ქართული ბაზარი დატოვონ.

”ამ შემთხვევაში, ჩვენ მიერ ”ყაზტრანსგაზ თბილისში” ჩადებული თანხის განხილვა უნდა მოხდეს. ამასთან ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეწინააღმდეგებით არც კომპანიაში დარჩენას. მაგრამ საკითხზე პოლიტიკური ან სამართლებრივი გადაწყვეტილებაა მისაღები. სხვაგვარად პრობლემის გადაჭრის გზას ვერ ვხედავ”, _ განაცხადა მინბაევმა.