არჩევნები და ეკონომიკა – ქათამი და კვერცხი
მოამზადა ლინა ეპიშევამ
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ამოსაცნობად, ეკონომიკური საკითხები ყოველთვის მთავარი არ არის – ზოგჯერ ამ საკითხის მნიშვნელობა სხვადასხვა მიზეზების გამო უკან იწევს, ისეთის, როგორიც არის, ვთქვათ, ომი. თუმცა, 2004 წელს Gallup-ის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
CBS-is da The New York Times-ის ტელეკომპანიების გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ის ბევრ მოქალაქეს სურს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებისგან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინადადებები გაიგოს.
არჩევნების მოახლოებისთანავე დისკუსიები ამერიკული ეკონომიკის შესახებ სულ უფრო მწვავე ხდება. უზარმაზარი ფინანსური დანახარჯები შეიარაღებასა და ორი სამხედრო კამპანიის წარმართვაზე ასახულია აშშ-ის რეკორდულ საბიუჯეტო დეფიციტში. გამოცემა “ფინანსის” ცნობით, 2004 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი 307 მილიარდ დოლარს უტოლდება, რაც დაახლოებით ქვეყნის მშპ-ის 2,86%-ს შეადგენს (წინანდელი რეკორდი დაფიქსირებული იყო 1992 წელს, პირველი ერაყული კამპანიის დროს). არანაკლებ შთამბეჭდავია აშშ-ის საგარეო ვალი, რომელიც ბოლო ხანს 6 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, აგრეთვე სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდოც, რომელიც დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. დოლარის კურსის შესამჩნევი ვარდნაც საზიანოა ამერიკული ეკონომიკისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატები ამ გარემოებებს თავის სასარგებლოდ იყენებენ. სულ უფრო ხშირად ისმის დემოკრატების კრიტიკა ბუშის ეკონომიკური პოლიტიკის არაკომპეტენტურობისა და ზემოაღნიშნული ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ.
მაგრამ უმცროს ბუშს აქაც აქვს კონტრიერიშის შანსი. ბუშის ადმინისტრაცია საბიუჯეტო დეფიციტის და საგარეო ვალის ზრდის მიზეზად საგადასახადო ტვირთის შემცირებას ასახელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საგადასახადო ტვირთის შემცირების ზომები და დოლარის დევალვაცია მიმართულია ამერიკული ეკონომიკის ზრდის აქტივიზაციაზე. კონგრესის მიმართვაში ბუშმა მისთვის დამახასიათებელ მანერით განაცხადა: “ამერიკელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მშრომელი ხალხი არიან. ამერიკული ეკონომიკა იზრდება. თქვენს მიერ მიღებული გადასახადების შემცირების კანონი იმუშავა”.
2004 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მიმდინარე ანგარიშების დეფიციტმა ახალი რეკორდი დაამყარა და 5,1%-ს მიაღწია, რადგან ამერიკელების მიერ იმპორტირებული საქონლის შესყიდვების მოცულობა აგრძელებს ზრდას. ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშების ბალანსის დეფიციტი 17,9 მილიარდ დოლარიდან 144,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც აშშ-ის ეკონომიკის 5,1%-ს უტოლდება. სავაჭრო სამინისტროს ანგარიშის თანახმად, დოლარი კვლავ აგრძელებს ვარდნას. ევრომ აშშ-ის ვალუტასთან მიმართებაში 0,74%-ით გაძვირდა, ხოლო იენთან მიმართებაში დოლარმა ექვსთვიან მინიმუმს მიაღწია.
“თუმცა აშშ-ის ეკონომიკა რჩება მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის ლიდერად, დანარჩენი მსოფლიო აფინანსებს ამ ზრდასთან დაკავშირებული დანახარჯების დიდ წილს”, – განაცხადა სტივენ ვუდმა, ინსაიტ ეკონომიკსის მთავარმა ეკონომისტმა.
ეკონომიკური ზრდის შენელების ფაქტი და ზომიერი ზრდის პროგნოზები აღნიშნული იყო სხვა ეკონომიკურ ანგარიშებშიც.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სხვა ვალუტებთან მიმართებაში დოლარის ვარდნის მიზეზია მიმდინარე ანგარიშების დეფიციტია, რადგან აშშ-ში უპირატესობას ანიჭებენ იმპორტს, ვიდრე ექსპორტს და ადგილობრივი დანაზოგების დეფიციტის დასაფინანსებლად ფულს დანარჩენ მსოფლიოდან სესხულობენ. ერთ-ერთი ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, ყოველდღიურად აშშ დანაზოგების დეფიციტის დასაფინანსებლად 1,5 მილიარდ დოლარს სესხულობს. ამ დეფიციტის დიდი წილი დაფარულია უცხოელების მიერ აშშ-ის სამთავრობო ობლიგაციების შესყიდვებით, რადგან მასიური ინტერვენციების დროს ასეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია აქტიურად ყიდულობდნენ დოლარში გამოხატულ აქტივებს დოლართან მიმართებაში მათი ვალუტების დასუსტების მიზნით.
პირველ კვარტალში აშშ-ის აქტივების შესყიდვა უცხოელების მიერ 125,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ზოგიერთი ეკონომისტი ფიქრობს, რომ უცხოელების მიერ აშშ-ის აქტივების შესყიდვების შენელების შემთხვევაში დაეცემა აქციათა კურსი და აშშ-ის საპროცენტო განაკვეთები უფრო მეტად გაიზრდება.
საზღვარგარეთ აშშ-ის აქტივებმა 289,3 მილიარდ დოლარს მიაღწია. პირველ კვარტალში სხვაობა საქონლის იმპორტისა და ექსპორტს შორის 150,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
აშშ-ის დასუსტებულმა დოლარმა ხელი შეუწყო ექსპორტის ზრდას, რადგან საზღვარგარეთ აშშ-ის საქონელი გაიაფდა. პირველ კვარტალში ვაჭრობის ხვედრით წილში დოლარი 3%-ით დაეცა.
დამოუკიდებელი ეკონომიკური ციკლის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპმა 13-თვიან მინიმუმს მიაღწია.
“შენელების ნიშნები ნათლად შეიმჩნევა”, – განაცხადა ინსტიტუტის დირექტორმა ანირვან ბანერჯიმმა.
ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება შემდეგი წლისათვის. თუ ეკონომიკის ვარდნის გამო მოთხოვნა იმპორტზე შემცირდება, შემდეგ წელს შესაძლებელია სავაჭრო დეფიციტის შენელება.
ეკონომისტებს აწუხებს კითხვა: საკმარისია თუ არა ფულის ნაკადი ასეთი გრანდიოზული დეფიციტების დასაფარავად? ჯერჯერობით საკმარისია – აპრილში, ამერიკის ხაზინის მონაცემებით, ფულის ნაკადმა 76,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, ეს თანხა ნაკლებია, ვიდრე მარტში (80,6 მილიარდი) და მით უმეტეს, თებერვალში – მაგრამ მთავარია ის, რომ საგარეო მოთხოვნის სტრუქტურა, რბილად რომ ვთქვათ, არც ისეთი ჯანმრთელია. საქმე იმაშია, რომ უცხოელებმა მკვეთრად (43-43%-ით) შეამცირეს აშშ-ის სახაზინო და კორპორაციული ობლიგაციების შესყიდვები – სამაგიეროდ, ძალზე მკვეთრი ზრდა (თითქმის 8-ჯერ) აღინიშნებოდა აშშ-ის იპოთეკური სააგენტოების ობლიგაციების შესყიდვაში. სახსრების დაბანდების ასეთი ტაქტიკა ძალიან საშიშია: თუ გარკვეული მოვლენების განვითარების დროს სახაზინო ობლიგაციების კურსი ნელ-ნელა ეცემა, უძრავ ქონებასთან პრობლემების შემთხვევაში სააგენტოს ქაღალდების კურსი შეიძლება მომენტალურად დაეცეს ნულამდე. აქედან გამომდინარე, ამ სექტორში შესყიდვების შემდგომი გაზრდა მოსალოდნელი არ არის, ხოლო კერძო მოთხოვნა დანარჩენ აქტივებზე ეცემა (აზიის ცენტრობანკებზე ისედაც მოდის აშშ-ის ბონდების შესყიდვების 60%), თანაც საგარეო ინვესტორები უკვე მეორე თვეა რჩებიან ამერიკული კომპანიების აქციების წმინდა მყიდველებად (ე.ი. ისინი ნაკლებად ყიდულობენ აქციებს, ვიდრე ყიდიან), მიუხედავად იმისა, რომ აპრილში შესყიდვების მოცულობა ნაკლებია, ვიდრე მარტში.
მრავალი ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, აშშ-ში აღინიშნება ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური წარმატებები მართლა შეიმჩნევა, რაც ასახულია ბუშის წინასაარჩევნო რიტორიკაში. სამრეწველო სექტორი მყარდება, იზრდება ინვესტიციების მოცულობა, საფონდო ბაზარი და უძრავი ქონების გაყიდვები. წარმატების დასამტკიცებლად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვლავ აპირებდა გადასახადების შემცირებას და გააფრთხილა, რომ არ დაუშვებდა “მშრომელი ამერიკელების გადასახადების ზრდას”. დემოკრატებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ გადასახადების შემცირება დადებით ზეგავლენას მხოლოდ შეძლებული ამერიკელების მდგომარეობაზე მოახდენს, მაგრამ ეკონომიკური ზრდის და ბუშის ადმინისტრაციისთვის ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებში ეს კრიტიკა ნაკლებად გადამწყვეტი იქნება.
თუ გავითვალისწინებთ 2003 წლის გაყიდვების დინამიკას, როცა ძალაში შევიდა საგადასახადო სტიმულირების ზომები, შესამჩნევი ხდება ზრდის შენელება. ეს გასაგებიც არის: საგადასახადო შეღავათები იყო ერთჯერადი აქტი, ხოლო 2004 წლის დასაწყისში მასშტაბურმა ფულადმა გაბერვამ მხოლოდ გადაავადა კერძო მოთხოვნის ზრდის გარდაუვალი შეჩერება.
ამავე დროს გრძელდება მიწოდების ზრდაც: მაისში სამრეწველო წარმოება შტატებში გაიზარდა ისეთ დონემდე, როგორიც ექსპერტებს უკვე 6 წელია არ უნახავთ. იქმნება ასეთი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ტიპიური სურათი: ხელისუფლების ტრიუმფალური მარში ფულად გაბერვასთან ერთად ქმნის მოთხოვნის სერიოზული ზრდის ილუზიას, ხოლო ამ ილუზიით მოტყუებული ბიზნესი აგრძელებს მიწოდების გაზრდას. მომდევნო გამოფხიზლება, როგორც ყოველთვის, მწარეა, ხოლო იმაზე, რომ გამოფხიზლების დრო დადგა, მოწმობს ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბიუროს საქმიანი აქტიურობის რეგიონალური ინდექსი: მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი გაიზარდა, მისი დასაქმების კომპონენტი დაეცა – მოგეხსენებათ, რომ ოფიციალური შრომის სტატისტიკა უფრო მეტყველებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის თანდათანობრივ შეჩერებაზე, ვიდრე მის მდგრადობაზე და დაჩქარებაზე.
ამასთან, გაზაფხულს დოლარის ვარდნის შენელებას აშშ-ის საგარეო სავაჭრო დეფიციტის სავალალო შედეგები მოჰყვა: მარტში სავაჭრო დეფიციტი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო აპრილში, პროგნოზების საწინააღმდეგოდ, დეფიციტმა თვეში 50 მილიარდი დოლარის ფსიქოლოგიურ ნიშანს მიაღწია. უეჭველია, რომ ეს დონე ძალიან მალე იქნება გადალახული – შესაძლებელია, ამ ზაფხულსაც: ამ დარწმუნების მიზეზია ის, რომ ნავთობზე მაღალი ფასები (ფორმალურად, აპრილში ნავთობის ფასებმა აჩვენეს მაქსიმუმი 1983 წლის თებერვლიდან) უკვე არ წარმოადგენს დეფიციტის ზრდის მთავარ მიზეზს. საქმე იმაშია, რომ აშშ-ში ნავთობის იმპორტი დაეცა მარტთან შედარებით – თანაც, როგორც ნატურალურ, ასევე ფულად გამოხატულებაში. ამასთან, დაეცა ექსპორტი, რაც იმაზე მოწმობს, რომ ზაფხულში ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნამ შეიძლება უფრო მეტად გაზარდოს დეფიციტი.
ბევრი ექსპერტისთვის მთავარ საკითხად რჩება საპროცენტო განაკვეთების თემა. აშშ-ში კამათი, ძირითადად, მხოლოდ განაკვეთების ზრდის სიჩქარეს ეხება. საერთო ჯამში, ინფლაცია საკმაოდ მაღალია: სამომხმარებლო ფასების ინდექსმა მაინც გაამართლა ეკონომისტების მაღალი მოლოდინები, მაგრამ სამომხმარებლო ფასებმა ყოველ ზღვარს გადააჭარბა – საერთო ჯამში, ბაზრის მოლოდინების გარდა, გასულ წელთან შედარებით ფასების 5-7%-იანი ზრდის ფაქტი თავისთავად სერიოზულია. მაგრამ წინ არჩევნებია, რომელზეც დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკა: ალან გრინსპენმა სენატში გამოსვლის დროს ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებდა ფედერალური სარეზერვო სისტემი ს მიერ განაკვეთების ზრდის სულელურ თემაზე საუბარს. ეჭვების გაფანტვის მიზნით, იგივე კომენტარებს აკეთებდნენ ფედერალური სარეზერვო სისტემის სხვა მაღალჩინოსნები: ფედერალური სარეზერვო ბიუროს მეთაურმა, რიჩმონს ბროუდოსმა დაამტკიცა, რომ ინფლაცია კონტროლის ქვეშ იყო, ხოლო მისი კოლეგის მაიკლ მოსკოუს თქმით, ინფლაცია “ზომიერია”, თუმცა მან შემდგომ დაამატა, რომ “ეკონომიკა გადახურდება”, თუ არ გაიზრდება განაკვეთები.
რადგან ბოლო ხანს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელობა თავის წინასწარმეტყველობას ამჟღავნებს, რეზონულად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 29-30 ივნისის სხდომის დროს ის აპირებს განაკვეთების გაზრდას 0,25%-ით. ფედერალურ ბონდებზე ფიუჩერსების გათვალისწინებით, ბაზრის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან მოვლენების მსგავს განვითარებაში: ექსპერტთა 10%-ს სჯერა, რომ განაკვეთი უცებ 0,50%-ით გაიზრდება. ამავე დროს, ახლა აზრთა სხვაობამ 10 აგვისტოს სხდომასაც შეეხო: ბაზრის მონაწილეთა ნახევარზე მეტი განაკვეთების ხელახალ 0,25%-იან ზრდას ელოდება, ხოლო მეორე ნახევარი ფიქრობს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა უფრო გადამწყვეტ ზომებს მიიღებს. საერთო ჯამში, შეიძლება ერთი რამის კონსტატირება: საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩა ფედერალური სარეზერვო სისტემის მხოლოდ 3 სხდომა – 30 ივნისი, 10 აგვისტო და 21 სექტემბერი. მას შემდეგ წლის ბოლომდე ჩატარდება კიდევ ორი სხდომა. უკვე ახლა ბევრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსკენ განაკვეთმა 2,25%-ს მიაღწევს, ე.გ. მიმდინარე განაკვეთზე 1,25%-ით მაღალი იქნება. მნიშვნელობა არ არის, რა ტრაექტორიით მივა ეს ამ ნიშნამდე. მთავარია ის, რომ წლის ბოლოსკენ აშშ-ის საპროცენტო განაკვეთი გაუთანაბრდება ევროპული ცენტრალური ბანკის განაკვეთს.
წმინდა ეკონომიკური მოვლენებს შორის გამოირჩევა ამერიკის შრომის ანგარიში. საერთო ჯამში, ის დადებითი იყო: მაისში სამუშაო ადგილების რიცხვი 248,000-მდე გაიზარდა, ხოლო მარტის და აპრილის მონაცემებში მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნეოდა. 3,5 წლიანი ვარდნის შემდეგ, სამრეწველო სექტორი უკვე მეოთხე თვეა სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს, თუმცა ახალი სამუშაო ადგილების დიდი წილი კვლავ მომსახურეობის სფეროზე მოდის, რომელმაც 1,3 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა. სხვა საქმეა, რომ ეს ადგილები დაბალკვალიფიცირებულია და დაბალანაზღაურებადია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.
უარესი არის ის, რომ მაისში დათხოვნების რიცხვი გაიზარდა არა მხოლოდ აპრილთან შედარებით, მაგრამ აგრეთვე 2003 წლის მაისთან მიმართებაში – ეს ხდება პირველად წლის დასაწყისიდან. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპიც შენელდა, რაც ექსპერტთა მოლოდინებს შეესაბამება (აპრილში და მარტში ის პროგნოზებს ორჯერ აღემატებოდა). უმუშევრობა იზრდება – გაიზარდა აგრეთვე უმუშევრობის სტატუსით ყოფნის საშუალო დრო. სამუშაო ძალის ღირებულება ნელი ტემპით იზრდება, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და საფრთხის ქვეშ აყენებს იმ მინიმალურ ეკონომიურ ზრდას, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკაში აღინიშნება. დაბოლოს, აშშ-ის პოტენციური სამუშაო ძალა (მოსახლეობა 16 წელზე ზემოთ) იზრდება 200 ათას ადამიანამდე თვეში, ამიტომ, შრომის ბიუროს სტატისტიკის მონაცემების მიუხედავად, მოზრდილ მოსახლეობაში დასაქმებულთა წილი არ იზრდება.
ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ამერიკული ხელისუფლების მასტიმულირებელი ზომები უკვე იწურება. გადასახადების შემცირებამ გამოიწვია ზრდა 2003 წლის მეორე ნახევარში, ხოლო მძლავრმა ფულადმა გაბერვამ – მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ახლა მათი ეფექტი იწურება, ხოლო მათ მიერ შექმნილი პრობლემები რჩება: საბიუჯეტო ხვრელი (და შედეგად, მზარდი საპროცენტო განაკვეთები) და ინფლაცია, განსაკუთრებით სავაჭრო ბაზრებზე. ამ პირობებში, საპროცენტო განაკვეთების სწრაფმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ანალოგიური მოქმედება 1929 წლის ზაფხულის ანალოგიურ პირობებში ანუ რამდენიმე თვის დროებითი შენელებით მოახდინოს სპეკულაციურ ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა, საკრედიტო ბუშტების გასკდომა და მთლიანი საფინანსო სისტემის კოლაფსი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი რეცესია ახლა დაიწყება – საპრეზიდენტო არჩევნებამდე არაფერი მოხდება. მაგრამ არჩევნების შემდეგ სუსტი ადგილები შეიძლება უცებ გამოვლინდეს – მაშინ გაიხსნება ასეთი ფანდორას ყუთი, რაც არავის ცოტა არ მოეჩვენება&სჰყ;&სჰყ;…
შეძლებს თუ არა ბუში თავისი პოზიციების შენარჩუნებას არჩევნებამდე? საგადასახადო ტვირთის შემცირების დადებითი ეფექტი და დოლარის დევალვაცია შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს, ამასთან საგარეო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი არსად არ გაუჩინარდება. მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფითი პროცესების გამო. საბიუჯეტო დეფიციტი, სავაჭრო ბალანსის უარყოფიტი სალდო, უზარმაზარი საგარეო ვალი, რა თქმა უნდა, უარყოფითი ფაქტია, მაგრამ დამღუპავი არ არის. მსოფლიო ეკონომიკური სისტემის პერიფერიაზე სერიოზულმა ვარდნამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ აშშ-ის ეკონომიკის გამოფხიზლება დარღვეული იქნება საგარეო ეკონომიკური პირობებით, კონტროლი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე მნიშვნელოვნად გართულდება და დემოკრატებს კარგი შანსი მიეცემათ ბუშის დისკრედეტირებისათვის.