ყველასგან დაწუნებული კოდექსი
საქართველოს განახლებული შრომის კოდექსი აქვს. საქართველოს პარლამენტმა ის პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მიუხედავად ამისა, შრომის კოდექსის გარშემო დავა არ წყდება. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით კმაყოფილნი არც დასაქმებულები არიან (ამ შემთხვევეაში, პროფკავშირების სახით) და არც დამსაქმებლები. ბიზნესმენთა შეფასებით, დასაქმებულთა უფლებებზე ორიენტირებული შრომის კოდექსი ინვესტორებს დააფრთხობს და ისედაც მცირე სამუშაო ადგილები კიდევ უფრო შემცირდება. ახალი შრომის კოდექსს ასევე შეუძლია ხელის შეშლა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
საქართველოს შრომის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის რეგულირების გამკაცრება, მასობრივი დათხოვნის რეგულირების შემოღება და კოლექტიური დავის განხილვის პროცესში სახელმწიფოს როლის გაზრდა.
როგორი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მსგავს რეგულაციებს? ხელს უწყობს თუ არა ისინი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან არსებულ სამუშაო ადგილებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას? როგორ რეაგირებენ მსგავს რეგულაციებზე დამსაქმებლები? საერთაშორისო ემპირიული კვლევების, სხვა ქვეყნის მაგალითებისა და არსებული ცვლილებებისადმი ბიზნეს ხელმძღვანელების დამოკიდებულებების შესწავლის საფუძველზე PMC Research Center-მა წარმოადგინა საქართველოს შრომის კოდექსის ცვლილებების ეკონომიკური ანალიზი.
როგორც ორგანიზაციის მიერ ივნისის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, The World Bank ჯერ კიდევ 1990 წლის ანგარიშში ავითარებს აზრს, რომ შრომითი ბაზრის რეგულაციები, რომლებიც მიმართული იყო დასაქმებულების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, სინამდვილეში ზიანს აყენებს მათ. OECD წევრ სახელმწიფოებში არსებული განსხვავებული უმუშევრობის დონეების მიზეზების ძიებისას, ჯერ კიდევ 1994 წელს წარმოდგენილ ანგარიშებში, ხაზს უსვამს შრომითი ბაზრის ინსტიტუტების მნიშვნელოვნობას და წევრ ქვეყნებს ურჩევს შრომის ბაზრების დერეგულირებას.
”ანგარიშში წარმოდგენილი საერთაშორისო ემპირიული კვლევების ანალიზი ცხადყოფს, საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ანალიზი საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ აღნიშნული ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს დასაქმების დინამიკაზე, შეამცირებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას, გაზრდის არაფორმალური ეკონომიკის და პოლიტიკური კორუფციის არსებობის ალბათობას. ასევე, ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკას გაუჭირდება ცვლილებებთან ადაპტირება. შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის რეგულირების გამკაცრება ცალსახად ზრდის ბიზნესმენის დასაქმებულთან დაკავშირებულ ხარჯებს. ხარჯების გაზრდა, სავარაუდოდ, შეამცირებს მოთხოვნას შრომის ძალაზე, რაც, შესაბამისად, უარყოფით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე” _ ვკითხულობთ ანგარიშში.
ბიზნესმენები განსაკუთრებით უკმაყოფილო იმ მუხლის მიმართ არიან, რომელიც მათ უვადო ხელშეკრულების დადებას ავალდებულებს. კვლევის ავტორთა შეფასებით, უვადო ხელშეკრულების ტვირთი მეწარმეებს უძლიერებს სტიმულებს, არ შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. უვადო ხელშეკრულებები მეწარმეებს მისცემს ბიზნეს-რისკების შემცირების მოქნილობის ნაკლებ შესაძლებლობას, შედეგად, ნაკლებ სტიმულს შექმნან ახალი ვადიანი სამუშაო ადგილები. მექანიზმის მოშლა, რომელიც ბიზნესმენს აძლევს საშუალებას უფრო თამამად მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, საბოლოოდ უარყოფითად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და, ზოგადად, დასაქმების მაჩვენებელზე.
ექსპერტები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მასობრივი დათხოვნისა და კოლექტიური დავების შემთხვევებში, იზრდება სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობის შესაძლებლობა. რაც ზრდის ბიზნესზე სახელმწიფოს წნეხს. მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის რთული იქნება არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. ხშირად საქმე გვექნება ან პოპულისტურ გადაწყვეტილებებთან ან სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის მახინჯი ურთიერთობების ფორმებთან კორუფციული გარიგებები და ა.შ. შრომის ბაზრის მოქნილობის შემცირება ამცირებს აგრეთვე ბიზნესმენების შესაძლებლობას, სწრაფი რეაგირება მოახდინონ მიმდინარე ცვლილებებზე ეკონომიკური კრიზისის დროს. შედეგად, ეკონომიკური ვითარების გაუარესების შემთხვევებში, ვერ მოხერხდება სიტუაციის სწრაფი შემობრუნება გაუმჯობესებისაკენ. მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის კი, რომლებიც ზედმეტად მგრძნობიარენი არიან გლობალური კრიზისის ან მსგავსი უარყოფითი შოკებისადმი, მოქნილი შრომის ბაზარი იძლევა სწრაფი ადაპტირების საშუალებას.
ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის შედეგები, რომელიც ბიზნესმენების გამოკითხვამ აჩვენა. ცვლილებების ჯამური შეფასებისას, გამოკითხული ბიზნეს ხელმძღვანელების დაახლოებით 46% ფიქრობს, რომ ამ ცვლილებებს არ ექნება პოზიტიური ეფექტი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. ხოლო ბიზნეს ხელმღვანელთა დაახლოებით 51%-ს მიაჩნია, რომ ცვლილებები არ იმოქმედებს პოზიტიურად ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
პროფკავშირების წარმომადგენელთა შეფასებით კი, მსგავს საკითხებზე აპელირება გაუმართლებელია და ნებისმიერ ცივილიზებულ, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანას მკაცრი შრომის კოდექსი აქვს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ამის საპასუხოდ, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ბიზნეს გარემოს შეფასებისას, რომელიც ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია, ყურადღება ექცევა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, საგადასახადოსა და შრომის კოდექსებს, სასამართლო სისტემას და ა.შ. არა განცალკევებულად, არამედ ერთიანობაში. განვითარებულ ქვეყნებში შედარებით მკაცრი შრომითი კანონმდებლობა შესაძლებელია კომპენსირდეს სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობით, ან გამართული სასამართლო სისტემით. ”თუმცა, OECD-ის ქვეყნების ანალიზი ცხადყოფს, რომ მკაცრ შრომით რეგულაციებს ეკონომიკაზე ამ ქვეყნებშიც უარყოფითი ზღვრული ეფექტი აქვს. ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მაკროეკონომიკური სტაბილურობა ნაკლებია, სასამართლო სისტემა არ არის გამართული, ეკონომიკის დამატებითი რეგულაციებით დატვირთვა ამცირებს ახალი ინვესტიციების ჩადების სტიმულს” _ ვკითხულობთ PMჩ Research Center-ის ანგარიშში.
კვლევის ავტორები, ემპირიული კვლევების შედეგების, შრომის კოდექსში წარდგენილი ცვლილებებისადმი ბიზნეს ხელმძღვანელების დამოკიდებულების კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით და საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობას რეკომენდაციებსაც სთავაზობენ: მაქსიმალურად შემცირდეს ან გაუქმდეს ვადიანი ხელშეკრულების დადების შეზღუდვა; შრომითი ურთიერთობების შეწყვეტისას უზრუნვეყოფილ იქნას დასაქმებულისა და დამსაქმებლის თანასწორობა, რაც გულისხმობს ორივე მხარისთვის ამ ტიპის ურთიერთობებში შესვლისა და გამოსვლის თავისუფლებას; გაიზარდოს კოლექტიური ხელშეკრულებების დადების თავისუფლების ხარისხი. პროფესიულ კავშირებს არ ჰქონდეთ კანონით მინიჭებული მონოპოლიური მდგომარეობა, დასაქმებულების სახელით აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები და ბოლოს, კოლექტიური დავების მოგვარების პროცესში, გამოირიცხოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მონაწილეობა ნებისმიერი ფორმით.
შრომის ბაზრის რეგულირება, რომლის მიზანია დასაქმებულთა უფლებების დაცვა ძირითადად ოთხი სახისაა:
1. სახელმწიფო კრძალავს დისკრიმინაციას შრომის ბაზარზე და დასაქმებულებს უზრუნველყოფს ”ბაზისური უფლებებით”, როგორიცაა მაგალითად, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, მინიმალური ხელფასის ოდენობის დადგენა და ა.შ.;
2. სახელმწიფო შრომითი ხელშეკრულებების ფორმებისა და შინარსიის შეზღუდვით არეგულირებს შრომით ურთიერთობებს, ზრდის დასაქმებულის განთავისუფლების ხარჯებს და განსაზღვრავს სამუშაო დროის ხანგძლივობას;
3. სახელმწიფო დამსაქმებელთა პოზიციების შესასუსტებლად პროფესიულ კავშირებს აძლევს მონოპოლიურ უფლებას, წარმოადგინონ დასაქმებულები კოლექტიური ხელშეკრულებებით;
4. სახელმწიფოები თავად ქმნიან მექანიზმებს დასაქმებულთა დასაცავად, მაგალითად, სოციალური უსაფრთხოების ინსტრუმენტებს, როგორიცაა უმუშევართა სოციალური შეღავათები, სპეციალური გადამზადების კურსები და ა.შ.
საქართველოს შრომის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები, ძირითადად, შრომის ბაზრის რეგულირების ზემოთ ჩამოთვლილი ფორმებიდან მეორე და მესამე ჯგუფებში შეიძლება გავაერთიანოთ. ვინაიდან ცვლილებების მიხედვით იზღუდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა; დამსაქმებელი დასაქმებულის განთავისუფლებისას, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია წერილობით ახსნას განთავისუფლების მიზეზი; კოლექტიური მოლაპარაკებების დროს მონოპოლიური მდგომარეობა ენიჭება პროფესიულ კავშირს და დამსაქმებელი ვალდებულია მასთან აწარმოოს მოლაპარაკება; კოლექტიური დავების მოგვარების პროცესში იზრდება სახელმწიფოს როლი. მაგალითად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით დანიშნოს მედიატორი დავის შემთხვევებში.
მაგრამ როგორ უკვე აღვნიშნეთ, უკმაყოფილო ახალი შრომის კოდექსის მიმართ მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლები არ არიან. ”საქართველოს პროფკავშირის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ახალ შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ნამდვილად არ გახლავთ ის, რისი იმედიც დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდათ. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ შრომის კოდექსის პროექტსა და საბოლოოდ დამტკიცებულ ვერსიას შორის ფუნდამენტალური განსხვავებაა. ამ მდგომარეობამ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ 12 ივნისს გამართულ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობა აღარ მიეღო და პროფკავშირელების სახელით, საკუთარი მწვავე პროტესტი ამ გზითაც დაეფიქსირებინა” _ ვკითხულობთ საქართველოს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში (წყარო: http://gtuc.ge/?p=552).
პარლამენტმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 11 ივნისს მიიღო. გადაწყდა, რომ უვადო ხელშეკრულებები იქნება შემოღებული, თუმცა გარკვეული რეგულაციებით. უვადო ხელშეკრულება გაფორმდება დასაქმებულთან, თუ ის მუშაობს 30 თვის განმავლობაში. ასევე, ორი ტიპის რეგულაცია შემოდის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინასწარი გაფრთხილების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ერთი თვით წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში, დასაქმებულს ერთი თვის სამუშაო ხელფასი აუნაზღაურდება, ხოლო თუ დამსაქმებელი სამი დღით ადრე გააფრთხილებს დასაქმებულს, მაშინ მას მოუწევს დასაქმებულისათვის 2 თვის სახელფასო ანაზღაურების მიცემა.
როგორც პროფკავშირის წარმომადგენელები აცხადებენ, პარლამენტის კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღება პირველ რიგში იმიტომ შეწყვიტეს, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით მთავრობას, პარლამენტსა და ბიზნესმენებს შორის კულუარული ვაჭრობა დაიწყო. მათი არაოფიციალური შეხვედრების დროს დასაქმებულთა მხარე არ იყო წარმოდგენილი. დასაქმებულთა ორგანიზაციას (გარდა საკომიტეტო მოსმენებისა) არ მისცემია საშუალება, რომ დასწრებოდა მათ დიალოგს, მოესმინა სხვისი და წარმოედგინა საკუთარი არგუმენტები.
ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე: ”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებს, რომ აღნიშნული შრომის კოდექსი ნამდვილად არ დაგვაახლოვებს ევროპას, რადგან კოდექსში დატოვებულია ისეთი სიმახინჯეები, როგორიც არის პროფკავშირის და დასაქმებულთა დისკიმინაცია, ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვა, ნების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სხვა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონტექსტში წინა შრომის კოდექსში არსებული პრობლემების ნაწილი აღმოფხვრილია, მაგრამ ევროდირექტივებთან და ევროპის სოციალურ ქარტიასთან დაკავშირებით, მრავალი პრობლემა კვლავ არსებობს. როდესაც მოქალაქეების ერთ ნაწილს აქვს 40-საათიანი სამუშაო კვირა, ხოლო მეორე ნაწილს ეუბნებიან, რომ, თქვენ სპეციალური რეჟიმის ქვეშ უნდა იმუშაოთ და თქვენ 48-საათიანი სამუშაო კვირა უნდა გქონდეთო – ძალიან მიჭირს იმის გამოცნობა, თუ რას უპასუხებენ ამ კითხვების დამსმელს მოქალაქეები. იმედია, იმას მაინც არ ეტყვიან, რომ მათ პროფესიის არჩევა შეეშალათ.
ახლა, როდესაც ასეთი ნაკლოვანი შრომის კოდექსი მიიღეს, ყველაზე ნათლად გამოჩნდება საქართველოში ადამიანები რამდენად სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ. მე პროტესტს ვაცხადებ კომპანია `პეესპეს~ მომსახურებაზე და პირადად მე არასოდეს ვიყიდი ამ კომპანიის პროდუქციას, რადგან, ბატონმა ოქრიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ამ დისკრიმინაციული შრომის კოდექსის ასე შეცვლაში და დამახინჯებაში”.
საქართველოს პროფკავშირების გაერთაინებაში აცხადებენ, რომ ამიერიდან ისინი ყოველთვის შეუერთდებიან საგაფიცვო მოძრაობას და კონკრეტულ შემთხვევაში გაფიცვის ორგანიზატორების შეიძლება იყვნენ.