მსოფლიო ეკონომიკა ციფრებში
აშშ
აშშ-ის რიელტორების ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, ქვეყნის საცხოვრებელი სახლების მეორად ბაზარზე, მიმდინარე წლის აპრილში, გაყიდვების მოცულობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,6%-ით და შეადგინა 4,97 მილიონი ერთეული (Annual Rate). ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 4,99 მილიონი სახლი. ამასთან, სახლების გაყიდვების მოცულობა მეორად ბაზარზე, მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,7%-ით მეტი აღმოჩნდა. მარტის მონაცემები გადაისინჯა მატების მიმართულებით და შეადგინა 4,94 მილიონი ერთეული (ადრე 4,92 მილიონ ერთეულს ვარაუდობდნენ).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ახალი სახლების გაყიდვების მოცულობა, მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2,3%-ით და შეადგინა 454 ათასი ერთეული. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 425 ათასი სახლი იქნებოდა. ამასთან, წლიურ გამოხატულებაში მაჩვენებელი გაიზარდა 28,8%-ით 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც დაფიქსირდა 352 ათასი ერთეული. 2013 წლის მარტის მონაცემები გადაიხედა და შეადგინა 444 ათასი ერთეული (ადრე საუბრობდნენ 417 ათასზე).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების მოცულობა 2013 წლის აპრილში 3,3%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა თვიურ გამოხატულებაში 1,5% იქნებოდა. სატრანსპორტო საშუალებების გამოკლებით, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების მოცულობა 2013 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა, ხოლო თავდაცვისთვის განკუთვნილი შეკვეთების გამოკლებით – 2,1%-ით. გადასინჯული მონაცემებით, ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების მოცულობა 2013 წლის მარტში 5.9%-ით შემცირდა, როცა ადრე საუბარი იყო 6,9%-იან კლებაზე.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობისთვის შემწეობის მისაღებად, მიმდინარე წლის 17 მაისს დასრულებული კვირის შედეგებით სახელმწიფოს პირველად მიმართა 340 ათასით ნაკლებმა ადამიანმა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 345 ათასის ფარგლებში ელოდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, პირველადი მიმართვების რაოდენობა წინა, 10 მაისს დასრულებული კვირის შედეგებით იყო 363 ათასი (ადრე 360 ათასს ვარაუდობდნენ).
გერმანია
გერმანიის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ქვეყნის მშპ, სეზონური და კალენდარული კორექტივების გათვალისწინებთ, მიმდინარე წლის I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა, რაც დაემთხვა კიდეც ანალიტიკოსების ვარაუდებს. 2012 წლის I კვარტალთან შედარებით, მიმდინარე წლის I კვარტალში, იგივე – სეზონური და კალენდარული ფაქტორების გათვალისწინებით, მშპ 0,7%-ით შემცირდა, ხოლო ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე არ შეცვლილა. 2013 წლის I კვარტალში წინა წლის IV კვარტალთან შედარებით გერმანული ექსპორტი შემცირდა 1,8%ით, ხოლო იმპორტი – 2,1%-ით.
გერმანიის კვლევითი ინსტიტუტის (Iფო) მონაცემებით, გერმანიის საქმიანი განწყობის ინდექსი, მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა და შეადგინა 105,7 პუნქტი. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 104,5 პუნქტის დონეზე ელოდნენ. წინა თვეში ამ იდნექსმა შეადგინა 104,4 პუქნტი. მიმდინარე საქმიანი პირობების ინდექსი 2013 წლის მაისში განისაზღვრა 110 პუნქტით ანალიტიკოსების 107,2-პუნქტიანი პროგნოზის ფონზე. რაც შეეხევა მოლოდინის ინდექსს, მან შეადგინა 101,6 პუნქტი, რაც დაემთხვა კიდეც ანალიტიკოსების პროგნოზს. კვლევითი ინსტიტუტის GფK-ის მონაცემებით, სამომხმარებლო ნდობის წინსმსწრები ინდექსი გერმანიაში 2013 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა და შეადგინა 6,5 პუნქტი. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ინდექსის მნიშვნელობა 2013 წლის მაისისთვის 6,2 პუქნტის დონეზე იქნებოდა, რაც გამართლდა კიდეც, გადასინჯული მონაცემებით, 2013 წლის მაისში ნდობის ინდექსმა სწორედ 6,2 პუნქტი შეადგინა. 2013 წლის აპრილში ინდექსმა 6 პუნქტი შეადგინა.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო მონაცემებით, 2014 წლის I კვარტალში ქვეყნის მშპ 0,3%-ით გაიზარდა 2012 წლის IV კვარტალთან შედარებით. ადრე ასევე იუწყებოდნენ მშპ-ის 0,3%-იანი მატების შესახებ, ანალიტიკოსებიც სწორედ ასეთ პროგნოზს აკეთებდნენ. წლიურ გაანგარიშებაში დიდი ბრიტანეთის მშპ, საბოლოო მონაცემებით, 0,6%-ით გაიზარდა, რაც ასევე დაემთხვა ანალიტიკოსების მოლოდინებსა და წინასწარ მონაცემებს. ბრიტანული მშპ-ის შემცირების მაჩვენებელი 2012 წლის ბოლო კვარტალში არ გადასინჯულა და შეადგინა 0,3% კვარტალურ გაანგარიშებაში. ასე რომ, 2013 წლის I კვარტალში ბრიტანულმა ეკონომიკამ შეძლო რეცესიას გაქცეოდა და ზრდის დემონსტრირება მოახდინა, რასაც ექსპერტები ელოდნენ კიდეც. ამასთან, 2013 წლის I კვარტალში წლიურ გაანგარიშებაში დაფიქსირებული მშპ-ის 0,6%-იანი ზრდა აღმოჩნდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის ბოლოდან მოყოლებული. 2013 წლის I კვარტალში ბრიტანული ეკონომიკის ზრდა განპირობებული იყო მომსახურების სექტორში აქტივობისა (აღსანიშნავია, რომ მომსახურების სექტორში აქტივობას, როგორც წესი, ბრიტანეთის მშპ-ის დინამიკაში დიდი წვლილი შეაქვს) და ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების მოცულობის ზრდით. ამასთან, სამომხმარებლო ხარჯები 2013 წლის სამ თვეში ყველაზე ნელი ტემპებით იზრდებოდა 2011 წლის ბოლოდან მოყოლებული, ის კვარტალურ გაანგარიშებაში მხოლოდ 0,1%-ით იმატებდა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის I კვარტალში სამომხმარებლო ხარჯებს მშპ-ის დინამიკაში მცირე როლი არ უთამაშია, რასაც ასევე ხელი შეუწყო სასაქონლო მარაგების ზრდამაც. 2013 წლის I კვარტალში ბრიტანული ექსპორტი შემცირდა 0,8%-ით, ხოლო იმპორტი _ 0,5%-ით.
საცალო ვაჭრობის მოცულობა დიდ ბრიტანეთში, 2013 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 1,3%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიურ გაანგარიშებაში მაჩვენებელი არ შეიცვლებოდა. რაც შეეხება საცალო ვაჭრობის მოცულობას წლიურ გაანგარიშებაში, ის 0,5%-ით გაიზარდა, როცა ანალიტიკოსები 2%-იან ზრდას ელოდნენ. 2013 წლის მარტში ეს მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემებით, თვიურ გაანგარიშებაში 0,6%-ით შემცირდა, ადრე 0,7%-იან კლებაზე იყო საუბარი, ხოლო 2012 წლის მარტთან შედარებით მაჩვენებელი 0,5%-ით არის შემცირებული.