ემუქრება თუ არა საქართველოს საბიუჯეტო კრიზისი
მაკა ღანიაშვილი
მიმდინარე გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც 2007/08 წლებში დაიწყო, მთავრობის სოციალური ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდა. როგორც ჩანს, ტენდენცია არც მომავალში შეიცვლება. ბოლო 5 წლის განმავლობაში OECD-ის ქვეყნების სოციალური ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში საშუალოდ 22%-მდე გაიზრდა 2007 წელს არსებული 19%-იანი მაჩვენებლიდან.
მშპ-სთან მიმართებაში სოციალური ხარჯების ზრდას ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
1) კრიზისის დროს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი განსაკუთრებით საჭიროებს დახმარებას უმუშევრობის ზრდისა და იპოთეკური კრიზისის გათვალისწინებით; 2) შემცირდა მშპ ზოგადად და მასთან მიმართებაში იზრდება სოციალური ხარჯები. ქვეყნების უმეტესობაში სოციალური დანახარჯები 6%-ით მეტია 2007/08 წლების მონაცემებთან შედარებით. სოციალური ხარჯების მთავარი ელემენტი ჯანდაცვა და პენსიებია. ამის გათვალისწინებით, იმ ერებს, რომლებიც ”ადრე ბერდებიან”, უფრო მეტ სოციალური დანახარჯები აქვთ, იმათთან შედარებით, რომელთა მოსახლეობაც შედარებით ახალგაზრდაა. საქართველოში მოსახლეობის დაბერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პრობლემაა, რასაც სოციალური ხარჯების ზრდამდე მივყავართ. ეს კი მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პრობლემების მომტანი შეიძლება გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ როცა ქვეყანაში უმუშევრების რაოდენობა იზრდება და შობადობაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მცირდება.
ზემოთ ჩამოთვლილი 2 მიზეზის გარდა, სოციალოური ხარჯების ზრდას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი აქვს – არჩევნები და ამომრჩეველთა კეთილგანწყობა.
ეკონომიკის ექსპერტი, ლევან კალანდაძე: ”ის, თუ, ზოგადად ქვეყანაში როგორ განვითარდება მოვლენები დამოკიდებულია ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე. ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საბიუჯეტო პოლიტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ეფექტიანი. შედეგიანობა კი არაა დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად მეტ მოქალაქეს დავაფიანსებთ ერთჯერადად, რამდენად ბევრ სოციალურ პროექტს განახორციელებს ხელისუფლება და ა.შ. საბიუჯეტო პოლიტიკის ეფექტიანობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დაგეგმილი და განხორციელებული საბიუჯეტო პროცესი იყოს ოპტიმალური. რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებამ საბიუჯეტო პროცესი აწარმოოს რეალურ შესაძლებლობებსა და რეალურ საჭიროებებს შორის ე.წ. ოქროს შუალედის მოძიებით. პოლიტიკას პოლიტიკოსები ახორციელებენ და ისინი ყოველთვის გარკვეული დილემების წინაშე დგანან – ერთი მხრივ, ისინი არიან პოლიტიკოსები და მათი თანამდებობაზე ყოფნა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ამომრჩევლის კეთილგანწყობაზე. ამომრჩევლის კეთილგანწყობა კი ყველა ფორმაციის მთავრობის დროს, ყველა დროში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიური სოციალური პოლიტიკის განმხორციელებელია მთავრობა. უხეშად ეს ხმების მოსყიდვასაც შეიძლება შევადაროთ. ცუდი გაგებით არა, ბუნებრივია _ კარგი გაგებით. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს გაუმართლებლად მომატებული სოციალური ხარჯები. ამიტომ კარგი პოლიტიკოსი, პირადად ჩემთვის, ფასდება იმით, თუ რამდენად ოპტიმალურად ახერხებს ის ამ ორ დილემას შორის ოქროს შუალედის მოძებნას.
ზოგადად, მსოფლიო გამოცდილება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, სწორედ ჭიდილია ამ ორ არჩევანს შორის. სტატისტიკურადაც თუ ჩვენ გარკვეულ ანალიზს გავაკეთებთ, ის სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ მოაზრებული გვყავს ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად, ტრადიციულად ახერხებენ ამ ოქროს შუალედის გამონახვას. მათ იპოვეს ოპტიმალური შუალედი პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის. იმიტომ, რომ თუ ჩვენ მთლიანად ეკონომიკაზე გადავერთვებით, შეიძლება გარკვეული სოციალური პროცესები ხელიდან გავუშვათ, რაც სოციალური ფონის დამძიმებას გამოიწვევს ქვეყანაში და არასასურველ პოლიტიკურ პროცესებში გადაიზრდება. და პირიქით, თუ ზედმეტად პოლიტიზირებულნი ვიქნებით და ზედმეტად მძიმე სოციალურ ვალდებულებებს აიღებს სახელმწიფო თავზე, ამ შემთხვევაში ეკონომიკა შეიძლება ვაზარალოთ. ეს არის რეალობა და ჩვენ გვიწევს ჭიდილი ამ ორ ღირებულებას შორის”.
საქართველოში სოციალური დანახარჯები ბოლო წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზრდა. წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების დასაწყებად საქართველოს ახალმა მთავრობამ არსებული საბიუჯეტო პროექტის ძირითადი მიმართულებები შეცვალა. გარკვეული ხარჯების შემცირებისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება.
დღეს ქვეყანას აქვს ახალი, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი – ეს ის ფრაზებია რითაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან მოყოლებული ახალი მთავრობის წევრები თავს იწონებენ. მაგრამ რამდენად სასარგებლოა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის სოციალური ხარჯების ზრდა? როგორია მსოფლიო გამოცდილება და რა შედეგებამდე მიიყვანა მსგავსმა პოლიტიკამ მსოფლიოს ქვეყნები?
ჯანდაცვის საბიუჯეტო დაფინანსება წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. უახლოეს წლებში მთავრობის საშუალოვადიანი ხარჯების გეგმის მიხედვით დაგეგმილია სახელმწიფო ხარჯების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის ხარჯები 403-დან 633 მლნ ლარამდე გაიზარდა. დამატებითი დაფინანსება ”საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის” ამოქმედებამ მოითხოვა. ”საქართველოს მთავრობა ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის” დოკუმენტის მიხედვით, 2015 წელს ამ მიზნებისთვის 905 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო 2016 წელს – 1,470 მლნ ლარი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთავრობის მიერ აღებული დამატებითი ვალდებულებების დაფინანსება ისევ მოქალაქეების ხარჯზე უნდა მოხდეს. იმ მოქალაქეების ხარჯზე, ვინც დღეს ფორმალურ სექტორშია დასაქმებული და იხდის გადასახადებს.
ოქტომებრში არჩეულ მთავრობას მხოლოდ ჯანდაცვის დაფინანსება არ გაუზრდია. 2013 წლის სექტემბრიდან ყველა ჯგუფის პენსიონერი გაზრდილ პენსიას იღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად იზრდება სახელმწიფოს სოციალური ხარჯები. პენსიისა და დახმარების გაზრდა 1 272 250 პირს შეეხება. ასაკით პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი რაოდენობა 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა. პენსიის მატება შეეხება 681 392 პენსიონერს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთა პენსია (I ჯგუფის ინვალიდი) – 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, პენსიის მატება შეეხება 21 892 პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია (II ჯგუფის ინვალიდი) _ 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება, პენსიის მატება შეეხება 72 200 პირს, ასევე, ბავშვობიდან შშმპ პირების პენსია 70 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება, მატება შეეხება 12 921 პირს.
სოციალური პაკეტი 55 ლარიდან 100 ლარამდე გაეზრდებათ მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრებს, მატება შეეხება 26 700 პირს, პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სოციალური პაკეტი 62 ლარიდან იზრდება 107 ლარამდე, მატება შეეხო 1 350 პირს, სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია 272 ლარიდან 292 ლარამდე გაიზრდება, მატება შეეხება 17 126 პირს. საერთო ჯამში, მატება შეეხო 1 272 250 პირს. შედეგად, თუ 2012 წლის სექტემბრისთვის აღნიშნული სოციალური გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენდა 110 922 825 ლარს, 2013 წლის სექტემბრიდან აღნიშნული გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 154 529 303 ლარს.
გარდა ამისა, სექტემბრიდან უფასო ხდება სახელმწიფო ბაღები და სასკოლო სახელმძღვანელოები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის კიდევ უფრო დიდი წნეხია.
უმრავლესობის დეპუტატის, თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ კანონპროექტს საბავშვო ბაღების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ, ხმა მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა მისცეს. უმცირესობის წევრი დეპუტატი კი მიიჩნევდნენ, რომ კანონპროექტის ამოქმედება სახელმწიფოს მხრიდან თანხების არაეფექტურ ხარჯვას გამოიწვევდა. საბავშვო ბაღების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტებით მოხდება.
2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოებიც უფასო იქნება. უფასო სახელმძღვანელოს საჯარო სკოლების დაახლოებით 650 ათასი მოსწავლე მიიღებს. როგორც ცნობილია, წინა წლების განმავლობაში ყოველ წელს ოთხ მილიონზე მეტი სახელმძღვანელო იყიდებოდა, რაც ჯამში 45-50 მლნ ლარი ღირდა. ამ თანხის გაღება ახლა სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს.
ლევან კალანდაძე: ”საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული მემარცხენე მიდგომები წამოსწია, რაც გარკვეულწილად პოლიტიკური მანევრი იყო – მადლიერება იმ ძალისა და ამომრჩევლისადმი, რომელმაც მოიყვანა ის ხელისუფლებაში. მეორე მხრივ, ეს არის პოპულისტური ნაბიჯები იმის საჩვენებლად, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება მოსახლეობაზე. თუმცა მოსახლეობაზე ზრუნვაც ორი გადმოსახედიდან შეიძლება შეფასდეს. ერთი მემარცხენული მიდგომაა – შენ შეგიძლია გასცე ყველაფერი ბიუჯეტიდან და ხალხი მოკლევადიან პერიოდში კმაყოფილი გყავდეს. მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ამან შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის შეფერხება და ვარდნა. ნეგატიური ტენდენციების გაჩენა, ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით არასასურველი კლიმატის ჩამოყალიბება. ამას შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური კრიზისი.
მაგრამ არის მეორე, ე.წ. მემარჯვენული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესისა და ზოგადად ეკონომიკური გარემოსთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. ეს არის უფრო ხანგრძლივად საზიდი დიდი ტვირთი, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეფექტური, რადგან ეს მიდგომა ავითარებს ბიზნესს. სამრეწველო და ეკონომიკური სიმძლავრეების გენერირებას კი თავად ბიზნესი ახდენს. ხდება სამუშაო ადგილების შექმნა. სოციალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე კარგად დატესტილი გზა არის სწორედ ადამიანების დასაქმება და არა ის, რომ გაჭირვებულ ადამიანს მისცე ერთჯერადად გამოკვების საშუალება.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტრანსფორმაციის წლებში საქართველოს ყურადღების მიღმა უნდა დაეტოვებინა და იგნორირება მოეხდინა იმ ფაქტისა, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვისაც მართლა უდგას გადარჩენის პრობლემა. მაგალითად ავიღოთ რამდენიმე კონკრეტული მიმართულება – სახელმძღვანელოების თემა – ეს ძალიან მძიმედ დააწვება ბიუჯეტს და გრძელვადიან პერიოდში სახიფათო ტენდენციების შემცველია. ბუნებრივია, საქართველოში არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც მართლა საჭიროებენ ამ თვალსაზრისით დახმარებას. გარკვეული სოციალური სუბსიდირების საჭიროება ქვეყანაში ამ თვალსაზრისით არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ფორმით, პროგრამის განხორციელება სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, როგორითაც სახელმწიფომ გააკეთა, არასწორი იყო. ჩემი აზრით, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს კონკრეტულ საჭიროებებზე და არა საყოველთაობის პრინციპის დაცვაზე. რეალურად, ჩვენ ბიუჯეტს მოვექეცით უყაირათოდ. უნდა მომხდარიყო გრადაცია, გამოკვეთილიყო სახელმწიფოსთვის ის სამიზნე ჯგუფები, რომლებიც რეალურად საჭიროებენ სახელმძღვანელოებით დახმარებას. ამის ნაცვლად ჩვენ ყველას ვურიგებთ სახელმძღვანელოებს. მაპატიეთ და იმ ადამიანებს, რომლებთაც 800-1000 ლარი აქვს შემოსავალი და ოჯახის წევრები დასაქმებულები არიან, რატომ უნდა ვუხადო ბიუჯეტიდან წიგნების ფული, პირადად მე გადასახადის გადამხდელმა?! ამიტომ მგონია, რომ ეს უყაირათო ხარჯვაა ფულის და ეს პოლიტიკა უფრო მეტად პიარის ელემენტების შემცველია. ხელისუფლების არგუმენტი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ძალიან ძნელია მოსახლეობის გამიჯვნა და იმის დადგენა, რეალურად ვის სჭირდება ეს დახმარება. გასაგებია, რომ ძნელია კრიტერიუმებისა და კლასიფიკაციების დადგენა მოსახლეობაში, მაგრამ რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ის რომ იწვალოს სახელმწიფომ და დაადგინოს ეს კლასიფიკატორები თუ ბიუჯეტიდან სახსრების გაფლანგვა?
ანალოგიური მდგომარეობაა სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, ჯანდაცვის თემა – ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლამდე არსებობდა სამედიცინო მომსახურების პროგრამა. ახალმა ხელისუფლებამ კარდინალურად შეცვალა მიდგომები. სამედიცინო ჯანდაცვის სისტემა შეცვალა საყოველთაო დაზღვევის სისტემით. ეს არის მკვეთრად სოციალისტური მიდგომა. სისტემა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფოსაგან იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებოდა, შეიცვალა იმ სისტემით, რომლითაც ყველამ ყველაფერი უნდა მიიღოს. აქაც ადგილი აქვს ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვას.
ეს სია შეიძლება გავაგრძელოთ სოფლის მეურნეობის პროგრამით. თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ფული, ეს იყო ივანიშვილის ფული. მაგრამ ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა და სახელმწიფოს პოლიტიკა ფინანსებთან მიმართებაში უნდა იყოს ყაირათიანი და ეფექტიანობაზე გათვლილი. სოფლად არის კატეგორია მოსახლეობის, რომელიც მართლა გადარჩენას საჭიროებს გარკვეული დროის განმავლობაში, რათა ეს ადამიანები ფეხზე დადგნენ და მერე თავის თავს თვითონ მიხედონ, ამ მხრივ სოფლის მეურნეობის პროგრამა იყო მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ჩვენ იმას, რაც გავაკეთეთ, დავარქვით სოფლის მეურნეობის პროგრამა და ვთქვით, რომ ეს დახმარების პროგრამა კი არ იყო, არამედ _ სოფლად ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა. მაგრამ ის ბარათები რაც სოფლად დარიგდა, არანაირად არ ემსახურება სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეს იყო სოფლად მცხოვრები ადამიანების სოციალური დახმარების პროგრამა. ამავე დროს, ამ პროგრამით ჩვენ შევქმენით გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ თუ ამ მილიარდს დავხარჯავთ სოფლის მეურნეობა განვითარდება, მაგრამ რეალურად ასე არ არის, ამ მილიარდისგან რა უნდა მივიღოთ, ამაზე უკვე აღარავინ ფიქრობს. აქაც გარკვეულ უყაირათობაზეა საუბარი. ეს ბარათები დაურიგდა ყველას, ნაცვლად იმისა, რომ გამოგვეკვეთა ის ჯგუფები, რომელსაც ეს თანხა რეალურად სჭირდებოდა. და თანხის მეორე ნაწილი მიგვემართა სოფლად მცირე ბიზნესის, მცირე მეურნეობის განსავითარებლად. რომ შევაჯამოთ, ამ საყოველთაობის პრინციპმა, რომელიც თითქმის ყველა სფეროში გატარდა, ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ს.ე. – ის რაც ახლა კეთდება კარგად მოფიქრებული საბიუჯეტო პოლიტიკაა, რომელიც გრძელვადიან გათვლებს გულისმობს თუ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერო სპონტანურად კეთდება და საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურება?
ლ.კ. – ბუნებრივია, ეს სოციალური პროგრამები პიარის ელემენტების შემცველია და არამხოლოდ ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ეს არის უფრო გრძელვადიანი გათვლა და უკავშირდება ადგილობრივი არჩევნების თემას, რადგან მმართველ გუნდს ჯერ ისევ აქვს ნდობის მაღალი მაჩვენებელი მოსახლეობაში და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. მაგრამ ეს პროგრამები არის გრძელვადიანი პოლიტიკური ინვესტიცია. იმისათვის, რომ ადამიანების კეთილგანწყობა, განსაკუთრებით რეგიონებში, შეინარჩუნონ ადგილობრივი არჩევნებისთვის.
ს.ე. – გამოდის საქართველოს ხელისუფლება ოქროს შუალედისგან, რომელიც უნდა დაიცვას პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის, შორს არის?
ლ.კ. – საქართველოს ხელისუფლება მკვეთრად გადახრილია მარცხნივ. ხელისუფლება არ ინარჩუნებს ბალანსს სოაციალურ პროგრამებსა და გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას შორის. როდესაც ბიუჯეტის დატვირთვა ზედმეტი სოციალური ვალდებულებებით ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უფრო მეტად პოლიტიკური გათვლებია, ვიდრე გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა. მთავრობას ხელისუფლებაში დარჩენის ორი გზა აქვს: პირველი – განავითაროს ეკონომიკა, მაგრამ ეს გრძელვადიანი და რთული გზაა და მეორე – ხალხს დაურიგოს ფული და მოკლევადიან პერსპექტივაში ჰყავდეს მადლიერი. მოკლევადიან პერიოდში შექმნას სოციალური კეთილდღეობის ეფექტი. რეალურად, ახლა ჩვენ ვებრძვით სოციალური პრობლემების შედეგებს და არა ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს. მიზეზი კი არის ის, რომ ადამიანი არაა დასაქმებული, თვითრეალიზებული. სამუშაო ადგილის შემქმნელი კი არის ბიზნესი. ბიუჯეტში თანხების გადამხდელი არის ბიზნესი. ამავე დროს, რა არის სოციალური ვალდებულებები? დიდი თანხები, რომელიც ამოიღება ბიუჯეტიდან, მისი შევსება კი იმავე ბიზნესის მხრიდან ხდება და თუ ბიზნესს განვითარების საშუალება არ მივეცით, ის ვერც გადასახადებს გადაიხდის და არც ბიუჯეტი შეივსება.
ს.ე. – პენსიების ზრდასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ?
ლ.კ. – ხელისუფლებაში რომ ვიყო, მეც აუცილებლად იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში ცოტა იეშმაკა. ფორმალურად ხელისუფლების დაპირება, მეტია. მაგრამ ხელისუფლება აღარაფერს ამბობს იმაზე, რას ეუბნებოდა ის მოსახლეობას საარსებო მინიმუმის მეთოდიკის გადახედვაზე და ახალი საარსებო მინიმუმის დადგენაზე. გადახედვის მერე 200-250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო საარსებო მინიმუმი. ამ თვალსაზრისით ცოტა იეშმაკა ხელისუფლებამ. მაგრამ მეორე მხრივ, პენსიების მატება ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი პენსიონერისთვის პენსია საარსებო წყაროსა და გადარჩენის საშუალებას წარმოადგენს. ეს რეგიონებისთვის არის განსაკუთრებით აქტუალური, ვინაიდან სოფლებში, სადაც თითქმის არავინაა დასაქმებული, პენსიონერები სერიოზული სოციალური სტატუსის მატარებლები არიან. კახეთის ერთ-ერთ სოფელში შეხვედრისას, ეკონომიკურ პრობლემებზე ვსაუბრობდით სკოლის ეზოში. ამ სკოლის მასწავლებელმა გამოიტანა მეოთხე-მეხუთე კლასელი ბავშვების საკონტროლოს რვეულები. 12 ბავშვი იყო კლასში და მათ ჰქონდათ დასაწერი თავისულაფი თემა ”რა მინდა გამოვიდ” – 12-დან 10-მა მოსწავლეს თემაში დაწერა, რომ მას უნდა გამოვიდეს პენსიონერი. თავიდან ამაზე გმეცინა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ეს არის სავალალო ფაქტი. ძალიან საშიში ტენდენცია, რომ 11-12 წლის ბავშვისთვის იდეალი არის პენსიონერი და მისი 150-ლარიანი შემოსავალი. ხელისუფლებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. ადამიანებისთვის პენსიონერობა არ უნდა გახდეს იდეალი და საოცნებო, ისევე როგორც უმწეობის სტატუსი. ადამიანებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ, რომ იყოლიონ ღორი, ძროხა და ა.შ., რადგან იციან რომ ის უმწეობის დახმარება შეიძლება ჩამოართვას სახელმწიფომ. ამიტომაც სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა, რომელსაც ახლა ატარებს, არის შესაცვლელი.
ს.ე. – ბატონო ლევან, საქართველოს ეკონომიკა რა მდგომარეობაშია ახლა და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ის მკვეთრად მემარცხენე პოლიტიკამ?
ლ.კ. – მკვეთრად მემარცხენე პოლიტიკამ ზოგადად სადამდე შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს, ამის ძალიან კარგი მაგალითი არის რუსეთი, რომელიც ბრწყივნალე მაგალითია მემარხენული სახელმწიფო მმართველობის მოდელის, მაგრამ იმ განსხვავებით ჩვენგან, რომ რუსეთს გარკვეული ბუნებრივი რესურსები აქვს და აქვს საშუალება ის გამოიყენოს. საომარი მოქმედებების პროვოცირებით ნავთობზე ფასი ააგდოს, გაზი გამოიყენოს და ქვეყნის ეკონომიკა შოკიდან გამოიყვანოს. ჩვენ რას მოვიმოქმედებთ ამ შემთხვევაში? – ვერაფერს. საქართველოში ამჟამად არის სტაბილურად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის კრიზისი, აქ არც საბიუჯეტო და არც ეკონომიკური კრიზისი არ არის. თუმცა საქართველოში შეინიშნება საბიუჯეტო კრიზისის ნიშნები – ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში ტენდენციურად მცირდება, საჭიროებს სპეციფიურ დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან. როცა, მაგალითად, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა საქართველოში მცირდება, ეს იმის მანიშნენებელი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობა ნელდება. ეს ხვალ გადასახადების შემცირებას გამოიწვევს, გადასახადების შემცირება კი პირდაპირ დაარტყამს ბიუჯეტის სოციალურ ვალდებულებებს. ხვალ ეს ხელისუფლებასაც და ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქესაც პრობლემის სახით შემოუბრუნდება. ჩვენ შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ ბიუჯეტში პრობლემები შეგვექმნას და ნუ წარმოვიდგენთ საბიუჯეტო კრიზისს მხოლოდ იმაში, რომ ხელისუფლებას პრობლემები შეექმნება პენსიების გაცემაში, ჯანდაცვის დაფინანსებაში, ხელფასების გაცემაში და ა.შ. საბიუჯეტო კრიზისის შეიძლება იყოს ქვეყანაში და ყველა სოციალური ვალდებულების გასტუმრება მაინც ხდებოდეს, მაგრამ ჩამორჩენა იყოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, იმ პროექტების თვალსაზრისით, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბიზნესის განვითარებას, პრობლემა იყოს კაპიტალური დანახარჯების თვალსაზრისით. ამ ყველაფრის დაფარვა ჩვენ დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ უნდა მოგვიწიოს. დეფიციტის ზრდა კი ნიშნავს დამატებითი საერთაშორისო ვალდებულებების აღებას და ცხოვრების კიდევ და კიდევ გაძვირებას”.
სტატიაში მოცემულია OECD-ის ქვეყნების სოციალური ხარჯების ფარდობა მშპ-სთან 2008-2012 წლებში. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ის ქვეყნები, რომლებიც მაღალი სოციალური დანახარჯებით გამოირჩევნიან სხვებთან შედარებით, ახლა გაცილებით რთულ ეკონომიკურ პირობებში იმყოფებიან. მაგალითისათვის, ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიისა და პორტუგალიის დასახელებაც კმარა. შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური ცდუნების გამკლავებას და სოციალურ პროგრამებთან ერთად ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას? შესაძლოა წამზომი უკვე ჩართულია და დრო ხელისუფლებას არც ისე ბევრი დარჩა პრობლემებთან გასამკლავებლად და საბიუჯეტო კრიზისის თავიდან ასაცილებლად.